Facebook Twitter

საქმე № ას-768-2023 20 სექტემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ი, დ.გ–ი, ა.კ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

განმცხადებლის მოთხოვნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის განჩინებით ლ.გ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, განმცხადებელი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი მ.გ–ის დ.გ–ისა და ა.კ–ძის წინააღმდეგ 17 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში 46 000 ლარის, სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. დასახელებულ გადაწყვეტილებაზე, მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის სხდომის ოქმის ამონაწერის მიხედვით დარჩა განუხილველი.

2.1.განჩინების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში, 2022 წლის 27 იანვარს, 15:00 საათზე დანიშნული სასამართლოს სხდომის თარიღისა და დროის შესახებ აპელანტს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით (ტ.1,ს.ფ. 281). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2021 წლის 11 ნოემბრის 12:00 საათზე ჩანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო აპელანტის წარმომადგენლის იმავე წლის 5 ნოემბრის შუამდგომლობის საფუძველზე. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ კი მხარეს და მის წარმომადგენელს არ უცნობებია სასამართლოსთვის.

3. განმცხადებელმა მიმართა სააპელაციო სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფლდა.

5. დასახელებულ განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

6. აპელანტმა, 2023 წლის 7 მარტს და იმავე წლის 22 მარტს დაზუსტებული განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება ორ არგუმენტზე მითითებით:

6.1. აპელანტი არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და იმყოფებოდა საავადმყოფოში, რომელიც ფიზიკურად ვერ შეძლებდა გამოცხადებას სასამართლოზე, ადვოკატიც იმყოფებოდა ავად და ვერ შეძლებდა გამოცხადებას, სასამართლოსათვის აღნიშნული უცნობი იყო, რომ ყოფილიყო ცნობილი არ დატოვებდა განუხილველად აპელანტის სააპელაციო საჩივარს და მიიღებდა სხვა გადაწყვეტილებას.

6.2. არსებობს საარქივო ცნობა, რომ აპელანტი რეგისტრირებულია 1990 წლის 24 აგვისტოდან სადაო ბინაში და პრივატიზაციის დროს იყო მოსარგებლე (იხ, ფორმა #1), წარმოდგენილია აპელანტის თანხმობა ისე რომ უარი არ უთქვამს თავის წილზე, რაც დასტურდება ნოტარიუსთან პრივატიზაციის დროს აპელანტის განცხადებით, მ.გ–ის გამოკითხვის ოქმით, მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით ლ.გ–ს დაუდგინდა ხარვეზი განცხადებაზე და დაევალა დადასტურება თუ როდის გახდა მისთვის ცნობილი საქმის წარმოების განახლების საფუძვლების შესახებ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით.

8. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით განმცხადებელმა წარადგინა განცხადება, რომლის მიხედვითაც საქმის წარმოების განახლების საფუძვლების შეტყობის თარიღად მიუთითა 2023 წლის 22 თებერვალი, თუმცა რა გარემოებებში, არ იკვეთებოდა წარდგენილი განცხადებით.

9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, წარდგენილი განცხადებით, არგუმენტებითა და მკტიცებულებებით არ დგინდებოდა მხარის მიერ მითითებულ ვადაში საქმის წარმოების განახლების საფუძვლების შეტყობის ფაქტი, რის გამოც განცხადება განუხილველად უნდა დატოვებულიყო.

10. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა, და სააპელაციო სასამართლოში მითითებული არგუმენტებით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმისწარმოების განახლება მოითხოვა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

14. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. გასაჩივრებული განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელმა საქმისწარმოების განახლების მის მიერ მითითებული გარემოებების შეტყობიდან დაგვიანებით მიმართა სასამართლოს. ამასთან ვერ დაადასტურა, რომ 2023 წლის 22 თებერვალს შეიტყო დასახელებული გარემოებები, შესაბამისად, სსსკ-ის 426.1 მუხლიდან გამომდინარე, არ ვლინდებოდა განცხადების დასაშვებობის წინაპირობა.

15. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საქმის განახლების შესახებ განცხადება. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის მიერ საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეიცავს თუ არა წარდგენილი განცხადება კანონით დადგენილ აუცილებელ მონაცემებს და არსებობს თუ არა მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა, შესაძლოა, მისი განუხილველად დატოვების საფუძველი გახდეს.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მხარის მიერ მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით.

16.1. კერძოდ, განმცხადებელი პირველ გარემოებად უთითებს რომ არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და 2022 წლის 27 იანვარს იმყოფებოდა საავადმყოფოში, რომელიც ფიზიკურად ვერ შეძლებდა გამოცხადებას სასამართლოზე, ადვოკატიც იმყოფებოდა ავად და ვერ შეძლო გამოცხადება, სასამართლოსათვის აღნიშნული უცნობი იყო, რომ ყოფილიყო ცნობილი არ დატოვებდა განუხილველად სააპელაციო საჩივარს და მიიღებდა სხვა გადაწყვეტილებას. აღნიშნული არგუმენტის შესახებ უნდა ითქვას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინების შესახებ აპელანტისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2022 წლის 25 თებერვალს, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 308-330), სადაც უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამრთლოს 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რადგან მასზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით დარჩა განუხილველი (ტ.1, ს.ფ. 309-310). შესაბამისად, ის რომ საქმის წარმოების განახლების გარემოების შესახებ მხოლოდ 2023 წლის 22 თებერვალს შეიტყო ბათილდება აღნიშული გარემოებით.

16.2. ასევე, განცხადებას ერთვის საარქივო ცნობა, რომ ლ.გ–ი რეგისტრირებულია 1990 წლის 24 აგვისტოდან სადაო ბინაში და პრივატიზაციის დროს იყო მოსარგებლე (იხ, ფორმა #1), რომელიც ასევე ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 25 თებერვალს წარდგენილ განცხადებას (ტ.1, ს.ფ.323). მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებაც, ასევე თანდართულია 2022 წლის 25 თებერვლის განცხადებაზე და დათარიღებულია 29.12.2021 წლით (ტ.1, ს.ფ.330) და აღწერაში მითითებულია რომ აპელანტმა მიმართა ნოტარიუსს, რაც მიუთითებს მის მიერ ფაქტის შეტყობის თარიღის შესახებ. განმცხადებლის თანხმობა ისე რომ უარი არ უთქვამს თავის წილზე, ასევე თანდართულია 2022 წლის 25 თებერვლის განცხადებას (ტ.1, ს.ფ.322).

16.3. გასაზიარებელია ასევე კერძო საჩივრის ავტორის მითითების შესახებ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მ.გ–ის გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით. კერძოდ, დგინდება, რომ ოქმი გამოთხოვილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით (ტ.1, ს.ფ.147-149) და სასამართლოს წარმოედგინა 2019 წლის 13 დეკემბერს (ტ.1, ს.ფ.164-166). ხოლო განმცხადებლის წარმომდგენელს ნ.მ–ს გადაეცა 2020 წლის 9 იანვარს (ტ.1, ს.ფ170, იხ. რწმუნებულება ტ.1, ს.ფ.49), შესაბამისად, დასახელებული გამოკითხვის ოქმის შესახებაც მხარის მიერ მითითებული თარიღისგან განსხვავებულ დროს და ბევრად უფრო ადრე იყო მისთვის ცნობილი.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ მითითებული გარემოებებით არ დასტურდებოდა რომ საქმის წარმოების განახლების საფუძვლების შესახებ 2023 წლის თებერვალში შეიტყო, არამედ საქმის მასალებით დადგინდა, რომ გაცილებით ადრე იცოდა საქმის წარმოების განახლების მის მიერვე მითითებული გარემოებების შესახებ, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, ხოლო, კერძო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რის გამოც უარი უნდა ეთქვას დაკამაყოფილებაზე.

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პოზიციაზე საქმის განხილვის ზეპირ ფორმასთან დაკავშირებით სსსკ-ის 419-ე მუხლზე მიუთითებს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებებიდან გამომდინარე არაა საჭირო ზეპირი მოსმენით საქმის განხილვა, ვინაიდან მხარის მიერ მითითებული გარემოებები გამორკვეულია და დადასტურებული საქმეში არსებული სხვადასხვა განჩინებებით, ასევე მხარის მიერვე წარდგენილი განცხადებებითა თუ სხვა დოკუმენტებით, რის გამოც დამატებით მხარეთა დასწრებით გამოკვლევას არ საჭიროებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.გ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე

ვ. კაკაბაძე