Facebook Twitter
საქმე №ას-318-2023 21 სექტემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ა.გ.ა.ა.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე.ჩ–ა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ე.ჩ–ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ა.გ.ა.ა.ის მიმართ და მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 6757 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე.ჩ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება ე.ჩ–ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე.ჩ–ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 3110 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით მხოლოდ მოპასუხემ გაასაჩივრა. ამდენად, სააპელაციოს სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა სარჩელი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელისთვის მოპასუხის მიერ ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ა.გ.ა.ა.ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. შესაბამისად, პირისთვის ზიანის მიყენება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. „სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის №ას-1376-2019 განჩინება). გარდა ზიანის არსებობისა, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისთვის, აუცილებელია მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობისა და სამართალდამრღვევის ბრალეულობის დადასტურება. ამასთან, ვინაიდან „სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას, ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს, ბრალის მიუხედავად, ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელთაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის №ას-1361-2018 განჩინება).

საკასაციო პალატა, ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობის საკითხის შეფასებისას, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია კი, „გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის №ას-1048-2021 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში კი, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 15 თებერვალს მოსარჩელის კუთვნილ, გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა მოპასუხე კუთვნილი ავტომობილით. საპატრულო პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეულ მძღოლად მოპასუხე მიიჩნია, რომლის მიმართაც შედგა საჯარიმო ქვითარი. ამასთან, მხარეთა ახსნა-განმარტებების, საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმისა და შპს „ა–ს“ მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დოკუმენტში აღწერილი დაზიანებების ადგილმდებარეობა და სარემონტო სამუშაოების სახეობები შინაარსობრივად დაკავშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევის სპეციფიკასთან. საკასაციო საჩივრის ავტორს კი სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. ამრიგად, დადგენილია, რომ მოსარჩელის ავტომობილის დაზიანება გამოიწვია 2021 წლის 15 თებერვალს მოპასუხის ბრალეულობით მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილია ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო იმავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ა–ს“ მიერ ავტოსაგზაო შემთხვევიდან მეორე დღეს გაცემული №105136 ინვოისის თანახმად, დაზიანებული ავტომობილის შეკეთებისათვის საჭირო თანხა 3660 ლარს შეადგენდა. ამასთან, მოპასუხემ ე.ჩ–ას ოჯახის წევრს - მამას გადასცა დაზიანებული ნივთები: 400 ლარის ღირებულების ახალი ორიგინალი ცხაურა და 150 ლარის ღირებულების მერსედესის მოდელის ავტომობილის ორიგინალი ემბლემა. მაშასადამე, ავტომობილის შეკეთებისათვის საჭირო თანხას უნდა გამოაკლდეს მოსარჩელე მხარის გადაცემული ნივთების ღირებულება. შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის თანხის სწორედ მითითებული გამოანგარიშებით დაკისრება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.გ.ა.ა–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. ა.გ.ა.ა.ს (პ/ნ .....) უკან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ჩ–ას (პ/ნ ......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადასახადო დავალება №7369, გადახდის თარიღი 02.02.2023წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე