Facebook Twitter

საქმე №ას-75-2023 16 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს ,,გ.ჰ–ი“ (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „გ.ჰ–ის“ (შემდეგში „მოპასუხე“, „შემსყიდველი“, „ჰოსპიტალი“, „კასატორი“, ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც, სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „მიმწოდებელი“) სარჩელი ჰოსპიტალის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, სისხლის კომპონენტების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს, 28 279.70 ლარის გადახდა.

2. კასატორის განცხადებით, სასამართლომ მართალია, სწორად დაადგინა 2021 წლის 1 ოქტომბრის შედარების აქტით განსაზღვრული ვალდებულების ოდენობა და მოპასუხის მიერ დავალიანების სრულად დაფარვის ფაქტი, მაგრამ არასწორად განსაზღვრა აღნიშნული გარემოების შინაარსი და ფულადი ვალდებულების მოცულობა. სადავო აქტით მხარეები შეთანხმდნენ მოპასუხის ფულადი ვალდებულების სრულ ოდენობაზე, სადაც მითითებული არ ყოფილა პირგასამტეხლო.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. 2019 წლის 1 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სისხლის კომპონენტების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“), რომლის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება შემსყიდველისთვის მიეწოდებინა სისხლის კომპონენტები, ხოლო შემსყიდველს შესყიდვის ობიექტის მიწოდებიდან არაუმეტეს 15 საბანკო დღის ვადაში ევალებოდა შესაბამისი საფასურის გადახდა.

7.2. ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.5%.

7.3. მოპასუხე სისტემატურად არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, დროულად არ იხდიდა მიწოდებული სისხლის კომპონენტების ფასს. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობაა 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდი.

7.4. 2020 წლის 26 ოქტომბრის #741 წერილის მიხედვით, 2020 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხის კრედიტორული დავალიანება მოსარჩელის მიმართ 15 695 ლარია.

7.5. 2021 წლის 1 ოქტომბრის შედარების აქტის თანახმად, 2021 წლის 1 სექტემბრისთვის მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დავალიანება 86 960 ლარია, ხოლო 2021 წლის 1 ოქტომბრისთვის - 77 495 ლარი.

7.6. მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება სრულად დაფარა 2021 წლის 4 ოქტომბერს.

7.7. ვადაგადაცილების ხანგრძლივობის და ვადაგადაცილებული შესრულების მოცულობიდან გამომდინარე, მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 282 797.03 ლარი (მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2021 წლის 25 ოქტომბრის საექსპერტო დასკვნის მიხედვით, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით წარმოქმნილ დავალიანებაზე დარიცხული პირგასამტეხლოა 282 797.03 ლარი).

7.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, სასამართლომ შეამცირა გონივრულ ოდენობამდე (მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლოს, 28 279.70 ლარის გადახდა).

8. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის 2021 წლის 1 ოქტომბრის შედარების აქტის შინაარსის სასამართლოს მიერ შეფასების საკითხს და აცხადებს, რომ ვინაიდან მითითებული აქტით მოპასუხე აღიარებდა მოსარჩელის წინაშე კონკრეტული ფულადი ვალდებულებების არსებობას, ხოლო მასში არსად იყო მითითება პირგასამტეხლოს შესახებ, აღნიშნული გამორიცხავდა მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლების განხორციელებას.

9. მითითებული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების, სამართლებრივ ბუნებას, მის ფუნქციასა და გამოყენების ფარგლებს, რაც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული - „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016), ასევე, მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის - ვალის არსებობის აღიარების - ნორმატიული შინაარსის განმარტების საკითხზე დადგენილ სტაბილურ სასამართლო პრაქტიკას, რომლის მიხედვით, „ვალის აღიარება საკმაოდ რთული და კომპლექსური ინსტიტუტია. იგი მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენას მოიაზრებს, რაც მიზნად ისახავს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს. სამართლებრივად რელევანტური ნება შესაძლოა, მიმართული იყოს, როგორც არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ (ვალის დეკლარაციული აღიარება), ისე ახალი ურთიერთობის წარმოშობისკენ (ვალის კონსტიტუციური აღიარება). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს, ვალის აღიარების რომელ სახესთან გვაქვს საქმე, რამეთუ თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა და განსხვავებული სამართლებრივი შედეგები აქვს. სსკ-ის 341-ე მუხლი განამტკიცებს ე.წ. კონსტიტუტიურ (აბსტრაქტულ) ვალის აღიარებას, სადაც მხარეთა ნება მიმართულია ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ამ ხელშეკრულებით მოვალე აღიარებს გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, თუმცა ამ ურთიერთობისგან დამოუკიდებლად კისრულობს კრედიტორის წინაშე გარკვეული შესრულების განხორციელებას, ანუ დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, რომელიც არ არის დამოკიდებული ძველი სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობაზე. ახალი ხელშეკრულება დამოუკიდებელია მისი სამართლებრივი საფუძვლისგან და მისი მიზანი არ არის ე.წ. ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ახალი ხელშეკრულების ძალით ვალდებულება შესრულებას მაშინაც ექვემდებარება, როცა ძველი ურთიერთობის არსებობა სადავო არის მხარეთათვის (სსკ-ის 341-ე მუხლის კომენტარი, ეკატერინე ბაღიშვილი, გვ. 174, http://lawlibrary.info/ge/books/giz2019-ge-civil_code_comm_III_book.pdf). რაც შეეხება დეკლარაციულ (კაუზალურ) ვალის აღიარებას, იგი მხოლოდ ადასტურებს უკვე არსებულ ვალს, ანუ მიმართულია ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ და არა ახალი ურთიერთობის დადგენისკენ. ამის საჭიროებას, ჩვეულებრივ, განაპირობებს მხარეთა შორის არსებული უთანხმოება ან გაურკვევლობა ვალდებულების არსებობის თაობაზე... დეკლარაციული აღიარების სამართლებრივი ძალა დამოკიდებულია შეთანხმების შინაარსზე და საჭიროებისამებრ დგინდება განმარტების მეშვეობით“ (იხ. საქმე №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015წ.; №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი; საქმე №ას- 1582-2018, 2022 წლის 9 თებერვლის განჩინება).

10. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სადავო შედარების აქტი არ შეიცავს მოსარჩელის მიერ გამოვლენილ ნებას პირგასამტეხლოსგან მოპასუხის გათავისუფლების შესახებ, მასში ასახულია მხოლოდ მოპასუხის ძირითადი დავალიანების თანხის ოდენობა 2021 წლის 1 ოქტომბრისთვის (იხ. ტ. 3. ს.ფ 146), ამასთან, სადავო არაა, რომ მითითებული დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა 2019 წლის 1 მარტის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ხოლო ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისგან (ხელშეკრულების 7.5 პუნქტით, ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.5%. (იხ. ტ. 1. ს.ფ 23) განსხვავებულ პირობებზე მხარეები არ შეთანხმებულან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სადავო შედარების აქტი მართებულად არ მიიჩნია სსკ 314-ე მუხლის მიზნებისთვის ვალის აღიარების ხელშეკრულებად და პირგასატეხლოს დაკისრებისგან მოვალის გათავისუფლების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლად. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

11. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის იმ მოსაზრებასაც, რომ ვინაიდან პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმებისთვის კანონით გათვალისწინებულია წერილობითი ფორმა, ნებისმიერი მომდევნო შეთანხმება ამ საკითხზე ძირითადი ხელშეკრულების იდენტურად წერილობითი ხელშეკრულებით უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, მხარეები ზეპირადაც რომ შეთანხმებულიყვნენ პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების პირობებზე, იგი სამართლებრივი ძალის მქონე ვერ იქნებოდა, რადგან როგორც აღინიშნა, ფორმის სავალდებულოობის ფარგლები ვრცელდება ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყოველ შემდგომ შეთანხმებაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სადავო საკითხის შეფასებისას მართებულად განმარტა სსკ 341-ე მუხლი, მართებულად იხელმძღვანელა სსკ 417-420-ე მუხლებით და სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,გ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს ,,გ.ჰ–ს“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1675752449, გადახდის თარიღი 7.2.2023), 1 414 ლარის 70% - 989.8 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე