Facebook Twitter

საქმე №ა-4028-შ-106-2023 20 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

ვლადიმერ კაკაბაძე,

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.გ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასას მოითხოვს მხარე – ამერიკის შეერთებული შტატების ნევადას რაიონული სასამართლოს 2011 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება

უდავო წარმოების საგანი – სახელის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ამერიკის შეერთებული შტატების ნევადას რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით შუამდგომლობის ავტორის სახელი - ნ. შეიცვალა სახელით - ნ.

2. დასახელებული გადაწყვეტილების (პეტიციის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა შუამდგომლობის ავტორმა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

4.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სახელის შეცვლის პროცედურა კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა და შუამდგომლობის ავტორის მიერ სესხის არიდების ან სამართალდამცველებისგან თავის არიდებას არ ემსახურებოდა. ამავე გადაწყვეტილებით (პეტიციით) დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორის ეროვნების ქვეყანას წარმოადგენს საქართველო, ხოლო დაბადების წელი 1981 წლის 10 იანვარია.

6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

9. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.გ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების ნევადას რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც დარეგისტრირდა სახელის ცვლილების რეგისტრაცია და განმცხადებლის სახელის გრაფაში მიეთითა - ნ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე

ვ. კაკაბაძე