Facebook Twitter

საქმე № ას-169-2023 16 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.ც–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,კ.მ.ც–ი’’ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება ხელახლა განსახილველად

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.ც–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული ან პირველი კასატორი) და შპს „კ.მ.ც–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი კომპანია ან მეორე კასატორი) შორის, 2010 წლის 22 მარტს, სამი თვის ვადით დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე დაინიშნა დირექტორის მოადგილედ ტექნიკურ დარგში. ხელშეკრულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ მითითებული არ ყოფილა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით დასაქმებული კომპანიასთან იმყოფებოდა უვადო შრომით ურთიერთობაში და მხარეთა შორის ურთიერთობა შეწყდა არა 2016 წლის ივნისიდან, არამედ 2017 წლის 1 მაისიდან - მოსარჩელის ინიციატივით.

3. დადგენილია, რომ დამსაქმებელს მოსარჩელისთვის ხელფასის სახით ანაზღაურებული აქვს: 2011 წელს - 50 757.57 ლარი, 2012 წელს - 61 494.87 ლარი, 2013 წელს - 74 309.31 ლარი, 2014 წელს - 65 019.13 ლარი, 2015 წელს- 34 965.16 ლარი, 2016 წელს 9 500 ლარი.

4. 2015 წლიდან 2016 წლის ივნისამდე (17 თვე) გ.ც–ძეს მიღებული აქვს ჯამში 44 465.16 ლარი, საიდანაც საშუალო თვიური ანაზღაურება შეადგენს 2 615.59 ლარს.

5. სარჩელის მოთხოვნა

5.1. დასაქმებულმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრული სარჩელით მოპასუხისათვის შრომის ანაზღაურების დავალიანების 107 410 ლარის დაკისრება მოითხოვა.

6. მოპასუხის (დამსაქმებლის) პოზიცია

6.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

7. დამსაქმებლის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

7.1. დამსაქმებელმა წარდგენილი შეგებებული სარჩელით მოსარჩელისთვის 84 585 ლარის დაკისრება მოითხოვა

8. შეგებებული სარჩელის მოპასუხის (დასაქმებულის) პოზიცია

8.1. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მოპასუხემ არ ცნო

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დამსაქმებელს, მოსარჩელის სასარგებლოდ 50 882.92 ლარის გადახდა დაეკისრა, ამავდროულად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი დასაქმებულს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიმართ 1 550 ლარის გადახდა დაეკისრა.

10. ცენტრის სააპელაციო საჩივარი

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ცენტრმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება ცენტრისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 50 882 ლარისა და 92 თეთრის დაკისრების ნაწილში და საბოლოოდ ურთიერთგადასახდელი თანხების გაქვითვით ცენტრისთვის გ.ც–ძის სასარგებლოდ 49 332 ლარისა და 92 თეთრის გადასახდელად დაკისრების ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით ცენტრს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 28 771.57 ლარის გადახდა, ხოლო, ურთიერთგასაქვითი თანხების გაქვითვის გათვალისწინებით საბოლოოდ ცენტრს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27 221 ლარის გადახდა, სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი;

11.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განხილვის საგანი იყო მოსარჩელის ანაზღაურება და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თარიღი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ დასაქმებულის საშუალო ანაზღაურება ყოველთვიურად 4 625.72 ლარს შეადგენდა.

11.3. სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის 2010 წლის 22 მარტს სამი თვის ვადით დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე დირექტორის მოადგილედ დაინიშნა ტექნიკურ დარგში. დადგენილია, რომ 2010 წლის შემდეგაც იღებდა მოსარჩელე ხელფასს, რაც მხარეთა შორის, ვადის ამოწურვით ხელშეკრულების შეწყვეტას გამორიცხავს.

11.4. აპელანტის განმარტებით სადავო ხელშეკრულება მხარეთა შორის 2016 წლის 1 ივნისიდან შეწყდა, ხოლო, მოსარჩელის მტკიცებით 2017 წლის 1 მაისიდან მისივე ინიციატივით შეწყდა ხელშეკრულება.

11.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი სადავო იყო, სწორედ მოპასუხე მხარეს/აპელანტს ჰქონდა ვალდებულება, წარედგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა 2016 წლის 1 ივნისიდან ხელშეკრულების შეწყვეტას. პალატამ მიუთითა, რომ მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება აპელანტის პოზიციის გაზიარების საფუძველი ვერ გახდებოდა, ვინაიდან მითითებული ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოება, რომ შრომითი ურთიერთობა მხარეთა შორის შეწყდა 2017 წლის 1 მაისიდან.

11.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შრომის ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა 2011 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ივნისამდე პერიოდში (5 წელი და 5 თვე) მიღებული სახელფასო ანაზღაურების ჯამური ოდენობის საშუალო ხელფასი და დაადგინა, რომ ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენდა 4 625.72 ლარს. აპელანტი მიიჩნევდა, რომ სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლო იყო, ვინაიდან დასაქმებულს ხელფასი ერიცხებოდა გამომუშავებით და თვეები შემოსავლის მხრივ იდენტური არ იყო საწარმოსთვის. ამასთან, 2011 წლის ხელფასის მოთხოვნა ხანდაზმული იყო და სასამართლოს არ უნდა შეეტანა ჯამურ გაანგარიშებაში.

11.7. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და განმარტა, რომ საშუალო ხელფასის დასადგენად სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა ჩარიცხული თანხების ერთობლიობა, არამედ უნდა ეხელმძღვანელა 2015-2016 წლების განმავლობაში მიღებული ხელფასის გათვალისწინებით, რათა არსებული ხელფასი მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო კომპანიაში არსებულ ბოლო მდგომარეობასთან და გაცემულ ხელფასებთან.

11.8. დადგენილია, რომ ცენტრს მოსარჩელისთვის ხელფასის სახით ანაზღაურებული აქვს: 2011 წელს - 50 757.57 ლარი, 2012 წელს - 61 494.87 ლარი, 2013 წელს - 74 309.31 ლარი, 2014 წელს - 65 019.13 ლარი, 2015 წელს- 34 965.16 ლარი, 2016 წელს 9 500 ლარი. 2015 წლიდან 2016 წლის ივნისამდე (17 თვე) დასაქმებულს მიღებული აქვს ჯამში 44 465,16 ლარი, საიდანაც საშუალო თვიური ანაზღაურება შეადგენს 2 615,59 ლარს.

11.9. შესაბამისად, 2016 წლის 1 ივნისიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2017 წლის 1 მაისამდე (11 თვე), მოსარჩელის მიერ ხელფასის სახით მისაღები თანხა შეადგენს 28 771,57 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით დაბეგვრის შემდგომ მისაღები თანხა).

11.10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის ფარგლებში მოსარჩელეს დამსაქმებლის სასარგებლოდ დაეკისრა 1 550 ლარის გადახდა. შესაბამისად, აღნიშნული თანხა უნდა გაიქვითოს სახელფასო ანაზღაურებასთან და საბოლოოდ, ცენტრს დასაქმებულის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 27 221.57 ლარის გადახდა (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით დაბეგვრის შემდგომ მისაღები თანხა).

11.11. წარდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადავოდ ხდიდა 2019 წლის 25 იანვრის, 2020 წლის 9 მარტის და 2021 წლის 15 ოქტომბრის საოქმო განჩინებებს, თუმცა წარდგენილი საჩივარები არ შეიცავდა არგუმენტებსა და დასაბუთებას, თუ რის გამო უნდა გაუქმებულიყო განჩინებები. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2019 წლის 25 იანვრის, 2020 წლის 9 მარტის და 2021 წლის 15 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.

12. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის სააპელაციო ეტაპზე განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

12.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოთვალა შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა. არსებული ანაზღაურების შესახებ მტკიცებულება, მოსარჩელემ დამსაქმებელი ორგანიზაციიდან გამოთხოვილი მტკიცებულების მიხედვით წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში. გასათვალისწინებელი იყო აგრეთვე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2011 წლის იანვრიდან 2016 წლის 1 ივნისამდე პერიოდს ეხებოდა, ხოლო, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ 2015-2016 წლების შესაბამისი შრომის ანაზღაურება გამოთვალა.

13. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ასევე დამსაქმებელმა ორგანიზაციამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.

13.2. კასატორმა სადავოდ გახადა სააპელაციო სასამართლოს უარი, მის შუამდგომლობაზე, გაუქმებულიყო 2020 წლის 9 მარტის საოქმო განჩინება, ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯების დაკისრებაზე უარი.

13.3. კასატორის განმარტებით ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

19. საკასაციო სასამართლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავოდ და უდავოდ მიჩნეულ გარემოებებზე გაამახვილებს ყურადღებას და კასატორთა პრეტენზიების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ცენტრმა თავისი შესაგებლით ვერ გააბათილა მოსარჩელის პრეტენზია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თარიღი 2017 წლის 1 მაისი იყო და არა 2016 წლის ივნისი. აღნიშნულ გარემოებას ამყარებდა საქმეში წარმოდგენილი ცნობაც (ტ.1,ს.ფ.334), რომლის მიხედვითაც დგინდებოდა, რომ კ.გ–ძე 2017 წლის 1 მაისიდან დაინიშნა ცენტრში დირექტორის პირველ მოადგილედ.

20. ცენტრი თავის მხრივ სადავოდ ხდიდა მოსარჩელის მიერ ცენტრის საკუთრებაში არსებული ავტომობილის სარგებლობით მიყენებულ ზიანს მიუღებელი შემოსავლის სახით, ასევე, სამსახურებრივი დანიშნულებით (საქვეანგარიშოდ) გაცემული 1 550 ლარის დაკისრებას მოსარჩელისთვის.

21. ამდენად სარჩელის მოთხოვნის გათვალისწინებით დავის საგანი იყო მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების გამოანგარიშება, რაც დამოკიდებული იყო როგორც ხელფასის ოდენობის გამოთვლის მეთოდზე, აგრეთვე, ხელშეკრულების შეწყვეტის დროზე, ხოლო, საპირისპიროდ ცენტრის შეგებებული სარჩელის მოთხოვნის პირობებში განსახილველი იყო მოსარჩელის მიერ ავტომობილით სარგებლობით შესაძლო ზიანის მიყენების ფაქტი, აგრეთვე მისთვის ავანსის სახით გადაცემული თანხების გამოყენების ფაქტი.

22. განსახილველ შემთხვევაში ცენტრმა ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთს დაძლევა - იმის დადასტურება, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 1 ივნისიდან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა არა 2016 წლის ივნისიდან - დამსაქმებლის მიერ, არამედ მოსარჩელის ინიციატივით 2017 წლის 1 მაისიდან.

23. საკასაციო სასამართლო ხელფასის გამოთვლის მეთოდთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ მოსარჩელის საშუალო ხელფასის ოდენობის დასადგენად გასათვალისწინებელი იყო 2015-2016 წლის განმავლობაში მიღებული ხელფასის ოდენობები, რაც მაქსიმალურად მიახლოებული იქნებოდა კომპანიაში არსებულ ბოლოდროინდელ მდგომარეობასთან.

24. დადგენილი იყო, რომ 2015 წლიდან 2016 წლის ივნისამდე მოსარჩელეს ჯამში 44 465.16 ლარი ჰქონდა ხელფასის სახით მიღებული, რაც ყოველთვიურად 2 615.59 ლარს შეადგენდა, ამდენად, სადავო პერიოდში მისაღები ხელფასი ჯამში 28 771.57 ლარს შეადგენდა.

25. საკასაციო სასამართლო ცენტრის საკასაციო პრეტენზიებზე, კერძოდ, მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ხოლო 412- 413-ე მუხლებით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

26. ამდენად, ცენტრის პოზიცია, რომ 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის ივლისამდე, მოსარჩელე პირადი მიზნებისთვის იყენებდა ცენტრის კუთვნილ ავტომობილს, რომელსაც შეგებებული მოსარჩელე გააქირავებდა და მიიღებდა შემოსავალს დაუსაბუთებელია. აღნიშნულ არგუმენტს აბათილებს ის გარემოებაც, რომ დადგენილია, 2017 წლის ივლისამდე შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ფაქტიც, ამასთან, ცენტრმა ვერ დაადასტურა ავტომობილის პირადი სარგებლობის შემთხვევა და მოსარჩელის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა, რითაც ხელი შეეშალა ცენტრს ავტომობილის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში.

27. საკასაციო სასამართლო მოსარჩელისთვის გადაცემულ თანხებზეც გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ საწარმოდან კონკრეტულ პირზე გაცემული თანხის მიღების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს ისეთი სახის მტკიცებულებით, რაც უშუალოდ ასახავს ვალდებული პირის მიერ მის მიღებას (მაგალითად: საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაბამისი დანიშნულებით, სალაროდან გაცემული თანხის მიღების თაობაზე ვალდებული პირის ხელმოწერის არსებობა და ა.შ.). ამდენად, იმისათვის, რომ თანხა ვალდებულ პირზე გაცემულად ჩაითვალოს, უნდა დადასტურდეს პირის მიერ მისი მიღების ფაქტი. საწარმოს საბუღალტრო პროგრამაში გარკვეული მონაცემების ასახვა, სადავოობის შემთხვევაში, თავისთავად ვერ ადასტურებს ვალდებული პირის მიერ ამ საწარმოდან თანხის მიღების ფაქტს.

28. საქმეში წარდგენილია ამონაწერები მოსარჩელის საბანკო ანგარიშებიდან, რომლითაც დასტურდება ამ უკანასკნელის საბანკო ანგარიშებზე ცენტრის მიერ საქვეანგარიშოდ, ჯამურად 1 550 ლარის ჩარიცხვა. კერძოდ, მოსარჩელის ანგარიშზე 2014 წლის 26 სექტემბერს საქვეანგარიშოდ ჩარიცხულია 1 000 ლარი, 2014 წლის 10 ოქტომბერს - 250 ლარი, 2016 წლის 21 მარტს - 300 ლარი, (ტ. 1, ს.ფ. 24, 33, 154.) ამ ნაწილში საბანკო მონაცემებს ემთხვევა დამსაქმებლის საბუღალტრო პროგრამიდან ამონაწერიც (ტ. 2, ს.ფ. 169, 171). რაც შეეხება საწარმოს საბუღალტრო პროგრამიდან ამონაწერში (ტ. 2. ს.ფ. 171-172), მითითებული 2016 წელს საქვეანგარიშო დანიშნულებით მოსარჩელეს საბანკო ანგარიშებზე სხვა თანხების ჩარიცხვას, საქმეში შესაბამისი საბანკო დოკუმენტები და/ან სალაროს გასავლის ორდერები წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ვერ დასტურდება ამ თანხების მოსარჩელის მიერ მიღების ფაქტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

29. ამდენად მოსარჩელემ, გარდა 1 550 ლარისა ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხეზე სამეურნეო დანიშულებით შეგებებულ სარჩელში მითითებული სხვა თანხების გაცემისა და ასევე დაზუსტებული საგადასახადო დეკლარაციებიდან გამომდინარე დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, ხოლო თავის მხრივ, ამ უკანასკნელს არ წარმოუდგენია 1 550 ლარის დაბრუნების ან ამ თანხის საწარმოს საქმიანობის მიზნებისათვის გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

30. საკასაციო სასამართლო დამატებით კასატორის პრეტენზიაზე გაამახვილებს ყურადღებას 2019 წლის 25 იანვრის, 2020 წლის 9 მარტისა და 2021 წლის 15 ოქტომბრის საოქომო განჩინებების გაუქმებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დასახელებული განჩინებების გაუქმების შესახებ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა შესაბამის დასაბუთებასა და არგუმენტებს თუ რის გამო უნდა გაუქმებულიყო საოქმო განჩინებები, რაც გამორიცხავს, საკასაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთების შემოწმებას.

31. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ც–ძისა, და შპს „კ.მ.ც–ის“ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. შპს "კ.მ.ც–ს" (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №2869, გადახდის თარიღი 23.02.2023), 1 361.5 ლარის 70% - 953.05 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე