თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს „მ.ა–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო.მ–ძე
დავის საგანი - ქმედების დავალება, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:ო.მ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „მ.ა–ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის გადაცემა „მ.შ–ის“ 2021 წლის 4 დეკემბერს გასული სიუჟეტის - „ს.შ–ით“ სატელევიზიო სივრციდან ამოღება, ასევე, მოპასუხისთვის მორალური ზიანის - 100 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო.მ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა გადაცემა „მ.შ–ის“ 2021 წლის 4 დეკემბერს გასული სიუჟეტის - „ს.შ–ით“ სატელევიზიო სივრცეში განთავსება ო.მ–ძის გამოსახულების დაფარვით (ე.წ. დაბლარული ფორმით); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განჩინებით შპს „მ.ა–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება შპს „მ.ა–მა“ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო სიუჟეტში ფოტოს გამოყენებით, რომელზეც სხვა პირებთან ერთად, არასრულწლოვანიც იყო გამოსახული, კანონმდებლობა არ დარღვეულა; ფოტოსურათი სოციალურ ქსელში საჯაროდ ჰქონდა გამოქვეყნებული არასრულწლოვნის მამას, შესაბამისად, მისი თანხმობა ფოტოს გამოყენებაზე საჭირო აღარ იყო; გარდა ამისა, ჟურნალისტს არც გასჩენია ეჭვი მოსარჩელის არასრულწლოვნების თაობაზე, ხოლო მას შემდეგ რაც ეს ფაქტი ცნობილი გახდა, მოპასუხემ დაფარა სიუჟეტში მოსარჩელის გამოსახულება; სიუჟეტი შეეხებოდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემას, ხოლო უშუალოდ მოსარჩელეზე აქცენტი არ გაკეთებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სატელევიზიო სიუჟეტში არასრულწლოვნის ფოტოგამოსახულების გამოქვეყნების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლზე, რომლის მე-5 ნაწილის მიხედვით, პირს უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე, როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური. იმავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად კი, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომლის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე მუხლის მე-4 ნაწილი კი ადგენს, რომ სამართლის ნორმის განმარტებისას გამოყენებული უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ხსენებული კოდექსის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით კი, ბავშვის საუკეთესო ინტერესები განიმარტება, როგორც ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით.
დამატებით საყურადღებოა ბავშვის უფლებათა კოდექსის 71-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, რაიმე ფორმით, მათ შორის, მედიის საშუალებით, საჯარო გახდეს ადმინისტრაციულ წარმოებაში ან სასამართლო პროცესში მონაწილე ბავშვის პერსონალური მონაცემები, რომლებითაც შეიძლება გამჟღავნდეს ან არაპირდაპირ მიეთითოს ბავშვის ვინაობა (გამოსახულება, ბავშვის ან მისი ოჯახის წევრების დეტალური აღწერა, სახელები, მისამართები, აუდიო- და ვიდეოჩანაწერები და მსგავსი ინფორმაცია). იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, რაიმე ფორმით, მათ შორის, მედიის საშუალებით, საჯარო გახდეს ბავშვის პერსონალურ მონაცემთა შემცველი ისეთი დოკუმენტი ან ჩანაწერი, რომელიც უკავშირდება ბავშვის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენებას, ბავშვის მიმართ ან მის მიერ ჩადენილი ძალადობის შემთხვევას, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ან ღარიბი ოჯახის სოციალური დახმარების ან საქველმოქმედო პროგრამაში ბავშვის მონაწილეობას და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა, მსგავსი შინაარსის ინფორმაციას. ნორმის მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, პირის პერსონალური მონაცემების დამუშავება, მათ შორის, ფოტოსურათის გამოქვეყნება, გარდა საკანონმდებლო გამონაკლისებისა, დასაშვებია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით. თუკი ეს მოთხოვნა ბრალეულად დაირღვევა, წარმოიშობა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველი. ამასთან, მართალია, ბავშვის უფლებათა კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განსაზღვრულია არასრულწლოვნის გამოსახულების გამოქვეყნების დაუშვებლობის კონკრეტული შემთხვევები, მაგრამ ეს შემთხვევები არ უნდა იქნეს ამომწურავ ჩამონათვალად აღქმული. ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც შეეხება არასრულწლოვანს, განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს თითოეული გარემოების მხედველობაში მიღებით, ინდივიდუალური საქმის თავისებურებების გათვალისწინებით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების მიღწევის საუკეთესო გზის შერჩევით. მსგავს მიდგომას მოითხოვს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც, რომლის ბავშვის უფლებების დაცვის სავალდებულოობას ცალკე პრინციპად განსაზღვრავს და ადგენს, რომ ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. შესაბამისად, თითოეულ შემთხვევაში, ჟურნალისტმა უნდა უზრუნველყოს იმ ნეგატიური რისკებისა და შედეგების შეფასება, რაც შეიძლება მოჰყვეს არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას. თუკი არსებობს საფრთხე, რომ კონკრეტულ სიუჟეტში არასრულწლოვნის იდენტიფიცირებული ფორმით მონაწილეობა მის უფლებებსა და ჭეშმარიტ ინტერესებზე უარყოფით გავლენას იქონიებს, ბავშვის გამოსახულება მხოლოდ არაიდენტიციფიცირებული ფორმით უნდა გაშუქდეს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „მ.ა–ის“ ერთ-ერთი გადაცემის - „მ.შ–ის“ 2021 წლის 4 დეკემბრის ეთერში გასული სიუჟეტი („ს.შ–ით“) შეეხებოდა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ოლიმპიური ჩემპიონის - ზზ–ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. სიუჟეტში აღინიშნა, რომ ზზ–ს ბრალი ედება განზრახ მკვლელობაში; აღწერილი იყო მკვლელობის დეტალები და მკვლელობაში ეჭვმიტანილ ბრალდებულთან მოსარჩელე ო.მ–ძის მამის - გ.მ–ძის შესაძლო კავშირები. სიუჟეტში გამოჩნდა ზ. ზ–ის, გ. მ–ძისა და მოსარჩელის ერთობლივი ფოტო, სადაც ო.მ–ძე ნათლად ჩანს. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელე არის არასრულწლოვანი (დაიბადა 2007 წ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, სადავო ფოტოსურათი ბავშვის მამას იქამდე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ჰქონდა, თუმცა ვინაიდან საკითხი ეხება არასრულწლოვანს, ამავე ფოტოს, არასრულწლოვნის იდენტიფიცირებული ფორმით, ავტომატურად გამოყენება არ იყო დასაშვები, მით უფრო, რომ სოციალურ ქსელსა და ტელევიზიაში ფოტოს გამოქვეყნება სხვადასხვა შინაარსისა და მიზნის მატარებელი იყო. ამასთან, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას გაცილებით მაღალი სტანდარტით უნდა იქნეს დაცული პერსონალური მონაცემები და გამოირიცხოს ბავშვის საუკეთესო ინტერესის ხელყოფა. განსახილველ შემთხვევაში კი, სიუჟეტის კონტექსტის, თემის, მასში გადმოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით, უდავოა, რომ ამავე სიუჟეტში არასრულწლოვნის გამოსახულების გამოქვეყნება არ იყო ბავშვის საუკეთესო ინტერესებით ნაკარნახევი, არ ემსახურებოდა ბავშვის უფლებების დაცვას და, ამის საპირისპიროდ, გამოიწვევდა არასრულწლოვანში ნეგატიურ განცდებს. მიუხედავად იმისა, რომ გაშუქებულ სიუჟეტში უშუალოდ მოსარჩელესთან მიმართებით რაიმე სახის ინფორმაცია გაჟღერებული არ ყოფილა, მაგრამ ბავშვების განსაკუთრებულად დაცვისა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფის ვალდებულებებიდან გამომდინარე, სადავო სიუჟეტის შინაარსის გამო, ფოტოსურათის გამოქვეყნებაც კი საკმარის საფუძველს ქმნიდა, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები დარღვეულად იქნეს მიჩნეული. აქედან გამომდინარე კი, არასრულწლოვნის დარღვეული უფლების აღსადგენად და მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად, მოპასუხეს მართებულად დაევალა სიუჟეტის განთავსება მოსარჩელის გამოსახულების დაფარვით. ასევე, მოსარჩელის ასაკის, დარღვევის შინაარსის, სიუჟეტის კონტექსტის გათვალისწინებით, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა ო.მ–ძისთვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება იმ ნეგატიური განცდების დასაკომპენსირებლად, რაც მოსარჩელის გამოსახულების გამოქვეყნებას მოჰყვა. ამასთან, მართალია, კასატორის განმარტებით, ჟურნალისტს არ გასჩენია მოსარჩელის არასრულწლოვნების თაობაზე ეჭვი, თუმცა ეს გარემოება დამდგარი შედეგიდან და ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის დაკისრებას არ გამორიცხავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განჩინება;
3. შპს „მ.ა–ს“ (ს/კ ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.მ–ის (პ/ნ ..........) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადასახადო დავალება №6320, გადახდის თარიღი 22.03.2023წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე