საქმე №ას-179-2023 4 ოქტომბერი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - დ.ა–ი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ს–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ.ს–ი (შემდეგში: „მოსარჩელე“ ან „დედა“) და დ.ა–ი (შემდეგში „მოპასუხე“, „მამა“, „აპელანტი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ 2011 წლიდან. 2019 წლის 2 აპრილს მათ ოფიციალურად დაარეგისტრირეს ქორწინება.
2. მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2021 წლის 14 დეკემბერს.
3. მოსარჩელეს და მოპასუხეს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი, 2014 წლის 18 თებერვალს დაბადებული ა. მ.ა–რი (შემდგომში „არასრულწლოვანი“), რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს გერმანიაში და მის აღზრდაზე ძირითადად ზრუნავს მოსარჩელე.
4. არასრულწლოვანი არის სკოლის მოსწავლე, ასევე დადის F-B საბალეტო სკოლაში, რომლის გადასახადი შეადგენს 38 ევროს. სწავლის საფასურს იხდის დედა.
5. ექიმების რეკომენდაციით, არასრულწლოვანს სჭირდება სათვალე და სპეციალური შეკვეთით დამზადებული სამედიცინო დანიშნულების სუპინატორი ორივე ტერფზე.
6. 2021 წლის 1 მარტიდან მოსარჩელე იხდის მისი და არასრულწლოვნის ბინაში ცხოვრების საფასურს 414 ევროს, არასრულწლოვნის წილია 198 ევრო;
7. 2020 წლის 7 ნოემბრიდან 2021 წლის 9 ნოემბრამდე დ.ა–ს მოსარჩელისთვის გადარიცხული აქვს 100 აშშ დოლარი და 650 ევრო.
8. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ერთიანი საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 18 იანვრის მდგომარეობით, მოპასუხის მიერ 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 21 დეკემბრამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 461.4 ლარია, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 90.44 ლარი.
9. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოწმის სახით დაიკითხა თ.ყ–ი (შემდგომში „მოწმე“), რომელიც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის კონფლიქტის წარმოშობის შემდგომ ცხოვრობდა და პირადი ურთიერთობა ჰქონდა მოპასუხესთან.
10. საბანკო ამონაწერების თანახმად, 2020 წლის 10 დეკემბრიდან 2021 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით მოპასუხე მოწმის ანგარიშზე რიცხავდა სხვადასხვა რაოდენობის თანხებს.
11. სარჩელის საფუძვლები
12.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა არასწრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 1 700 ლარის დაკისრება.
12. მოპასუხის პოზიცია
13.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო განმარტა, რომ იგი მონაწილეობდა ბავშვის რჩენაში და რეგულარულად უგზავნიდა მას თანხას. ამჟამად კი, დროებით უმუშევარია და არ აქვს შემოსავალი.
13. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
14.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის, თვეში 800 ლარის გადახდა.
14. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
15.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
16.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხული პირის ჩვენებაზე, ასევე შეაფასა მითითებული პირისა და მოპასუხის საბანკო ანგარიშებიდან თანხების მოძრაობის ისტორია, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 140-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული საბანკო ამონაწერებით დასტურდება მოპასუხის ანგარიშზე თანხების ინტენსიური ბრუნვა, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებულ მოპასუხის სამი წლის დასაბეგრ შემოსავალს მკვეთრად აღემატება, მოქმედებს პრეზუმფცია მოპასუხის ანგარიშზე მოხვედრილი თანხების ამ უკანასკნელის კუთვნილების შესახებ, ამდენად, მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ცნობაში ასახული ინფორმაცია აპელანტის ფინანსური მდგომარეობის ამსახველ რელევანტურ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლებოდა. საპირისპიროს მტკიცების მოვალეობა მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მან სარწმუნო და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენით ვერ შეძლო.
16.3. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე მუხლებზე და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა დაკისრებული ალიმენტის გონივრულობის შესახებ.
16. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
17.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინება, მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
17.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მტკიცებულებათა შეფასებისა და კვლევის სტანდარტი, სადავო საკითხის გადასაწყვეტად არასწორად იხელმძღვანელა მოწმის ჩვენებით და არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხის შემოსავალი თვეში 7000-დან 10 000 ლარამდეა, შესაბამისად, მოპასუხეს არასწორად დააკისრა ალიმენტი პრეზუმფციის (ვარაუდის) საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, ყველაზე მნიშვნელოვანია დროის ის პერიოდი, რასაც სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია გადაწყვეტილების მიღებისას. კერძოდ, მოწმე აპელირებს მასსა და მოპასუხეს შორის საბანკო გადარიცხვების განხორციელებაზე 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე, ხოლო სარჩელი ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოში აღძრულია 2022 წლის იანვარში. ამდენად, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები წარდგენილი არ არის. ამასთან, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია საქმის მასალებით დადგენილ იმ გარემოებასაც, რომ ვიდრე მოპასუხე მოწმეს გადაურიცხავდა გარკვეული რაოდენობის თანხებს, აღნიშნულ თანხას იგი სესხის სახით იღებდა მოწმისგან (მამის მკურნალობისთვის).
17.3. სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა არასრულწლოვნისთვის საჭირო ყოველთვიური ხარჯის ოდენობა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მშობლებისა და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობა.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
18.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის (დედის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
20. განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე („მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ“), 1234.1 („იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან“), 1198.2 („მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება“ და 1202-ე „მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ“) მუხლები.
21. კასატორი სადავოდ ხდის დაკისრებული ალიმენტის ოდენობას და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლობმა გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვიეს მტკიცებულებათა კვლევის სტანდარტი, გადაწყვეტილება მიიღეს არა კონკრეტულ მტკიცებულებაზე, არამედ პრეზუმფციებზე (ვარაუდებზე) დაყრდნობით, ამასთან, არ გაითვალისწინებს ბავშვის რეალური საჭიროებები და არც ის გარემოება, რომ საქმეში არსებული მასალებით არ ირკვევა მოპასუხის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა.
22. მითითებული პრეტენზიის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ, კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, დაქორწინებულები არიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 17.10.2017).
23. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ;სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).
25. ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მშობლის ფინანსური მდგომარეობისა და მისი სხვა საჭიროებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა.
26. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხისთვის ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები: მოსარჩელის შვილთან ერთად საზღვარგარეთ, გერმანიის ქ. ჰილდესჰაიმში ცხოვრების ფაქტი - მოსარჩელე დროებითი საცხოვრებლით სარგებლობისთვის ყოველთვიურად იხდის გადასახადს, მას ასევე უწევს ბავშვის სკოლაში სწავლისა და ბალეტის ყოველთვიური ხარჯის გაღება, არასრულწლოვანს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ესაჭიროება სამედიცინო აქსესუარები - სათვალე და სუპინატორები ორივე ტერფისთვის. სასამართლოებმა უდავოდ დადგენილად მიიჩნიეს ისიც, რომ ვინაიდან ბავშვი ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელეს უწევს არასრულწლოვნის სხვა არაერთი ყოფითი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ამავე დროს, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, სასამართლოებმა ერთობლივად შეაფასეს საქმეზე წარდგენილი საბანკო გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირის (მოპასუხესთან დაახლოებული პირის), თ.ყ–ის ჩვენება.
27. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა პრეზუმფციებზე (ვარაუდებზე) და არა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინეს მოპასუხისთვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობის გონივრულობა.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.
29. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
30. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
31. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
32. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
33. საკასაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მოპასუხე მშობელს აწევს იმ გარემოებების დამტკიცების ტვირთი, რომლებსაც იგი ალიმენტის ოდენობის შესამცირებლად ეყრდნობა (იხ. სუსგ საქმე №ას-51-2021,30 ივნისი, 2022 წელი), კასატორს კი არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც მისი პრეტენზიის გაზიარებას განაპირობებდა და დაკისრებული ალიმენტის ოდენობის საკითხის გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
34. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პეტენზიად ვერ მიიჩნევა მოპასუხის მითითება, რომ საქმეში წარდგენილი საბანკო ამონაწერები და მოწმის ჩვენება ასახავს წინამდებარე დავის დაწყებამდე პერიოდს და არა მოპასუხის ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობას.
35. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ამჟამინდელი რეალური ფინანსური მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არცერთი ინსტანციის სასამართლოსთვის არ წარუდგენია [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი], ხოლო მოსარჩელის პოზიცია მოპასუხის საქმიანობის შესახებ გამყარებულია როგორც საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირის ჩვენებით, ასევე მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის დამადასტურებელი ამონაწერებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა დაკისრებული ალიმენტის გონივრულობის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში კი, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის (დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება) წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ასევე არაა წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
38. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
40.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. დ.ა–ს (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №3363, გადახდის თარიღი 06/03/2023) 480 ლარის 70% - 336 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე