საქმე №ას-57-2023 17 მაისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი - ლ.ხ–ი (აპელანტი)
მეორე კასატორი - შპს „ფ–ა“ (აპელანტი)
მესამე კასატორი - შპს „მ.ა–ი“ (აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ლ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება
პირველი კასატორის მოთხოვნა – პირველი კასატორის შუამდგომლობის, მის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილება, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირველი კასატორის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
მესამე კასატორი - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითად შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „მ.ა–ის“ მიერ 2021 წლის 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ იქნა სიუჟეტი 23:21-23:38 საათზე, შემდეგი სათაურითა და შინაარსით: „შავი“ ფული „ქ.ო–ის“ სალაროში - საიდან ფინანსდება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია. „მ.ა–მა“ გაშიფრა თაღლითური სქემა, რომლითაც
„ქ.ო–ა“ ფინანსდება და რომელშიც ჩართული არიან კომერციული ორგანიზაციები საეჭვო საქმიანობით. საუბარია უკანონო ბიზნესზე, ე.წ. „ქ.ც–ზე“, რომლითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ზარალდებიან და ამ ბიზნესს ქვეყანაში სახელისუფლებო ვერტიკალი მფარველობს, წილებს კი „ოცნების“ გავლენიანი ლიდერები ინაწილებენ. ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, მათ შორის, ყოფილი მთავარი პროკურორი და ბ.ი–თან დაახლოებული ო.ფ–ძეა. ნ.გ–ამ შეისწავლა ეს სქემა, მისი მუშაობის პრინციპი და მასში ჩართული პერსონების როლი და ახლა დეტალურად აგვიხსნის როგორ ძარცვავს საქართველოს ხელისუფლება უცხოელებს და როგორ აგროვებს წინასაარჩევნოდ ფულს ქ.ო–ა.
2. ნ.გ–ა სიუჟეტში განმარტავს: „ე.წ. ფულის ქურდობის, ფულის მოპარვის პირამიდა „ქოლცენტრების“ მეშვეობით... ძალიან საინტერესო ამბავია. არჩევნებამდე წარმოვადგენთ მტკიცებულებებს, ქოლცენტრებს. ეს არის არალიცენზირებული „ფორექს“-ით სარგებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოდან ადამიანებს ევროპაში, საუბარია პენსიონერებზე, მათ ძალიან დიდი დანაზოგები აქვთ. საქართველო გახდა ამის ჰაბი. ბოლო წლებში ეს ჰაბი არის მთლიანად ხელისუფლების მფარველობის ქვეშ. გარდა იმისა, რასაც იპარავს „ქ.ო–ა“ ბიუჯეტიდან, გარდა იმისა, რასაც იპარავს „ატკატების“ სახით და არიცხინებს საკუთარ ანგარიშებზე, არის ძალიან დიდი „შავი ფული“ - საუბარია 60 მლნ დოლარზე ყოველთვიურად, საიდანაც ფინანსდება „ქ.ო–ის“ აქტივი, საიდანაც რიგდება ფული საარჩევნოდ, საიდანაც ფინანსდებიან პარლამენტის წევრები თუ სხვები. მაინც, მთავარი ფიგურა აქ არ არის ფ–ძე, მთავარი ფიგურა არის სუს-ის ხელმძღვანელი ლ–ი, მაგრამ, ბუნებრივია, პირამიდის მწვერვალში იმყოფება ბ.ი–ი. აი, ასე მილიარდერის მმართველობის დროს ჩვენ გვძარცვავენ ბიუჯეტიდან, ჩვენ გვძარცვავენ ატკატების მეშვეობით და ჩვენ ევროპელ პარტნიორებს ძარცვავენ „ფორექსის“ სქემების მეშვეობით. ძარცვავენ იმდენად სერიოზულად, რომ ბავარიის შს მინისტრი ჩამოვიდა იმისთვის, რომ დაეკავებინათ ადამიანები საქართველოში, ფრანგებს ჰქონდათ ეს პრეტენზია, რომ საქართველოში ეს არის მთლიანად სახელისუფლო მფარველობის ქვეშ. არათუ ვერ იჭერენ, არამედ არ იჭერენ და არ აძლევენ პასუხისგებაში მიუხედავად იმისა რომ ყველამ კარგად იცის სად არის ეს ცენტრები. ეს არის საბაზისო საფეხური, რასაც პირამიდას ვეძახით, ეს არის ქოლცენტრები, საიდანაც ადამიანები უკავშირდებიან. აქ ძირითადად სტუდენტებს ასაქმებენ, უკავშირდებიან გერმანელ, შვედ პენსიონერებს, ატყუებენ მათ რომ ინვესტიციას ახდენენ თითქოს. ხდება კომუნიკაცია ინტერნეტით, ადებინებენ ინვესტიციას რაღაც ანგარიშზე, ვითომ ფონდის ანგარიშზე და მერე ეს ყველაფერი იკარგება. ქოლცენტრები ვერაფრით ვერ იმუშავებს, თუ ეს არ არის ხელისუფლების მფარველობის ქვეშ. მაგალითად უკრაინაშიც იყო ასეთი ჰაბი, ძალიან მალე ამას სამართალდაცვითი კონტროლი მოერია და გადავიდა ლუგანსკში, დონეცკში და ა.შ. იყო სომხეთშიც. იქაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ხელისუფლებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, რადგან ეს არღვევს ძალიან ბევრ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის ფულის გათეთრების შესახებ კონვენციას, რომელიც ძალიან მძიმე კონვენციაა. ეს არის ქვედა საფეხური, სადაც კეთდება ფული, ჩვენ ახლა ნელ-ნელა ზემოთ ავალთ და განახებთ ვინ მფარველობს ამ ყველაფერს და სად მიდის ეს ფული. შემდეგი საფეხური: ორი ადამიანი „ქ.ო–იდან“ - ა.დ–ი, დ.ბ–ი. არიან კიდევ სხვებიც, მაგრამ ეს ორი ყველაზე მსხვილი მაკონტროლებელია, რომლებიც ხელისუფლების სახით „კრიშავს“ ამ ორგანიზაციებს. უშუალო კომუნიკაცია აქვთ ამ ადამიანებს ამ ქოლცენტრებთან და ცხადია ფულის აკრეფაც ხდება მათ მიერ, ძირითადად ნაღდ ფულზეა საუბარი. ავიდეთ უფრო ზემოთ: ოთხი ფრთა ამ მიმართულებით, ოთხი სახელისუფლო ფრთაა, მათ შორის მძაფრი კონკურენციაც არის, საქმის გარჩევებიც და ფულის გადანაწილებებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბ.ი–ი, რომელიც ყველაზე ზევით არის, მეტ-ნაკლებად ალაგებს ამას ყველაფერს. ეს ოთხი ფრთაც ბ.ი–ის გაკეთებულია გაყოფილია ბალანსისთვის და ურთიერთკონტროლისთვის. პირველი ფრთა - „ქ.ჯ–ი“, მეორე ფრთა - იდეოლოგები, მესამე ფრთა - კ.კ–ძე, მეოთხე ფრთა - ბიზნესის მაკონტროლებლები. პირველი ფრთა - ქ.ჯ–ი: მასში არიან ლ–ი, უნდა აღინიშნოს, რომ მთელ ამ პირამიდაში მთავარი პერსონაა ბ.ი–ის შემდეგ. გ–ი და ღ–ი, ეს ყველაზე უფრო მსხვილი დაჯგუფებაა და ყველაზე მეტი ფული მიდის აქ. მეორე ფრთა - იდეოლოგები: ე.წ. იდეოლოგების ჯგუფი - ესენი არიან ის, ვინც მესიჯებს ახმოვანებენ: კ–ძე, მ–ძე, პ–ი, ვ–ი, არიან სხვებიც. მ–ი აქ არის ი. კ–ძე. იდეოლოგების ჯგუფი ქვია, რადგან თვითონ ეძახიან ასე, ამ ბიზნესში. ეს ხალხი ამ ფულს არსად არ უშვებს, ძირითადად თვითონ მდიდრდებიან, განსაკუთრებით ი. კ–ძე. ყიდულობენ ძვირფას სახლებს, ძვირიან მანქანებს და ასე შემდეგ. სხვებსაც უნაწილებენ პარლამენტში - შედარებით წვრილფეხობას, რომლებსაც აკონტროლებენ და ასაუბრებენ ნებისმიერ რამეზე, რაც უნდათ. ეს ძვირი ჯდება, ეს ძვირი უჯდება არა მათ, არამედ ჩვენ, საქართველოს. მესამე ფრთა - კ.კ–ძე: კ.კ–ძე, რომელიც განყენებულად არის. რომელსაც მისცეს რაღაცა კვოტა, რომ ფული აკეთოს, მაგრამ საინტერესო ამბავი მოხდა კ.კ–ძესთან დაკავშირებით. მერობის არჩევნების წინ, ვიცით რომ იგი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. ის არ იყრიდა კენჭს, რადგან მას უთხრეს, რომ ამ ბიზნესიდან უნდა დაეფინანსებინა თავისი საარჩევნო კამპანია, რაზეც მან თქვა, რომ ამას არ გააკეთებს და სხვა ჯგუფებმა, ვინც საარჩევნო კამპანიას ზოგადად აფინანსებს, უნდა გაიღონ საარჩევნო რესურსები თბილისში. ამაზე მან მიიღო სერიოზული პასუხი „ქ.ო–ისგან“, ზუსტად „ქ.ო–ა“ იყო ის ვინც, ასე ვთქვათ, გაატარა მედიაში ინფორმაციები ავტობუსების ტენდერთან დაკავშირებით. ოპოზიციურმა მედიებმა ეს ავიტაცეთ, მაგრამ გაჟონვის წყარო იყო ”ქ.ო–ა“ და ამის შემდეგ მას უთხრეს, რომ ამ კორუფციული გარიგების თაობაზე მათთვის ცნობილია და ან დახარჯავს ფულს, თუნდაც იმ კორუფციული გარიგებიდან და ამ ბიზნესიდან ან გასაგებია რაც მოხდება. მეოთხე ფრთა - ბიზნესის მაკონტროლებლები: ე.წ. ბიზნესის მაკონტროლებლები - უ.მ–ი, შ–ძე და ფ–ძე, ეს სიმსხვილით სუს-ის დაჯგუფების, „ქ–უს“ დაჯგუფების შემდეგ მეორე ჯგუფია. აქაც დიდი რაოდენობით ფული შემოდის. მოდი ეხლა ვნახოთ სად მიდის ეს ფული. „ქ.ჯ–ი“ - მოდით ვნახოთ სად მიაქვს ფული „ქ.ჯ–ს“. იგი პირველ რიგში აფინანსებს საარჩევნო სისტემას მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქ.ო–ისას“ და გამტარი არის პარლამენტის წევრი, დ.ს–ძე და მათი რეგიონალური სამსახურის უფროსი. ის არიგებს ამ ფულს ქეშად, მათთვის ვინც სჭირდებათ რეგიონებში. ასევე ამ ფულს საარჩევნოდ იყენებენ რეგიონებში და რეგიონებში არიგებენ არა 100 ლარს, არამედ 300, 400 და 500 ლარს, ეს ფული მოდის ამ უკანონო ბიზნესიდან. იდეოლოგებიდან და კ–ძიდან არსად არ მიდის. ბიზნესის მაკონტროლებლების ჯგუფს ევალება დაფინანსება: საარჩევნო კამპანიების, კრიმინალების, ბევრი კრიმინალია ჩართული ისედაც ამ ბიზნესში და მაკონტროლებლებადაც ბევრნი არიან, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდები. ყოველთვიურად ფულს უხდიან კრიმინალებს ამ ბიზნესიდან, კერძოდ, მ. შ–ძე, ფ–ძის დაჯგუფებიდან. საინტერესოა, როდესაც გენერალური პროკურორი კრიმინალებს აფინანსებს. ამავე წყაროდან ფინანსდება ტელეკომპანია „ი–ი“ და ტელეკომპანია „რ.....“, რომელიც დიდი ხანია უკვე სრულიად დოტაციურია და მისი შემოსავლები სრულიად არ შეესაბამება მის ხარჯებს. მათი ბიუჯეტები რეალურად ფინანსდება ამ შავი ბიზნესიდან ამ ჯგუფის მიერ. ამ ყველაფრის თავში, რა თქმა უნდა, არის ბ.ი–ი. დავუბრუნდები ბ–ს და დ–ნს, რომ არ გამომრჩეს. მთავარი ფულის გარეცხვის შესაძლებლობა, რომელსაც იყენებენ ამ ბიზნესში და ამ პირამიდაში, ეს არის სპორტული ფედერაციები. სწორედ ამიტომ აქვს კ–ძეს ცალკე ფრთა იმიტომ, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიმართულებითაც ეს ხდება. ჩვენ გვყავდა მაგალითად, ისრაელის მოქალაქე ბ.რ–ი, რომელიც ამ სქემის ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეა, ეიჩარი. ის არჩევს ხალხს ვინ უნდა იმუშავოს და ის უცაბედად გახდა ბეისბოლის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი. ასევე, ა. დ–ნი არის რაგბის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი - იმ რაგბის ფედერაციის, რომელიც ძალადობით დასვა ბ.ი–მა და რაგბის ფედერაციის თავმჯდომარე არის ბ.ი–ის პირადი მშენებარე. ასევე ა. დ–ნი არის რაგბის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. იმ რაგბის ფედერაციის, რომელიც ძალადობით დასვა ბ.ი–მა და რაგბის ფედერაციის თავმჯდომარე არის ბ.ი–ის პირადი მშენებელი. ის უშენებს ი–ს აბასთუმანს. სპორტული ფედერაციები საქართველოში არის სრულიად კრიმინალიზირებული, რეცხავს დიდი ოდენობით ფულს, ეს არის ფულის გათეთრების დიდი მანქანები და ზუსტად ამიტომ ქ.ო–ისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სპორტული ფედერაცია დააკომპლექტოს საკუთარი კადრებით. რაგბში ეს ვითარება ვერ იყო, სანამ სხვა ხელმძღვანელობა იყო და ვერც იქნებოდა. ამიტომაც არის დღეს რაგბის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელი, არსაიდან მოვიდა, მაგრამ ვიცით ვინც არის, ბ.ი–ის პირადი მშენებელი და თან მიზანიც ვიცით რატომაც არის... ყველა ეს მოადგილე, რომელიც დანიშნულია მრეცხავად, კურირებს ფინანსურ მიმართულებას. ეს არის ის სქემა, რომლითაც კეთდება თვეში სულ მცირე 60 მილიონი დოლარი... დემარშებით ხდება რამდენიმე ადამიანის დაკავება და ისინიც ხშირ შემთხვევაში არიან არა რეალურად შემსრულებლები, არამედ განტევების ვაცები. ასეთი იყო მაგალითად, სენაკელი მღებავი, ნახევარი მილიონი მოიპარეს მისი სახელით. ქართველი ძალოვანები აიძულეს რომ ეს ადამიანი დაეკავებინათ... ასეთია ეს სქემა“.
3. შპს „მ.ა–ის“ მიერ 2021 წლის 28 ოქტომბერს, 12:24-12:29 საათზე, გამოქვეყნებულ სიუჟეტში ლ.ხ–ი განმარტავს: „თაღლითური სქემები, კრიმინალური სქემები და ფულის მოპარვის სქემაც რუსული აქვს ბ.ი–ს და მის კრიმინალურ გარემოცვას, მათ შორის, ფ–ძის ხელმძღვანელობით, რომელსაც შემდეგ უკვე ამ ბიზნესებს და ყველაფერს მფარველობს ბატონი ლ–ი, სუს-ის ხელმძღვანელი.
4. მოპასუხე შპს „მ.ა–ის“ მიერ 2021 წლის 28 ოქტომბერს, 15:53-15:57 საათზე, გამოქვეყნებულ იქნა სიუჟეტი შემდეგი შინაარსით: სქემა, რომელიც „მ.ა–მა“ გაშიფრა, ასე გამოიყურება: მის სათავეში ბ.ი–ი, გ.ლ–ი და ო.ფ–ძე არიან. სწორედ მათი კომპანიების საშუალებით გროვდება შავი ფული შავი საქმეებისთვის. ერთ-ერთი ასეთი კომპანია სუს-ის უფროსის, გ.ლ–ის სახლთანაც მდებარეობს.
5. მოპასუხე შპს „მ.ა–ის“ მიერ 2021 წლის 28 ოქტომბერს, 21:11 საათზე, გამოქვეყნებულ იქნა სიუჟეტი შემდეგი შინაარსით: „მ.ა–მა“ გაშიფრა თუ ვინ არის პირამიდის სათავეში, რომელი პოლიტიკური ლიდერები ლობირებენ უკანონო ბიზნესსაქმიანობას, ვინ არიან ნაღდი ფულის შემგროვებლები და როგორ ნაწილდება მილიონობით დოლარი „ქ.ო–ის“, სუს-ის, მთავრობის და პარლამენტის გავლენიან ბოსებს შორის. მოგროვებული თანხები 4 ფრთას შორის ნაწილდება: 1 ფრთა - „ქ.ჯ–ი“, 2 ფრთა - იდეოლოგები, 3 ფრთა - კ.კ–ძე, 4 ფრთა - ბიზნესის მაკონტროლებლები, 1 ფრთა - „ქ.ჯ–ი“: მასში ერთიანდებიან ლ–ი, გ–ი და ღ–ი, მე-2 ფრთა - იდეოლოგები, კ–ძე, მ–ძე, პ–ი, მე-3 ფრთა - კ.კ–ძე, რომელიც დამოუკიდებელ თამაშს ცდილობს, მე-4 ფრთა - ბიზნესის მაკონტროლებლები, მ–ი - ფ–ძის ჯგუფი. პირამიდის თავში კი, არის ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბ.ი–ი. ანონიმური რესპოდენტი სიუჟეტში განმარტავს: ქოლცენტრებიდან ამოღებული მილიონები შავი ფულის სახით სუს-ის მხრიდან სამეგრელოში მობილიზდება, ყველაზე მეტს ქ.ო–ა ერთ ხმაში სწორედ სამეგრელოში იხდის.
6. მოპასუხე შპს „მ.ა–ის“ მიერ 2021 წლის 29 ოქტომბერს 22:33-22:39 საათზე, გამოქვეყნებულ იქნა სიუჟეტი შემდეგი შინაარსით:
მ.ს–ი: ამჯერად მოვახერხეთ იმის დადგენა, რომ თბილისში ყველაზე დიდი ქოლ-ცენტრი განთავსებულია იმავე ოფისში, სადაც პირად ოფისს ქირაობს ბ.ი–ის ყველაზე უფრო ახლობელი და საყვარელი დეიდაშვილი და ეს ოფისები განთავსებულია სულ რამდენიმე ასეულ მეტრში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან და სავარაუდოა, რომ პირად კონტროლზე ლ–ის უწყებას ჰყავს აყვანილი, აღნიშნული ქოლცენტრები კიდევ ერთ მაღალჩინოსანს, რომელიც სახელდება ამგვარი თაღლითური სქემების მფარველად.
სწორედ გ.ლ–ი სახელდება ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემის მთავარ მფარველად.
7. მოპასუხე შპს „მ.ა–ის“ მიერ 2021 წლის 11 დეკემბერს (21:41 საათზე, ქრონომეტრაჟი - 10:30) გამოქვეყნებულ იქნა სიუჟეტი („მ–ი შაბათს“) შემდეგი შინაარსით: ბიზნესი სუს-ის საფარქვეშ. „ის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი იყო ამ საქმეში, მაგრამ ცალკე ცდილობდა თავისი საქმის აწყობას“, - ანონიმური წყაროს მიერ მოწერილი ეს ფრაზა თ.ბ–ს შეეხება. სხვა წყაროების მიხედვით კი, ახალგაზრდა პროგრამისტი სწორედ ქოლცენტების სქემაში იყო ჩართული, ჰყავდა კურატორი სუსიდან, რომელთანაც რეგულარულად ცვლიდა მეხსიერების ბარათებს - ე.წ. ფლეშკებს. წყარო გვიყვება, რომ უსაფრთხოების განსაკუთრებული დაცვის მიზეზი სწორედ ის არის, რომ კიბერდანაშაულს უ.მ–ი სუს-ის უფროსის, გ.ლ–ის დახმარებით ფარავს. „მანდ ბ–ს ძმაც ბევრჯერ მოსულა და მე მინახია.“ გარდა ამ ცენტრისა, თბილისში ათეულობით ასეთი საიდუმლო ორგანიზაციაა. ყველა მათგანს სუს-ი აკონტროლებს. ლ.ხ–ი: „შემოსავლის სახით, თვის ბოლოს დაახლოებით 60 მილიონი დოლარის აკუმულირება ხდება“. ასეთი კიბერდანაშაული გასულ თვეს გერმანელმა სპეცსამსახურებმა გახსნეს - საქართველოში მოქმედმა ჯგუფმა გერმანიის მოქალაქეები გაძარცვა. თუმცა, ეს მცირე ნაწილია, რა თანხასაც თბილისში ქოლცენტრები შოულობენ. თავად ქართველი სამართალდამცველები კი, ქვეყანაში მოქმედი ამ კომპანიებით არასოდეს დაინტერესებულან. მიზეზი მარტივია: ქოლცენტრს ვერ გახსნი თუ ფ–ძე- მ–ის ჯგუფთან ან სუს-ის ხელმძღვანელ ლ–თან შეთანხმებული არ ხარ. ლ.ხ–ი: „სუს-ის ხელმძღვანელი მარტო არ არის ამ ყველაფერში, საქმის კურსშია ბ.ი–იც. ასევე მსგავს ოფისებს ფლობს უ.მ–იც. ერთად ძარცვავენ და არიან საერთაშორისო თაღლითურ სქემაში მონაწილეები“.
8. მოპასუხე „მ.ა–ის“ მიერ 2021 წლის 12 დეკემბერს (12.06-12:11 საათზე) გამოქვეყნებულ იქნა სიუჟეტი შემდეგი შინაარსით:
ქოლცენტრების საქმიანობის მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების დანაზოგების თაღლითური გამოძალვაა. ამ ე.წ. ქოლცენტრებს საქართველოში უსაფრთხოების სამსახურები ეხმარებიან.
9. მოპასუხე შპს „მ.ა–ის“ მიერ 2021 წლის 13 დეკემბერს (10:09-10:10 საათზე) გამოქვეყნებულ იქნა სიუჟეტი შემდეგი შინაარსით:
ლ.ხ–ს ერთ საათში გ–ის უწყებაში ელოდებიან - როგორ მუშაობს ე.წ. ქოლცენტრები, თაღლითური სქემა, რომელშიც სუს-ი ოლიგარქის მარჯვენა ხელ უ.მ–თან ერთად არის ჩართული.
10. მოპასუხე „მ.ა–ის“ მიერ 2021 წლის 13 დეკემბერს, 11:12-11:15 გამოქვეყნებულ იქნა სიუჟეტი შემდეგი შინაარსით:
ნ.ქ–ძე (ჟურნალისტი): „ლ.ხ–ი მოვიდა ადგილზე და მან საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარიც გააკეთა საუბარი არის უ.მ–ის და სუს-ის მიერ ორგანიზებულ დაჯგუფებაზე, რომელშიც ლ.ხ–ის ინფორმაციით, ასეულობით ადამიანი არის ჩაბმული და სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით არის სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნილი ოფისები, საიდანაც ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების პირადი ანგარიშიდან თანხის თაღლითური გზით გამოძალვა. ლ.ხ–ი: „ჩემი ინფორმაციით ასეულობით ასეთი ოფისია გახსნილი, სადაც ძალიან მაღალი ანაზღაურება აქვთ რიგითი ქოლცენტრის თანამშრომლებსაც კი... იწყება 2000 დოლარიდან და მინიმუმ 5000 დოლარამდეც ადის. საუბარია 20 000-მდე საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობს ამ თაღლითურ სქემაში და მათ... და ამ ადამიანების ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ საერთაშორისო თაღლითურ დანაშაულში არიან ჩათრეულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის და უ.მ–ის მიერ.
11. მოპასუხის შპს „მ.ა–ის“ მიერ 2021 წლის 18 დეკემბერს (21:50 საათზე, ქრონომეტრაჟი - 11:46) გამოქვეყნებულ იქნა სიუჟეტი („მ. შ–ს“) შემდეგი შინაარსით: წყარო ადასტურებს, რომ თბილისსა და ბათუმში მოქმედი რამდენიმე ათეული თუ არა ასეული ქოლცენტრი სუს-ის მფარველობის ქვეშ ოპერირებს და მილიონობით დოლარს პარავს ამერიკელ, თუ ევროპელ მოქალაქეებს, მათ შორის, დიდი ნაწილი პენსიონერები არიან.....დანაშაულებრივი პირამიდის სათავეში კი უ.მ–ი, ოლიგარქთან დაახლოებული სხვა პირები და უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები დგანან. „შ.მ–ში“ გასული სკანდალური რეპორტაჟის პირველი ნაწილის შემდეგ, ჩვენ ორი სხვადასხვა ქოლცენტრის მოქმედი თანამშრომელი დაგვიკავშირდა და ანონიმურობის დაცვის პირობით ქოლცენტრების საქმიანობისა და მფარველების შესახებ დაფარული ინფორმაცია მოგვაწოდა. წყარო გვიყვება, რომ ქოლცენტრების მფარველობის ვერტიკალში, ე.წ. კრიშაში პოზიციებს და შესაბამისად, შემოსავალს მაღალჩინოსნებთან ერთად ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლებიც ინაწილებენ. გაძარცული უცხოელებისგან შემოდინებული ასობით ათასი დოლარის 5% პირდაპირ ი–ის დეიდაშვილს, უ.მ–ს ერიცხება, 2% ნაწილდება მოქმედ მაღალჩინოსნებზე და სპეცრაზმელებზე. ასევე, თანხის დიდი ნაწილი პირადად გ.ლ–ს ეკუთვნის. სუს-ი აკონტროლებს ყველას და ყველაფერს, დაწყებული ქოლცენტრების ოპერატორებით, დამთავრებული სხვა მაღალჩინოსნებით, რომლებსაც შესაძლოა, არასაჭირო ინფორმაცია ჰქონდეთ. ლ.ხ–ი: „ეს არის კიდევ ერთი ოფისი თავისუფლების მოედანზე, საიდანაც უცხოელ მოქალაქეებს ძარცვავენ. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას, მათ შორის, მივეცი რამდენიმე მისამართი. მათ შორის ვიყავი ადგილზე, სადაც ფაქტობრივად რეაგირება არ ჰქონიათ. ამის უკან, რა თქმა უნდა, დგას სუს-ის ხელმძღვანელი“.
12. მოპასუხე შპს „მ.ა–ის“ მიერ 2021 წლის 19 დეკემბერს (11:12-11:14 საათზე) გამოქვეყნებულ იქნა სიუჟეტი შემდეგი შინაარსით:
თბილისსა და ბათუმში მოქმედი რამდენიმე ათეული ე.წ ქოლცენტრი, რომელიც სუს-ის მფარველობის ქვეშ ოპერირებს და მილიონობით ლარს პარავს ევროპისა და აშშ-ის მოქალაქეებს. ლ.ხ–ი: „მილიარდობით დოლარს თაღლითურად ჰპარავენ საქართველოდან უცხოელ მოქალაქეებს და „ამ შავ ფულს“ ათეთრებენ საქართველოში. ამის უკან რა თქმა უნდა, დგას სუს-ის ხელმძღვანელი, ამის უკან დგას უ.მ–ი - ბ.ი–ის დეიდაშვილი. ამ ადამიანების გარეშე ეს თაღლითური სქემა რათქმა უნდა ვერ შედგებოდა. ფაქტია, რომ სახელმწიფოს ეს საქმე არ აინტერესებს. ერთი კვირის წინ კონკრეტულ ოფისს მივადექით და დღემდე ფაქტობრივად, საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა და მეტიც, შესაძლებლობას აძლევენ ამ ოფისის წარმომადგენლებს, რომ დაცალონ ოფისი, დანაშაულის ადგილი და მიიმალონ“.
13. მოპასუხე შპს „მ.ა–ის“ მიერ 2021 წლის 19 დეკემბერს, 18:20-18:22 საათზე გამოქვეყნებულ იქნა სიუჟეტი შემდეგი შინაარსით: ლ.ხ–ი: „მილიარდობით დოლარს თაღლითურად ჰპარავენ საქართველოდან უცხოელ მოქალაქეებს და ამ „შავ ფულს“ ათეთრებენ საქართველოში. ამის უკან, რა თქმა უნდა დგას სუს-ის ხელმძღვანელი, ამის უკან დგას უ.მ–ი - ბ.ი–ის დეიდაშვილი. ამ ადამიანების გარეშე ეს თაღლითური სქემა, რა თქმა უნდა, ვერ შედგებოდა“.
14. მოპასუხე შპს „ფ–ას“ მიერ 2021 წლის 28 ოქტომბერს (20:09 - 20:14 საათზე) გამოქვეყნებულ იქნა სიუჟეტი შემდეგი შინაარსით: მას შემდეგ, რაც „მ–მა“ გაავრცელა კონკრეტული სქემა, ჩვენ დამატებითი მონაცემებიც მოვიკვლიეთ და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის, თუ რა სქემით შოულობს ქ.ო–ა შავ ფულს და შემდგომ რაში ხარჯავს ამ ფულს. ამ დანაშაულს უწოდებენ ე.წ. არალიცენზირებულ „ფორექსს“, რომელშიც ჩართული არის ქ.ო–ა და მე წარმოგიდგენთ ახლა კონკრეტულ სქემას. ქვეყანაში მოქმედებს 300 ქოლ- ცენტრი, საქართველოში, რომელიც ამ საერთაშორისო დანაშაულებრივ სქემაში არის ჩართული. ამ ქოლ-ცენტრებში დასაქმებულია 30 000-მდე ადამიანი და ყოველთვიური მოგება დანაშაულებრივი გზებით შეადგენს 60 მილიონ აშშ დოლარს თვეში, რაც ნამდვილად მომხიბვლელი რიცხვია. ჩვენთვის, ფ–ასთვის ცნობილი ხდება, რომ ამ სქემაში ჩართული არის მთელი წყება ქ.ო–ის ლიდერებისა და ყველა გზა, რა თქმა უნდა, მიდის ბ.ი–ამდე. ამ თემით დაინტერესებული არის ბ. ლ–ი, სუსის მაღალჩინოსანი, ი. ღ–ი, პრემიერ მინისტრი, კ.კ–ძე, თბილისის მერი და მერობის კანდიდატი, ქ.ო–ის დეპუტატები, ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებსაც ხშირად ვხედავთ ჩართულს ქ.ო–ის აქტივობებში ძალადობის ფორმით და ოცნების ახალგაზრდული ფრთა, რომელიც კრიტიკულ მედიაზე თავდასხმით გამოირჩევა ხოლმე. მთავარი მოქმედი პირები ბ.ი–ის გარდა არიან უ.მ–ი და სუსი. გეტყვით რომ სუსის მაღალჩინოსანი გ.ლ–ი არის ჩართული პროცესში, შევასწორებთ მაყურებლისთვის, როცა წარმოვადგინეთ ჩვენს სლაიდზე ბ. ლ–ი, ეს იყო შეცდომა, სუსის მაღალჩინოსანი და ხელმძღვანელი არის გ. ლ–ი, რომელიც ბ–ი–თან ერთად კურირებს ამ დანაშაულებრივ სქემას.
15. ტელეკომპანია „მ.ა–ის“ მიერ, 2021 წლის 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სიუჟეტში 23:21-23:38 საათზე, 2021 წლის 28 ოქტომბერს, გამოქვეყნებულ სიუჟეტში 12:24-12:29 საათზე, 2021 წლის 28 ოქტომბერს, გამოქვეყნებულ სიუჟეტში 15:53-15:57 საათზე, 2021 წლის 28 ოქტომბერს, გამოქვეყნებულ სიუჟეტში 21:11 საათზე, 2021 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სიუჟეტში 22:33-22:39 საათზე, 2021 წლის 11 დეკემბერს გამოქვეყნებულ სიუჟეტში („მ–ი შაბათს“) (21:41 საათზე, ქრონომეტრაჟი - 10:30), 2021 წლის 12 დეკემბერს გამოქვეყნებულ სიუჟეტში (12.06-12:11 საათზე), 2021 წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ სიუჟეტში (10:09-10:10 საათზე), 2021 წლის 13 დეკემბერს, გამოქვეყნებულ სიუჟეტში 11:12-11:15 სთ-ზე, 2021 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ სიუჟეტში (21:50 საათზე, ქრონომეტრაჟი - 11:46), 2021 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ სიუჟეტში (11:12-11:14 საათზე) და 2021 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ სიუჟეტში, (18:20-18:22 საათზე), გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გ.ლ–ი მფარველობს და არის მთავარი ფიგურა ე.წ. ფულის ქურდობის, მოპარვის პირამიდა “ქოლ ცენტრების“ საქმიანობაში; გ.ლ–ი მფარველობს თაღლითურ სქემებს, კრიმინალურ სქემებს და ფულის მოპარვის სქემებს (მოპასუხე ლ.ხ–ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია); გ.ლ–ი იყენებს იმ კლეპტოკრატიულ სქემებს, რაც რეალურად უზრუნველყოფს საარჩევნო პერიოდში შავი ფულის ორგანიზებას საარჩევნო მიზნებისთვის; გ.ლ–ის საშუალებით გროვდება შავი ფული შავი საქმეებისთვის; გ.ლ–ის უწყებას ჰყავს კონტროლზე აყვანილი თბილისში ყველაზე დიდი ქოლცენტრები; გ.ლ–ი სახელდება ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემის მთავარ მფარველად; გ.ლ–ი მფარველობს კიბერდანაშაულს; ქოლცენტრს ვერ გახსნი, თუ გ.ლ–თან შეთანხმებული არ ხარ; გაძარცვული უცხოელებისგან შემოდინებული თანხის დიდი ნაწილი პირადად გ.ლ–ს ეკუთვნის; გ.ლ–ის ხელმძღვანელობით მილიარდობით დოლარს თაღლითურად პარავენ საქართველოდან უცხოელ მოქალაქეებს და ამ “შავ ფულს“ ათეთრებენ საქართველოში (მოპასუხე ლ.ხ–ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია), წარმოადგენს ინფორმაციის შემცველ ფაქტს მოსარჩელე გ.ლ–ის მიმართ და შეიცავს მოსარჩელის შესახებ ცილისმწამებლურ ინფორმაციას. აღნიშნული სიუჟეტით შეილახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რითაც მას მიადგა მორალური ზიანი.
16. შპს „ფ–ას“ მიერ 2021 წლის 28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სიუჟეტში (20:09- 20:14 საათზე) გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გ.ლ–ი კურირებს დანაშაულებრივ სქემას, ე.წ. ქოლცენტრებს, რომლებიც უკავშირდებიან ადამიანებს უცხოეთში და მოტყუებით არიცხინებენ ფულს ქოლცენტრების ანგარიშზე; გ.ლ–ი დაინტერესებულია ან დაკავებულია ქოლცენტრების მეშვეობით შავი ფულის შოვნასა და დახარჯვაში და გ.ლ–ი ჩართულია ქ.ო–ის აქტივობებში ძალადობის ფორმით, წარმოადგენს ინფორმაციის შემცველ ფაქტს მოსარჩელე გ.ლ–ის მიმართ და შეიცავს მოსარჩელის შესახებ ცილისმწამებლურ ინფორმაციას. აღნიშნული სიუჟეტით შეილახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რითაც მას მიადგა მორალური ზიანი.
17. გ.ლ–ი არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს საჯარო პირს.
18. მოსარჩელე არ არის ნასამართლევი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენაში. მის მიმართ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი მათ შორის, არც გავრცელებულ სიუჟეტებში მითითებულ საკითხებთან/ქმედებებთან მიმართებით.
19. შპს “მ.ა–ი“ და შპს “ფ–ა“ არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, რომლებიც ახდენენ ყოველდღიური ახალი ამბების, სოციალურ- პოლიტიკური “თოქ შოუების”, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი გადაცემების, დოკუმენტური ფილმების ტრანსლირებას.
20. მოპასუხე ლ.ხ–ი არის საქართველოს პარლამენტის წევრი და წარმოადგენს საჯარო პირს.
21. სასარჩელო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოში გ.ლ–მა სარჩელი აღძრა მოპასუხეების, შპს „მ.ა–ის“, შპს „ფ–ასა“ და ლ.ხ–ის წინააღმდეგ შემდეგი სასარჩელი მოთხოვნებით:
21.1. მოპასუხე შპს “მ. ა–ს“ დაევალოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში, სამაუწყებლო კომპანია “მ.ა–ის“ მეშვეობით გამოაქვეყნოს/გაავრცელოს შემდეგი ინფორმაცია:
21.1.1. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გ.ლ–ი მფარველობს და არის მთავარი ფიგურა ე.წ. ფულის ქურდობის, მოპარვის პირამიდა “ქოლ ცენტრების“ საქმიანობაში;
21.1.2 სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გ.ლ–ი მფარველობს თაღლითურ სქემებს, კრიმინალურ სქემებს და ფულის მოპარვის სქემებს;
21.1.3. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გ.ლ–ი იყენებს იმ კლეპტოკრატიულ სქემებს, რაც რეალურად უზრუნველყოფს საარჩევნო პერიოდში შავი ფულის ორგანიზებას საარჩევნო მიზნებისთვის;
21.1.4. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გ.ლ–ის საშუალებით გროვდება შავი ფული შავი საქმეებისთვის;
21.1.5. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ქოლცენტრებიდან ამოღებული მილიონები შავი ფულის სახით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან სამეგრელოში მობილიზდება;
21.1.6. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გ.ლ–ის უწყებას ჰყავს კონტროლზე აყვანილი თბილისში ყველაზე დიდი ქოლცენტრები;
21.1.7. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გ.ლ–ი სახელდება ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემის მ– მფარველად;
21.1.8. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გ.ლ–ი მფარველობს კიბერდანაშაულს;
21.1.9. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ქოლცენტრს ვერ გახსნი, თუ გ.ლ–თან შეთანხმებული არ ხარ;
21.1.10. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გაძარცვული უცხოელებისგან შემოდინებული თანხის დიდი ნაწილი პირადად გ.ლ–ს ეკუთვნის;
21.1.11. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გ.ლ–ის ხელმძღვანელობით მილიარდობით დოლარს თაღლითურად პარავენ საქართველოდან უცხოელ მოქალაქეებს და ამ “შავ ფულს“ ათეთრებენ საქართველოში.
21.2. მოპასუხე ლ.ხ–ს დაევალოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში, სამაუწყებლო კომპანია “მ.ა–ის“ მეშვეობით გამოაქვეყნოს/გაავრცელოს შემდეგი ინფორმაცია:
21.2.1. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გ.ლ–ი მფარველობს თაღლითურ სქემებს, კრიმინალურ სქემებს და ფულის მოპარვის სქემებს;
21.2.2. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გ.ლ–ის ხელმძღვანელობით მილიარდობით დოლარს თაღლითურად პარავენ საქართველოდან უცხოელ მოქალაქეებს და ამ “შავ ფულს“ ათეთრებენ საქართველოში. (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა 2022 წლის 21 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:49:00 სთ).
21.3. მოპასუხე შპს “ფ–ას“ დაევალოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში, “ტვ. ფ–ას“ ეთერში გამოაქვეყნოს/გაავრცელოს შემდეგი ინფორმაცია:
21.3.1. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გ.ლ–ი კურირებს დანაშაულებრივ სქემას, ე.წ. ქოლცენტრებს, რომლებიც უკავშირდებიან ადამიანებს უცხოეთში და მოტყუებით არიცხინებენ ფულს ქოლცენტრების ანგარიშზე;
21.3.2. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გ.ლ–ი გახვეულია საერთაშორისო სკანდალში ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით;
21.3.3. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გ.ლ–ი დაინტერესებულია ან დაკავებულია ქოლცენტრების მეშვეობით შავი ფულის შოვნასა და დახარჯვაში;
21.3.4. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გ.ლ–ი ჩართულია ქ.ო–ის აქტივობებში ძალადობის ფორმით.
21.4. დაეკისროთ მოპასუხეებს: შპს მ– არხს, შპს “ფ–ას“ და ლ.ხ–ს, მოსარჩელე გ.ლ–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.
22. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
23. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით გ.ლ–ის სარჩელი შპს „მ.ა–ის“, ლ.ხ–ის და შპს „ფ–ას“ მიმართ, პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
23.1. დაევალა მოპასუხე შპს „მ– არხს“ სამაუწყებლო კომპანია „მ.ა–ის“ ეთერით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში გამოაქვეყნოს/გაავრცელოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ცილისწამებაა:
23.1.1. გ.ლ–ი მფარველობს და არის მთავარი ფიგურა ე.წ. ფულის ქურდობის, მოპარვის პირამიდა „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობაში.
23.1.2. გ.ლ–ი იყენებს იმ კლეპტოკრატიულ სქემებს, რაც რეალურად უზრუნველყოფს საარჩევნო პერიოდში „შავი ფულის“ ორგანიზებას საარჩევნო მიზნებისთვის.
23.1.3. გ.ლ–ის საშუალებით გროვდება „შავი ფული“ შავი საქმეებისთვის.
23.1.4. გ.ლ–ის უწყებას ჰყავს კონტროლზე აყვანილი თბილისში ყველაზე დიდი “ქოლ-ცენტრები’’.
23.1.5. გ.ლ–ი სახელდება ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემის მთავარ მფარველად.
23.1.6. გ.ლ–ი მფარველობს კიბერდანაშულს.
23.1.7. “ქოლ-ცენტრს’’ ვერ გახსნი თუ გ.ლ–თან შეთანხმებული არ ხარ.
23.1.8. გაძარცვული უცხოელებისგან შემოდინებული თანხის დიდი ნაწილი პირადად გ.ლ–ს ეკუთვნის.
23.2. დაევალა მოპასუხე ლ.ხ–ს სამაუწყებლო კომპანია „მ.ა–ის“ ეთერით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში გამოაქვეყნოს/გაავრცელოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ცილისწამებაა:
23.2.1. გ.ლ–ი მფარველობს თაღლითურ სქემებს, კრიმინალურ საქმეებს და ფულის მოპარვის სქემებს.
23.2.2. გ.ლ–ის ხელმძღვანელობით მილიარდობით დოლარს თაღლითურად პარავენ საქართველოდან უცხოელ მოქალაქეებს და ამ „შავ ფულს“ ათეთრებენ საქართველოში.
23.3. დაევალა მოპასუხე შპს „ფ–ას“ ტვ. „ფ–ას“ ეთერით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში გამოაქვეყნოს/გაავრცელოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ცილისწამებაა:
23.3.1. გ.ლ–ი კურირებს დანაშაულებრივ სქემას, ე.წ. “ქოლ-ცენტრებს’’, რომლებიც უკავშირდებიან ადამიანებს უცხოეთში და მოტყუებით არიცხინებენ ფულს ქოლცენტრების ანგარიშზე.
23.3.2. გ.ლ–ი დაინტერესებულია ან დაკავებულია “ქოლ-ცენტრების’’ მეშვეობით შავი ფულის შოვნასა და დახარჯვაში.
23.3.3. გ.ლ–ი ჩართულია „ქ.ო–ის“ აქტივობებში ძალადობის ფორმით.
24.ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - შპს „მ.ა–მა“, შპს „ფ–ამ“ და ლ.ხ–მა, რომელთაც მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
25.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ლ.ხ–ის, შპს „ფ–ასა“ და შპს „მ.ა–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.
25.2. თბილისის სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი. პალატამ დამხმარე ნორმებად გამოიყენა შემდეგი ნორმები: საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი, რომლის თანახმად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი, რომლის თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია; საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია; სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის თანახმად, თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის შეუფერხებლად გამოხატვის უფლება; თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი; ჟურნალისტური ეთიქის კოდექსის მე-3 მუხლი; მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-14 მუხლი, „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5 მუხლები, შესაბამისად, განსაზღვრა საქმის განხილვის ფარგლები შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით: სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების კანონიერება, კერძოდ, სხვადასხვა მოპასუხეთა საჯაროდ გავრცელებული განცხადებები, რომლებთან მიმართებითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, არის თუ არა მოსარჩელის სსკ-ის მე-18 მუხლით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. სხვაგვარად, წარმოადგენს თუ არა მოპასუხეთა გამონათქვამები ცილისწამებას (დიფამაციური შინაარსის განცხადებას), რომელმაც შელახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, მოპასუხეთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა აუცილებელია თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსარჩელის უფლებების დასაცავად.
25.3. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ სამართლებრივი ნიშნების კუმულაციურად არსებობის აუცილებლობაზე, რომელთა ერთობლიობაც გამოიწვევს სარჩელის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, პასუხი უნდა გაეცეს შემდეგი სახის კითხვებს: სადავო განცხადება წარმოადგენს აზრს თუ ფაქტს; არის თუ არა ის ცილისმწამებლური; ვის წარმოადგენენ ადრესატი და ადრესანტი (მაგალითად, არიან თუ არა პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები და ვრცელდება თუ არა მათზე სპეციალური მოწესრიგება); წარმოთქმული განცხადება თუ კი დადგინდება, რომ გაჟღერდა, როგორც ფაქტი, არის თუ არა არსებითად მცდარი უშუალოდ მოსარჩელის შესახებ; აღნიშნული განცხადება როგორ, რა სახით და სად გავრცელდა; მიაყენა თუ არა მისმა გავრცელებამ ზიანი (პატივის, ღირსებისა თუ საქმიანი რეპუტაციის კონტექსტში) ადრესატს; იყო თუ არა სახეზე ადრესანტის მიერ უხეში დაუდევრობის შემთხვევა ფაქტის გავრცელებისას; წინასწარ იცოდა თუ არა ადრესანტმა ფაქტის გავრცელებისას მისი სიმცდარის/სისწორის შესახებ, შეეცადა თუ არა რაციონალური შესაძლებლობების ფარგლებში გადაემოწმებინა გასაჟღერებელი ფაქტის უტყუარობა.
25.4. პირველ კითხვაზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე - ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან, როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალიბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (სუსგ №ას-1278-1298-2011, 20.02.2012წ; №ას-790-739-2017, 17.01.2018წ; №ას-928-868-2017,
17.01.2018წ.). სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (სუსგ №ას-1477-1489-2011, 03.04.2012წ; №ას-569-540- 2014, 11.03.2016წ; №ას-1366-2019, 06.04.2020წ.). აზრის თავისუფლების დაცვის სტანდარტის ხაზგასასმელად აღსანიშნავია, რომ თავის გადაწყვეტილებებში საქმეებზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“ (Lingens v. Austria (საჩივარი №9815/82), 08.07.1986წ., §46) და „ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ“ (Oberschlick v. Austria (საჩივარი №11662/85), 23.05.1991წ., §63) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირდეს, მაშინ, როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს, ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს, ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, (საჩივარი №19983/92), 24.02.1997წ., §42) (შდრ. სუსგ №ას-938-2020, 18.03.2021წ.). ფაქტის მტკიცებას ახასიათებს - მტკიცებულებით დადასტურებადი - ობიექტური კავშირი გამოთქმულსა და სინამდვილეს შორის, მაშინ, როდესაც, აზრის/მოსაზრების მაკვალიფიცირებელია პოზიციის ან რწმენის ელემენტი. ბერლინის უმაღლესმა სამხარეო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მოსარჩელის პიროვნების დამამცირებელი სუბიექტური ელემენტით დატვირთული კომენტარები მიიჩნია შეფასებად და განმარტა, რომ კომენტარების ფორმით გამოხატული ზიზღი და უპატივცემულობა, ვერც ერთად აღებული და ვერც ფაქტის შემცველი ე.წ. ფაქტობრივი ელემენტის მეშვეობით, ვერ შეფასდება ჭეშმარიტობის ან მცდარობის კრიტერიუმით (შდრ. ბერლინის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს 11.03.2020წ. გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში დიფამაციის თემაზე, №10 W 13/20, §22, იხ. ჟურნალში შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 11/2021, სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, გვ. 155, თამარ ერგემლიძის თარგმანი).(იხ. სუსგ საქმე №ას-989-2019, 28 ივნისი, 2022 წელი).
25.5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება, რომ შპს „მ.ა–ის“ მიერ პირდაპირ ეთერსა და ასევე კონკრეტულ სიუჟეტებში, კერძოდ, სიუჟეტში სახელწოდებით „შავი ფული ქ.ო–ის სალაროში“, ჟურნალისტის მიერ გაჟღერებულია სასარჩელო მოთხოვნის 1.1, 1.3, 1.4, 1.6 და 1.7. პუნქტებში მითითებული ინფორმაცია მტკიცებით ფორმაში. არცერთ ზემოაღნიშნულ ფრაზასთან მიმართებით, სიუჟეტში არ იკვეთება, რომ აღნიშნული წარმოადგენს ჟურნალისტის მოსაზრებას. ამასთან, აღნიშნული ფრაზები არ არის გამოთქმული განყენებულად, არამედ მოდის საერთო კონტექსტიდან, კერძოდ, თავად გადაცემა ეძღვნება აღნიშნულ თემებს. ნიშანდობლივია, რომ არცერთ ინფორმაციას, რაც გაჟღერებულ იქნა სატელევიზიო კომპანიის მიერ, არ ახლავს ჟურნალისტის მიერ შესაბამისი დასაბუთება ან მტკიცებულება, რაც მითითებული ინფორმაციის საფუძვლიანობას დაადასტურებდა.
25.6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს „მ.ა–ის“ მიერ სიუჟეტებში გაკეთებული განცხადებები მოცემულია მტკიცებით ფორმაში, სადაც მოსარჩელე დადანაშაულებულია ტრანსნაციონალური, ორგანიზებული დანაშაულის მფარველობაში და აღნიშნული სიუჟეტები არ შეიცავს რაიმე ისეთ ფრაზას ან კონტექსტს, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, რომ სადავო განცხადებები შეეფასებინა, როგორც მოპასუხის აზრი, შეფასება, კომენტარი და ა.შ.
25.7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის დასაბუთება და აღნიშნა, ტელეკომპანია „მ.ა–ის“ მიერ, პირდაპირ ეთერებსა და ასევე, კონკრეტულ სიუჟეტებში გაჟღერებულ სასარჩელო მოთხოვნის 1.8, 1.9 და 1.10 პუნქტებს, რომელთან დაკავშირებითაც, სიუჟეტების მიხედვით, ტელეკომპანია „მ.ა–ის“ ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ინფორმაციის გავრცელებისას ეყრდნობიან ანონიმურ წყაროს, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ არსებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, ტელევიზია ვალდებულია შესაბამისი მაღალი სტანდარტით დაასაბუთოს ინფორმაციის უტყუარობა ან მიუთითოს წყარო იმგვარად, რომ საზოგადოებისათვის ნათელი იყოს, რომ აღნიშნული წარმოადგენს არა ტელევიზიის სუბიექტურ აღქმას, არამედ ეყრდნობა კონკრეტულ მტკიცებულებებსა თუ რელევანტური ინფორმაციის წყაროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ტელევიზიის მხრიდან, მტკიცებით ფორმაში საუბარს ადასტურებს სიუჟეტში ჟურნალისტთა მიერ ინფორმაციის გადმოცემის ფორმა, სადაც ჟურნალისტი შესაბამის ფონს ჰქმნის მაყურებლის დასარწმუნებულად, სასარჩელო მოთხოვნის 1.8, 1.9. და 1.10 პუნქტებში მითითებული ინფორმაციის სისწორეში. მაგალითად, 2021 წლის 28 ოქტომბერს, 21:11 საათზე, „მ.ა–ის“ ჟურნალისტი, მ.ს–ი სიუჟეტში აღნიშნავს: „ხელისუფლებას განსაკუთრებული დისკომფორტი შეუქმნა იმისმა გამოაშკარავებამ, რომ სწორედ ევროპიდან მოპარული შავი ფულით ფინანსდება მათი წინასაარჩევნო კამპანია და ეს ფული ხმარდება ინდივიდუალური მაღალჩინოსნების გამდიდრებას. და მაინც რაში მდგომარეობს ეს სქემა?“. სასამართლო სხდომაზე მოწმემაც დაადასტურა, რომ სიუჟეტებში გავიდა მოსარჩელის მიმართ ბრალდებების შესახებ ინფორმაცია, ხოლო უშუალოდ მოსარჩელესთან, როგორც ფიზიკურ პირთან და არა როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან დაკავშირება სიუჟეტის გასვლამდე არ მოუხდენიათ.
25.8. დამატებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოპასუხეს არ მოეთხოვება მოსარჩელის დანაშაულებრივი ქმედებების დადასტურების იმგვარი მტკიცების სტანდარტი, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოსატანად და რა სტანდარტსაც უნდა პასუხობდეს პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს შეფასებული იმგვარად, რომ ჟურნალისტი გათავისუფლებულია ყოველგვარი მტკიცების ტვირთისგან მსგავსი მძიმე ბრალდებების გავრცელებისას. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე შპს „მ.ა–ს“ საქმეში არ წარმოუდგენია რაიმე ვალიდური მტკიცებულება, რაც მის მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. აპელანტი უთითებდა, რომ იგი დაეყრდნო ანონიმურ წყაროს, რომლის გამხელის ვალდებულებაც მას ვერ დაეკისრება. პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები არ გულისხმობს მოპასუხისთვის ანონიმური წყაროს გამხელის ვალდებულების დაკისრებას, თუმცა, თავის მხრივ, მოპასუხეს სხვა რაიმე ხელშესახები მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, რომ მან მიიღო შესაბამისი ზომები ანონიმური წყაროდან მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ან, თუნდაც, დაედასტურებინა ამ ანონიმური წყაროს რეალურად არსებობა, მისი იდენტიფიცირების გარეშე. მოცემულ მდგომარეობაში, საქმეში არანაირი რელევანტური მტკიცებულება არ მოიპოვება თუნდაც იმის დასადასტურდებლად, რომ ობიექტურად არსებობდა საფუძველი, რომ ჟურნალისტებს, მათ მიერ გავრცელებული დასკნები გაეკთებინათ და შექმნილიყო ეჭვი მოსარჩელის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. მხოლოდ ზეპირი მითითება ანონიმური წყაროს არსებობის თაობაზე, ვერ იქნება მიჩნეული საკმარისად მოპასუხის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისთვის.
25.9. პალატამ ასევე განმარტა, რომ მოპასუხე შპს „ფ–ას“ მიერ, 2021 წლის 28 ოქტომბერს, ტელევიზიით გამოქვეყნებულ სიუჟეტში, ჟურნალისტის მიერ გაჟღერებულია შპს “ფ–ასთან“ მიმართებაში სასარჩელო მოთხოვნის 1.1, 1.3. და 1.4. პუნქტებში მითითებული ინფორმაცია მტკიცებით ფორმაში, რომლითაც არცერთ ზემოაღნიშნულ ფრაზასთან მიმართებით, სიუჟეტში არ იკვეთება, რომ წარმოადგენს ჟურნალისტის მოსაზრებას. ამასთან, აღნიშნული ფრაზები, ისევე, როგორც ტელეკომპანია „მ.ა–ის“ სიუჟეტებში, არ არის გამოთქმული განყენებულად, არამედ შეესაბამება საერთო კონტექსტს, კერძოდ, თავად გადაცემა ეძღვნება ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემის თემას. ნიშანდობლივია, რომ არცერთ ინფორმაციას, რაც გაჟღერებულ იქნა სატელევიზიო კომპანიის მიერ, არ ახლავს ჟურნალისტის მიერ შესაბამისი დასაბუთება ან მტკიცებულება, რაც მითითებული ინფორმაციის საფუძვლიანობას დაადასტურებდა. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სიუჟეტში მოსარჩელე გ.ლ–ის ნაცვლად ნახსენებია ბ. ლ–ი, ხოლო სიუჟეტის ბოლოს, ჟურნალისტი აკეთებს განმარტებას, სადაც ცალსახად მიუთითებს, რომ აღნიშნული წარმოადგენდა ტექნიკურ შეცდომას და ყველგან, სადაც ხსენებულ იქნა ბ. ლ–ი, ნაგულისხმები იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გ.ლ–ი, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ყველა ის ფაქტის შემცველი განცხადება, რომელიც გაკეთებულია შპს “ფ–ას“ სატელევიზიო ეთერში, როგორც მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა „ლაივ რეჟიმის“ ფორმატში, მიმართული იყო უშუალოდ გ.ლ–ის მიმართ. რაც შეეხება აღნიშნული ფრაზების შინაარსობრივ მხარეს, ისევე, როგორც შპს “მ.ა–ის“ მიერ გაკეთებული ფაქტის შემცველი განცხადებებისას, განსახილველ შემთხვევაშიც, მითითებული ფრაზებით მოსარჩელე დადანაშაულებულია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის დანაშაულებრივი სქემის კურირებაში, შავი ფულის შოვნასა და ძალადობრივ აქტივობებში მონაწილეობაში და აღნიშნული არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით ან სანდო წყაროს ინფორმაციით.
25.10. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მითითება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საჯარო პირს, რომელსაც მაღალი თმენის ვალდებულება გააჩნია. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ვალდებულება არ არის უსაზღვრო, კერძოდ, საჯარო პირი არ არის ვალდებული, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ითმინოს მის მიმართ გაკეთებული ნებისმიერი სიმძიმის განცხადებები. ხსენებული გარემოება წარმოადგენს შეფასების საკითხს, კერძოდ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ექცევა თუ არა განცხადება საჯარო პირის თმენის ვალდებულების ფარგლებში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის №ას-1606- 2019 განჩინებაში განმარტებულია, რომ გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობასა და მის გამოკვეთილ პ–ს რეპუტაციის დაცულობასა და გარკვეულ სხვა უფლებებთან მიმართებაში, მით უფრო, როდესაც გამოთქმული პოზიცია პოლიტიკოსს ეხება, რომელიც თავის მხრივ, განსაკუთრებული თმენის ვალდებულებითაა შებოჭილი, მისთვის არასასურველი თუ უსიამოვნო განცხადებების მიმართ, თუმცა, გამოხატვის თავისუფლების დაცვის ფარგლებს გარეთაა, ისეთი განცხადებები, რომელიც შეეხება პოლიტიკოსის (საჯარო პირს) მიმართ გაჟღერებულ უსაფუძვლო და სერიოზულ ბრალდებებს.
25.11. საბოლოოდ, პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხეთა მიერ გაკეთებული განცხადებები განეკუთვნება ფაქტის კატეგორიას და ვერ იქნება გაზიარებული აპელანტების არგუმენტი, რომ მათ გამოთქმეს მოსაზრება მოსარჩელის სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით.
25.12. რაც შეეხება გავრცელებული ფაქტების უტყუარობასა და მათი სისწორის დასაბუთების მტკიცების ტვირთს, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული დასაბუთება. რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი მოსარჩელეს აკისრებს მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობის დადასტურების ვალდებულებას, თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქმეზე (McVicar v. UK.; Heinisch v. Germany.) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჟურნალისტია ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორე ანდა მის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში განხორციელებული ზომები ინფორმაციის გადასამოწმებლად. აღნიშნული კოლიზია სასამართლომ შემდეგი სახით გადაწყვიტა: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს, თუ რამდენად, განხორციელებადია მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორის მხრიდან, განსაკუთრებით უარყოფითი ფაქტის მტკიცების კონტექსტში და კანონის ინტერპრეტაციისას უნდა იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრაქტიკით. ამგვარი დასკვნის საფუძველია პრაქტიკაში არსებული სირთულე იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდვის ინიციატორმა უნდა ამტკიცოს, რომ ...მას დანაშაული არ ჩაუდენია და ა.შ. ამავდროულად, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს... ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ამიტომ ნაციონალურ კანონმდებლობაში არსებული მტკიცების ტვირთის გადაკისრების შესაბამისი სახის ჩანაწერი იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რელევანტურია კანონის ნორმის პრეცედენტისეული განმარტება, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა უნდა ადასტუროს გავრცელებული ინფორმაციის სისწორე ანდა მის მიერ მიღებული გონივრული ზომები ინფორმაციის გადამოწმების თაობაზე (იხ. „კერძო სამართლის აქტუალური საკითები“, დიფამაცია, ავტორი ქეთევან მესხიშვილი, 2020 წელი.).
25.13. სააპელაციო პალატამ გამოიყენა ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსის მე-3 და მე-6.2 მუხლები, ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი, მე-4; მე-18 მუხლის მე-2 და მე-20 მუხლის მე-8 პუნქტები, რომელთა საფუძველზეც განმარტა, ჟურნალისტმა არ უნდა დამალოს არსებითი ინფორმაცია ან გააყალბოს დოკუმენტები. ჟურნალისტმა თავი უნდა აარიდოს ინფორმაციის, სიახლეებისა და ფოტოსურათების უკანონო გზით მოპოვებას, გაუმართლებელია სისხლის სამართლის ძებნასთან, გამოძიებასთან ან სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ რეპორტაჟში ტენდენციური სახის კომენტარისა თუ შეფასების კეთება. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი პირი არ შეიძლება დამნაშავედ იქნას წარმოდგენილი მანამ, ვიდრე მის მიერ დანაშულის ჩადენა არ დამტკიცდება კანონით გათვალისწინებული წესით და არ დადგინდება კანონიერ ძალაში შესული, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ასევე, აღნიშნა, რომ პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს.
25.14. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც (2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1011-972-2016), რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც ავტორი ირწმუნება, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა, ამ ფაქტების ჭეშმარიტების დადასტურება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენითაა შესაძლებელი. ევროსასამართლოს განმარტებითაც, რამდენადაც სერიოზულია ბრალდება, იმდენად სერიოზული უნდა იყოს ფაქტობრივი საფუძველი (Abeberry v France). შეუძლებელია, თუნდაც სამოქალაქო საქმეზე, პირს იმის მტკიცება მოეთხოვებოდეს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და, ამდენად, ამ ინფორმაციის შემცველი განცხადება ცილისმწამებლურია. ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმპციას. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი არ არის შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან მოსარჩელეთა კავშირს დაადასტურებდა. ასეც რომ იყოს, აღნიშნული დასტური იქნებოდა იმისა, რომ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დადასტურდებოდა მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს ან, თუნდაც, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი, საკმარისია შეფასების გასაკეთებლად, რომ მოსარჩელემ დაძლია სპეციალური კანონით დადგენილი მტკიცების ტვირთი, რაც სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოების (გავრცელებული განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს) დადასტურებულად მიჩნევის შესაძლებლობას იძლევა.
25.15. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, გარდა იმისა, რომ შესაძლო დანაშაულზე ინფორმაციის გავრცელებისას არსებობს მაღალი მტკიცების სტანდარტი, შეფასების საგანს წარმოადგენს ჟურნალისტის მხრიდან მიღებული ინფორმაცის გადასამოწმებლად განხორციელებული ქმედებები. მცდარი ფაქტის გავრცელება ყოველთვის არ წარმოადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რა ზომები მიიღო და რა ღონისძიებები გაატარა ჟურნალისტმა, როდესაც ფაქტს ავრცელებდა. მან თუ ჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობანი და პასუხისმგებლობა ინფორმაციის გადამოწმებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა არ ეკისრება. თუმცა, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები სწორედ ინფორმაციის გამავრცელებელმა უნდა წარმოადგინოს (იხ. თბილისის სააპელაციო ასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/1713-15). ჟურნალისტები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუკი დაამტკიცებენ რომ ინფორმაცია ოფიციალური წყაროდან მიიღეს, ჟურნალისტი დარწმუნებული იყო გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში, ჟურნალისტმა გონივრულ ფარგლებში გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტება. სხვა შემთხვევაში, ასევე უნდა დაადასტუროს ინფორმაციის გადამოწმება რა დაუძლეველ სირთულეებთან იყო დაკავშირებული (ბლეიდი ტრომსო და სტენსაასი ნორვეგიის წინააღმდეგ). ჟურნალისტების „მოვალეობები და პასუხისმგებლობების“ წარმოშობა გამოწვეულია იმ საფუძვლით, რომ გამოხატვის თავისუფლების საპირწონედ დაცული იყოს კერძო და საჯარო პირების პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. (იხ. Von Hannover v Germany).
25.16. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ვინაიდან სადავო სიუჟეტებში ადგილი აქვს მოსარჩელის მიმართ გამოთქმულ სერიოზულ ბრალდებებს, მტკიცების ტვირთი ინფორმაციის მიმღები წყაროს ნამდვილობაზე და გონივრულობის სტანდარტის შესაბამისად, რა ღონისძიებები მოიმოქმედეს მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოპასუხეებზე ვრცელდება. ასევე, საჯარო პირის დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებისას ჟურნალისტს არ მოეთხოვება უტყუარი და სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოსატანად დადგენილი მტკიცებითი სტანდარტის დაცვა, თუმცა ჟურნალისტმა უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, მოპოვებული ინფორმაციის სისწორის გადასამოწმებლად და შექმნას ის მოცემულობა, რომ, მიუხედავად სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის არარსებობისა, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი მოცემულობა იძლეოდა ჟურნალისტის მიერ გაკეთებული დასკვნების შესაძლებლობას. დამატებით, მოპასუხეთა მხრიდან სადავო განცხადებები გავრცელებულია მტკიცებით ფორმაში, კერძოდ, ფაქტების სახით და, ამასთან, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები პასუხისმგებელ სუბიექტთა მხრიდან (ჟურნალისტის/გადაცემის წამყვანის/განცხადების ავტორის/ მაუწყებლის) ინფორმაციის გადამოწმების ან გადამოწმების შეუძლებლობის ან მისი სწრაფად გავრცელების გარდაუვალობასთან დაკავშირებით. არ არის წარმოდგენილი რა ზომებია მიღებული, რა ღონისძიებებია გატარებული სადავო ფაქტების გავრცელებამდე. მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები სწორედ ინფორმაციის გამავრცელებელმა უნდა წარმოადგინოს, რაც მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო. მოპასუხეთა არგუმენტაცია გავრცელებული ინფორმაციის სისწორესთან მიმართებით ემყარებოდა მხოლოდ ანონიმურ წყაროებს, რომელთა არსებობაც (იდენტიფიცირების გარეშე) დადასტურებული არ არის. შესაბამისად, მიღებულია ის მოცემულობა, რომ ჟურნალისტებმა მოსარჩელეს საჯაროდ, მტკიცებით ფორმაში, ბრალი დასდეს მძიმე დანაშაულის ჩადენაში ისე, რომ არ არსებობდა რაიმე ხელშესახები მტკიცებულება ან ფაქტობრივი მოცემულობა, რაც ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს შექმნიდა.
25.17. პალატის შეფასებით, სადავო ინფორმაცია, მთლიანად სიუჟეტები, მასში გამოთქმული სიტყვები და წინადადებები ჯამში იყო ნეგატიური. გაჟღერდა დაუსაბუთებელი სერიოზული ბრალდებები. სიუჟეტებში წამყვანები საუბრობდნენ თვითონ, დარწმუნებული იყვნენ გადმოცემული ფაქტების ნამდვილობაში, არ დაუსახელებიათ ინფორმაციის წყარო, არ მიუღიათ ინფორმაცია ოფიციალური წყაროდან, არ შეუჯერებიათ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროსთან. გასათვალისწინებელია, რომ საშუალება არ მისცეს პირს, რომლის წინააღმდეგაც ამზადებდნენ სიუჟეტებს გაეკეთებინა კომენტარი, მიზეზად დაასახელეს, რომ მოსარჩელე კომენტარს არასდროს იძლეოდა, თუმცა მისთვის მიმართვის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, ამდენად, არ იყო გათვალისწინებული თავად მოსარჩელის პოზიცია. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა პირის კანონიერი ინტერესის მიზანმიმართული დაზიანება, მთლიანი სიუჟეტები მისაღები კრიტიკის ფარგლებსა და ინფორმირების უფლებას სცილდება და მოსარჩელის პირად უფლებებზე თავდასხმას წარმოადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ შპს „მ.ა–მა“ და შპს „ფ–ამ“ ვერ ზიდეს მათი მტკიცების ტვირთი, მიუთითეს რა, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის უფლება არ ჰქონდათ, ამასთან, მოპასუხეებმა არ მიიღეს არანაირი ზომები იმისათვის, რომ აღნიშნული ინფორმაცია რაიმე ფორმით გადაემოწმებინათ.
25.18. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრის, ლ.ხ–ის მიმართ არსებულ სასარჩელო მოთხოვნებს, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო სიუჟეტების მიმდინარეობისას, რესპოდენტების მიერ მიცემული კომენტარები მთლიანად მორგებული იყო საერთო პათოსს და ქმნიდა ერთიან ნეგატიურ სურათს მოსარჩელის ქმედებების მიმართ. ერთ-ერთ ასეთ რესპოდენტს წარმოადგენდა მოპასუხე ლ.ხ–იც, რომელმაც შპს „მ.ა–ის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტებში მიუთითა, რომ გ.ლ–ი მფარველობს თაღლითურ სქემებს, კრიმინალურ სქემებს და ფულის მოპარვის სქემებს, გ.ლ–ის ხელმძღვანელობით მილიარდობით დოლარს თაღლითურად პარავენ საქართველოდან უცხოელ მოქალაქეებს და ამ „შავ ფულს“ ათეთრებენ საქართველოში. მოპასუხე ლ.ხ–ს სადავოდ არ გაუხდია, რომ მან აღნიშნული განცხადებები გააკეთა საჯაროდ, შპს ,,მ.ა–ის“ ეთერით, თუმცა აღნიშნა, რომ იგი წარმოდგენს პოლიტიკური თანამდებობის პირს, საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელმაც პოლიტიკური დებატების ფარგლებში, ასევე თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გააკეთა სადავო განცხადებები, ეს არის მისი აზრი, რომელსაც ვერავინ შეაცვლევინებს და უსაფუძვლოა მისთვის მისი გამოხატული პოზიციის გამო პასუხისმგებლობის დაკისრება.
25.19. სააპელაციო პალატის მითითებით, პოლიტიკური თანამდებობის პირი, ლ.ხ–ი, საჯარო პირის მისამართით, ტელევიზიის მეშვეობით, ღიად აცხადებს, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, დანაშაული, რაც გამოიხატა მოსარჩელის მხრიდან თაღლითობასა და „შავი ფულის“ გათეთრებაში. მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადებების გაცნობის შედეგად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ განცხადებები გაკეთებულია მტკიცებით ფორმაში, წარმოადგენს ერთიან კონტექსტში მოსარჩელის დანაშაულებრივი ქმედებების მტკიცებას და, შესაბამისად, სცილდება აზრის დეფინიციის ფარგლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ მის მიერ გაკეთებული სადავო განცხადებები წარმოადგენდა აზრის დაფიქსირებას. დამატებით, შპს „მ.ა–ისა“ და შპს „ფ–ას“ მსგავსად, ლ.ხ–საც არც განცხადებების გავრცელებისას და არც წინამდებარე საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება ან ფაქტობრივი მოცემულობა, რაც მის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძვლიანობაში დაარწმუნებდა სასამართლოს. დადგენილია, რომ იმ დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე, რაზეც მიუთითებენ მოპასუხეები, მათ შორის, ლ.ხ–ი, მოსარჩელე გ.ლ–ი მსჯავრდებული არ არის და არც გამოძიება მიმდინარეობს მის მიმართ. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების სისწორე დადასტურებული არ არის, რაც იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ აპელანტის მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს ცილისწამებას.
25.20. პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად მოპასუხე მიუთითებს მის სტატუსზე, როგორც პარლამენტის წევრზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აღნიშნული დასაბუთება და მსჯელობა განავითარა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია პოლიტიკური დებატების ფარგლებში, აგრეთვე პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. პალატამ მიუთითა, რომ ლ.ხ–ი წარმოადგენს პარლამენტის წევრს, შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმის მიზნებისთვის, შესაფასებელია, თუ რამდენად წარმოადგენდა გავრცელებული განცხადებები პარლამენტის წევრის მიერ მისი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას. მაღალი თანამდებობის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე ინფორმაციის არსებობისას, პარლამენტის წევრს აქვს შესაძლებლობა მიმართოს მისთვის მინიჭებულ სხვადასხვა უფლებამოსილებებს და კანონის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობაზე. პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებას, რომ იმისათვის, რომ დადგინდეს პირის ბრალეულობა ჩადენილ ქმედებაში, აუცილებელია მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყება. გამოძიების დაწყების ერთ-ერთ წინაპირობას კი წარმოადგენს საგამოძიებო ორგანოებისთვის მიმართვა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ლ.ხ–ს, როგორც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, შესაბამისი წესისა და პროცედურის დაცვით შეეძლო მიემართა საგამოძიებო ორგანოებისათვის დანაშაულის ფაქტის შესახებ ინფორმაციის ფლობისას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ლ.ხ–ის მიერ გაკეთებული განცხადება არ ემსახურებოდა იმ კონკრეტულ მიზანს, რასაც ასეთ შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს პირის ან პირთა ჯგუფის დანაშაულში მხილება, პირის ხელთ არსებული მტკიცებულებების საგამოძიებო ორგანოებისათვის მიწოდება. მოპასუხის განცხადებას არ გააჩნდა საზოგადოებისათვის ღირებულების მომტანი, საჯარო დისკუსიაში წვლილის შემტანი ან სხვა მსგავსი მიზანი, ვინაიდან მოპასუხეს არ განუხორციელებია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები ფაქტზე რეაგირებისთვის და არც რაიმე ობიექტური მტკიცებულება წარმოუდგენია, რასაც ემყარებოდა მისი განცხადებები. სასამართლო თვლის, რომ გაკეთებულმა განცხადებებმა, ამ მიზნების არარსებობის პირობებში, გამოიწვია მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა, მით უფრო, როცა მოსარჩელე წარმოადგენს ისეთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია საზოგადოების თვალში პატიოსანი რეპუტაცია. შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, პირის დანაშაულის ჩადენაში პირდაპირი დადანაშაულება წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ ცილისწამებას, რის შედეგადაც მოსარჩელეს ცალსახად მიადგა მორალური ზიანი. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ, ასეთ შემთხვევებში, მოპასუხე ლ.ხ–ს თავისუფალი მანდატი და მაღალი პოლიტიკური თანამდებობა არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან მის მიერ გაკეთებული განცხადებები მოსარჩელის მიმართ შეიცავდა აშკარა ცილისწამებას, ამასთან, აღნიშნული განცხადებები არ გაკეთებულა მისი, როგორც პარლამენტის, წევრის მოვალეობის შესრულების დროს.
25.26. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პოლიტიკური დებატი წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების აუცილებელ შემადგენელ ელემენტს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე განსხვავებულ მოსაზრებათა დაფიქსირების პლატფორმას, მის ფარგლებში გამოხატული აზრი, თუ განცხადება პრივილეგირებულად არის დაცული აზრისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, რასაც ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა და შიდასაკანონმდებლო დონეზე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული რეგულირება. მოპასუხეთა მხრიდან გავრცელებულ სიუჟეტებსა და განცხადებებში წარმოდგენილია არა მოსაზრებები, არამედ ფაქტის სახით გადმოცემულია მოსარჩელე გ.ლ–ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა დამადასტურებელი რაიმე ვალიდური მტკიცებულება არც საქმეშია წარმოდგენილი და არც მოპასუხეებს დაუსახელებიათ. როგორც ზემოთ იქნა დადგენილი, მოპასუხეთა მიერ გავრცელებული განცხადებები წარმოადგს ცილისწამებას მოსარჩელის მიმართ, რომელსაც მოჰყვა მისი ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეებს მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად არ ჰქონიათ კომუნიკაცია მოსარჩელესთან, რომლსაც უშუალოდ სდებენ ბრალს მძიმე დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო განცხადებები გაკეთებულია არა დისკუსიის ფარგლებში, არამედ მათ ჰქონდათ ცალმხრივი, მოსარჩელის პოზიციის მიღების მცდელობის გარეშე, მოსარჩელის მძიმე დანაშაულის ჩადენაში დადანაშაულების ფორმა, რაც ვერ იქნება განხილული პოლიტიკური დებატის ფარგლებში გამოთქმულ პოზიციად.
25.27. რაც შეეხება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაყენებულ შუამდგომლობებს, პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხეთა მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები არ ჯდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის არცერთ საგამონიკლასო შემთხვევაში, კერძოდ, სახეზე არ გვაქვს პოლიტიკური დებატების ფარგლებში და არც პარლამენტის წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციები. შესაბამისად, არ არსებობს მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მოპასუხეთა მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ამდენად, შპს „ფ–ასა“ და შპს „მ. ა–ს“ უარი უნდა ეთქვათ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული საფუძვლითვე სამივე აპელანტს უნდა ეთქვას უარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დაყენებული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე.
26. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ფ–ამ“, შპს „მ.ა–მა“ და ლ.ხ–მა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის საკმაყოფილებაზე უარის თქმა.
27. შპს “მ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი:
შპს “მ.ა–ი“ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ „მ.ა–ის“ ეთერში გასული სიუჟეტები არ შეიცავდა არსებითად მცდარ ინფორმაციას. მოსარჩელე თავად ადასტურებს, რომ არის საჯარო პირი ე.ი. მას გააჩნია თმენის უფრო მაღალი ვალდებულება. არხს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული ტექსტის „მ.ა–ის“ ეთერით გავრცელების ვალდებულება არ გააჩნია, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა არის ცენზურის მოთხოვნა. მოსარჩელის შესახებ არხის ეთერით გავრცელებული განცხადებები არ ყოფილა ცილისმწამებლური შინაარსის, ისინი არ შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტებს, ეთერში გასული მასალები მოპოვებული იქნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, ეს ფაქტები გამყარებული იყო სათანადო მტკიცებულებებით, მათ შორის, დოკუმენტური მასალითა და მოწმეთა/რესპოდენტების ჩვენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა. კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს, რომ მოპასუხემ გაავრცელა სადავო განცხადება, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს, არის არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და ლახავს მოსარჩელის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას, ასევევე, გამავრცელებლისთვის ფაქტების მცდარობის შესახებ უნდა გამოიჩინოს აშკარა და უხეში გაუფრთხილებლობა მათი გასაჯაროვებისას. აღნიშნულ ვალდებულებას მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი, თუმცა სააპელაციო პალატამ არასწორად გადააკისრა ფაქტების სინამდვილის დადასტურების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს, რაც ეწინააღმდეგება შეჯიბრებით პროცესს. კასატორის მოსაზრებით, მის ეთერში გავრცელებული განცხადება არ წარმოადგენს ცილისწამებას, არამედ ესაა მოსაზრებები და სავარაუდო დაშვებები. რაც შეეხება ჟურნალისტურ კეთილსინდისიერებას, კასატორი აღნიშნავს, რომ ნაბ გადაცემის სხვა ფორმატიდან გამომდინარე, მაყურებელს შესთავაზა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომენტარი, ამდენად, მაყურებლისთვის ცნობილი იყო უწყების პოზიცია, რომელსაც ხელმძღვანელობს მოსარჩელე. კასატორის მოსაზრებით, დაუშვებელია სააპელაციო პალატის ის დასაბუთება, რომლის საფუძველზეც ირიბად ხდება მოპასუხის დავალდებულება დაასახელოს კონფიდენციალური წყარო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საკითხი კვალიფიცირდება, როგორც დაუსაბუთებელი ფაქტის გაჟღერება, ანუ ცილისწამება, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება ჟურნალისტის პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც, კონფიდენციალური წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. დამატებით, კასატორი მიუთითებს, რომ საქმის წარმოება შესაწყვეტია, რადგან განცხადებები გაკეთებული იყო პოლიტიკური დებატების ფარგლებში.
28. შპს “ფ–ას“ საკასაციო საჩივარი:
შპს “ფ–ამ“ აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა სპეციალური რეპორტაჟის მომზადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ე.წ. მ–ი საინფორმაციო გამოშვების მიმდინარეობისას, ჟურნალისტი ჩაერთო „ლაივ“ რეჟიმში და ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში გადმოსცა, მისი სამსახურეობრივი მოვალეობის ფარგლებში ის ინფორმაცია, რომელიც არსებობდა მის ხელთ. საზოგადოების ყურადღება მიიპყრო სხვა მედია საშუალებაში გადმოცემულმა ინფორმაციამ, რის გამოც გაჩნდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მაუწყებელმა შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების თვალსაზრისით. პირდაპირი ჩართვის დროს, ჟურნალისტს არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ გაავრცელოს რამდენიმე წყაროსგან დადასტურებული ინფორმაცია ან მისცეს მეორე მხარეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. ამასთან, მოსარჩელე წარმოადგენს საჯარო პირს და მას გააჩნია მაღალი თმენის ვალდებულება. ასევე, ვერ დგინდება, რომ ადგილი აქვს მოსარჩელის ცილისწამებას, გამომდინარე იქედან, რომ უშუალოდ მოსარჩელის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების არსებობა არ დასტურდება, რადგანაც მოცემული ჩართვა არ არის მიმართული უშუალოდ მოსარჩელე მხარის მიმართ და შესაბამისად, აღნიშნული განცხადების საფუძველზე მას ვერ შეელახებოდა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა. კასატორის მოსაზრებით, კითხვის ნიშნის ქვეშაა ის გარემოებაც, თუ რამდენად იყო კონკრეტული საეთერო პირდაპირი ჩართვა უშუალოდ მოსარჩელის წინააღმდეგ მიმართული. ამ კუთხით, კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნული ჩართვა არ მიემართებოდა უშუალოდ მოსარჩელეს. ასევე, აუცილებელია შეფასდეს აღნიშნული ჩართვის მთავარი მიზანი და შინაარსი. ამ მხრივ, კასატორი მიუთითებს, რომ ეთერი წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, ეს იყო იმ წუთიერი საზოგადოებრივი აქტუალურობის გამოხატულება, რომლის მიზანიც იყო ზოგადად სისტემის არა ვინმე კონკრეტული პირის მხილება სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაში, შესაბამისად, მას არ ჰქონდა ცილისმწამებლური არც ხასიათი და არც მიზანი. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ აღნიშნული სიუჟეტი ეხებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინსტიტუციურ ვალდებულებებსა და სავარაუდო დანაშაულებს, მოსარჩელის ხსენება კი გამოიწვია მარტოოდენ იმ ფაქტმა, რომ მოსარჩელე აღნიშნულ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, შესაბამისად, გაკეთებული განცხადებები ეხება არა კონკრეტულად ერთ, არამედ პირთა განუსაზღვრელ წრეს. კასატორი მიუთითებს, რომ გადაცემა მიმართული იყო სახელმწიფო ინსტიტუტზე, თუმცა მოსარჩელის სახელი გაჟღერებულ იქნა მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ინსტიტუტის ურთიერთმონაცვლე სიტყვად და მისი სახელი მხოლოდ იმიტომ იქნა ნახსენები, რომ ის აღნიშნული ინსტიტუტის ხელმძღვანელია. ასევე, კასატორის მოსაზრებით, არასწორია მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადაკისრება ამტიკოს მის მიერ ავრცელებული განცხადების სისწორე, მაშინ, როდესაც აღნიშნული ვალდებულება მოსარჩელეს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, დამატებით აღნიშნავს, რომ თუ კი მოსარჩელეს არ მოეთხოვება მისი უდანაშაულობის დამტკიცება, ამავდროულად შეუძლებელია ჟურნალისტს მოეთხოვოს დანაშაულის არსებობის დამტკიცება, რაც ცალსახად საპროკურორო საქმიანობას წარმოადგენს და არა ჟურნალისტურს. ამ უკანასკნელის ვალდებულებაა გაავრცელოს ფაქტებზე დაფუძნებული მოსაზრებები და ინფორმაცია, რამაც საგამოძიებო ორგანოებს მისცეს ბიძგი შესაბამისი ქმედებების განროხციელებისთვის. კასატორი არ ეთანხმება სასააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ შპს „ფ–ას“ ჟურნალისტმა გადაუმოწმებელი ცნობები გაავრცელა პირდაპირი ეთერის დროს. კასატორი მიუთითებს, რომ ჟურნალისტს არ ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა პირდაპირ ეთერთი გადაემოწმებინა მის მერ გავრცელებული ინფორმაცია, რის გამოც მანვე აღნიშნა, რომ მიმართა ყველა შესაძლო ზომას, იმისთვის, შეზღუდული დროის მიუხედავად მაინც მიეწოდებინა საზოგადოებისთვის გადამოწმებული ინფრომაცია, რასაც შემდგომში მოყვებოდა საქმის გარემოებების უფრო დეტალური შესწავლა. ასეთი ქმედება კასატორის მოსაზრებით მიანიშნებს ჟურნალისტის კეთილსინდისიერებაზე, რაც გამორიცხავს საწარმოს პასუხისგებაში მიცემას. დამატებით, კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნული ეთერის მიზანი იყო არა ვინმეზე შურისძიება, არამედ საზოგადოებისათვის ცრუ ბრალდებებზე, რომელიც შპს „ფ–ას“ მიემართებოდა, პასუხის გაცემა. ასევე, ჟურნალისტი აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის მიმართ ტელეკომპანია აპირებს მუშაობის გაგრძელებას და დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროვებას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული სიტყვა არ იყო მტკიცებითი ფორმის, ფაქტობრივი გარემოებების ცილისმწამებლური შინაარსის მქონე განცხადებები. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ ჟურნალისტის განცხადება იყო მოსაზრება და შეფასებები, რომ მისი გაცხადების მიზანი არ ყოფილა პირადი თავდასხმა, ასევე მტკიცების ტვირთი არ უნდა გადააკისროს მოპასუხე მხარეზე, რადგან ამ უკანასკნელს არ მოეთხოვება საპროკურორო ფუნქციების შეთავსება. კასატორის მოსაზრებით, ასევე არ დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტიც. აღნიშნული ნიშნის დასაბუთება ევალებოდა მოსარჩელეს, რომელსაც ვერ გაართვა თავი. დამატებით, კასატორი მიუთითებს, რომ საქმის წარმოება შესაწყვეტია, რადგან განცხადებები გაკეთებული იყო პოლიტიკური დებატების ფარგლებში.
29. ლ.ხ–ის საკასაციო საჩივარი:
მოპასუხე ლ.ხ–ი მიუთითებს, რომ მან განაცხადა ხსენებული დანაშაულებრივი სქემის და მასში გ.ლ–ის მხრიდან მონაწილეობის შესახებ, რომ ეს საკითხი იყო გადამოწმების საგანი და აღნიშნულ საკითხზე ითხოვდა გამოძიების დაწყებას. მოპასუხემ წამოჭრა საკითხი, დისკუსიის თემა, გამოთქვა აზრი, ისაუბრა ფაქტების შესახებ, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს, ხსენებული კი ვერ შებღალავს მოსარჩელის რეპუტაციას. მოპასუხის განცხადებები თავისი შინაარსით წარმოადგენს აზრს, მოვლენების და გარემოებების სუბიექტურ აღქმას, რომელიც ვერ იქნება შეფასებული, როგორც ცილისწამება. ამასთან, აღნიშნული მოპასუხის განცხადებით მოსარჩელეს ზიანი არ მიდგომია. გარდა ამისა, მოპასუხე უთითებს, რომ იგი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, საქართველოს პარლამენტის წევრი და უფლება აქვს პოლიტიკური დებატების კონტექსტში ღიად დააფიქსიროს აზრი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა. კასატორის მოსაზრებით, მის მიმართ საქმის წარმოება შესაწყვეტია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის თანახმად, რადგან ის არის პარლამენტის წევრი, მისი გამონათქვამები ექცევა პოლიტიკური დებატების ფარგლებში, რაც პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებაა. დამატებით, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, რადგან მან ნამდვილად მიმართა საგამოძიებო ორგანოებს შესაბამისი მოქმედებების განხორციელების მიზნით, რაც პირიქით იქნა დადგენილი სააპელაციო პალატის მიერ. დამატებით, კასატორი უთითებს, რომ მართალია, სააპელაციო პალატამ იმსჯელა მის, როგორც რესპოდენტის პერსონალურ პასუხისმგებლობაზე, თუმცა მაინც დაადგინა როგორც ფიზიკური პირის, ისე მედიასაშუალების სოლიდარული პასუხისმგებლობა, რაც დაუსაბუთებელია. ასევე, კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სახეზეა ლ.ხ–ის მიერ გამოხატული არსებითად დაუდასტურებელი ფაქტების სხვა პირზე გავრცელება, რაც ცალსახად მიანიშნებს მის ცილისმწამებლურ კვალიფიკაციაზე, თუმცა, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი, რომლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, რომლითაც მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი. შესაბამისად, ნორმა იქნება დაკმაყოფილებული იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე კუმულაციურად დაასაბუთებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ, რომ მისი გავრცელებით ზიანი მიადგა მოსარჩელეს და რომ მცდარი ფაქტის შესახებ წინასწარ იცოდა მოპასუხემ. აღნიშნული წინაპირობების დასაბუთების მტკიცების ტვირთი ვერ ზიდა მოსარჩელე მხარემ, რაც ცალსახად მიანიშნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაზე. თავის მხრივ, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სამსახურეობრივი ფუნქციები ავალდებულებს მას დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება, შესაბამისად, კასატორის მიერ გაკეთებული განცხადებები შეეხებოდა ამ ვალდებულების განუხორციელებლობის გამო წარმოშობილ ვარაუდებს და არა ფაქტებს.
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით, ლ.ხ–ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
31.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინებით, შპს „ფ–ასა“ და შპს „მ.ა–ის“ საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
33. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებისა და მოსარჩელის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
34. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრების უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
36. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორედ ამ ფარგლებში არსებითად განიხილავს და ამოწმებს საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულობას (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ამასთან, მიაჩნია, რომ არ ვლინდება სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი).
37. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (იხ.: სუსგ საქმეებზე: Nას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).
38. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორების პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს.
39. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, ამ უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
40. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
41. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდეგში - „კონვენციის“) მე-10 მუხლით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
42. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I კარში განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებს. სიტყვაში - „უზრუნველყოფენ“, პრეცედენტული სამართლის მიხედვით განიმარტება არა მხოლოდ სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებანი, არ ხელყოს კონვენციური უფლებანი, არამედ ასევე, პოზიტიური ვალდებულებანი, დაიცვას უფლებანი და თავისუფლებანი, მათ შორის მესამე პირების მიერ დარღვევის შემთხვევაში. დაცვაში იგულისხმება რეალური, ეფექტური დაცვა შესაბამისი ინსტიტუტებისა და პროცედურების საშუალებით. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ერთ-ერთი ასპექტია, უზრუნველყოს საკანონმდებლო და ადმინისტრაციული საფუძველი მე-8 მუხლით დაცული უფლების რეალიზაციისათვის.
43. პრეცედენტული სამართლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და ერთ-ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის. მე-10 მუხლის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც უნდა განიმარტოს მკაცრად, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს. ზედსართავი სახელი „აუცილებელი“, 10.2 მუხლის მნიშვნელობით, გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიროების“ არსებობას. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილების გარკვეული ფარგლები ამგვარი საჭიროების არსებობის შესაფასებლად, თუმცა ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ზედამხედველობასთან, რომელიც ეხება როგორც კანონმდებლობას, ისე კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ისინი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს გამოტანილი. სასამართლომ უნდა განიხილოს სადავო ჩარევა მთლიანი საქმის კონტექსტის ჭრილში და დაადგინოს, იყო თუ არა ის „ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი“ და რამდენად „სათანადო და საკმარისია“ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ აღნიშნული ჩარევის დასაბუთებისათვის მოყვანილი მიზეზები. სასამართლომ უნდა გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-10 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და დაეყრდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას („ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, N24), „სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ“ ([დიდი პალატა] N 69698/01, § 101, ECHR 2007-V), „ცხოველთა უფლებების დამცველები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [დიდი პალატა] N 48876/08, §100, ECHR 2013).
44. იმისათვის, რომ გამოყენებული იქნეს კონვენციის მე-8 მუხლი, პირის რეპუტაციაზე თავდასხმა უნდა ატარებდეს სიმძიმის გარკვეულ ხარისხს და განხორციელებული უნდა იყოს პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე წინასწარ შექმნილი განწყობით გავლენის მოხდენის მიზნით (იხ. „Delfi AS v. Estonia“ [GC], no. 64569/09, § 137, ECHR 2015 და „Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina“ [დიდი პალატა], N 17224/11, § 76, 27 ივნისი 2017). იმ საშუალების ზომა, რომლის ფარგლებშიც ჩაითვლება დაცულად კონვენციის მე-8 მუხლი, ხელშემკვრელი სახელმწიფოების თავისუფალი შეფასების ფარგლებში ექცევა, პოზიტიურია სახელმწიფოს ეს ვალდებულება თუ ნეგატიური. ასევე კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული თავისუფლება იმის შეფასებისას, თუ რამდენად და რა მოცულობით ჩაითვლება აუცილებლად ჩარევა ამ მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებაში (იხ. „Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland“ [დიდი პალატა], N 931/13, § 162, 27 ივნისი 2017 და „Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France“ [დიდი პალატა], N 40454/07, § 90, ECHR 2015).
45. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. შესაბამისად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტობრივი გარემოებების გამოსარკვევად და დასადგენად, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე, გამოყენებულ უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს პატივისა და ღირსების სამოქალაქო რეგულირების შემავსებელ ნორმატიულ აქტს და საბოლოოდ ქმნის საკითხის სამართლებრივად გადაწყვეტის წინაპირობას.
46. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება.
47. სპეციალური კანონის მე-13 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, ვალდებული მოსარჩელეა, ამტკიცოს, რომ შესრულებულია ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებლი ყველა წინაპირობა, კერძოდ: ა)მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.
48. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საჯარო პირი არის - „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება (სპეციალური კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ხოლო, კერძო პირი არის - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, საზოგადოებრივ ყურადღებად განიმარტება - საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.
49. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, ამ ნორმატიული აქტის მიზნებისათვის, შემდეგნაირად განმარტავს ტერმინებს: „აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვაა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს“ (პირველი მუხლის ‘ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა“ (პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად: „ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს“ (2); „ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ“ (5); „აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ“ (6); „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ“.
50. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, როგორც წესი, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ფაქტის გადამოწმება და დადგენა, რეალურად არსებობდა თუ არა ის, შესაძლებელია. უმეტეს შემთხვევაში აზრები და ფაქტები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და მათი გამიჯვნა არცთუ ისე ადვილია. რეალურად გამოხატვის (გამოთქმის) ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება ე.წ. „სუფთა სახით“. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე - ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან, როგორც ფაქტის გადმოცემის, სამართლებრივი კვალიფიკაციის დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (სუსგ-ები: №ას-1278-1298-2011, 20.02.2012წ; №ას-790-739-2017, 17.01.2018წ; №ას-928-868-2017, 17.01.2018წ; №ას-989-2019, 28.06.2022წ.). სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ-ები №ას-1477-1489-2011, 3.04.2012წ.; №ას-569-540-2014, 11.03.2016წ.; №ას-1366-2019, 06.04.2020წ.).
51. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „ფაქტის მტკიცებას ახასიათებს - მტკიცებულებით დადასტურებადი - ობიექტური კავშირი გამოთქმულსა და სინამდვილეს შორის, მაშინ, როდესაც, აზრის/მოსაზრების მაკვალიფიცირებელია პოზიციის ან რწმენის ელემენტი (იხ. სუსგ საქმეზე №ას-547-2020, 14.12.2021 წ.).
52. ევროსასამართლომ აზრის თავისუფლების დაცვის სტანდარტის ხაზგასასმელად, თავის გადაწყვეტილებებში საქმეებზე: ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria, 8 July 1986, §46, Series A no. 10) და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (Obershlik v. Austria (Application no. 11662/85 (N1), 1991 23.05.1991) გამიჯნა განცხადებები ფაქტებთან დაკავშირებით და შეფასებითი მსჯელობა. ფაქტების არსებობა შეიძლება დადასტურდეს, ხოლო შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცების შესახებ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლებას, რაც წარმოადგენს მე-10 მუხლით დაცული უფლების ძირითად ნაწილს (იხ. დე ჰაესი და გიჯსელსი ბელგიის წინააღმდეგ, 1997 წლის 24 თებერვალი, §42, ანგარიშები 1997-I- De Haes and Gijsels, §42.), თუმცა, როდესაც განცხადება უტოლდება შეფასებით მსჯელობას, ჩარევის თანაზომიერება შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“ გასაჩივრებული განცხადებისათვის; თუ არ არსებობს, ასეთი შეფასებითი მსჯელობა შეიძლება დადგინდეს, როგორც გადაჭარბებული (De Haes and Gijsels v. Belgium, §47; ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (N2), 1997 წლის 1 ივლისი, §33, ანგარიშები 1997-IV (Oberschlick v. Austria (no. 2), 1 July 1997, § 33, Reports 1997-IV); ბრასილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ, N71343/01, § 36, 11/04/2006 (Brasilier v. France, no. 71343/01, § 36, 11 April 2006) და ლინდონი, ოჩაკოვსკი-ლაურენსი და ჟული, §55- Lindon, Otchakovsky-Laurens and July, § 55). ფაქტობრივი ბრალდებისა და შეფასებითი მსჯელობის გასამიჯნად აუცილებელია საქმის გარემოებებისა და გამონათქვამების ზოგადი ტონის გათვალისწინება. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ განცხადებები საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების თაობაზე, შესაძლოა, წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტის დაფიქსირებას (იხ. Morice v. France [GC], no. 29369/10, §126, ECHR 2015).
53. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ევროსასამართლოს განმარტებით, რამდენადაც სერიოზულია ბრალდება, იმდენად სერიოზული უნდა იყოს ფაქტობრივი საფუძველი (Abeberry v France). განსახილველ შემთხვევაში, ეჭვგარეშეა, რომ მოპასუხეთა მიერ გავრცელებული გაცხადებების კონტექსტისა და შინაარსის გათვალისწინებით, ისინი ერთობლიობაში განაპირობებდა მოსარჩელისათვის შერაცხული ქცევის განსაკუთრებულად შეუსაბამოდ მიჩნევას, როგორც მორალური, ისე სოციალური თვალსაზრისით, ე.ი. ბრალდება მეტად სერიოზულს წარმოადგენდა, ვინაიდან განმცხადებლები მოსარჩელეს დანაშაულის ჩადენაში სდებდნენ ბრალს, თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა, საკმარისია იმ შეფასების გასაკეთებლად, რომ დადასტურებული შეუსაბამობა არსებობს სინამდვილესა და განცხადებაში გადმოცემულ ფაქტებს შორის. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა. იმ პირობებში კი, როდესაც მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც უარყოფს მოპასუხის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებების შინაარსს, სამოქალაქო პროცესში არსებული მტკიცების ტვირთი ბრუნდება და სწორედ მოპასუხეს (კასატორს) ეკისრება ვალდებულება, მითითებული ფაქტის სინამდვილის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულებები წარმოადგინოს. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა რაიმე რელევანტური მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს ფაქტების სისწორეში დაარწმუნებდა.
54. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის საგანი წარმოადგენს მოპასუხეთა მიერ, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად აღიარებას, გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა და აქვს მიმთითებლური ხასიათი - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე.
55. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე მოითხოვს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას. სსკ-ის 413.1 მუხლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ფიზიკური პირის დაცულ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რომლის ბრალეული შელახვის გამო, მორალური ზიანის დაკისრება სსკ-ის მე-18.6 მუხლიდან და სპეციალური კანონის მე-13 მუხლიდან (პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა) გამომდინარეობს.
56. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამები ჩამოყალიბებულია იმდაგვარად, რომ მსმენელზე მხოლოდ მოსარჩელის მიმართ მოპასუხის პირადი განწყობისა და დამოკიდებულების შთაბეჭდილებას არ დატოვებდა, ისინი მიმართული იყო არა მხოლოდ მოსარჩელის პიროვნული დისკრედიტაციისაკენ, არამედ საქმიანი რეპუტაციის შელახვისაკენაც. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმიანი რეპუტაცია გულისხმობს საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასებას. პროფესია არის ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება და, რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს, ხოლო საქმიანი რეპუტაცია შესაბამისად გულისხმობს ადამიანის კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის სტანდარტს, რომელიც მაგალითად, პროფესიული საქმიანობის შედეგად ყალიბდება. აქედან გამომდინარე, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რასაც სსკ-ის მე-18 მუხლი ითვალისწინებს, მიმართული უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებული (ან განსახორციელებელი) საქმიანი ოპერაციებისათვის. საქმიანი რეპუტაციის შელახვას კი, პირის ზემოაღნიშნული თვისებების დისკრედიტაცია წარმოადგენს (შდრ. სუსგ-ები №ას-1084-1034-2014, 11 მაისი, 2015წელი; №3/კ376-01, 18 ივლისი, 2001 წელი). მოცემულ შემთხვევაში, გამოხატვა განხორციელდა იმგვარი ფორმით, რომ მოსარჩელე წარმოჩნდა, როგორც ამორალური პიროვნება, რომელთანაც საქმიანი ურთიერთობის დაჭერა არ შეიძლება.
57. საკასაციო პალატა ერთ-ერთ საქმეში (სუსგ.№ას-1373-2022, 30 მარტი, 2023 წელი) განმარტავს, რომ კონვენციის მე-10 მუხლიდან გამომდინარე, აზრის გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის სარგებლობს უპირატესობით სხვა ფუნდამენტურ უფლებებსა ან საზოგადოებრივ ინტერესებთან დაპირისპირებისას. ასეთი მიდგომა გამოხატვის თავისუფლებას აბსოლუტურ უფლებად აქცევდა, თუმცა პიროვნების შეურაცხყოფის საქმეების განხილვის დროს სასამართლოს წინაშეა მთავარი კითხვა: იყო თუ არა აღნიშნული განცხადება „გადაჭარბებული“? ევროსასამართლოს განმარტებით, განცხადების შეფასებისას მნიშვნელოვანი ელემენტია, რამდენად შეიცავს იგი შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ასევე, მათი შინაარსი და გავლენა საზოგადოებაზე (Chauvy and others v. France (საჩივარი №64915/01), 29.06.2004წ.).
58. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მძიმე ფაქტობრივი ბრალდება შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს შეფასებით მსჯელობად. აქვე, საკასაციო პალატა მოიშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ „იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მოსარჩელის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს შეაფასებდა, როგორც შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტს, სასამართლო მხედველობაში მიიღებდა ევროსასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ პრეცედენტულ პრაქტიკას, რომლის მიხედვით, თუნდაც განცხადება წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას, უნდა არსებობდეს საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი მის გასამყარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩაითვლება არასათანადოდ“ (იხ. ეგილ ეინარსონი ისლანდიის წანააღმდეგ (Egill Einarsson v. Iceland), N 24703/15, §52, 7 ნოემბერი 2017) პფაიფერი ავსტრიის წინააღმდეგ (Pfeifer v. Austria), N 12556/03, §46, 15 ნოემბერი 2007). ევროსასამართლოს დასახელებული განმარტებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შეფასებითი მსჯელობაც კი, გარკვეულ ფაქტობრივ საფუძველს უნდა ეყრდნობოდეს, რათა ეს შეფასებითი მსჯელობა სათანადოდ ჩაითვალოს. განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით კი, უტყუარად დადგინდა, რომ მოპასუხეთა მიერ გავრცელებული საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, მოკლებული იყო სათანადო ფაქტობრივ საფუძვლებს.
59. პალატა მიუთითებს ევროსასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე (Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina) [დიდი პალატა] - 17224/11, 27.6.2017), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ პრესის საქმიანობა შეიძლება დახასიათდეს, როგორც სოციალური მოდარაჯე. პრესის თავისუფლების სფეროში, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის თანდაყოლილი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების საფუძველზე დაყრდნობით მე-10 მუხლით ჟურნალისტისთვის დადგენილი გარანტიები საზოგადო ინტერესის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისას, დამოკიდებულია იმაზე, ჟურნალისტი მოქმედებდა თუ არა კეთილსინდისიერად ჟურნალისტის ეთიკის ნორმებთან შესაბამისობაში ზუსტი და სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად. როდესაც ის სოციალური მოდარაჯის ფუნქციას ახორციელებს. კონკურენტული ინტერესების დაბალანსებისას აუცილებელია იმ კრიტერიუმის გათვალისწინება, რომელიც ზოგადად მოქმედებს მედიის მიერ თავისი საზოგადოებრივი მოდარაჯის ფუნქციის განხორციელებისას ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებაზე: (a) რამდენად ცნობილი იყო სამიზნე პირი და რა წარმოადგენდა ბრალდების საგანს; (b) მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, ფორმა და შედეგები; (c) გამხელილი ინფორმაციის ავთენტურობა.
60. საკასაციო პალატამ თითოეულ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმთან მიმართებაში სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ განვითარებულ მსჯელობებს, რომ მოპასუხეებმა ინფორმაცია გაავრცელეს საჯარო პირის შესახებ; გავრცელებული ინფორმაცია დადასტურებადი ფაქტის შემცველი და ცილისმწამებლურია; მოპასუხეებმა ვერ შეძლეს მტკიცების ტვირთის დაძლევა, ასეთი ინფორმაცია კი, ზიანს აყენებს ინფორმაციის ადრესატის პატივს, ღირსებასა და რეპუტაციას.
61. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას ჟურნალისტური ქცევის სტანდარტებზე და მიუთითებს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე (იხ. 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმე №ას-1011-972-2016), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ავტორი ირწმუნება, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა, ამ ფაქტების ჭეშმარიტების დადასტურება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენითაა შესაძლებელი. ევროსასამართლოს განმარტებითაც, რამდენადაც სერიოზულია ბრალდება, იმდენად სერიოზული უნდა იყოს ფაქტობრივი საფუძველი (Abeberry v France). შეუძლებელია, თუნდაც სამოქალაქო საქმეზე, პირს იმის მტკიცება მოეთხოვებოდეს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და, ამდენად, ამ ინფორმაციის შემცველი განცხადება ცილისმწამებლურია. ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმპციას. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი არ არის შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან მოსარჩელეთა კავშირს დაადასტურებდა. ასეც რომ იყოს, აღნიშნული დასტური იქნებოდა იმისა, რომ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დადასტურდებოდა მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს ან, თუნდაც, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი, საკმარისია შეფასების გასაკეთებლად, რომ მოსარჩელემ დაძლია სპეციალური კანონით დადგენილი მტკიცების ტვირთი, რაც სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოების (გავრცელებული განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს) დადასტურებულად მიჩნევის შესაძლებლობას იძლევა.
62. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომლის თანახმად, ჟურნალისტები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუკი დაამტკიცებენ რომ ინფორმაცია ოფიციალური წყაროდან მიიღეს, ჟურნალისტი დარწმუნებული იყო გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში, ჟურნალისტმა გონივრულ ფარგლებში გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტება. სხვა შემთხვევაში, ასევე უნდა დაადასტუროს ინფორმაციის გადამოწმება რა დაუძლეველ სირთულეებთან იყო დაკავშირებული (ბლეიდი ტრომსო და სტენსაასი ნორვეგიის წინააღმდეგ). ჟურნალისტების „მოვალეობები და პასუხისმგებლობების“ წარმოშობა გამოწვეულია იმ საფუძვლით, რომ გამოხატვის თავისუფლების საპირწონედ დაცული იყოს კერძო და საჯარო პირების პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. (იხ. Von Hannover v Germany). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს აღნიშნული გარემოებების დადასტურება, რაც ცალსახად მიუთითებს აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობაზეც.
63. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ ცალსახად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაძლია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მტკიცების ტვირთი. კერძოდ, წარმოადგინა კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები და დაადასტურა მოპასუხეთა მიერ, მის შესახებ გავრცელებული განცხადებების ცილისმწამებლური შინაარსი, ხოლო, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა საპირწონე მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას ეჭვქვეშ დააყენებდა. პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური გამონათქვამები, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენდა მოსარჩელის პირად უფლებებზე თავდასხმას, შესაბამისად, სახეზეა მოსარჩელის კანონიერი ინტერესების მიზანმიმართული დაზიანება. ასევე, პალატა ასკვნის, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით აუცილებელია და კანონიერ მიზანს ემსახურება. უფლებაში ჩარევის საშუალება ჩარევის მიზანთან - ხელყოფილი უფლების დაცვასთან პროპორციულია. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ჩარევა მინიმალური, თანაზომიერი, ეფექტიანი, ეკონომიური და აღსრულებადია.
64. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლებას გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისა და ადამიანის თვითრეალიზაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ის შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ლეგიტიმური მიზნით. კერძოდ, „არც ერთი ადამიანის თავისუფლება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სხვისი თავისუფლების ხელყოფას. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ზღვარიც სხვათა უფლებებია. ის არ სარგებლობს თავისთავადი უპირატესობით რომელიმე სხვა კონსტიტუციურ სიკეთესთან მიმართებით. მაშინ როდესაც ამ უფლებით შეუზღუდავად სარგებლობამ რეალური დარღვევის საფრთხე შეიძლება შეუქმნას ამა თუ იმ უფლებას, გამოხატვის თავისუფლებაც შეიძლება შეიზღუდოს და ესეც დემოკრატიის ერთი-ერთი მთავარი წესია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).
65. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ხ–ის, შპს „მ.ა–ისა“ და შპს „ფ–ას“ საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე