საქმე №ას-1521-2022 11 ოქტომბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ქ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დივიდენდის დაკისრება, ფინანსური შედეგების ამსახველი დოკუმენტაციისა და აუდიტის დასკვნის წარდგენის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2009 წლის 14 სექტემბერს, ქ. თბილისის მთავრობის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა შპს „თ.პ–ი“.ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 10 მარტის N05.43.203 დადგენილებითა და შპს„ქ–ის“ 2011 წლის 10 მარტის წესდების მიხედვით, ქ. თბილისის მთავრობის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს „თ.პ–ს“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება, ეწოდა შპს „ქ–ი“ და დამტკიცდა კომპანიის წესდება ახალი რედაქციით.
2. ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 2 ივლისის N17.07.636 დადგენილებით განისაზღვრა ქ. თბილისის მთავრობის წილობრივი მონაწილეობით არსებული კომპანიების 2011 წლის მოგებიდან დამფუძნებლის (ქ. თბილისის მთავრობის) კუთვნილი დივიდენდის ოდენობა დანართის თანახმად, რომლის მიხედვით, შპს „ქ–ის“ მიერ გასაცემი დივიდენდის ოდენობა განისაზღვრა 26 657 ლარის ოდენობით.
3. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 15 ოქტომბრის წერილით ქ. თბილისის მერიას ეცნობა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 2 ივლისის დადგენილებით, შპს „ქ–ს“ ადგილობრივ ბიუჯეტში დამფუძნებლის კუთვნილი დივიდენდის, 26 657 ლარის, ჩარიცხვა დაევალა, საიდანაც შპს „ქ–მა“ 2014 წლის 18 თებერვალს გადაიხადა 19 993 ლარი.
4. შპს „ქ–ის“ 2018 წლის 2 აგვისტოს ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დადგენილია, რომ საწარმოს 100%- იანი წილის მესაკუთრეა შპს „ M. A.“, რომელიც შპს „ქ–ის“ 100%- იანი წილის შემძენი გახდა 2012 წლის 18 ოქტომბერს, ქ. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონზე გამარჯვების შედეგად.
5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნა
5.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს „ქ–ის“ მიმართ და მოითხოვა:
5.2. დაეკისროს შპს „ქ–ს“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 2011 წლის მოგებიდან ქალაქ თბილისის მთავრობის კუთვნილი დივიდენდის გადახდა 6 664 ლარის ოდენობით;
5.3. დაევალოს შპს „ქ–ს“ 2012 წლის ფინანსური შედეგების ამსახველი დოკუმენტაციისა და აუდიტის დასკვნის წარმოდგენა.
6. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 14 სექტემბრის N25.06.827 დადგენილებით დაფუძნდა შპს ,,თ.პ–ი“. აღნიშნული შპს-ს წესდების 2.2 პუნქტის თანახმად, საწარმოს დამფუძნებელია ქ. თბილისის მთავრობა და მისი წილი საწესდებო კაპიტალში შეადგენს 100%-ს. ამავე წესდების 9.1 და 9.2 პუნქტების თანახმად, წლიური შედეგები აისახება საწარმოს ბალანსში და საბუღალტრო ანგარიშში, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება დამფუძნებელს საფინანსო პერიოდის შედეგების მიხედვით. ბიუჯეტსა და ბანკებთან ანგარიშსწორების შემდეგ დარჩენილი მოგება წარიმართება საწარმოს ფონდების შესავსებად. მოგების განაწილების კონკრეტულ წესს განსაზღვრავს დამფუძნებელი. ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შედეგად შპს ,,თ.პ–ის“ საფირმო სახელწოდება შეიცვალა და ეწოდა შპს ,,ქ–ი“. დამტკიცდა წესდება ახალი რედაქციით, რომლის 2.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ კომპანიის დამფუძნებელია ქ. თბილისის მთავრობა და მისი წილი საწარმოს კაპიტალში შეადგენს 100%-ს. კომპანიის სამეურნეო საქმიანობის რეგულირებაში დამფუძნებელს (მთავრობას) გააჩნია იგივე უფლებები, რაც პარტნიორთა კრებას.
7. მოპასუხე მხარის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. მოპასუხემ განმარტა, რომ 2012 წლის 18 ოქტომბრიდან, შპს „ქ–ის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე არის შპს „ M. A.“, რომელმაც საწარმოს წილი შეიძინა ქ. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ საჯარო და ღია აუქციონზე და ყველა უფლება, მათ შორის - დივიდენდის მიღების უფლებაც - შემძენზე გადავიდა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
11.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, ასევე სამართლებრივი შეფასება და განმარტა, რომ შპს „ქ–ი“ (სახელის შეცვლამდე შპს „თ.პ–ი“) ქ. თბილისის მთავრობის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმო იყო, რომელიც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2012 წლის 11 სექტემბერს გამართულ აუქციონში გამარჯვების შედეგად გასხვისდა და 2012 წლის 18 ოქტომბერს, შპს „ქ–ის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა შპს „ M. A.“. აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ წილის გასხვისების მომენტიდან აპელანტმა დაკარგა დივიდენდის მიღების ზოგადი უფლება, ხოლო საკითხი იმის შესახებ ყოფილი პარტნიორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია შეინარჩუნებდა თუ არა დივიდენდის მოთხოვნის უფლებას, დამოკიდებული იყო აღნიშნულის თაობაზე სპეციალური შეთანხმების (დათქმის) არსებობაზე ან პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამგვარი შეთანხმება მხარეთა შორის არ გაფორმებულა. ამგვარ დათქმას არც აუქციონის პირობები შეიცავდა.
11.3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნდა დივიდენდისა და 2012 წლის ფინანსური შედეგების ამსახველი დოკუმენტაციისა და აუდიტის დასკვნის წარმოდგენის მოთხოვნის უფლება, ვინაიდან საზოგადოების 100% წილი გასხვისებული იქნა აუქციონზე, რომლის საფუძველზეც, წილის მიმღებზე გადავიდა წილთან დაკავშირებული ყველა უფლება-მოვალეობა, წილის პროპორციული მატერიალური და არამატერიალური პასივები და აქტივები, მათ შორის - გასანაწილებელი დივიდენდის მიღების უფლებაც, რომელიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წარმოიშობა პარტნიორად გახდომის, ე.ი. წილის შეძენის, მომენტიდან და განუყოფელია წილისგან. პალატა მიიჩნევს, რომ დივიდენდი მის განაწილებამდე წარმოადგენს კომპანიის აქტივს, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ საწარმოს გასხვისებასთან ერთად გასხვისებული იქნა კომპანიის აქტივიც. ამდენად, შემძენი გახდა ყველა იმ უფლების მესაკუთრე, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდა წილის გასხვისების მომენტისთვის, მათ შორის - დივიდენდის მოთხოვნის უფლებაც გადავიდა შემძენზე. გარდა ამისა, აპელანტს პარტნიორად ყოფნის უფლების შეწყვეტასთან ერთად, ასევე შეუწყდა არაქონებრივი უფლებების რეალიზების შესაძლებლობაც, რის გამოც მისი მოთხოვნა საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების თაობაზე, ასევე უსაფუძვლო იყო.
12. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებაზე წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, ხოლო, იმავე წლის 04 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითაც განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც წინამდებარე შემთხვევაში, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სავალდებულო ძალა აქვს საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, საკასაციო სასამართლო მხოლოდ სამართლებრივად შეაფასებს საქმის სადავო საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების სისწორეს.
17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და შედეგად არასწორი სამართლებრივი შედეგი იქნა გამოტანილი, რადგან მოსარჩელეს ჰქონდა როგორც დივიდენდის დარჩენილი ნაწილის მოთხოვნის, ასევე ფინანსური შედეგების ამსახველი დოკუმენტაციის გაცნობის უფლება.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც ითვალისწინებს იმ შედეგს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს (სუსგ №ას-189-2020, 20 აპრილი, 2022, პ.13).
19. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება.
20. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-51 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
21. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.
22. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ყველა პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
23. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.
24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დადგენილი წლიური მოგების, თანხობრივად განსაზღვრული დივიდენის გადანაწილების შემდგომ წარმოშობილი დივიდენდის მოთხოვნის უფლების ყოფილი პარტნიორისთვის შენარჩუნების საკითხი, მაშინ, როდესაც აღნიშნულმა პარტნიორმა საკუთარი წილი დივიდენდის მოთხოვნის წარმოშობის შემდეგ მთლიანად გაყიდა ახალ პარტნიორზე, შესაბამისად, სამართლებრივი კითხვა, რომელსაც უნდა გასცეს სასამართლომ პასუხი არის ის, გადაყვება თუ არა წინასწარ (მანამ, სანამ წილებს გაასხვისებდა) განსაზღვრული დივიდენდის მოთხოვნის უფლება ყოფილ პარტნიორს მის მიერ წილების მთლიანად გასხვისების შემთხვევაში. ასევე, აქვს თუ არა ყოფილ პარტნიორს უფლება საწარმოს მოსთხოვოს საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა.
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, იმისათვის, რომ ზემოაღნიშნულ კითხვას გაეცეს პასუხი, აუცილებელია პირველ რიგში თავად დივიდენდის სამართლებრივი რეგულირებისა და დეფინიციის გაგება. საკასაციო პალატამ არერთ საქმეში განმარტა, რომ დივიდენდი წარმოადგენს იურიდიული პირის ფინანსური მოგების ნაწილს, რომელზე უფლებაც მოპოვებულია ამ იურიდიულ პირში წილის ფლობით, შესაბამისად, მასზე „უფლება“ დაკავშირებულია პარტნიორის სტატუსთან (იხ. სუსგ №ას-1063-1018-2014 08.04.2015წ.). ამასთან, დივიდენდის მიღების უფლება რეალიზდება გარკვეული წინაპირობების დაცვით. „დივიდენდების გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდების გაცემის შესახებ... (იხ. სუსგ №ას-75-408-09, 02.07.2009წ). როდესაც მიიღება გადაწყვეტილება დივიდენდების განაწილებაზე, პირი აღიჭურვება კრედიტორული უფლებით, რაც საზოგადოების წინაშე პარტნიორის მოთხოვნის უფლებას განამტკიცებს (იხ: ი., ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ტომი I, თბილისი, 2010, გვ. 368- 369). ( შდრ: სუსგ №ას-907-2018, 27 ნოემბერი, 2020).
28. საკასაციო პალატა მიუთითებს ამავე სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, (იხ., სუსგ. ას-1328-1170-2010 06 ივნისი, 2011 წელი) ,,თბილისი სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო პერიოდის დივიდენდზე მოსარჩელის მოთხოვნის უფლება წილზე საკუთრების უფლებისაგან დამოუკიდებელი უფლებაა და მისი განკარგვა შესაძლებელია წილზე საკუთრების უფლებისაგან დამოუკიდებლად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მართებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ სადავო პერიოდის დივიდენდზე მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება ექნებოდა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გააჩნდა ზოგადად დივიდენდის მიღებისა და არა დივიდენდის მოთხოვნის უფლება. პალატა განმარტავს, რომ დივიდენდის მიღების უფლება განუყრელად არის დაკავშირებული პარტნიორად ყოფნასთან და მისი სხვა პირისათვის გადაცემა წილისაგან დამოუკიდებლად დაუშვებელია. დივიდენდის მოთხოვნის უფლება კი შეიძლება პარტნიორის თანხმობით სხვა პირმაც განახორციელოს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში პარტნიორი საზოგადოების კრედიტორს წარმოადგენს და მას, როგორც კრედიტორს, უფლება აქვს თავისი მოთხოვნა დივიდენდზე სხვა პირს დაუთმოს. თავად დივიდენდის მოთხოვნის უფლება, როგორც ითქვა, პარტნიორს წარმოეშობა იმ მომენტიდან, როცა პარტნიორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას საზოგადოების მოგების განაწილების შესახებ. ...დივიდენდის მიღების უფლება განუყრელადაა დაკავშირებული პარტნიორად ყოფნასთან და მისი სხვა პირისათვის გადაცემა წილისაგან დამოუკიდებლად დაუშვებელია. ამ უფლების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ წილთან ერთად, ამიტომ წილის დათმობით ამ უფლების დათმობაც ხდება. სხვა საკითხია დივიდენდის მოთხოვნის უფლების გადაცემა, ვინაიდან იგი დამოუკიდებელი უფლებაა და წილის გადაცემის შემთხვევაში ავტომატურად არ გადადის წილის მიმღებზე. ამდენად, წილის დათმობის (გასხვისების) დროს ხელშეკრულებაში სპეციალურად უნდა აღინიშნოს დივიდენდის მოთხოვნის უფლების გადაცემის თაობაზე“.
29. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება („მეწარმეთა შესახებ“ კანონის 145-ე მუხლი). ეს უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება). მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ პირველი უფლება წარმოიშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო მეორე – საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან („მეწარმეთა შესახებ“ კანონის 31-ე მუხლი). მითითებულ ნორმათა მიხედვით, დივიდენდის გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ. ერთმანეთისაგან განსხვავდება დივიდენდის მიღების ზოგადი უფლება, რაც მინორიტარ პარტნიორს, საწარმოს პარტნიორად რეგისტრაციისთანავე წარმოეშვა, ხოლო რაც შეეხება პარტნიორის მიერ დივიდენდის მოთხოვნის უფლებას, ეს უკანასკნელი დაკავშირებულია კაპიტალური საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან (იხ. სუსგ: №ას-1349-2021, 28.09.2022; №ას-851-795-2017, 20.04.2018).
30. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, „რომ დივიდენდის მოთხოვნის უფლება, დამოკიდებულია საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაზე დივიდენდის განაწილების შესახებ. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2012 წლის 11 იანვრამდე, მოპასუხის ყოფილი პარტნიორის გადაწყვეტილება დივიდენდის განაწილების თაობაზე არ არსებობდა, ხოლო რაც შეეხება მთავრობის 2012 წლის 2 ივლისის და იმავე წლის 23 ოქტომბრის დადგენილებებს, ისინი არ წარმოადგენენ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რადგან მათი მიღების დროისათვის საზოგადოების პარტნიორს მთავრობა აღარ წარმოადგენდა...“ (იხ.,საქმე №ას-774-741-2016 25 ნოემბერი, 2016 წელი).
31. ზემოაღნიშნული პრაქტიკის სისტემური ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დივიდენდის მიღების უფლება უნდა იქნეს გამიჯნული დივიდენდის მოთხოვნის უფლებასთან, რომელიც გულისხმობს სამეურნეო წლის ფარგლებში საწარმოს უკვე დადგენილი კონკრეტული და მოგებიდან შესაბამისი ოდენობით კონკრეტული დივიდენდის მიღების უფლებას. ამ ორს შორის განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ დივიდენდის მიღების უფლება წარმოიშობა მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორად გახდომის შემხვევაში, რა დროსაც, დივიდენდის მოთხოვნის უფლება გულისხმობს კონკრეტული პერიოდისათვის საწარმოს მიერ განსაზღვრული საერთო მოგებიდან პარტნიორისთვის მისი კუთვნილი დივიდენდის მიღების შესაძლებლობას, რაც თავად საწარმოს მიერ საერთო მოგების დადგენისა და მისი განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან წარმოიშობა. აქედან გამომდინარე, თუ, ზოგადად, პარტნიორს აქვს წილის მიღების უფლება, მას ვერ ექნება წილის მოთხოვნის უფლება მანამ, სანამ თავად საწარმო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მოგების მიღების შესახებ.
32. რაც შეეხება დივიდენდის უფლების მესამე პირისთვის გადაცემას, დივიდენდის მიღების უფლება უშუალოდაა დამოკიდებული საწარმოს პარტნიორობაზე, შესაბამისად, დივიდენდის მიღების უფლების არაპარტნიორ პირზე გადაცემა ვერ მოხდება, ასეთ შემთხვევაში, დივიდენდის გადაცემა დამოკიდებული იქნება საწარმოს წილების გადაცემაზე. თუ მესამე პირი შეიძენს საწარმოს წილებს, მასზე შესაბამისად გადავა დივიდენდის მიღების უფლებაც. განსხვავებულია დივიდენდის მოთხოვნის უფლების გადაცემის შემთხვევა, ასეთ დროს, მნიშვნელობა არ აქვს მოთხოვნის უფლების მქონე პირი საწარმოს პარტნიორია თუ არა, რადგან ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის უფლების მქონე პირი კრედიტორად ტრანსფორმირდება და მისი უფლებამოსილებით სარგებლობს, ხოლო მისი სამართლებრივი სტატუსი - არის თუ არა ის პარტნიორი, ვერ გახდება მოთხოვნის შესრულების გამომრიცხველი გარემოება, რადგან დივიდენდის მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელ უფლებას წარმოადგენს და არ არის დამოკიდებული პირის სამართლებრივ სტატუსზე, შესაბამისად, წილის გადაცემის შემთხვევაში, დივიდენდის მოთხოვნის უფლება კონკლუდენტურად არ გადადის წილის შემსყიდველზე თუ ამის შესახებ დამატებით, წილის დათმობის შესახებ გარიგება არ იქნება სახეზე.
33. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 2 ივლისის N17.07.636 დადგენილებით განისაზღვრა ქ. თბილისის მთავრობის წილობრივი მონაწილეობით არსებული კომპანიების 2011 წლის მოგებიდან დამფუძნებლის (ქ. თბილისის მთავრობის) კუთვნილი დივიდენდის ოდენობა დანართის თანახმად, რომლის მიხედვით, შპს „ქ–ის“ მიერ გასაცემი დივიდენდის ოდენობა განისაზღვრა 26 657 ლარის ოდენობით, ხოლო შპს „ქ–ის“ 2018 წლის 2 აგვისტოს ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დადგენილია, რომ საწარმოს 100%- იანი წილის მესაკუთრეა შპს „ M. A.“, რომელიც შპს „ქ–ის“ 100%- იანი წილის შემძენი გახდა 2012 წლის 18 ოქტომბერს, ქ. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონზე გამარჯვების შედეგად. აღნიშნული ორი ფაქტი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ როდესაც დივიდენდის ოდენობა განისაზღვრა, ამ დროს საწარმოს 100% წილის მესაკუთრე ისევ იყო მოსარჩელე, შესაბამისად, სწორედ ამ დროს წარმოეშვა მას დივიდენდის მოთხოვნის უფლება. წილების გასხვისება კი დივიდენდის ოდენობის გადანაწილების შემდგომ მოხდა, ანუ ეს უკანასკნელი დროში უსწრებს საწარმოს გაყიდვას, რაც თავისთავად წარმოშობს განსაზღვრული დივიდენდის მოთხოვნის უფლების დამოუკიდებელ არსებობას და არ ექვემდებარება წილის ახალი მესაკუთრისთვის გადასვლის შემთხვევას. ასევე, მხარეებს შორის არ მომხდარა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დადება, ამიტომ აღნიშნული მოთხოვნის უფლება შეუნარჩუნდა საწარმოს ყოფილ პარტნიორს, ამ ვალდებულების ნაწილში, როგორც კრედიტორს.
რადგან აღნიშნული თანხის - 26 657 ლარის ოდენობიდან შპს „ქ–მა“ 2014 წლის 18 თებერვალს გადაიხადა 19 993 ლარი, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება დარჩა აღნიშნული თანხების სხვაობაზე - 6 664 ლარის გადახდაზე, შესაბამისად, შპს „ქ–ს“ უნდა დაევალოს დივიდენდის მოთხოვნის უფლების დანაშთი ოდენობის - 6 664 ლარის მოსარჩელისთვის გადახდა.
34. რაც შეეხება საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებას, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს. მოცემულ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელე აღარ არის საწარმოს პარტნიორი, მან დაკარგა უფლება დირექტორს მოსთხოვოს საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება, ამიტომ ამ ნაწილში სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება.
35. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ 6 664 ლარის ნაწილში, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს ამ ნაწილში სამივე ინსტანციის სასამართლოს ბაჟის გადახდა, რაც შეადგენს (6664*0,12) 799,68 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 408-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. შპს „ქ–ს“ (ს.კ. ......) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (ს.კ. ......) სასარგებლოდ დაეკისროს 6 664 (ექვსიათას ექვსას სამოცდაოთხი) ლარის გადახდა.
5. შპს „ქ–ს“ (ს.კ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში - 799,68 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე