Facebook Twitter

საქმე №ას-1294-2023 18 ოქტომბერი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ალექსანდრე წულაძე

სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ხ.ს–ძის, მ.ს–ძის, უ.ს–ძისა და თ.ს–ძის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე – ლ.ს–ის სარჩელის გამო, ხ.ს–ძის, მ.ს–ძის, უ.ს–ძისა და თ.ს–ძის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოაბათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო (კერძო) საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორები მოითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას, რომლითაც ხ.ს–ძის, მ.ს–ძის, უ.ს–ძისა და თ.ს–ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გამომდინარე იქიდან, რომ საპროცერსო კანონმდებლობა შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ითვალისწინებს, პალატა მიიჩნევს, რომ ხ.ს–ძის, მ.ს–ძის, უ.ს–ძისა და თ.ს–ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. აღნიშნულიდან, გამომდინარე, ის განჩინებები, რომელთა გასაჩივრებაც კერძო საჩივრით დაუშვებელია, ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ.ს–ძის, მ.ს–ძის, უ.ს–ძისა და თ.ს–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ა. წულაძე