Facebook Twitter
საქმე №ას-311-2023 21 სექტემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - „ე.თ.უ.ს.ვ.ა.შ–ი“ („E.T.U.S.v.T.A. i.“)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ს-ბჯ–ია“

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - შპს „შ.ტ–ი“

დავის საგანი - მოსარჩელის უფლებების ხელყოფის აღკვეთა, კონტრაფაქციული საქონლის განადგურება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

თურქეთის კანონმდებლობით დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა „ე.თ.უ.ს.ვ.ა.შ–მა“ (ძველი სახელწოდებით - I. K.S.i v. T. A.) სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - შპს „ს-ბ.ჯ–ას“ მიმართ და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე მოპასუხისთვის სასაქონლო ნიშან „s-ით“ მარკირებული, შეფუთული და წარმოებული კონტრაფაქციული პროდუქციის რეალიზაციის აკრძალვა და განადგურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით „ე.თ.უ.ს.ვ.ა.შ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო საქონელი არ არის ორიგინალი, რასაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებიც ადასტურებს. გარდა ამისა, არ დასტურდება მოპასუხის მიერ საქონლის კანონიერად შესყიდვა; სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ს-ბ.ჯ–ამ“ საქონელი შეისყიდა თურქული კომპანიისგან, თუმცა სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ამ კომპანიას მოსარჩელის კუთვნილი საქონლის რეალიზაციის უფლება თურქეთის მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიებზე ჰქონდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს საქონლის კონტრაფაქციულად მიჩნევა და მისი განადგურების წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. იმავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად კი, სასაქონლო ნიშანი დაცულია „ს–ი“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. იმავე კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, რომ განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს, ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას. ჩამოთვლილი წინაპირობების არსებობისას, კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს ქმედებების შეწყვეტა, ან/და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, კონტრაფაქციული პროდუქცია არის ნებისმიერი საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც კანონიერად არის რეგისტრირებული ამ საქონელთან დაკავშირებით ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან, და, აქედან გამომდინარე, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებებს.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, თუკი დადასტურდება ინტელექტუალური საკუთრების უფლების უნებართვო გამოყენება (კონტრაფაქცია), რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს წარმოეშობა საკუთარი „ქონების“ დაცვის უფლება. ამასთან, „საქონლის კონტრაფაქციულად მიჩნევისათვის უნდა დაკმაყოფილდეს რამდენიმე პირობა: საქონელი უნდა იყოს იმ საქონლის იდენტური ან მსგავსი (შედიოდეს იმ საქონლის ჩამონათვალში), რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი; საქონელზე მოთავსებული უნდა იყოს ამ საქონელთან დაკავშირებით რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშანი; იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშანი მოთავსებული უნდა იყოს უნებართვოდ“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 დეკემბრის №ას-1285-1223-2014 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საქონლის კონტრაფაქციულად მიჩნევის საკითხის განხილვისას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამდენად, უზენაესი სასამართლო არ ადგენს ახალ ფაქტებს და არც მხარეთა ახალ განმარტებებს მიიღებს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მხოლოდ იმ შემთხვევაში არ შეიძლება იქნეს გაზიარებული, თუკი მხარე მიუთითებს ისეთ „პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის №ას-1048-2021 განჩინება). სააპელაციო სასამართლოს მიერ კი საქმეზე დადგენილია შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები:

- მოსარჩელე წარმოადგენს სასაქონლო ნიშან „s-ის“ განსაკუთრებული უფლებების მფლობელს; კომპანიას რეგისტრირებული აქვს სასაქონლო ნიშანი - „s“ საქონლის/მომსახურების ნიცის საერთაშორისო კლასიფიკატორის 03, 05 და 16 კლასებისთვის;

- მოპასუხე ახორციელებს „s-ით“ მარკირებული საქონლის იმპორტსა და რეალიზაციას;

- 2017-2018 წლებში მოპასუხემ შპს „შ.ტ–ისგან“, რომელიც წარმოადგენს „selpak-ის“ ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში, შეიძინა დიდი ოდენობით 4-ფენიანი „ს–ის“ ცხვირსახოცები;

- 2018 წელს მოპასუხე ექსპორტიორ C.L.I.I.-საგან, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ახდენდა სხვადასხვა, მათ შორის, „s-ის“, პროდუქციის იმპორტს (2018-2019წწ. E. T.U.S. C.T. A.S.-მა დიდი რაოდენობით „s-ის“ პროდუქცია მიყიდა A.G.A.S.V.P.-ს, რომელიც წარმოადგენდა ამავე პროდუქციის დისტრიბუტორს თურქეთის რესპუბლიკაში. ეს უკანასკნელი კი აღნიშნულ პროდუქციას ასევე ყიდდა C. L. I .I.V.T.G-ზე).

ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ კანონიერად შეიძინა მოსარჩელის ორიგინალი პროდუქცია. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ხსენებული გარემოება სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმეში წარდგენილი ყველა მტკიცებულების, მათ შორის, ანგარიშ-ფაქტურების, ინვოისების, ზედნადებების სათანადოდ შესწავლის შედეგად. კასატორს კი არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების კანონმდებლობის დარღვევით დადგენაზე მიუთითებდა. შესაბამისად, მოპასუხემ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით საქონლის კონტრაფაქციულად მიჩნევის გამორიცხვა, რის გამოც სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ დისტრიბუტორ თურქულ კომპანიას საქონლის თურქეთის მხოლოდ განსაზღვრულ ტერიტორიაზე რეალიზაციის უფლება ჰქონდა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული არგუმენტი ვერ გახდება სადავო პროდუქციის კონტრაფაქციულად მიჩნევის საფუძველი, რადგან მოპასუხე კომპანიას უნებართვოდ კი არ გამოუყენებია მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშანი, არამედ მან მარტივი სავაჭრო ოპერაცია კანონიერად განახორციელა - იყიდა საქონელი შემდგომი გაყიდვის მიზნით. ამასთან, თუკი კასატორს პრეტენზია აქვს დისტრიბუტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან, მაშინ მოთხოვნის ადრესატი დისტრიბუტორი უნდა იყოს და არა ის პირი, რომელმაც რამდენიმე ტრანზაქციის შედეგად შეიძინა ორიგინალი პროდუქცია და შემოიტანა საქართველოში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის №ას-286-2021 განჩინება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. „ე.თ.უ.ს.ვ.ა.შ–ის“ („E.T.U.S.v.T.A. i.“) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;

3. „ე.თ.უ.ს.ვ.ა.შ–ს“ („E.T.U.S.v.T.A. i.“) (ს/კ 102648) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ბ–ძის (პ/ნ .........) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადასახადო დავალება №8785, გადახდის თარიღი 08.05.2023წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე