საქმე №ას-475-2023 28 სექტემბერი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ს.კ–ია“ (მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში „მოსარჩელე“, „მერია“, „შემსყიდველი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მერიის საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც მერიის სარჩელი შპს „ს.ს.კ–იის“ (შემდგომში „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ ნარდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 25 აპრილის №01.01.01/30/236 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს, 1 000 ლარის, 2016 წლის 15 თებერვლის №01.01.01/30/89 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს, 15 150 ლარისა და ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს, 2 525 ლარის ანაზღაურება.
2. კასატორის პრეტენზიით, გასაჩივრებულ განჩინებით სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, შესაბამისად, არასწორად შეამცირა იგი. პირგასამტეხლო განსაზღვრული იყო ხელშეკრულებით მხარეთა თავისუფალი ნების გამოხატვის პირობებში, შესაბამისად, სასამართლოს არ ჰქონდა მისი შემცირების უფლება. სსკ 420-ე მუხლით სასამართლოს მართალია ენიჭება უფლებამოსილება შეხედულებისამებრ საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს არა ნებისმიერი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, არამედ იმ ოდენობის, რომელიც ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია. ამრიგად, სასამართლოს კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაესაბუთებინა, რატომ მიიჩნია დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, რაც მას არ განუხორციელებია.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. 2016 წლის 15 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო №01.01.01/30/89 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი იყო ქ. თბილისის მასშტაბით არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები, განსაზღვრული ტექნიკური პირობებითა და მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით, რომელიც თან ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს;
7.2. ხელშეკრულების თანახმად:
ა) ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 5 049 999.0 ლარით, ყველა გადასახადის ჩათვლით. მისი დასრულების ვადა იყო ეტაპობრივი, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით;
ბ) სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება-ჩაბარება უნდა მომხდარიყო ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ დადასტურებული ფორმა №2-ის საფუძველზე. ამასთან, სამუშაოების (ან მისი ნაწილის) შესრულების თარიღად ჩაითვლებოდა „შესრულებული სამუშაოების აქტში“ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ;
გ) იმ შემთხვევაში თუ შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი არ დააკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველი ან/და მისი უფლებამოსილი პირი აცნობებდა მიმწოდებელს შემოწმების შედეგებს დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების მიზეზის მითითებით. შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, საკუთარი შეხედულებისამებრ განესაზღვრა მიმწოდებლისათვის გონივრული ვადა დაწუნებული სამუშაოს გამოსწორების მიზნით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ხელშეკრულების გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული გონივრული ვადის ბოლო თარიღიდან დეფექტების საბოლოო აღმოფხვრამდე;
დ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა (გარდა შესრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის ვადის დარღვევისა) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.05%;
ე) წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოს დასრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
7.3. №01.01.01/30/89 ხელშეკრულების შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 10 ივნისის №18/149256 წერილით მოპასუხეს ქ. თბილისში, აგლაძის ქუჩის, სამების ეკლესიისა და მახათის ეკლესიის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების წარმოების დასრულებისათვის განესაზღვრა ვადა 2016 წლის 3 ივლისის ჩათვლით. აღნიშნული წერილის თანახმად, შესასრულებელი სამუშაოს ვადის განსაზღვრის კუთხით გათვალისწინებულია სამუშაოს წარმოების ხელისშემშლელი გარემოება - წარმოდგენილი ცნობა გარემოს ეროვნული სააგენტოდან ნალექიანი დღეების შესახებ;
7.4. 2016 წლის 10 ივნისის №18/149256 წერილის მიხედვით, ქ. თბილისში, აგლაძის ქუჩის, სამების ეკლესიისა და მახათის ეკლესიის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მოპასუხემ 2016 წლის 15 ივლისს დაასრულა;
7.5. ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ 2016 წლის 3 ნოემბრის №0.16.171 შეუსაბამობის აქტის თანახმად, №01.01.01/30/89 ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტის - სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის შემოწმებისას შეუსაბამობა გამოვლინდა შესრულებული სამუშაოს სისქეების დადგენისას. აღნიშნული აქტის თანახმად, წუნდების პრევენციის მიზნით, კონტრაქტორმა კომპანიამ საკუთარი ხარჯით უზრუნველყო წუნდებულ მონაკვეთებზე, ჯამურად 1700 მ2 დამატებით, ა/ბეტონის საფარის მოწყობა, რის შემდგომაც შეუსაბამობა გამოსწორდა;
7.6. ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ 2016 წლის 3 ნოემბრის №0.16.169 შეუსაბამობის აქტის თანახმად, №01.01.01/30/89 ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტის - სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის შემოწმებისას შეუსაბამობა გამოვლინდა შესრულებული სამუშაოს ვიზუალური დათვალიერებისას და სისქეების დადგენისას. აღნიშნული დასკვნის თანახმად, წუნდებულად ჩაითვალა წვრილმარცვლოვანი ა/ბეტონი (50 მმ) 155 მ2 მიერთებაზე; ქვიშოვანი ა/ბეტონი (30 მმ) 68 მ2 ტროტუარებზე; ბორდიური (15x30) 17 გრძ.მ; ბორდიური (10x20) 21 გრძ.მ და ნორმით განსაზღვრული ბიტუმის ემულსია 156.1 ლ.;
7.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 7 სექტემბრის №15/233607 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ №01.01.01/30/89 ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 10 ივნისის №18/149256 წერილით დავალებული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევისათვის №01.01.01/30/89 ხელშეკრულების 9.5 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05% - 30 300 ლარი;
7.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 29 ნოემბრის №15/309492 წერილით მოპასუხეს №01.01.01/30/89 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო ამავე ხელშეკრულების 9.4 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე (2-ჯერ) ხელშეკრულების ღირებულების 0.05%, ჯამურად - 5 050 ლარი;
7.9. 2016 წლის 25 აპრილს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №01.01.01/30/236 ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტი იყო ქ. თბილისში, წყნეთში, კოსტავას, თბილისის, ტაბიძისა და სააკაძის ქუჩების გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.
ხელშეკრულების თანახმად:
ა) ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 994 999.97 ლარს (ყველა გადასახადის ჩათვლით);
ბ) სამუშაოს დასრულების ვადა იყო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 90 კალენდარული დღე;
გ) სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ დადასტურებული ფორმა №2-ის საფუძველზე. ამასთან, სამუშაოს (ან მისი ნაწილის) შესრულების თარიღად ჩაითვლება „შესრულებული სამუშაოს აქტში“ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ;
დ) სამუშაოს შესრულების ვადისა და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
7.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 აპრილის №18/108273 წერილით მოპასუხეს ქ. თბილისში, წყნეთში, კოსტავას, თბილისის, ტაბიძის და სააკაძის ქუჩების გზების კაპიტალურა შეკეთების სამუშაოების დასაწყებად და დასასრულებლად განესაზღვრა 2016 წლის 3 მაისიდან 90 კალენდარული დღე;
7.11. თბილისში, წყნეთში, კოსტავას, თბილისის, ტაბიძის და სააკაძის ქუჩების გზების კაპიტალურად შეკეთების სამუშაოები მოპასუხემ 2016 წლის 4 აგვისტოს დაასრულა;
7.12. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 7 სექტემბრის №15/233546 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ №01.01.01/30/236 ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 27 აპრილის №18/108273 წერილით დავალებული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევისათვის, ამ ხელშეკრულების 9.6 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (4 კალენდარული დღე) ჯამურად - 1 990 ლარი;
7.13. მხარეთა შორის 2016 წლის 8 სექტემბერს დადებული შეთანხმებით ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 1 453.70 ლარით და ნაცვლად 994 999.97 ლარისა, განისაზღვრა 993 546.27 ლარით;
7.14. მოპასუხემ №01.01.01/30/236 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება
შესრულებულია 4 კალენდარული დღის, ხოლო №01.01.01/30/89 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - 12 კალენდარული დღის დარღვევით. ამასთან, მოპასუხის მიერ №01.01.01/30/89 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია არაჯეროვნად.
8. კასატორი სადავოდ ხდის ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით, მხარეთა შორის განსაზღვრული იყო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი, სასამართლოებს არ ჰქონდათ მისი შემცირების უფლება. ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლოები ვერ ასაბუთებენ, რატომ მიიჩნიეს დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
9. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), ამავე კოდექსის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით კი, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები.
10. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი (იხ. სუსგ საქმე №ას 848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი; საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-953-918-2016, 22 ნოემბერი, 2016 წელი).
11. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
13. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
14. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.). კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).
15. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
16. ამასთან, მართალია, ნორმის ზემოთ დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.
17. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მოპასუხემ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით დადგენილი მომსახურების გაწევის ვადა და 2016 წლის 25 აპრილის №01.01.01/30/236 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა 4 კალენდარული დღის, ხოლო 2016 წლის 15 თებერვლის №01.01.01/30/89 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - 12 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით. ამასთან, მოპასუხემ №01.01.01/30/89 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად (ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტის - სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის შემოწმებისას შეუსაბამობა გამოვლინდა შესრულებული სამუშაოს ვიზუალური დათვალიერებისას და სისქეების დადგენისას. წუნდებულად ჩაითვალა წვრილმარცვლოვანი ა/ბეტონი (50 მმ) 155 მ2 მიერთებაზე; ქვიშოვანი ა/ბეტონი (30 მმ) 68 მ2 ტროტუარებზე; ბორდიური (15x30) 17 გრძ.მ; ბორდიური (10x20) 21 გრძ.მ და ნორმით განსაზღვრული ბიტუმის ემულსია 156.1 ლ.), რაც მოგვიანებით, საკუთარი ხარჯით გამოასწორა.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულებების ჩანაწერები, რომლებიც ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობაზე მიუთითებს, არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ პირგასამტეხლომ, როგორც კანონმდებლობით განსაზღვულმა სანქციამ დაკარგოს თავისი არსი და მნიშვნელობა და კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრების წყაროდ იქცეს. ამრიგად, ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით (შესასრულებელი სამუშაოს ერთ შემთხვევაში 4 და მეორე შემთხვევაში 12 დღით ვადაგადაცილებისათვის), ასევე, კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვალდებულების დარღვევის შინაარსის, შეუსრულებელი ვალდებულების მთლიან სახელშეკრულებო ვალდებულების მოცულობასთან თანაფარდობის, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულების, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულების და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ორჯერ შემცირებით (0.5%-დან 0.05%-მდე) დაცულია სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპი, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე, ადეკვატური და სამართლიანია. საკასაციო საჩივრის ავტორს კი არ წარუდგენია იმგვარი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია, რაც ზემოაღნიშნული დასკვნის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სადაც განმარტებულია პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე
ვ. კაკაბაძე