Facebook Twitter

საქმე №ას-529-2022 20 სექტემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი - თ.ჩ–ი (მოსარჩელე)

მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი - თ.ხ–ნი (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, აპელანტი)

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (მოსარჩელის მხარეს) - ა.ხ–ძე, ა.ხ–ძე, გ.ხ–ძე

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (მოპასუხე თ.ხ–ნის მხარეს) - ი.ლ–ძე, დ.ლ–ძე, ნ.ლ–ძე (არასრულწლოვნები)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა , დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

მესამე პირი - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური

მესამე პირი - ააიპ სოციალური მზრუნველობის სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ, 2015 წლის 1 მაისიდან, სადავო უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N ....., მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ......., რეგისტრირებულია სახელწმიფოს საკუთრებად. სახელმწიფოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N107 განკარგულება (ტ. 1, ს. ფ. 109-110, 292).

2. მოსარჩელეების ახსნა-განმარტებით დადგენილია და თ.ხ–ნმა (შემდეგში: მოპასუხე, პირველი აპელანტი, მეორე კასატორი) დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ფართი საკადასტრო კოდით N ....... მოპასუხის მფლობელობაშია 2018 წლის 18 დეკემბრიდან, რაც ეწინააღმდეგება როგორც სადავო უძრავი ნივთის რეგისტრირებული მესაკუთრის, ასევე თ.ჩ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი კასატორი) ნებას (იხ. 2019 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, დრო: 12:04:08 სთ., სარჩელი და შესაგებელი, მე-3 ფაქტობრივი გარემოება).

3. მოპასუხის განმარტებით დადგენილია, რომ 2002 წლისთვის, სადავო ფართი მოპასუხის მამის საკუთრება იყო. 2002 წელს, მამამ სადავო ფართი გაყიდა. მოპასუხის ახსნა-განმარტებითვე დადგენილია, რომ სურვილი აქვს, ისევ დაიბრუნოს სადავო ბინა და ამ მიზნით, სადავო ბინის კარი ოდნავ გატეხა, შევიდა სადავო ფართში, მოსარჩელის ნივთები გამოიტანა და თვითონ დაიწყო ამ ფართში ცხოვრება (იხ.ახსნა-განმარტება 2019 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე).

4. მოსარჩელის განმარტებით და კომუნალური მომსახურების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებებით დადგენილია და მოპასუხე არ შედავებია ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე თავის ოჯახთან ერთად სადავო ფართში ცხოვრობდა 2008 წლიდან მოპასუხის მიერ სადავო ფართის დაკავებამდე. 2008 წლიდან, სადავო ოთახის მესაკუთრე იყო ინვესტორი, რომლისგანაც მოსარჩელეს ბინა ნაქირავები ჰქონდა და იხდიდა მესაკუთრესთან შეთანხმებულ ქირას. მას შემდეგ, რაც სადავო ფართი სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა, მოსარჩელემ განაგრძო სადავო ოთახში ცხოვრება და კომუნალური გადასახადების გადახდა (ტ. 1, ს. ფ. 173 – 195).

5. მხარეების ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ....... მდებარე შენობაში არსებული, სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული ფართების ნაწილში მუდმივად მცხოვრები პირების ინტერესია მომავალში სახელმწიფოსგან ამ ფართების საკუთრებაში მიღება.

6. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელის კუთვნილი ნივთები სადავო ფართიდან პირადად გამოიტანა და დაალაგა გარეთ (იხ. 2019 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი ახსნა-განმარტებით სრულად, ასევე დრო: 11:36:00სთ., 12:05:50სთ. და 12:31:00სთ.). მოსარჩელის ახსნა-განამრტებით დადგენილია და მოპასუხე არ შედავებია ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე სადავო ფართში საცხოვრებლად შევიდა 2018 წლის 18 დეკემბერს (იხ. სარჩელი და შესაგებელი, მე-3 ფაქტობრივი გარემოება).

7. საოჯახო ნივთების ღირებულების შეფასების შესახებ „ე.კ–ის“ 2019 წლის 4 თებერვლის ანგარიშით დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილი იმ მოძრავი ნივთების ღირებულება, რომლებიც მოპასუხემ სადავო ფართიდან გამოიტანა, მუშა მდგომარეობაში ყოფნის პირობებში შეადგენდა 5 900 ლარს, ხოლო, მათი სადავო ფართიდან გამოტანისა და საცხოვრებლად უვარგის პირობებში, ნესტიან ადგილში განთავსების შემდეგ, ქონების ღირებულებამ შეადგინა 3 070 ლარი (იხ. ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 იანვრის ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ, ს. ფ. 19-25). ამავე ანგარიშით დადგენილია, რომ სხვაობამ დაზიანებამდე და დაზიანების შემდეგ შეადგინა 2 830 ლარი და შესაფასებელი ნივთების ამჟამინდელმა საბაზრო ღირებულებამ (მწყობრიდან გამოსული) შეფასების თარიღისთვის შეადგინა 3 070 ლარი (ტ. 1, ს. ფ. 27-38). ამავე ანგარიშით დადგენილია და მოპასუხე სადავოდ არ ხდის ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხემ სადავო ბინიდან გამოიტანა საწოლი, სამზარეულოს მაგიდა ოთხი სკამით, მისაღები ოთახის 2 სკამი, ჟურნალების მაგიდა, კომპიუტერის მაგიდა, კომოდი, ტელევიზორი, ტელევიზორის ანტენა, ტელევიზორის მაგიდა, ტანსაცმლის კარადა, დივანი, ხალიჩა, ბავშვის ეტლი, ბავშვის კალათა, კედლის სარკე, საუთოებელი მაგიდა, უთო, მაცივარი, გაზქურა, ფეხსაცმლის დასაწყობი, წყლის გამაცხელებელი, ზეთის გამათბობელი (ტ. 1, ს. ფ. 27-38, 32).

8. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 თებერვლის წერილით დადგენილია, რომ მოპასუხის ოჯახის წევრს, კერძოდ შვილს, ი.ტ–ს, განემარტა, რომ N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართით სარგებლობდა არამართლზომიერად და ამავე წერილით სადავო ფართის 10 კალენდარული დღის ვადაში გათავისუფლება მოეთხოვა (ტ. 1, ს. ფ. 170). მოპასუხის განმარტებით დადგენილია, რომ მისი შვილი, ადრე სადავო ფართში ცხოვრობდა, მაგრამ საქმის განხილვის დროს, სადავო ფართში აღარ ცხოვრობს (იხ. 2019 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

9. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით დადგენილია, რომ, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილების საფუძველზე, მოპასუხის მამას, ბ.ხ–ს, საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის საბინაო საექსპლუატაციო უბნის კუთვნილი, მისამართზე ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა N3-ში მდებარე ფართი (ტ. 1, ს. ფ. 73). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 ივნისის წერილითა და მოპასუხის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ, 2002 წლის 7 სექტემბერს, სადავო ოთახი N507 მოპასუხის მამამ, მიყიდა შპს „მზიური XXI საუკუნეს“ (ტ. 1, ს. ფ. 174).

10. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულია 123მ² ბინა N8, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კოსტავას ქუჩა, I შესახვევი N11ა, ბლოკი N8 და N9, საკადასტრო კოდი N01.15.03.010.074.02.01.008 (ს. ფ. 17-18).

11. სარჩელის მოთხოვნა

11.1. მესაკუთრემ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრებისგან უძრავი ნივთის საკადასტრო კოდით N01.15.05.067.008.01.507, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა N3, უკანონო მფლობელოდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა.

11.2. მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 2 830 ლარის დაკისრება, რომელიც გამოიწვია მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთების სადავო ფართიდან გამოტანამ და დაზიანებამ.

12. ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა მოპასუხის მიმართ

12.1. სააგენტომ მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო ნივთის გამოთხოვა და სახელმწიფოსთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

13. მოპასუხის შესაგებელი

13.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

14.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხეს და მისი ოჯახის წევრებს დაევალათ, მოსარჩელისთვის სადავო ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

14.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა 2 830 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის კუთვნილი ნივთების დაზიანების გამო.

14.3. სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

15. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა

15.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

16. სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა

16.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სააგენტომაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თ.ჩ–ის სარჩელზე უარის თქმა და სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

17.2. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის - სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხესა და მისი ოჯახის წევრებს დაევალათ უკანონო მფლობელობიდან სადავო ქონების გათავისუფლება და სახელმწიფოსთვის გადაცემა.

17.3. მოსარჩელე თ.ჩ–ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის ნაწილში.

17.4. სააპელაციო სასამართლომ საჯარო რეესტრის ამონაწერზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც დადგენილი იყო, რომ 2015 წლის 1 მაისიდან, სადავო უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N01.15.05.067.008.01.507, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა N3, რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N107 განკარგულება.

17.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი აპელანტის პოზიცია, რომ არ ცხოვრობდა სადავო ფართში. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოპასუხემ თავად დაადასტურა, რომ სადავო ფართი საკადასტრო კოდით N01.15.05.067.008.01.507 მის მფლობელობაშია 2018 წლის 18 დეკემბრიდან. კერძოდ, ხსენებული გარემოება დასტურდება როგორც მოპასუხის მიერ წარდგენილ შესაგებელში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 55 და 199) და შეგებებულ სარჩელში (რომლითაც იგი სადავო ქონების მართლზომიერ და კეთილსინდისიერ მფლობელად აღიარებას მოითხოვს და რომელსაც წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი, იხ. ტ. 1, ს.ფ. 266-279), ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე, სადაც განმარტა, რომ 2002 წლისთვის, სადავო ფართი მოპასუხის მამის საკუთრება იყო, რომელიც მან გაყიდა, ხოლო მოპასუხეს სურვილი აქვს, ისევ დაიბრუნოს სადავო ბინა და ამ მიზნით, სადავო ბინის კარი ოდნავ გატეხა, შევიდა სადავო ფართში, მოსარჩელის ნივთები გამოიტანა და თვითონ დაიწყო ამ ფართში ცხოვრება, იგი სულ ფლობდა ამ ფართს, უბრალოდ საკუთრებაში არ გააჩნია და დროებით დაიკავა იგი არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებისთვის (იხ. მოპასუხის ახსნა-განმარტებები - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის მოსამზადებელი სასამართლო სხდომა, 11:36:18 წთ.; 11:40:20 წთ.; 12:25:38 წთ.; 12:31:52 წთ.).

17.6. გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით დადგენილია, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილების საფუძველზე აპელანტის მამას, ბ.ხ–ს, საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის საბინაო საექსპლუატაციო უბნის კუთვნილი, მისამართზე ქ. თბილისი, ....... მდებარე ფართი (ტ. 1, ს. ფ. 73). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 ივნისის წერილითა და მოპასუხის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ, 2002 წლის 7 სექტემბერს, სადავო ოთახი N507 აპელანტის მამამ, ბ.ხ–მა, მიყიდა შპს „მ. ... ს–ეს“ (ტ. 1, ს. ფ. 174). მოცემული მდგომარეობით, დგინდება ისიც, რომ მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულია 123მ² ბინა N8, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ......... N8 და N9, საკადასტრო კოდი N ..... (ტ. 1, ს. ფ. 17-18). ამავდროულად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 თებერვლის წერილით დადგენილია, რომ მოპასუხეის ოჯახის წევრს, კერძოდ შვილს, ი.ტ–ს, განემარტა, რომ ი.ტ–ი N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართით სარგებლობდა არამართლზომიერად და ამავე წერილით ი.ტ–ს სადავო ფართის 10 კალენდარული დღის ვადაში გათავისუფლება მოეთხოვა (ტ. 1, ს. ფ. 170). მოცემული მდგომარეობით კი, დადგენილია, რომ ი.ტ–ი იქ აღარ ცხოვრობს და მის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა ორივე მოსარჩელემ გაიხმო საქმის მომზადების ეტაპზე (იხ. 2019 წლის 19 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი და 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება).

17.7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა სადავო ქონების მართლზომიერი ფლობისა და უკანონო მფლობელისგან ნივთის გამოთხოვის უფლება.

17.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც თავად მხარის ახსნა-განმარტებით დგინდებოდა, მოსარჩელე, ოჯახთან ერთად, სადავო ფართში ცხოვრობდა 2008 წლიდან მოპასუხის მიერ სადავო ფართის დაკავებამდე. 2008 წლიდან, სადავო ოთახის მესაკუთრე იყო ინვესტორი, რომლისგანაც თავდაპირველი მოსარჩელის ძმას ბინა ნაქირავები ჰქონდა და იხდიდა მესაკუთრესთან შეთანხმებულ ქირას, მას შემდეგ კი, რაც მოსარჩელის ძმამ ბინა იყიდა, ხოლო სადავო ფართი სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა, მასში ცხოვრება განაგრძო მოსარჩელემ სამართლებრივი თუ სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე (ტ. 1, ს. ფ. 173 –195). თავდაპირველი მოსარჩელის განმარტებით, მან თავისი ძმა, კ.ჩ–ი 2011 წელს ჩაანაცვლა საცხოვრებელ სადგომში და აგრძელებდა იქვე ცხოვრებას შვილის შეძენამდე, 2018 წლის დეკემბრამდე, რის თაობაზეც მესაკუთრისთვისაც ცნობილი იყო და მათ აქამდე პრეტენზია არ გამოუთქვამთ (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:05:10 წთ.). ამასთან, საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ნოემბრის N6/62377 წერილი, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ, ვინაიდან იგი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის, სარგებლობის უფლების დამდასტურებელი რაიმე დოკუმენტის გარეშე ფლობდა სადავო სადგომს, მისი პრივატიზაციის შესახებ საკითხის განხილვა სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 15).

17.9. სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველი მოსარჩელის კიდევ ერთ მოთხოვნაზე მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიუთითა და განმარტა, რომ როგორც დადგენილი იყო თავად მოპასუხის ახსნა-განმარტებით, მოსარჩელის კუთვნილი ნივთები სადავო ფართიდან სწორედ მან გამოიტანა და დაალაგა გარეთ, მისივე თქმით, გადახურულ აივანზე (იხ. 2019 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, თ.ხ–ნის ახსნა-განმარტებით სრულად, ასევე დრო: 11:36:00სთ., 12:05:50სთ. და 12:31:00სთ.). ამასთან, საქმეში წარდგენილია საოჯახო ნივთების ღირებულების შეფასების შესახებ „ე.კ–ის“ 2019 წლის 4 თებერვლის ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელის კუთვნილი იმ მოძრავი ნივთების ღირებულება, რომლებიც მოპასუხემ სადავო ფართიდან გამოიტანა, მუშა მდგომარეობაში ყოფნის პირობებში იქნებოდა 5 900 ლარი, ხოლო მათი სადავო ფართიდან გამოტანისა და საცხოვრებლად უვარგის პირობებში, ნესტიან ადგილში განთავსების შემდეგ, ქონების ღირებულებამ შეადგინა 3 070 ლარი (იხ. ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 იანვრის ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ, ს. ფ. 19-25). ამავე ანგარიშით დადგენილია, რომ სხვაობამ დაზიანებამდე და დაზიანების შემდეგ შეადგინა 2 830 ლარი და შესაფასებელი ნივთების ამჟამინდელმა საბაზრო ღირებულებამ (მწყობრიდან გამოსული) შეფასების თარიღისთვის შეადგინა 3 070 ლარი (ტ. 1, ს. ფ. 27-38). ამავე მტკიცებულებით დადგენილია და მოპასუხე სადავოდ არ ხდის ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხემ სადავო ბინიდან გამოიტანა საწოლი, სამზარეულოს მაგიდა ოთხი სკამით, მისაღები ოთახის 2 სკამი, ჟურნალების მაგიდა, კომპიუტერის მაგიდა, კომოდი, ტელევიზორი, ტელევიზორის ანტენა, ტელევიზორის მაგიდა, ტანსაცმლის კარადა, დივანი, ხალიჩა, ბავშვის ეტლი, ბავშვის კალათა, კედლის სარკე, საუთოებელი მაგიდა, უთო, მაცივარი, გაზქურა, ფეხსაცმლის დასაწყობი, წყლის გამაცხელებელი, ზეთის გამათბობელი (ტ. 1, ს. ფ. 27- 38, 32).

17.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოპასუხემ არ უარყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების სადავო ფართიდან გამოტანის ფაქტი, ამასთან არც აღნიშნული ნივთების ზიანის ოდენობის ანგარიში გაუხდია სადავოდ, რის გამოც მხოლოდ მისი ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ ნივთების შესახებ მოსარჩელეს მიაწოდა ინფორმაცია, ამასთან ის ფაქტი, რომ სადავო ფართიდან უკვე დაზიანებული ნივთები გამოიტანა დაუსაბუთებელია.

18. მოსარჩელის (პირველი კასატორი) საკასაციო პრეტენზია

18.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

18.2. კასატორის განმარტებით, ის სადავო ფართის მართლზომიერი მფლობელია, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სააგენტოს სასარგებლოდ უნდა გამოეთავისუფლებინა მოპასუხეს სადავო ფართი.

19. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

19.1. მოპასუხემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

19.2. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც უკანონო შედეგი დადგა საქმეზე. კასატორის მტკიცებით ასევე, საქმის გარემოებებით ირკვეოდა, რომ თავდაპირველი მოსარჩელე ადასტურებდა ქირის გადახდას მოპასუხის მიმართ, ამასთან, კასატორს მიმართული აქვს სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელად აღირების მოთხოვნით, რაც საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი უნდა ყოფილიყო. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გააუქმა საოქმო განჩინებები, რომლითაც საპროცესო დაცვის საშუალება შეეზღუდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ იმსჯელა არასრულწლოვნების მიერ სადავო ფართის მართლზომიერ ფლობაზე

20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

20.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისისა და 2023 წლის 10 მაისის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია;

23. საკასაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორებს შორის და ამასთან სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად სადავოა როგორც სადავო ფართზე მესაკუთრე, ასევე, კასატორებს შორის, მოპასუხის მიერ სადავო ფართში შესვლის შემდეგ თავდაპირველი მოსარჩელის მოძრავი ნივთების ზიანის ანაზღაურების საკითხი.

24. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ სააგენტოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 170.1-ე „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას“, 172.1 „მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“, 168-ე „ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას“ მუხლები. სადავო არ არის არც ის გარემოება, რომ უძრავი ქონების (რომელიც თვითნებურად დაკავებული აქვთ მოპასუხეებს) მესაკუთრეა სახელმწიფო, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. წინამდებარე განჩინების 17.4 ქვეპუნქტი), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებს და თავდაპირველ მოსარჩელეს სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, არცერთი ინსტანციის სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება. პირიქით, წარდგენილი შესაგებლით ისინი აღიარებენ და ადასტურებენ ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტს. მეტიც მოპასუხე განმარტავდა, რომ აღნიშნული ქონება თავდაპირველად მამამისის საკუთრება იყო და სურვილი ჰქონდა დაებრუნებინა სადავო ბინა (იხ. წინამდებარე განჩინების 17.5 პუნქტი).

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესაკუთრის ინტერესი, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ქონების უკანონოდ სარგებლობა, აღემატება მფლობელის ინტერესს, რომელიც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს (შდრ. სუსგ: №ას-1315-2018, 2019 წლის 31 იანვრის განჩინება). ამ საკითხისადმი სხვაგვარი მიდგომა წინააღმდეგობაში მოვიდოდა „საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლების“ პრინციპთანაც, რაც ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით მესაკუთრის მიერ ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლებას გარანტირებულს ხდის. გარდა ამისა, საწინააღმდეგო შემთხვევაში, შეუსაბამობა გამოიკვეთებოდა მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობასთან, რომლითაც საკუთრებით სარგებლობის თაობაზე მესაკუთრის უფლება აღიარებულია და მფლობელს მესაკუთრის პირისპირ უპირატესობა მხოლოდ მაშინ შეიძლება მიენიჭოს, თუკი მისი მფლობელობა მართლზომიერად იქნება მიჩნეული (სსკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები) (იხ. სუსგ საქმე Nას-839 -2020, 4 თებერვალი, 2021 წ.; ას-542-2022, 27.04.2023, ას-915-2022, 24.11.2022; ).

26. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის (სააგენტოს) მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, სავსებით იძლევა წარდგენილი ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (სსკ 172-ე მუხლი).

27. საკასაციო სასამართლო თავდაპირველი მოსარჩელის პრეტენზიის პასუხად სსკ-ის 408-ე მუხლზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებები.

28. ამ კუთხით საკასაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და წარდგენილ მტკიცებულებებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ თავად მოპასუხის ახსნა-განმარტებით, მოსარჩელის კუთვნილი ნივთები სადავო ფართიდან სწორედ მან გამოიტანა და დაალაგა გარეთ, მისივე თქმით, გადახურულ აივანზე (იხ. 2019 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, თ.ხ–ნის ახსნა-განმარტებით სრულად, ასევე დრო: 11:36:00სთ., 12:05:50სთ. და 12:31:00სთ.). ამასთან, საქმეში წარდგენილია საოჯახო ნივთების ღირებულების შეფასების შესახებ „ერ ბი კომპანის“ 2019 წლის 4 თებერვლის ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელის კუთვნილი იმ მოძრავი ნივთების ღირებულება, რომლებიც მოპასუხემ სადავო ფართიდან გამოიტანა, მუშა მდგომარეობაში ყოფნის პირობებში იქნებოდა 5 900 ლარი, ხოლო მათი სადავო ფართიდან გამოტანისა და საცხოვრებლად უვარგის პირობებში, ნესტიან ადგილში განთავსების შემდეგ, ქონების ღირებულებამ შეადგინა 3 070 ლარი (იხ. ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 იანვრის ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ, ს. ფ. 19-25). ამავე ანგარიშით დადგენილია, რომ სხვაობამ დაზიანებამდე და დაზიანების შემდეგ შეადგინა 2 830 ლარი და შესაფასებელი ნივთების ამჟამინდელმა საბაზრო ღირებულებამ (მწყობრიდან გამოსული) შეფასების თარიღისთვის შეადგინა 3 070 ლარი (ტ. 1, ს. ფ. 27-38). ამავე მტკიცებულებით დადგენილია და მოპასუხე სადავოდ არ ხდის ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხემ სადავო ბინიდან გამოიტანა საწოლი, სამზარეულოს მაგიდა ოთხი სკამით, მისაღები ოთახის 2 სკამი, ჟურნალების მაგიდა, კომპიუტერის მაგიდა, კომოდი, ტელევიზორი, ტელევიზორის ანტენა, ტელევიზორის მაგიდა, ტანსაცმლის კარადა, დივანი, ხალიჩა, ბავშვის ეტლი, ბავშვის კალათა, კედლის სარკე, საუთოებელი მაგიდა, უთო, მაცივარი, გაზქურა, ფეხსაცმლის დასაწყობი, წყლის გამაცხელებელი, ზეთის გამათბობელი (ტ. 1, ს. ფ. 27- 38, 32).

29. ამდენა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე არ უარყოფდა სადავო ფართიდან თავდაპირველი მოსარჩელის კუთვნილი ნივთების გამოტანის ფაქტს, ამასთან, ნივთების დაზიანებისა და მათი ღირებულების შემცირების შესახებ წარდგენილ მტკიცებულებას სათანადო არგუმენტები და მტკიცებულებები არ დაუპირისპირა, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას ზიანის ანაზღაურების დაკისრებასთან დაკავშირებით.

30. საკასაციო სასამართლო მეორე კასატორის პრეტენზიაზე, რომ სადავო საოქმო განჩინებები უნდა გაუქმებულიყო, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ მხარეს თავად უნდა წარედგინა მტკიცებულებები თუ სამართლებრივად ვარგისი არგუმენტები საოქმო განჩინებების გაუქმების მოთხოვნით რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

31. საკასაციო სასამართლო მეორე კასატორის მხარეს არსებული არასრულწლოვნების პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის (სააგენტოს) საკუთრების უფლების წარმოშობის შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნეოდა. ამასთან, არ დასტურდება ისეთი გარემოების არსებობაც, რომელიც შეუძლებელს გახდიდა სარჩელის დაკმაყოფილებას. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი გარემოება ვერ გახდება ვერც სადავო უძრავი ნივთის არასრულწლოვნების მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობა (შდრ. სუსგ №ას-1282-2021, 15.06.2022წ; №ას-674-2022, 13.10.2022წ.; №ას-1351-2022, 14.12.2022წ.).

32. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

33. ამდენად კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

34. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ჩ–ისა და თ.ხ–ნის საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. თ.ჩ–ს (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე უ.ხ–ძის (......) მიერ ზედმეტად გადახდილი (საგადახდო დავალება №2308, გადახდის თარიღი 30.03.2023), 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% - 105 ლარი;

3. თ.ხ–ნს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.ტ–ის (......) მიერ ზედმეტად გადახდილი (საგადახდო დავალება №17146565728, გადახდის თარიღი 19.05.2023), 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% - 105 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე

ვ. კაკაბაძე