Facebook Twitter

საქმე №ას-96-2023 28 სექტემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „კ-კ.ბ. ჯ–ია“ (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო.ნ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „კ-კ. ბ.ჯ–ას“ (შემდეგში „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“, „გამყიდველი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ო.ნ–ის“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“ ან „მყიდველი“) სარჩელი მოპასუხის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 108 014.62 ლარისა და პირგასამტეხლოს, 2018 წლის 18 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიურად, 54 ლარის (108 014.62 ლარის 0,05%-ის) გადახდა.

2. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად დაასკვნა, რომ ხელშეკრულება ნაცვლად 2018 წლის მაისისა, შეწყდა 2018 წლის ივნისში. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებითაც (რომლითაც შპს „ო.ნ–ს“ სს „კ-კ.ბ.ჯ–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება) ირკვევა, რომ 2017 წლის 1 იანვრის ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის მაისში.

3. ორივე ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის მითითებები რეტრო ბონუსის, მარკეტინგისა და ქსელში შემოსვლის გადასახდელებთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ფაქტობრივად დასტურდება, რომ ამ თანხის ანაზღაურება დამოკიდებული იყო თავად მოსარჩელის მხრიდან პროდუქციის გარკვეული რაოდენობით შესყიდვაზე, რაც არ განხორციელებულა.

4. იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხიც. გარდა იმისა, რომ საერთოდ არ არსებობდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, იმიტომ რომ სადავო პერიოდზე უბრალოდ არ არსებობდა პირგასამტეხლოზე შეთანხმება. თუ დავუშვებთ, რომ ეს შეთანხმება ძალაში იყო, მოსარჩელე მაინც არ იქცევა კეთილსინდისიერად, რადგან მან სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვა დაიწყო 3 წლის შემდეგ და ითხოვს ამ დროის განმავლობაში დაგროვებულ ე.წ დავალიანებას. ამასთან, მოპასუხეს სახელშეკრულებო ვალდებულება საერთოდ არ დაურღვევია და მაშინ, როდესაც მოსარჩელემ, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა 2018 წლის მაისში, ივნისის თვეზე ვერ გავრცელდება პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

5. სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ როგორც პირგასამტეხლოს, ასევე თანხის დაკისრების ნაწილში, მოსარჩელეს არასდროს გაუგზავნია მოპასუხისთვის გაფრთხილების წერილი და თუნდაც ფორმალურად არ დაუცავს თანხის უსაფუძვლოდ მოთხოვნის წინაპირობები.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

9. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

10.1. 2017 წლის 1 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გამყიდველი ვალდებული იყო მიეწოდებინა და საკუთრებაში გადაეცა მყიდველისთვის პროდუქცია შეკვეთილი რაოდენობითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო მყიდველი ვალდებული იყო მიეღო იგი და გადაეხადა საფასური.

10.2. ხელშეკრულების N1 დანართში მითითებულია შემდეგი: რეტრობონუსი (დაანგარიშების პერიოდი თვე) - მყიდველის მიერ თვის განმავლობაში შესყიდული პროდუქციის ჯამური თანხის 14%; ქსელში შემოსვლის გადასახადი - ერთჯერადი გადასახადის სახით გამყიდველი მყიდველს გადაუხდის 150 000 ლარს, შესაძლებელია ამ გადასახადის ყოველთვიურად გადახდაც თვეში 12 500 ლარი;

10.3. დანართში ასახულია ასევე მარკეტინგული აქტიურობის პირობები - მყიდველი კისრულობდა ვალდებულებას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გამყიდველისთვის გაეწია მარკეტინგული მომსახურება შემდეგი სახით: გამყიდველის მიერ მიწოდებული პროდუქცია და ინვენტარი განელაგებინა თვალსაჩინო ადგილზე „ა“ პოზიციაზე, რომელიც მხარეთა მიერ ზეპირად იქნოდა შეთანხმებული; თავისი მაღაზიების ქსელის 75%-ში განელაგებინა დამატებითი მაცივრები, ყველა სავაჭრო მაღაზიის ვიტრინაზე განეთავსებინა „კოკა-კოლას“ სტიკერები და ურთიერთშეთანხმებით მყიდველი გამყიდველს მისცემდა სხვადასხვა მარკეტინგულ სერვისს 150 000 ლარის ფარგლებში, 2017 წლის განმავლობაში, რომლის სანაცვლოდაც, გამყიდველი მყიდველს ყოველთვიურად ჩაურიცხავდა 12500 ლარს. ასევე, შესაძლებელი იქნებოდა ამ თანხის ურთიერთჩათვლაც. მყიდველი კისრულობდა ვალდებულებას გამყიდველისთვის გაეწია მარკეტინგული მომსახურება, რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს მყიდველის სავაჭრო ქსელში სარეკლამო მასალების/თაროების/პალატების განთავსებას, პროდუქციის შეთანხმებული პირობებით განთავსებას, პროდუქციის შეთანხმებული პირობებით განთავსებას, სადეგუსტაციო/პრომო/სარეკლამო აქციების ჩატარებას და სხვა). ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველი იღებდა ვალდებულებას გამყიდველთან შეთანხმების შემთხვევაში, მინიმუმ 6-ჯერ თავის სავაჭრო ობიექტებში განეთავსებინა დამატებითი სავაჭრო წერტილები (გონდოლა - პირამიდა) და შეეთავაზებინა მომხმარებლისთვის გამყიდველის პროდუქცია სპეციალურ ფასად. ამ სააქციო პერიოდში მყიდველი ისარგებლებდა გამყიდველის მიერ შეთავაზებული ფასდაკლებით.

10.4. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზეც, ვადამოსული დავალიანების ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგასულ დღეზე 0,05%-ით;

10.5. 2018 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 28 ივნისამდე, მოპასუხემ გაყიდა, ხოლო მოსარჩელემ შეისყიდა 610 818,72 ლარის ღირებულების პროდუქცია;

10.6. 2018 წლის 31 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეებმა დაადასტურეს, რომ შემსრულებელმა გასწია, ხოლო დამკვეთმა მიიღო მხარეებს შორის 2017 წლის 1 იანვარს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება: ქსელში შესვლის საფასური, რომლის ღირებულება 12500 ლარია;

10.7. 2018 წლის 31 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეებმა დაადასტურეს, რომ შემსრულებლმა გასწია, ხოლო დამკვეთმა მიიღო მხარეებს შორის 2017 წლის 1 იანვარს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება. აღნიშნული თვის რეტრობონუსის საფასური 108 153 ლარია;

10.8. 2018 წლის 31 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეებმა დაადასტურეს, რომ შემსრულებლმა გასწია, ხოლო დამკვეთმა მიიღო 2017 წლის 1 იანვარს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება: განათავსა პროდუქცია და ინვენტარი თვალსაჩინო ადგილას, რომლის ღირებულება - 12 500 ლარია.

10.9. 2018 წლის 19 ივნისს მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა, არა უგვიანეს 2018 წლის 30 ივნისისა, კომპანიის კუთვნილი ინვენტარი გაეტანა მყიდველი კომპანიის მაღაზიათა ქსელიდან;

10.10. 2018 წლის 13 ივლისს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შედგა ინვენტარის დაბრუნების აქტი;

10.11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის ივლისის გადაწყვეტილებით, მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის, 955 970 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს - 2 658.99 ლარის ანაზღაურება.

11. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის სასამართლოს მიერ არასწორად განსაზღვრას. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ხელშეკრულება ნაცვლად 2018 წლის მაისისა შეწყვეტილად მიიჩნიეს 2018 წლის ივნისში, რამაც ასევე არასწორად განაპირობა მოპასუხისთვის რეტრო ბონუსის, სარეკლამო/მარკეტინგული მომსახურებისა და ქსელში შესვლის ღირებულების, ასევე პირგასამტეხლოს დაკისრება.

12. კასატორის პრეტენზიის შეფასების მიზნით, პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორემ - ეს პოზიცია უარყოს. მათი პოზიციების განხილვით ჭეშმარიტების დადგენა, რა თქმა უნდა გამორიცხულია (იხ. სუსგ საქმე №ას-1423-2019, 28.02.2020). მხოლოდ სიტყვიერი განმარტება საამისოდ ვერ გამოდგება. შეუძლებელია, რომ სასამართლო ამა თუ იმ საკითხის დადგენისას რომელიმე მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას დაეყრდნოს, კანონი სასამართლოს ავალდებულებს, მტკიცებულებები შეაფასოს თავისი შინაგანი რწმენით და ეს რწმენა უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას (სსსკ-ის 105.2 მუხლი). ამასთან, მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

13. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

14. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

15. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სადავო პერიოდში (2018 წლის 1 ივნისიდან 28 ივნისამდე) მოქმედების დასადასტურებლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე - მოსარჩელის 2018 წლის 28 მაისის #447 წერილზე, რომლითაც მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა აცნობა მოპასუხეს, რომ მათ შორის 2017 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდებოდა 2018 წლის 28 ივნისიდან, ასევე ანგარიშ-ფაქტურებზე, რომლითაც ირკვევა სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ პროდუქციის შესყიდვის ფაქტი. აღნიშნული მტკიცებულებების გაბათილების მიზნით კი, მოპასუხეს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია.

16. კასატორი საკუთარი პოზიციის დადასტურებას ცდილობს სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე მითითებით (აღნიშნულ დავაში მოსარჩელეა სს „კ-კ. ბ.ჯ–ა“, მოპასუხე შპს „ო.ნ–ი“, ხოლო დავის საგანი - 2017 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის გამო მოპასუხისთვის პირგასამტეხლოსა და ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) ანაზღაურების დაკისრება) და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის დაკისრებული ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) ოდენობა დათვლილია 2018 წლის ივნისიდან და დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა მაისში. თუმცა საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოთ მითითებულ პრეტენზიას და ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინამდებარე საქმის მიმართ ვერ ექნება პრეიუდიციული ძალა, ვინაიდან როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერვეა დადგენილი, მოპასუხის მიერ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მოშველიებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი, რაც უცვლელი დარჩა საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით (იხ. სუსგ საქმე #ას-319-2022). ამდენად, საფუძველი ეცლება კასატორის ზემოთ მითითებულ პრეტენზიას კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით სადავო თარიღის (ხელშეკრულების შეწყვეტის დრო) დადგენის შესახებ.

17. დაუსაბუთებელია ასევე, საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სასამართლოებმა მას არასწორად დააკისრეს რეტრობონუსის, ქსელში შესვლისა და მარკეტინგული მომსახურების საფასური და არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ თანხის ანაზღაურება დამოკიდებული იყო თავად მოსარჩელის მხრიდან პროდუქციის გარკვეული რაოდენობით შესყიდვაზე, რაც არ განხორციელებულა.

18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართ #1-ში ასახულ მარკეტინგული აქტიურობის პირობებს (სადაც პირდაპირ და ნათლადაა განმარტებული ბონუსის წარმოშობისა და ანაზღაურების წესი; იხ. ტ. 1. ს.ფ 20-26) და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მითითებული მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ანაზღაურება არ იყო დამოკიდებული მყიდველის მიერ შესყიდული პროდუქციის ღირებულებაზე. საწინააღმდეგოს კი, გარდა ზეპირი განმარტებისა, რაიმე მტკიცებულებით ვერც კასატორი ადასტურებს.

19. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებას მისთვის პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ დაკისრების შესახებ, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა თუ არაჯეროვნად შესრულება (შდრ. სუსგ №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1299-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი;№ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018).

20. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მარკეტინგული მომსახურების ვალდებულება (სადავო პერიოდში მოპასუხე კომპანიის პროდუქცია, ასევე ინვენტარი (სარეკლამო სტენდები, ბრენდირებული მაცივრები, რომლებშიც განთავსებული იყო პროდუქცია) განთავსებული იყო მოსარჩელის ობიექტებში (მაღაზიებში) მოპასუხის პროდუქციის რეალიზაციის მიზნით და ხდებოდა კიდეც ამ პროდუქციის რეალიზაცია), ხოლო მოპასუხეს არ აუნაზღაურებია ქსელში შესვლისთვის არსებული მომსახურების საფასური, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო, არსებობდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა, რაც მართებულად განსაზღვრეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებაც, რომ როგორც პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, მისი მოთხოვნის უფლების განხორციელება არ არის დამოკიდებული ვალდებული პირის მიმართ შეტყობინებაზე, რაც ასევე საფუძველს აცლის კასატორის პრეტენზიას მისთვის გაფრთხილების წერილის სავალდებულოდ გაგზავნის შესახებ.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

22. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 629-ე, 417-ე-420-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,კ-კ. ბ.ჯ–ას“ (.....) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს ,,კ-კ. ბ.ჯ–ას“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1675772738, გადახდის თარიღი 8.02.2023) 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე

ვ. კაკაბაძე