Facebook Twitter
საქმე №ას-466-2023 21 სექტემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - მ.ჩ–ძე, ნ.კ–ნი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ამხანაგობა „წ.ნ.“, ე.ბ–ძე-ა–ნი, ო. ა–ნი, ქ.ნ–ძე, ც.ლ–ძე, ა.კ–ძე

დავის საგანი - კრების ოქმებისა და ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ხელშეშლის აღკვეთა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

მ.ჩ–ძემ და ნ.კ–ნმა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ბმა „წ.ნ–ს“, ამხანაგობის თავმჯდომარის - ე.ბ–ძე-ა–ნის, ამხანაგობის წევრების: ო. ა–ნის, ქ.ნ–ძის, ც.ლ–ძისა და ა.კ–ძის მიმართ, კრების ოქმებისა და ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, ასევე, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ჩ–ძისა და ნ.კ–ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით მ.ჩ–ძისა და ნ.კ–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორთა განმარტებით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო კრების ოქმები და ხელშეკრულებები, რადგან მოპასუხეებმა თვითნებურად განკარგეს საერთო საკუთრებაში არსებული ფართი, კრება ჩატარდა მოსარჩელეთა მოწვევის გარეშე, არ არსებობდა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, მოპასუხეები არ გასცემენ ინფორმაციას, ვინ არის დღეის მდგომარეობით სადავო ფართის დამქირავებელი და რატომ არის ფართი ჩაკეტილი, ფართის განკარგვით მიღებული შემოსავალი არ გამოიყენება ამხანაგობის საერთო ინტერესებისთვის. ამასთან, უნდა მოხდეს ხელშეშლის აღკვეთა, რადგან ალტერნატიული შესასვლელი არის ვიწრო და დაბალი, რის გამოც მოსარჩელეებს ნორმალურ გადაადგილებაში ხელი ეშლებათ.

კასატორები დამატებით საქმეზე მტკიცებულების სახით სამშენებლო პროექტის დართვას ითხოვენ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ.ჩ–ძისა და ნ.კ–ნის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხებს წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონების განკარგვის კანონიერება და ხელშეშლის აღკვეთის დავალების წინაპირობების განხილვა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან სარჩელით მოთხოვნილია კრების ოქმებისა და ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, რაც აღიარებით სარჩელს წარმოადგენს, პირველ ყოვლისა, უნდა შეფასდეს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე, რომელიც განამტკიცებს აღიარებითი სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას. დასახელებული ნორმის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამრიგად, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს სათანადო იურიდიული ინტერესის არსებობა წარმოადგენს, ხოლო სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც კი, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად მხარე უნდა იღებდეს გარკვეულ შედეგს - აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. სწორედ ამიტომ, იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის №ას-758-2020, 2021 წლის 8 აპრილის №ას-118-2021 და 2015 წლის 1 ივლისის №ას-17-14-2015 განჩინებები). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით, მხოლოდ გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის №ას-664-635-2016 გადაწყვეტილება).

განსახილველ შემთხვევაში კი სარჩელით მოთხოვნილია ამხანაგობის ორი კრების ოქმისა და იჯარის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. სადავო, 2013 წლის 13 სექტემბრის №12 კრების ოქმი შეეხებოდა ამხანაგობის გადაწყვეტილებას ფართის იჯარით გადაცემის თაობაზე, სწორედ ამ კრების ოქმის საფუძველზე დაიდო სადავო იჯარის და მისი მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ხელშეკრულებები. ამასთან, იჯარის ხელშეკრულების მოქმედება შეწყვეტილია, რაც რეესტრში რეგისტრირებულ იქნა 2022 წლის 26 იანვარს. ამრიგად, ერთ-ერთი სადავო კრების ოქმი და გასაჩივრებული ხელშეკრულებები უკვე ფაქტობრივად შესრულებულია, მათი მოქმედების ვადა გასულია და შესაბამისად, ვალდებულებაც შეწყვეტილია. რაც შეეხება მეორე სადავო, 2021 წლის 27 სექტემბრის №1 კრების ოქმს, ხსენებული ოქმი ამხანაგობამ 2022 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით თავად ცნო ბათილად. ამრიგად, ხსენებული კრების ოქმიც არ მოქმედებს და არ წარმოშობს შედეგებს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეები მაინც ითხოვენ კრების ოქმებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობას, თუმცა არ აქვთ წარმოდგენილი მიკუთვნებითი მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილებაც დამოკიდებული იქნებოდა გასაჩივრებული კრების ოქმებისა და ხელშეკრულებების ბათილად ცნობაზე. ამრიგად, აღიარებითი მოთხოვნების ნაწილში მოსარჩელეებს არ გააჩნიათ ნამდვილი იურიდიული ინტერესი.

დამატებით გასათვალისწინებელია, რომ იჯარით გაცემული იყო ამხანაგობის საკუთრებად რეგისტრირებული იზოლირებული ფართი, რისი უფლებამოსილებაც გააჩნდა ამხანაგობის საერთო კრებას „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით. ამასთან, ამხანაგობის ხსენებული გადაწყვეტილების შედეგად მოსარჩელეთა უფლებების ხელყოფა არ დასტურდება. რაც შეეხება კასატორთა არგუმენტს, რომ მათთვის უცნობია, ვისზეა ამჟამად ფართი გაქირავებული და მიღებული თანხა არ გამოიყენება ამხანაგობისთვის, ხსენებული საკითხი განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს, რადგან სარჩელით არ ყოფილა მოთხოვნილი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა ან თანხის გამოყენების მართლზომიერების შესწავლა. შესაბამისად, აღიარებითი სარჩელს სადავო შემთხვევაში არც წარმატების პერსპექტივა აქვს.

მოპასუხეებისთვის ხელშეშლის აღკვეთის დავალების მოთხოვნასთან (საერთო ბინაში შესასვლელი სადარბაზოს დერეფნის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის, ასევე, მისი საერთო სარგებლობაში დაბრუნების დავალება) დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ამრიგად, თუკი მესაკუთრეს საკუთრებით თავისუფლად სარგებლობასა და გამოყენებაში ხელი ეშლება სხვა პირის უკანონო ქმედებით, მესაკუთრეს შეუძლია ნეგატორული სარჩელის წარმოდგენით მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.

საკითხის შეფასებისას, საკასაციო პალატა ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ სადავო ფართი არ წარმოადგენს მოსარჩელეთა ინდივიდუალურ საკუთრებასთან დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას, მათ გააჩნიათ სადარბაზოს ალტერნატიული შესასვლელი; გარდა ამისა, ფართის გაქირავებით ხდება საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციისათვის აუცილებელი ხარჯების მოძიება. ამრიგად, მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს მოპასუხეთა მხრიდან საერთო ქონების იმგვარი განკარგვა ან სარგებლობა, რაც მოსარჩელეთა უფლებების უკანონო ხელყოფას გამოიწვევდა.

საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამრიგად, უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია. შესაბამისად, კასატორთა შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ჩ–ძისა და ნ.კ–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის გამო;

2. მ.ჩ–ძეს (პ/ნ ........) და ნ.კ–ნს (პ/ნ .........) დაუბრუნდეთ ა.ჩ–ძის (პ/ნ .......) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 ლარის (01.04.2023 წლის №3601 და 28.04.2023 წლის №0 საგადასახადო დავალებები) 70% - 315 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. მ.ჩ–ძისა და ნ.კ–ნის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე