Facebook Twitter

საქმე №ას-198-2023 23 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ს–ია, ვ.ს–ია (მოპასუხე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხვა, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს „ტ.კ–მა“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) (შემდეგში „მოსარჩელე“, „ბანკი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.ს–იასა (შემდეგში „პირველი მოპასუხე“) და თ.ს–იას (შემდეგში „მეორე მოპასუხე“, „აპელანტი“, ან პირველ მოპასუხესთან ერთად ტექსტში მოხსენებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების პირველი მოპასუხისთვის დაკისრება, პირველ და მეორე მოპასუხეს შორის უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. ფოთი, ....... (საკადასტრო კოდი: .......)) (შემდეგში „სადავო ქონება“ ან „სადავო უძრავი ქონება“) დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამავე უძრავ ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენა.

2. მოპასუხეთა პოზიცია:

2.1. პირველ მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.

2.2. მეორე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პირველი მოპასუხე მისი ყოფილი მეუღლეა და მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია 2018 წლიდან. ამ დროიდან კი, ყოფილი მეუღლე მასთან აღარ ცხოვრობს. შესაბამისად, მოპასუხისთვის უცნობია ბანკის მიმართ ყოფილი მეუღლის ვალდებულებების თაობაზე.

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 11 მარტის საბანკო კრედიტის N2147959-10399930 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 31383,86 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა 25 000 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 2848,82 ლარი, ჯარიმა - 3476,56 ლარი და დაზღვევა - 58,48 ლარი; დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 26 ნოემბრიდან) 2019 წლის 11 მარტის საბანკო კრედიტის N2147959-10399930 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 25 000 ლარზე, აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა, წლიური 16% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 333,33 ლარს; 2017 წლის 9 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1 817,91 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 999,06 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 234,51 ლარი, ჯარიმა - 584,34 ლარი; დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 26 ნოემბრიდან) 2017 წლის 9 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 999,06 ლარზე აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 29,97 ლარს; ბათილად იქნა ცნობილი პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის სადავო უძრავ ქონებაზე 2019 წლის 12 მარტს დადებული ჩუქების ხელშეკრულება და ამავე ქონებაზე აღდგა პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება.

4. მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

4.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მეორე მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სადავო უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამავე ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის უარყოფა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის სადავო უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამ ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

5.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.2.1. 2019 წლის 9 მარტს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო NOM432482 საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 1000 ლარით, მოქმედების ვადა - 9705 კალენდარული დღე;

5.2.2. 2019 წლის 11 მარტს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო N2147959-10399930 საკრედიტო ხელშეკრულება 1461 დღით. კრედიტის თანხა განისაზღვრა 25 000 ლარით, საბანკო განაკვეთი - წლიური 16 %-ით, კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 18.90%, სადაზღვევოო ხარჯები - 406,53 ლარი სიცოცხლის დაზღვევისთვის, სიცოცხლის დაზღვევის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 0,72%, საკომისიო კრედიტის გაცემისთვის - 260 ლარი, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარი ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე, სესხის უცხოურ ვალუტაში არსებობისას არაუმეტეს ერთჯერადი 20 ლარის ეკვივალენტი შესაბამის ვალუტაში, ყოველდღიური პირგასამტეხლო გადახდის ვადაგადაცილებისათვის - დავალიანების 0,5% (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%;

5.2.3. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება არ იყო უზრუნველყოფილი რაიმე უძრავი ან მოძრავი ქონებით;

5.2.4. 2012 წლის 22 სექტემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (როგორც გამყიდველსა) და პირველ მოპასუხეს (როგორც მყიდველს) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა მყიდველს გადასცა პირობადადებული საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა სიმბოლურ 1 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველი ვალდებულია თ.ს–ია (პირველი მოპასუხე), დ.ს–ია და ი.ს–ია (მოპასუხეთა შვილები) უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. ამავე ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია თ.ს–ია (დაბადებული 14.11.1983წ. პ/ნ .......), დ.ს–ია (დაბადებული 2008 წლის 12 თებერვალს პ/ნ .......) და ი.ს–ია (დაბადებული 2010 წლის 8 ივნისს პ/ნ.....) უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად კი, მყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირველი დარღვევისთვის პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მყიდველის მიერ, განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად;

5.2.5. 2012 წლის 22 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა პირველი მოპასუხე;

5.2.6. 2019 წლის 12 მარტის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხეს აჩუქა სადავო ქონება;

5.2.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 მარტის ამონაწერით, სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მეორე მოპასუხის საკუთრებად.

5.2.8. დავალიანების შესახებ 2019 წლის 27 ნოემბრის ცნობის მიხედვით, მოსარჩელის მიმართ პირველი მოპასუხის საკრედიტო დავალიანება N2147959-10399930 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 31 383,86 ლარია, ხოლო N795945064100042 პრაიმქარდიდან გამომდინარე - 1817,91 ლარი;

5.2.9. სარჩელში მითითებულ მისამართზე პირველი მოპასუხისთვის გაგზავნილი სასამართლო შეტყობინებები ადრესატს არ ბარდება. გზავნილზე მითითებულია, რომ ადრესატი არ ცხოვრობს ამ მისამართზე. მეორე მოპასუხე კი განმარტავს, რომ მისი ყოფილი მეუღლე აფხაზეთშია და მასთან კონტაქტი არ აქვს;

5.2.10. საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, პირველი და მეორე მოპასუხეები სამ წელზე მეტია ერთად აღარ ცხოვრობენ, პირველმა მოპასუხემ მიატოვა მეუღლე და სამი შვილი, გადავიდა აფხაზეთში და ამ დრომდე აღარ გამოჩენილა ოჯახში;

5.2.11. მეორე მოპასუხე სამ შვილთან ერთად ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში და ოჯახი 2017 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

5.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 524-ე-525-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად უნდა შეფასებულიყო ცხოვრობენ თუ არა მოპასუხეები ერთ ოჯახად, რაც საერთო ეკონომიკური ინტერესის ირგვლივ მათი გაერთიანების, სულ მცირე, ვარაუდს მაინც წარმოშობდა. სადავო გარიგების მოჩვენებითობის დასადასტურებლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ პირველი და მეორე მოპასუხე დღემდე რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან და ისინი მოსარჩელის წინაშე პირველი მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან თავის არიდებისას საერთო მიზნით მოქმედებდნენ, ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულება დადებულია 2019 წლის 12 მარტს, ხოლო სესხი გაცემულია 2019 წლის 11 მარტს.

5.4. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებისა და დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერებით დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი და მეორე მოპასუხეები სამ წელზე მეტია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მეორე მოპასუხისთვის უცნობი იყო პირველი მოპასუხის მიერ აღებული და შეუსრულებელი ვალდებულებების თაობაზე, რაც გამორიცხავს მოჩვენებითი გარიგების მიზნებთან აპელანტის კავშირს და ივარაუდება, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მეორე მოპასუხე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალებოდა, თუმცა მან ვერ შეძლო იმის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, რომ აპელანტი არაკეთილსინდისიერ მხარესთან (პირველ მოპასუხესთან) შეთანხმებულად, საერთო მიზნის მისაღწევად (ვალდებულების შესრულებისგან თავის დაღწევის მიზნით) მოქმედებდა. მოჩვენებითი გარიგების დროს კი, ნების გამომვლენი სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული შედეგის მიღება.

5.5. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ, ერთი მხრივ, მოვალე/პირველი მოპასუხე და, მეორე მხრივ, მისი ყოფილი მეუღლე/მეორე მოპასუხე მოქმედებდნენ მოჩვენებითად და სადავო გარიგების სხვა შინაარსზე იყვნენ შეთანხმებულნი.

5.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დადასტურდებოდა მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტი, დარღვეული უფლების აღსადგენად წარდგენილი მოთხოვნის ფორმულირებისას, გასათვალისწინებელი იყო სადავო უძრავი ქონების, პირველი მოპასუხის საკუთრებად აღირიცხვის საფუძველი - 2012 წლის 22 სექტემბრის პირობადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც მხოლოდ იმ პირობის შესრულების სანაცვლოდ იყო ნამდვილი, თუკი მყიდველი (პირველი მოპასუხე) სახელმწიფოს წინაშე აღებულ ვალდებულებას შეასრულებდა და იძულებით გადაადგილებული პირისთვის, სიმბოლურ თანხად (1 ლარად), ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემულ ფართში უზრუნველყოფდა მეუღლისა და ორი არასრულწლოვანი შვილის (ასევე, იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე პირების) საცხოვრებელ პირობებს (ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განსაზღვრულია, რომ მყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირველი დარღვევისთვის პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მყიდველის მიერ, განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. იმავე ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, კი ამ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მყიდველი და მისი ოჯახის წევრები აღარ იქნებიან უფლებამოსილი მოითხოვონ რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონებისა). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ საცხოვრისზე უფლება ოთხ პირს გააჩნდა და თუკი დასაჩუქრებულის არაკეთილსინდისიერება დადასტურდებოდა, იმ შემთხვევაშიც კი მოსარჩელე უფლებამოსილი იქნებოდა დავალიანების ამოსაღებად აღსრულება მიექცია მხოლოდ სადავო ქონების ¼ ნაწილზე და არა სრულ ქონებაზე (რომ არაფერი ვთქვათ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე თანამესაკუთრის (მეუღლის) უფლებამოსილებებზე).

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება არ იყო მოჩვენებით დადებული გარიგება. სინამდვილეში კი, ეჭვგარეშეა, რომ დასაჩუქრებულმა (მეორე მოპასუხემ) იცოდა მეუღლის ბანკის მიმართ არსებული დავალიანების შესახებ და მათ საერთო მიზანი ამოძრავებდათ - ჩუქების ხელშეკრულებით ფორმალურად გაესხვისებინათ ქონება, რომელიც, თავის მხრივ, ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ მოპასუხეს წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული ქონება გადაეფორმებინა მეუღლისათვის, თუმცა საფუძვლიან ეჭვს ბადებს სწორედ ის ფაქტი, რომ უძრავი ნივთი მან გააჩუქა სწორედ მოსარჩელის მიმართ ვალდებულების აღების პარალელურად. ამასთან, ხელშეკრულების დადებას არ მოჰყოლია ჩუქების საგნის მფლობელის შეცვლა - მოპასუხეები დღემდე ერთად ცხოვრობენ ფორმალურად გაჩუქებული ქონების მისამართზე, საქმის შედეგით დაინტერესებული მოწმეთა ჩვენებებით კი საწინააღმდეგო ვერ დადასტურდება. ამდენად, აშკარაა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულება მხარეთა ნამდვილ ნებას არ გამოხატავს და არის მოჩვენებითი გარიგება.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანს მოპასუხეთა შორის სადავო ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა წარმოადგენს. კასატორი (მოსარჩელე) აღნიშნავს, რომ ვინაიდან პირველმა მოპასუხემ ქონება გააჩუქა მოსარჩელის მიმართ აღებული ვალდებულების პარალელურად, აღნიშნული ადასტურებს, რომ გარიგების დადებისას მოპასუხეებს ამოძრავებდათ საერთო მიზანი - ჩუქების ხელშეკრულებით ფორმალურად გაესხვისებინათ ქონება, რომელიც, თავის მხრივ, ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.

12. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 56.1 მუხლის შინაარსზე (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს), რომლის მიხედვითაც, მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.

13. საკასაციო სასამართლოს არაერთი განჩინებით განიმარტა: მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი. მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (იხ. სუსგ საქმე Nას-976-908-2017, 22.01.2018 წ; საქმე Nას-366-2019, 17.05.2019წ.). იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულება დაიდო ბანკის წინაშე პირველი მოპასუხის ვალდებულების აღებიდან მომდევნო დღეს, ეს ქმნიდა სადაო გარიგების მოჩვენებით გარიგებად კვალიფიკაციის შესაძლებლობას.

15. აღნიშნული პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა, უპირველესად, მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალებით დადგენილ და მხარეთა მიერ შეუდავებელ იმ გარემოებაზე, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე, სადავო ქონებაზე რაიმე სახის უფლებრივი შეზღუდვა არ ფიქსირდებოდა, ანუ გასაჩუქებელი ნივთი უფლებრივად უნაკლო იყო (საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიხედვით, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ანუ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, ხელშეკრულების საგანზე საჯარო რესტრის მონაცემებით რაიმე სახის ყადაღა/შეზღუდვა არ რეგისტრირდებოდა, არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლოში რაიმე წარმოება/დავა არ მიმდინარეობდა).

16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ გარემოებასაც, რომ პირველი და მეორე მოპასუხე სამ წელზე მეტია ფაქტობრივად განქორწინებული არიან და მეორე მოპასუხემ არ იცის ყოფილი მეუღლის ადგილსამყოფელის შესახებ. კასატორის მოსაზრება, რომ მოპასუხეები სადავო ქონებაში დღემდე ერთად ცხოვრობენ, რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება. მეტიც, საქმეში არსებული ჩაუბარებელი საფოსტო უკუგზავნილები და საჯარო შეტყობინების შესახებ სასამართლოების მიერ მიღებული არაერთი განჩინება ადასტურებს, რომ პირველი მოპასუხის მოძიება სადავო მისამართზე ვერ მოხერხდა არათუ ფოსტის კურიერის, არამედ სასამართლოს დავალებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოთის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების მიერაც, რის გამოც სასამართლო უწყებებისა და განჩინებების მოპასუხისთვის ჩაბარება განხორციელდა შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით, როგორც პირველი და მეორე, ასევე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში (იხ. ტ. 1, 2020 წლის 31 მარტისა და 22 აპრილის განჩნებები, ტ. 2 ს.ფ 10-12, 28-29, 49; ტ. 3, ს.ფ 33-34, 183, 185-188, 213-219, 228-230). თავად მოსარჩელეც სასამართლოსთვის გაგზავნილი შეტყობინებით ადასტურებს, რომ მან პირველ მოპასუხესთან დაკავშირება ვერაფრით შეძლო და დახმარებას მეორე მოპასუხეს სთხოვს (იხ. ტ. 2. ს.ფ 22).

17. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ დასაჩუქრებულმა (მეორე მოპასუხემ) ჩუქების ხელშეკრულების დადებისას იცოდა ბანკის მიმართ მეუღლის მიერ აღებული ვალდებულებების თაობაზე.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლის თანახმად, „სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები“. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, „1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“.

19. ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერებისა და იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე (კასატორი) ვერ ადასტურებს პირველი და მეორე მოპასუხის არათუ ერთობლივი ცხოვრების (როგორც მეუღლეების მიერ საოჯახო მეურნეობის ერთად გაძღოლის), არამედ ერთმანეთთან რაიმე სახის კავშირის ფაქტს, მეტიც, საქმის მასალებით ბოლო სამი წლის მანძილზე არც სადავო ქონებასთან პირველი მოპასუხის რაიმე სახის კავშირი იკვეთება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის საკითხის შეფასებისას სააპელაციო პალატამ, სსკ 56-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, მართებულად მიიჩნია დასაჩუქრებულის ქმედება კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც მოპასუხემ რელევანტური მტკიცებულებების წარდგენით ვერ შეძლო (მოჩვენებითი გარიგების დროს, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ნების გამომვლენი სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული შედეგის მიღება).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ტ.კ–ის’’ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს ,,ტ.კ–ს’’ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1678097287, გადახდის თარიღი 6.03.2023), 150 ლარის 70% - 105 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე