Facebook Twitter

საქმე №ას-1114-2023 20 ოქტომბერი, 2023 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ზ–ძე (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.ტ–ი (მოპასუხე)

მესამე პირი - ნ.ზ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ნ.ზ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2022 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ.ზ–ძის საჩივარი.

2. ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ისნტანციის სასამართლოს განჩინება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 309.6 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის, ასევე დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რომლის შესავსებადაც განესაზღვრა შვიდ დღიანი ვადა.

6. აღნიშნულ განჩინებაზე, ვადის დაცვით, კასატორმა წარმოადგინა შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაზრდის შესახებ, ხარვეზის შევსების მიზნით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მხარეს დამატებით განესაზღვრა 05 დღიანი ვადა.

7. განჩინების შინაარსი კასატორს ეცნო სატელეფონო კომუნიკაციის გზით 2023 წლის 13 ოქტომბერს, შესაბამისად, ხუთ დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 14 ოქტომბერს და ამოიწურა 2023 წლის 18 ოქტომბერს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, სასამართლოსთვის კასატორს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს არ მოუმართავს.

8. 2023 წლის 18 ოქტომბერს ნ.ზ–ძის სახელით სასამართლოს მომართა გ.მ–მა, რომელმაც იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაზრდის შესახებ, ხარვეზის შევსების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ზ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11.სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

12. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

13. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

15. სსსკ-ის 440-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

16.განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, მხარეს დამატებით განესაზღვრა 05 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. განჩინების შინაარსი კასატორს ეცნო სატელეფონო კომუნიკაციის გზით 2023 წლის 13 ოქტომბერს, შესაბამისად, ხუთ დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 14 ოქტომბერს და ამოიწურა 2023 წლის 18 ოქტომბერს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, სასამართლოსთვის კასატორს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს არ მოუმართავს.

17. 2023 წლის 18 ოქტომბერს ნ.ზ–ძის სახელით სასამართლოს მომართა გ.მ–მა, რომელმაც იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაზრდის შესახებ, ხარვეზის შევსების მიზნით.

18. საკასაციო პალატა გაეცნო ზემოაღნიშნულ შუამდგომლობას და მიიჩნევს, რომ მისი არსებითი განხილვა ვერ მოხდება, რადგან კასატორის სახელით წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს საკასაციო სასამართლოში საპროცესო წარმომადგენლობის ინსტიტუტს, კერძოდ, გ.მ–ი არ იძებნება ადვოკატთა ერთიან სიაში, შესაბამისად ის არაუფლებამოსილი პირია წარმოადგინოს შუამდგომლობა, რაც გამორიცხავს წარმოდგენილი მოთხოვნის შინაარსობრივ განხილვას, ამიტომ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება.

19.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ადგენს, რომ კასატორმა გაუშვა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ხუთ დღიანი ვადა, ამიტომ, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

20. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.მ–ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. ნ.ზ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მირანდა ერემაძე