საქმე №ას-795-2022 28 სექტემბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - თ.კ–ია (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ.კ–იას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი აპელანტისა და სხვა მოპასუხეების წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და მათი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ....... მდებარე ფართები.
2. კასატორის განმარტებით სხვა მოპასუხეებთან ერთად, სადავო ქონებას 30 წელზე მეტია ფლობს, იხდის კომუნალურ გადასახადებს. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონოდ მიიღო, ვინაიდან არ ჩაბარებია სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია;
6. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები:
6.1. ქ. თბილისში, ........ მდებარე შენობაში არსებული ფართები (ს/კ ......; .......; .......) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. მოპასუხეები არიან ამ ფართების არამართლზომიერი მფლობელები. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეები არ ათავისუფლებენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რითაც მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში.
7. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ეცნობათ 2022 წლის 30 მაისს, 11:00 საათზე ჩანიშნული სხდომის შესახებ, რომელზეც არ გამოცხადდნენ. დადგენილია, რომ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლოსთვის არც სხდომის გადადების შესახებ და არც სხვა შუამდგომლობით არ მიუმართავთ.
8. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თავდაპირველი 2021 წლის 5 ივლისს დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ კასატორს ეცნობა კანონით დადგენილი წესით, სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე (ოჯახის წევრი ნ.ქ–ძე, იხ. ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ აქტი ტ.1, ს.ფ. 155). ზემოაღნიშნულ სხდომაზე კასატორი არ გამოცხადდა (იხ. 05.07.2021წ. სხდომის ოქმი), ხოლო, შემდეგი სხდომების შესახებ, მათ შორის 2022 წლის 30 მაისის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ შეტყობინებები გაეგზავნა მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით, თუმცა, ვერ ჩაბარდა (იხ. ს.ფ. 169; 175; 183; 187). პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოპასუხეს შეტყობინებები ეგზავნებოდა მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე ქ.თბილისი, ....... (ტ.1, ს.ფ. 67). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის განჩინებით, მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. მისამართზე გამოცხადების შესახებ 2022 წლის 10 მაისის ოქმით კი ირკვევა, რომ ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა მისამართზე არყოფნის გამო (იხ. ტ.1, ს.ფ. 201). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მაისს განჩინებით, სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ მოპასუხეს ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით, მოპასუხეს განჩინებით ასევე განემარტა სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 194-197).
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დგინდება, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო დავის მიმდინარეობის შესახებ და მის მიერ საქმეზე წარმოდგენილი იყო შესაგებელი, ამასთან შეტყობინება სასამართლო სხდომის შესახებ გაგზავნილი იყო რამდენჯერმე მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე, სასამართლოს მიერ, გზავნილის ჩაბარება განჩინებით დაევალა ასევე შსს-ს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეტყობინების ჩაბარების შეუძლებლობის გამო, სახეზე იყო საჯარო შეტყობინების გამოყენების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-241-ე ნორმების მიზნებიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას სასამართლოს უფლება აქვს გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოუცხადებელი მხარის მიმართ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განხილვის საგანია მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) იყო თუ არა კანონით დადგენილი წესით მოწვეული,ხომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.
12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა არ ყოფილა საპატიო მიზეზით გამოწვეული და არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი წინაპირობები.
13. ამასთან, საკასაციო სასამართლო, სარჩელში მითითებული გარემოებებისა და კასატორის პრეტენზიების ურთიერთშეჯერების შედეგად განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზია, რომ სადავო ფართში ცხოვრობს 30 წელზე მეტი, იხდის კომუნალურ გადასახადებს და რეგისტრირებულია აღნიშნულ მისამართზე, ასევე მითითება იმის შესახებ, რომ მას არ ჩაჰბარებია სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, არარელევანტური და დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ წარმოშობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველს, რაც დასაბუთებულად დარჩა ძალაში გასაჩივრებული განჩინებით.
14. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, ხოლო, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა რომ სარჩელში მოყვანილი და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე, 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად სწორად ჩათვალა.
15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.კ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. თ.კ–იას (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №17695990273, გადახდის თარიღი 03.07.2023) 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე
ვ. კაკაბაძე