Facebook Twitter

საქმე №ას-1231-2023 31 ოქტომბერი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ა–ი, ნ.ლ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაა

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - ხარვეზი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,ტ.კ–ის‘’ სარჩელი მ.ა–ისა და ნ.ლ–ძის მიმართ, თანხის დაკისრებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე;

მოპასუხე მ.ა–ს, მოსარჩელე შპს ,,ტ.კ–ის‘’ სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 23 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 58458.84 ლარის გადახდა, საიდანაც (46812.53 არის კრედიტის ძირითადი თანხა, 10534.72 - პროცენტი, 1000 ლარი - პირგასამტეხლო და 111.59 ლარი დაზღვევის საფასური); 2021 წლის 09 ივნისიდან, კრედიტის ძირ თანხაზე 46812.53 ლარზე, აღსულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა, წლიური 14 %-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შედგენს 565.65 ლარს.

2. ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის, ასევე დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რომლის შესავსებადაც განესაზღვრა შვიდ დღიანი ვადა.

6. კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო პალატას ზეპირი კომუნიკაციისას აცნობა, რომ მათ არ ჩაბარებიათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის დასაბუთებული განჩინება, რის გამოც, კასატორს აღნიშნული განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2023 წლის 12 ოქტომბერს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ოქტომბრის განჩინება კასატორს გაეგზავნა ფოსტით და ჩაბარდა 2023 წლის 10 ოქტომბერს.

8. აღნიშნული დროის პერიოდში, კასატორს არც ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით და არც შესაბამისი სახის შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11.სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

12. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

13. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

15.განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის, ასევე დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რომლის შესავსებადაც განესაზღვრა შვიდ დღიანი ვადა.

16. კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო პალატას ზეპირი კომუნიკაციისას აცნობა, რომ მათ არ ჩაბარებიათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის დასაბუთებული განჩინება, რის გამოც, კასატორს აღნიშნული განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2023 წლის 12 ოქტომბერს.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ოქტომბრის განჩინება კასატორს გაეგზავნა ფოსტით და ჩაბარდა 2023 წლის 10 ოქტომბერს.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შვიდდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 10 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2023 წლის 17 ოქტომბერს, რა პერიოდშიც კასატორს არც ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით და არც შესაბამისი სახის შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

19. სასამართლო, აქვე, ყურადღებას გაამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განჩინების ჩაბარების თარიღზე - 2023 წლის 12 ოქტომბერზე. მართალია, კასატორს სააპელაციო საქმის წარმოების ეტაპზე არ ჩაბარდა გასაჩივრებული განჩინების მოტივირებული ვერსია, ხოლო უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი მოიცავდა მათ შორის ისეთი ხარვეზის შევსებასაც, რომლის გამოსწორებაც უშუალოდ დამოკიდებული იყო დასაბუთებული განჩინების ჩაბარებაზე, რასაც ორი დღით დროში უსწრებდა ხარვეზის შესახებ განჩინების კასატორისთვის ჩაბარების თარიღი (აღნიშნული განჩინება ჩაბარდა 2023 წლის 10 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინება 2023 წლის 12 ოქტომბერს), შესაბამისად, დასაბუთებული კასაციის წარმოდგენის დავალდებულებამ ორი დღით ადრე დაიწყო ხარვეზის შევსების ვადის ათვლა, მაშინ, როდესაც დასაბუთებული კასაციის წარმოდგენის შესაძლებლობა მხარეს ობიექტურად ვერ ექნებოდა. მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეს შეეძლო სააპელაციო ეტაპზე მოეთხოვა განჩინების ჩაბარება, ან საკასაციო ეტაპზე მოეთხოვა მაგალითად, ხარვეზის შევსების ვადის დამატებით განსაზღვრა, თუმცა კასატორმა არ წარმოადგინა რამე სახის შუამდგომლობა ან განცხადება, ხარვეზის შევსების ვადა კი გაშვებულია, როგორც 2023 წლის 10 ოქტომბრის თარიღიდან, ასევე 13 ოქტომბრიდან ვადის ათვლის შემთხვევებში, რაც სასამართლოს უპირობოდ უქმნის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო-სამართლებრივ წინაპირობებს.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა გაუშვა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ვადა, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

21. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მირანდა ერემაძე