Facebook Twitter

№ა-4551-გან-27-2023 28 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს „ი.ს.ც–ი“

გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც მხარე მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.ტ–ას (შემდგომში „მოსარჩლე“) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ.ტ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და შპს „ი.ს.ც–ს“ (შემდგომში „მოპასუხე“) შორის 2011 წლის 15 დეკემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, (რეგისტრაციის ნომერი N111372209, დამოწმებული ნოტარიუს ქ.ჩ–ძის მიერ სესხის ხელშეკრულების ნაწილში); ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება (რეგისტრაციის N150043979, დამოწმებული ნოტარიუს ქ.ჩ–ძის მიერ სესხის ხელშეკრულების ნაწილში); მოპასუხესა და შპს „მ.ჯ. ე.კ–ის“ შორის 2011 წლის 15 დეკემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ცნობილ იქნა ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებად, შემდეგი პირობებით: გამყიდველი - შპს „ი.ს.ც–ი“, მყიდველი - შპს „მ.ჯ. ე.კ–ი“, ნასყიდობის საგანი - 44 595.96 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა; ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, რომლის საგანია: მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, 86.27კვ.მ საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ.თბილისი, ......... (უძრავი ქონების ს/კ ........); ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ქ.ჩ–ძის მიერ 2015 წლის 21 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (რეგისტრაციის N151039610); სასარჩელო მოთხოვნა 44 595.96 ლარის მოპასუხის სასარგებლოდ შპს „მ.ჯ. ე.კ–ისთვის“ დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. 2023 წლის 7 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა შპს „ი.ს.ც–ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მკაფიოდ არ არის ასახული ის თანხა, რომელიც მოვალემ, მ.ტ–ამ უნდა გადაუხადოს კრედიტორს, შპს „ი.ს.ც–ს“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით დადგენილია გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის არსი, მისი მიზანი და ის წინაპირობები, თუ რა შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

4. შესაბამისად, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი - მისი აღსრულების უზრუნველყოფას; ამასთან ერთად, გადაწყვეტილების განმარტების სავალდებულო პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ იყოს აღსრულებული, ვინაიდან ასეთ დროს აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა და განმარტების შედეგად არ უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება.

5. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს ასევე გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო მიზანი - ამ ინსტიტუტის დახმარებით აღმოიფხვრას სამართალწარმოებისას დაშვებული შესაძლო ხარვეზები, რაც გადაწყვეტილების ბუნდოვანებაში გამოიხატება.

6. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მკაფიოდ არ არის ასახული ის თანხა, რომელიც მოვალემ, მ.ტ–ამ უნდა გადაუხადოს კრედიტორს, შპს „ი.ს.ც–ს“.

7. განმცხადებლის მითითებული პრეტენზიის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრული არც ერთი წინაპირობა სახეზე არ არის. გადაწყვეტილებით, რომლის სარეზოლუციო ნაწილის განმარტებასაც ითხოვს განმცხადებელი, დაკმაყოფილებულია მოსარჩელის საკასაციო განაცხადი და ბათილადაა ცნობილი სწორედ ის სადავო სესხისა და იპოთეკის, ასევე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულებები, ასვე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა სესხის თანხა. ამდენად, განმცხადებლის კითხვაზე (რა თანხა დაეკისრა მოსარჩელეს მის სასარგებლოდ) სადავო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილითვე გაცემულია ზუსტი და არაორაზროვანი პასუხი, ხოლო თუ რას დაეყრდნო სასამართლო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, დეტალურადაა ასახული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში აისახება სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი შედეგის სიცხადე. გადაწყვეტილების აღმასრულებელი პირი, იქნება ის მოვალე თუ შესაბამისი ორგანო, ვალდებულია, გადაწყვეტილების აღსრულებისას სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგის მიმართ გონივრულად იხელმძღვანელოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილითაც. სწორედ აღნიშნული განაპირობებს მართლმსაჯულების აქტის სწორად და გონივრულად აღსრულების შესაძლებლობას (იხ. სუსგ საქმე №ა-2712-გან-3-2014 22 დეკემბერი, 2014 წელი).

9. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტების მიზანი აღსრულების ხელშეწყობაა, შესაბამისად, გადაწყვეტილება რომლის განმარტებასაც მხარე მოითხოვს უნდა იყოს აღსრულებადი - იგი უნდა განსაზღვრავდეს უფლების საკითხს. შესაბამისად, განმარტებას ექვემდებარება გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი აღსრულებაუნარიანი, სამართლებრივი მართლწესრიგის დამდგენი ნაწილი - სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია და არ შეიცავს ცხად და არაორაზროვან პასუხს სასარჩელო მოთხოვნაზე. აღნიშნული მიმართულია იმისკენ, რომ გადაწყვეტილების არასწორი აღსრულებით არ დაირღვეს მხარეთა უფლებები.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სავსებით გასაგებია, ბუნდოვანი არ ყოფილა და იგი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს საკასაციო საჩივარზე, შეესატყვისება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახულ სასამართლო მსჯელობას, შესაბამისად, მისი განმარტების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს. ამდენად, შპს „ი.ს.ც–ის“ განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ი.ს.ც–ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე