Facebook Twitter

საქმე №ას-493-2023 20 სექტემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები -

- 1. ააიპ „თბილისის N145 საბავშვო ბაგა-ბაღი“,

- 2. ააიპ „თბილისის N208 საბავშვო ბაგა-ბაღი“,

- 3. ააიპ „თბილისის N199 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (ააიპ „თბილისის დიდი დიღმის IV მიკრორაიონის საბავშვო ბაგა-ბაღის“ უფლებამონაცვლე)

- 4. ააიპ „თბილისის N200 საბავშვო ბაგა-ბაღი“,

- 5. ააიპ „თბილისის N158 საბავშვო ბაგა-ბაღი“,

- 6. ააიპ „თბილისის N152 საბავშვო ბაგა-ბაღი”,

- 7. ააიპ „თბილისის N201 საბავშვო ბაგა-ბაღი“,

- 8. ააიპ „თბილისის N144 საბავშვო ბაგა-ბაღი“,

- 9. ააიპ „თბილისის N125 საბავშვო ბაგა-ბაღი“,

- 10. ააიპ „თბილისის N150 საბავშვო ბაგა-ბაღი“

- 11. ააიპ „თბილისის N114 საბავშვო ბაგა-ბაღი“,

- 12. ააიპ „თბილისის N40 საბავშვო ბაგა-ბაღი“,

- 13. ააიპ „თბილისის N18 საბავშვო ბაგა-ბაღი“,

- 14. ააიპ „თბილისის N142 საბავშვო ბაგა-ბაღი“,

- 15. ააიპ „თბილისის N119 საბავშვო ბაგა-ბაღი“,

(აპელანტები, მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი“ (აპელანტი, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გაწეული მომსახურების დავალიანების, გადახდილი საბანკო გარანტიის თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება (ძირითადი სარჩელი); ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის დაბრუნება (შეგებებული სარჩელი)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ააიპ თბილისის N18, N40, N142, N119, N145, N158, N201, N208, 152, N144, N125, N114, N199, N200, N150 საბავშვო ბაგა ბაღების (შემდეგში „მოპასუხეები“, „შემკვეთები“, „შემსყიდველები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც, შპს „ე-ის“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“ ან „შემკვეთი“) სარჩელი ბაგა-ბაღების წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან (შემდგომში „ხელშეკრულებ“) გამომდინარე გაწეული მომსახურების დავალიანებისა და შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა (ააიპ თბილისის N145 საბავშვო ბაგა-ბაღს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: გაწეული მომსახურების დავალიანების, 7 884.00 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს, 2 029.10 ლარის გადახდა; N208 ბაგა-ბაღს - გაწეული მომსახურეობის დავალიანების, 8 478.95 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს, 245 ლარის გადახდა; N119 ბაგა-ბაღს - გაწეული მომსახურების დავალიანების, 6 748.85 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს, 155 ლარის გადახდა; N200 ბაგა-ბაღს - გაწეული მომსახურების დავალიანების - 7 829.25 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს, 2 013.65 ლარის გადახდა; N158 ბაგა-ბაღს - გაწეული მომსახურების დავალიანების - 7 486.15 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს - 1 926.10 ლარის გადახდა; N152 ბაგა-ბაღს - გაწეული მომსახურების დავალიანების, 9 150.55 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს, 255 ლარის გადახდა; N201 ბაგა-ბაღს - გაწეული მომსახურების დავალიანების, 7 409.50 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს, 1 905.50 ლარის გადახდა; N144 ბაგა-ბაღს - გაწეული მომსახურების დავალიანების, 7 460.60 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს, 1 920.95 ლარის გადახდა; N125 ბაგა-ბაღს - გაწეული მომსახურების დავალიანების, 8 186.95 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს, 2 106.35 ლარის გადახდა; N150 ბაგა-ბაღს - გაწეული მომსახურების დავალიანების, 8 595.75 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს, 2 209.35 ლარის გადახდა; N114 ბაგა-ბაღს - გაწეული მომსახურების დავალიანების, 9 442.55 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს, 2 430.80 ლარის გადახდა; N40 ბაგა-ბაღს - გაწეული მომსახურების დავალიანების, 7 803.70 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს, 2 008.50 ლარის გადახდა; N18 ბაგა-ბაღს - გაწეული მომსახურების დავალიანების, 9 059.30 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს, 2 327.80 ლარის გადახდა; N142 ბაგა-ბაღს - გაწეული მომსახურების დავალიანების, 9 245.45 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს, 2 379.30 ლარის გადახდა; N119 ბაგა-ბაღს - გაწეული მომსახურების დავალიანების, 10 325.85 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს, 2 657.40 ლარის გადახდა), ხოლო სარჩელი გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის (ყველისა და კარაქის მიწოდების მომსახურების ღირებულების) უკან დაბრუნების შესახებ.

2. კასატორების განცხადებით, სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებაში სწორად იმსჯელა და განმარტა, რომ მისაწოდებელი საკვების მახასიათებლები მხარეებს შორის ზედმიწევნით იყო შეთანხმებული ხელშეკრულებით. ასევე, სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ რძე და აღდგენილი რძე განსხვავებული ცნებებია და აქედან გამომდინარე, მიწოდებული პროდუქტი „იმერული“ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით პროდუქტისათვის დადგენილ მახასიათებლებს. შესაბამისად, ხელშეკრულებით რძეზე დამზადებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევის მოთხოვნის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით წარმოადგენს ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას. თუმცა სასამართლომ არ განავრცო აღნიშნული მსჯელობა და ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თუ ერთიანი ხელშეკრულების ჭრილში აღნიშნული განიმარტება არაჯეროვან შესრულებად, მაშინ კონკრეტული პროდუქტის მიწოდებისას, იგი წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას. ანუ მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით მოთხოვნილია რძეზე დამზადებული ყველის გამოყენებით მომსახურების გაწევა, მაგრამ ეს პროდუქტი გამოყენებული არ ყოფილა, აღნიშნული უნდა განვიხილოთ ვალდებულების შეუსრულებლობად. შესაბამისად, დადასტურებულია რომ შემსყიდველს კონკრეტულად ყველის საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია, რადგან არ განხორციელებულა მიწოდება. ეს კი განაპირობებს იმას, რომ ყველის საფასურის გადახდის ნაწილში საბავშვო ბაგა-ბაღების მხრიდან განხორციელდა ვალდებულების გარეშე გადახდა, რაც წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის რეგულირების საგანს.

3. სასამართლომ ასევე არასწორად დაასკვნა, რომ პროდუქტ „კარაქთან“ მიმართებით მოსარჩელეს ვალდებულება არ დაურღვევია. სინამდვილეში კი, სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ აიღო ველდებულება მოპასუხეებისთვის მიეწოდებინა არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქი, მაშინ, როდესაც ფაქტობრივად მიწოდებულ პროდუქტში დაშვებულ იქნა +/- 0.5%-იანი ცდომილების ალბათობა 80%-იან მაჩვენებელზე. ამდენად, როგორც ყველის, ასევე კარაქის შემთხვევაში, იმ ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც წინასწარ იყო შეთანხმებული არა მარტო დაუსაბუთებელია, არამედ იწვევს მოწინააღმდეგე მხარის უსაფუძვლო გამდიდრებას, რაზეც ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არც უმსჯელიათ.

4. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილშიც, რადგან მას არ გაუთვალისწინებია მხარის უფლება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით დაეკავებინა თანხები. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის ან შეუსრულებლობისთვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. განსახილველ შემთხვევაში კი კასატორებს ვალდებულება არ დაურღვევიათ, არამედ ხდება საკუთარი უფლების რეალიზება მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის ჭრილში, რაც გამორიცხავს მოპასუხეთა განზრახვას არ შეასრულონ ან ვადის დარღვევით შეასრულონ ანგარიშსწორება დეკემბრის თვის ანაზღაურების ნაწილში.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

8. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

9.1. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს, ააიპ ქ. თბილისის N145 საბავშვო ბაგა-ბაღს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 43 821.90 ლარით, ხოლო ვადა - 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

9.2. ხელშეკრულების შესრულების ზედმხედველობას ახორციელებდნენ თავად ბაგა-ბაღი და ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შესაბამისი სამსახურები.

9.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განისაზღვრა გარანტირების მექანიზმი - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდებოდა.

9.4. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

9.5. ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

9.6. ანალოგიური ხელშეკრულებები გაფორმდა 2017 წლის 17 აგვისტოს, მოსარჩელესა და დანარჩენ მოპასუხეებს შორის. ხელშეკრულებები შეიცავდა სტანდარტულ დებულებებს;

9.7. მოპასუხის, ააიპ ქ. თბილისის N145 საბავშვო ბაგა-ბაღის შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულება განსაზღვრული იყო 43 821.90 ლარით, საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ით - 1 337 ლარით; N208 საბავშვო ბაგა-ბაღის შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულება განსაზღვრული იყო - 44 073.75 ლარით, საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ით - 1 344 ლარით; N199 ბაგა-ბაღის შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულება განსაზღვრული იყო 44 577.45 ლარით, საბანკო გარანტია - ხელშეკრულების ღირებულების 3%-ით - 1 360 ლარით; N200 საბავშვო ბაგა-ბაღის შემთხვევაში, ხელშეკრულების ღირებულება განსაზღვრული იყო 45 081.15 ლარით, საბანკო გარანტია - ხელშეკრულების ღირებულების 3%-ით - 1 375 ლარით; N158 საბავშვო ბაგა-ბაღის შემთხვევაში, ხელშეკრულების ღირებულება განსაზღვრული იყო - 45 584.85 ლარით, ხოლო საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ით -1 391 ლარით; N152 საბავშვო ბაგა-ბაღის შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულება განსაზღვრული იყო - 48 103.35 ლარით, ხოლო საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ით - 1 467 ლარით; N201 საბავშვო ბაგა-ბაღის შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 49 866.30 ლარით, ხოლო საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ით - 1 521 ლარით; N144 საბავშვო ბაგა-ბაღის შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 49 866.30 ლარით, ხოლო საბანკო გარანტია - ხელშეკრულების ღირებულების 3%-ით - 1 521 ლარით; N125 საბავშვო ბაგა-ბაღის შემთხვევაში, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 50 370.00 ლარით, ხოლო საბანკო გარანტია - ხელშეკრულების ღირებულების 3%-ით - 1 536 ლარით; N150 საბავშვო ბაგა-ბაღის შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 50 621.85 ლარით, ხოლო საბანკო გარანტია - ხელშეკრულების ღირებულების 3%-ით - 1 543 ლარით; N114 საბავშვო ბაგა-ბაღის შემთხვევაში, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 50 621.85 ლარით, ხოლო, საბანკო გარანტია - ხელშეკრულების ღირებულების 3%-ით - 1 544 ლარით; N40 საბავშვო ბაგა-ბაღის შემთხვევაში, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 51 629.25 ლარით, ხოლო საბანკო გარანტია - ხელშეკრულების ღირებულების 3%-ით - 1 575 ლარით; N18 საბავშვო ბაგა-ბაღის შემთხვევაში, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 51 629.25 ლარით, ხოლო საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ით -1 575 ლარით; N142 საბავშვო ბაგა-ბაღის შემთხვევაში,ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 52 636.65 ლარით, ხოლო საბანკო გარანტია - ხელშეკრულების ღირებულების 3%-ით - 1 606 ლარით; N119 საბავშვო ბაგა-ბაღის“ შემთხვევაში, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 52 636.65 ლარით, საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ით - 1 606 ლარით.

9.8. მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების დანართით განისაზღვრა შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის და კარაქის ტექნიკური მახასიათებლები (ყველის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგნაირად: თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე, სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს, არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგნაირად - თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი). შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები). მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს).

9.9. მოსარჩელის მიერ მოპასუხე ააიპ „თბილისის N145 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ 2017 წლის დეკემბრის თვეში მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს - 7 884.00 ლარს; ააიპ „თბილისის N208 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 8 478.95 ლარს. ააიპ „თბილისის N199 საბავშვო ბაგა-ბაღისათვის“ - 6 748.85 ლარს; ააიპ „თბილისის N200 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 7 829.25 ლარს; ააიპ „თბილისის N158 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 7 486.15 ლარს; ააიპ „თბილისის N152 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 9 150.55 ლარს; ააიპ „თბილისის N201 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 7 409.50 ლარს; ააიპ „თბილისის N144 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ 7 460.60 ლარს; ააიპ „თბილისის N125 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 8 186.95 ლარს; ააიპ „თბილისის N150 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 8 595.75 ლარს; ააიპ „თბილისის N114 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 9 442.55 ლარს; ააიპ „თბილისის N40 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 7 803.00 ლარს; ააიპ „თბილისის N18 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 9 095.30 ლარს; ააიპ „თბილისის N142 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 9 245.45 ლარს; ააიპ „თბილისის N119 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 10 325.85 ლარს.

9.10. 2018 წლის 26 თებერვალს, მოპასუხე საბავშვო ბაღების დირექტორებმა წერილობით მიმართეს გარანტიის გამცემს, სს „ბ–ს“, პრინციპალის, მოსარჩელის მიერ საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხების საბავშვო ბაღების საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის მოთხოვნით. 2018 წლის 2 მარტს, სს „ბ–მა“ საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხები სრულად გადაურიცხა მოპასუხეებს.

9.11. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოსარჩელე კომპანიის მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, რომლის 2017 წლის 15 დეკემბრის N09/03005 მიმართვის თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი „იმერული“ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის, „ყველის“, სავალდებულო პარამეტრებს.

9.12. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის N09/13126 მიმართვის თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს (წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ,,მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/-0,5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #441 დადგენილების ,,სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ’’ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მითითებულ იქნას შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ცილა, ნახშირწყლები“).

9.13. შპს „ა.წ–ის“ (რომელიც შპს „ნ...“-სთან ერთად, წარმოადგენდა მოსარჩელის პარტნიორს) წერილში აღნიშნულია, რომ მხარეთა ურთიერთობის ფარგლებში დაფასოებული იყო: 9 900 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, ნოემბერში - 10 705 კგ. კარაქი – 82.5% რძის ცხიმის შემცველობით და დეკემბერში – 2 400 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით და 6 100 კგ კარაქი – 80% რძის ცხიმის შემცველობით. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 80% ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომი კვლევისას და განმეორებითი კვლევის შედეგად, რძის ცხიმის შემცველობა მასში შეადგენდა 80%-ს.

9.14. სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ აუღია რძის პროდუქტების სინჯები და არ ჩაუტარებია ლაბორატორიული კვლევა - მან შეაფასა მხოლოდ რძის პროდუქტების ეტიკეტი.

9.15. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი პერიოდის განმავლობაში (2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით) მოპასუხეები იღებდნენ მოსარჩელის მიერ მიწოდებულ პროდუქტს (ყველს და კარაქს) და დანიშნულებისამებრ იყენებდნენ მათ.

10. მოპასუხეები (კასატორები) მიწოდებული პროდუქტის (ყველის) ღირებულების ანაზღაურებაზე უარის საფუძვლად არაჯეროვან, კერძოდ კი, ნაკლიან შესრულებაზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ ნაცვლად ხელშეკრულებით შეთანხმებული ნატურალური რძისა, მიწოდებული ყველი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან, რასაც არც მოსარჩელე უარყოფს. კასატორებს მიაჩნიათ, რომ რძისგან დამზადებული პროდუქტის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების იმგვარ დარღვევას, რომელიც უთანაბრდება ვალდებულების შეუსრულებლობას. შესაბამისად, მყიდველის მხრიდან კონკრეტულად ყველის საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა.

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიმწოდებლის მხრიდან შემსყიდველისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტის მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს. თუმცა, თავის მხრივ, ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა სსკ-ის 352-ე მუხლის მიხედვით. სსკ-ის 492-ე მუხლის თანახმად კი, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად (იხ. სუსგ საქმე Nას-596-2020, 29.10.2020წ.). დადგენილია და სადავო არ არის, რომ შემსყიდველმა მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ამასთან, შემსყიდველს მიმწოდებლისათვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და ამ მიზეზით, არც ხელშეკრულების მოშლა ან ფასის შემცირება მოუთხოვია. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეები (შეგებებული სარჩელის ავტორები) არ უთითებენ, თუ რა ოდენობით ამცირებდა ნაკლი პროდუქტის ღირებულებას. კასატორები მიიჩნევენ, რომ ნაკლის ღირებულება იყო მთლიანი პროდუქტის საფასური, რადგან მისი დამზადებისას არ გამოყენებულა ის პროდუქტი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ. შესამცირებელ თანხად მთლიანი პროდუქტის ღირებულებაზე კასატორების მითითება არასწორია. პალატა განმარტავს, რომ ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებლი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს. ფასის შემცირება იწვევს ნასყიდობის შეთანხმებული ფასის ცვლილებას და არა ანაზღაურებაზე სრულად უარს. ამასთან, ფასი მცირდება იმ ფარგლებით, რამდენითაც მიმწოდებელმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, ურთიერთსაპასუხო შესრულებათა გათანაბრება ხდება და არა - ანაზღაურებაზე სრულად უარი (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-1057-2020 , 20.01.2022წ.). შესაბამისად, უსაფუძვლოა მოპასუხეთა (კასატორთა) პრეტენზია უკვე გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ.

12. მოპასუხეებმა (კასატორებმა) ასევე უარი განაცხადეს მიწოდებული პროდუქტის - კარაქის ღირებულების ანაზღაურების ნაწილშიც ნაკლიანი შესრულების საფუძვლით. მათი მტკიცებით, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა პროდუქტი არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის გამოყენებით, თუმცა, ფაქტობრივად გამოიყენა ისეთი პროდუქტი, რომელშიც ცხიმიანობა დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობით 80%-იან მაჩვენებელზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, ვერ ანაზღაურდება.

13. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების ამ პრეტენზიას და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს მოპასუხეთათვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. უდავოა, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შეესაბამება მის ეტიკეტზე არსებულ ინფორმაციას.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარე მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს სათანადოდ ვერ შეედავა და მისი როგორც შესაგებელი, ისე შეგებებული სარჩელი და საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოპასუხეს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-596-2020; 29.10.2020წ. სუსგ საქმე №ას-174-2020; 17.06.2020წ. სუსგ საქმე №ას-108-2020; 03.06.2020წ.).

15. დაუსაბუთებელია პირგასამტეხლოს ნაწილში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითის მიზნით თანხის დაკავების მართლზომიერების შესახებ კასატორთა პრეტენზიაც. როგორც თავად მოპასუხეები აღნიშნავენ, მოსარჩელის მიმართ ანგარიშსწორების დაყოვნება განაპირობა 1) შესრულების ნაკლის აღმოჩენამ და 2) დათვლილი ზიანისა და გადასახდელი თანხის პროპორციამ. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ მითითებული გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად უარყო მოპასუხეთა ზემოთ მითითებული მოთხოვნა. კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

16. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ააიპ „თბილისის N145 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის N208 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის N199 საბავშვო ბაგა-ბაღის“ (ააიპ „თბილისის დიდი დიღმის IV მიკრორაიონის საბავშვო ბაგა-ბაღის“ უფლებამონაცვლე), ააიპ „თბილისის N200 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის N158 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის N152 საბავშვო ბაგა-ბაღის”, ააიპ „თბილისის N201 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის N144 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის N125 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის N150 საბავშვო ბაგა-ბაღის“ ააიპ „თბილისის N114 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის N40 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის N18 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის N142 საბავშვო ბაგა-ბაღისა“ და ააიპ „თბილისის N119 საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ააიპ „თბილისის N145 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (204423276) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №230501110008063, გადახდის თარიღი 5/1/2023) 769.5 ლარის 70% - 538.65 ლარი;

3. ააიპ „თბილისის N208 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (211351366) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №5175675472, გადახდის თარიღი 1.05.2023) 722.70 ლარის 70% - 505.89 ლარი;

4. ააიპ „თბილისის N199 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ააიპ „თბილისის დიდი დიღმის IV მიკრორაიონის საბავშვო ბაგა-ბაღის“ უფლებამონაცვლე) (205238839) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №230428171428752, გადახდის თარიღი 4/28/2023) 615.5 ლარის 70% - 430.85 ლარი;

5. „თბილისის N200 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (204423034) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №5175674010, გადახდის თარიღი 1/05/2023) 672.2 ლარის 70% - 470.54 ლარი;

6. ააიპ „თბილისის N158 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (211351669) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №517666550, გადახდის თარიღი 28.04.2023) 635 ლარის 70% - 444.5 ლარი;

7. ააიპ „თბილისის N152 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (405140002) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №230428144945394, გადახდის თარიღი 4/28/2023) 786 ლარის 70% - 550.2 ლარი;

8. ააიპ „თბილისის N201 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (204859849) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №23042811400124, გადახდის თარიღი 28.04.2023) 632 ლარის 70% - 442.4 ლარი;

9. ააიპ „თბილისის N144 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (203850680) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №230428121816239, გადახდის თარიღი 04.28.2023) 663.5 ლარის 70% - 464.45 ლარი;

10. ააიპ „თბილისის N125 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (202174306) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №230428122626910, გადახდის თარიღი 28/04/2023) 702.5 ლარის 70% - 491.75 ლარი;

11. ააიპ „თბილისის N150 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (203853650) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №5175671925, გადახდის თარიღი 29.04.2023) 726 ლარის 70% - 508.2 ლარი;

12. ააიპ „თბილისის N114 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (204923725) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №230501142410758, გადახდის თარიღი 5/1/2023) 820 ლარის 70% - 574 ლარი;

13. ააიპ „თბილისის N40 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (202055541) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №5175667325, გადახდის თარიღი28.04.2023) 679.5 ლარის 70% - 475.65 ლარი;

14. ააიპ „თბილისის N18 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (206034003) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №5175665507, გადახდის თარიღი 28.04.2023) 781.5 ლარის 70% - 547.05 ლარი;

15. ააიპ „თბილისის N142 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (204915146) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №230428115208071, გადახდის თარიღი 4.28.2023) 783 ლარის 70% - 548.1 ლარი;

16. ააიპ „თბილისის N119 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (202174280) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №230428124110001, გადახდის თარიღი 28.04.2023) 869 ლარის 70% - 608.3 ლარი;

17. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე

ვ. კაკაბაძე