Facebook Twitter

საქმე №ას-1261-2023 13 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ალექსანდრე წულაძე

სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ.მ–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე - ნ.მ–ის სარჩელის გამო, ე.მ–ისა და ნ.ს–ძის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული ვინაიდან დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორის - ნ.მ–ის წარმომადგენელ კ.ს–თვის (რწმუნებულება ს.ფ. 146) ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (სხდომის ოქმი ს.ფ.257-266). აღნიშნულიდან გამომდინარე, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2023 წლის 10 ივლისი, ხოლო 30-ე დღე - 2023 წლის 20 ივლისი. ამდენად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება 2023 წლის ივლისიდან 2023 წლის 20 ივლისამდე. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ მხარეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს. გამომდინარე აქედან, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 21 ივლისს და ამოიწურა 2023 წლის 10 აგვისტოს.

საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დგინდება, რომ ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით - 2023 წლის 15 აგვისტოს, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2023 წლის 15 აგვისტო, რაც უტყუარად ადასტურებს ვადის დარღვევას. აღნიშნული კი, ნ.მ–ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების აბსოლუტური საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ა. წულაძე