Facebook Twitter

საქმე № ას-830-2023 19 სექტემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „დ.მ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - კ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. კ.კ–ძემ (შემდგომში „მოსარჩლე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ.მ–ის“ (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანის მიერ ავტოავარიის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების გამო მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება და სარჩოს დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობისთვის გაწეული ხარჯის 3296,96 ლარის, მკურნალობისთვის სამომავლოდ გასაწევი ხარჯის - 3446,48 ლარის ანაზღაურება; მორალური ზიანის სახით 30 000 ლარისა და ყოველთვიური სარჩოს სახით 2020 წლის 20 იანვრიდან საპენსიო ასაკის მიღწევამდე თვეში 557,5 ლარის (დარიცხული თანხა, საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

3. მითითებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევის შესახებ დაკმაყოფილდა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

5. 2023 წლის 24 მაისს მოპასუხემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილობრივ შეჩერება. შუამდგომლობის ავტორმა შუამდგომლობას დაურთო მოსარჩელისთვის 3515.41 ლარისა და 3362.90 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და აღნიშნა, რომ მას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსასრულებლად სააღსრულებო ბიურომ მისცა ვადა, რის შემდეგაც მოხდება მოპასუხის საბანკო ანგარიშების დაყადაღება, რაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს კომპანიას (იგი ვერ შეძლებს ხელფასი გადაუხადოს დასაქმებულებს და ვერ შეასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლით, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მიუხედავად მოპასუხის მიერ გადახდის ქვითრების წარდგენისა, მითითებული შუამდგომლობა არ მოიცავდა იმგვარ საფუძვლებს, რომლის მიხედვითაც სასამართლო შეაჩერებდა სააღსრულებო ფურცლის მოქმედებას. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის შუამდგომლობა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

8. კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე, კერძოდ, მიუთითებს ავტოსაგზაო შემთხვევასა და მოსარჩელის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობას შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობაზე, სარჩოს დაკისრებისა და მისი ოდენობის დაანგარიშების ნაწილში, ასევე მორალური ზიანის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების იურიდიულ უმართებულობაზე და მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებები მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის მიზნით ქმნის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილობრივ შეჩერების საფუძველს. მოპასუხის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში საქმის სააპელაციო წესით განხილვა მისთვის უშედეგო იქნება, რადგან იგი ვერ შეძლებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამდგარი შედეგის უკუქცევას. მოსარჩელე მიღებულ თანხას სრულად დახარჯავს, რის შემდეგაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან მოპასუხის სასარგებლოდ შეცვლის შემთხვევაში, მოპასუხე ვერ შეძლებს გადახდილი თანხის დაბრუნებას, ვინაიდან მოსარჩელეს არ გააჩნია არანაირი შემოსავალი და ქონებრივი აქტივი, საიდანაც გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულება შეუქცევად ზიანს მიაყენებს მოპასუხეს. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მან უკვე მიმართა სააღსრულებო ბიუროს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე და ამჟამად მოსარჩელისთვის ანაზღაურებული აქვს ჯამურად 6743.44 ლარი. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების პირობებში კი, გადაწყვეტილების დანარჩენი ნაწილის აღსრულების შეჩერება დააბალანსებდა მხარეთა კანონიერ ინტერესებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერებას ძირითადად ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მითითებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო წესით, ხოლო მისი გაუქმების ან მოპასუხის სასარგებლოდ შეცვლის შემთხვევაში მოპასუხეს მიადგება შეუქცევადი ზიანი, ვინაიდან მოსარჩელეს არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, რომლითაც გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება იქნება შესაძლებელი. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს კომპანიას (იგი ვერ შეძლებს ხელფასების გადახდას და ვერ შეასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს). მოპასუხე კერძო საჩივარში ასევე აპელირებს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ უსწორობაზე და მიიჩნევს, რომ აღსრულების შეჩერების მიზნებისთვის სააპელაციო სასამართლოს ასევე უნდა ემსჯელა მასზე.

12. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოთ მითითებულ პრეტენზიებს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებები.

13. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, კანონმდებელი უშვებს განსაკუთრებული კატეგორიის დავებზე გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც გამოწვეულია დავის საგნის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, მოსარჩელის ინტერესების მომეტებულად დაცვის საჭიროებიდან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთი ტიპის დავებზე გადაწყვეტილების სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრება აღსრულების შეჩერების საფუძველს არ წარმოადგენს, ვინაიდან, კანონმდებელი, უშვებს რა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ითვალისწინებს იმ რისკსაც, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს და გაუქმდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ (იხ. სუსგ # ას- 734-702-2014, 25.07.2014წ.).

14. ასეთი ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია მოპასუხის ინტერესების დაცვის მექანიზმი, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო, აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის მოთხოვნით მიემართა სააპელაციო სასამართლოსთვის, რაც მას არ განუხორციელებია. მოპასუხის მხოლოდ ზეპირი სახის განმარტება კი, რომ მოსარჩელეს არა აქვს შემოსავალი და რაიმე ქონებრივი აქტივი, რითაც გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება იქნებოდა შესაძლებელი, ვერ გაამართლებს მის მიერ აღსრულების შებრუნების შესახებ მოთხოვნის წარდგენის უფლების გამოუყენებლობას, მით უფრო, იმ პირობებში, რომ არც საქმის მასალებით დგინდება და არც მოპასუხეს წარუდგენია მის მიერ ზემოთ მითითებული გარემოებების (მოსარჩელის გადახდისუუნარობა) დამადასტურებელი მტკიცებულებები.

15. უსაფუძვლოა, ასევე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკითხის კვლევისას სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა მითითებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი მართებულობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი არ გამომდინარეობს სამოქალაქო-საპროცესო მიზნებიდან და იგი უნდა შეფასდეს არა წინამდებარე დავის, არამედ მხარეთა მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრების ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვისას.

16. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის აპელირებას იმის შესახებ, რომ მან ნებაყოფლობით, ნაწილობრივ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არც აღნიშნული შეიძლება დაედოს საფუძვლად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, ვინაიდან საპროცესო მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნაწილობრივ ნებაყოფლობით აღსრულება ვერ გაამართლებს მის მოთხოვნას, გადაწყვეტილების აღუსრულებელი ნაწილის აღსრულების შეჩერების შესახებ.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღსრულების შეჩერების საფუძველი არ არსებობს და მოპასუხის მიერ წარდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „დ.მ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე

ვ. კაკაბაძე