Facebook Twitter
საქმე №ას-526-2023 21 სექტემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - მ.ხ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.დ–ძე

თავდაპირველი მოპასუხე - თ.ი–ძე

დავის საგანი - ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, სესხისა და იპოთეკის გარიგების დადგენა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ი.დ–ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - მ.ხ–ძის და თ.ი–ძის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა და სესხისა და იპოთეკის გარიგების დადგენა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 22 მაისს თ.ი–ძესა და მ.ხ–ძეს შორის დადებული, ქ. ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ №.......) ნასყიდობის ხელშეკრულება; ბათილად იქნა 2018 წლის 31 იანვარს ი.დ–ძეს, შ.ფ–ძესა და თ.ი–ძეს შორის დადებული, ქ. ბათუმში, ....... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ №......) გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება; დადგენილ იქნა სესხისა და იპოთეკის გარიგების დადების ფაქტი მოსარჩელე ი.დ–ძესა და მოპასუხე თ.ი–ძეს შორის, რომლითაც სესხის ოდენობად განისაზღვროს 3000 აშშ დოლარი და 22000 ლარი, სესხის საპროცენტო ყოველთვიური განაკვეთი 3000 აშშ დოლარზე 3%, 22000 ლარზე 3,5%, სესხის ვადად განსაზღვრულ იქნა ერთი თვე; ქ. ბათუმში, ........ მდებარე უძრავი ქონების (ს/კ №.....; 410 მ2) მესაკუთრედ ცნობილ იქნა ი.დ–ძე და დადგენილ იქნა იმავე ქონებაზე თ.ი–ძის სასარგებლოდ იპოთეკის რეგისტრაცია. მითითებული გადაწყვეტილება მ.ხ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით მ.ხ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება მ.ხ–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები, დაუსაბუთებლად დაეყრდნო მოწმის ჩვენებებს და არასწორად დაადგინა კასატორის არაკეთილსინდისიერება; მხარეებს შორის დადებული იყო ნამდვილი ხელშეკრულებები და მათი ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობდა. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის მიხედვით, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია მასა და თავდაპირველ კრედიტორს შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით მ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს ხელშეკრულების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

ამდენად, „მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით... თვალთმაქცური გარიგების დროს კი, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის №ას-474-455-2016 განჩინება).

საკასაციო პალატა, სადავო ხელშეკრულებების კანონიერების საკითხის შეფასებისას, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია კი „გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის №ას-1048-2021 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში კი, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები:

- 2017 წლის 30 აგვისტომდე სადავო უძრავი ქონება (ს/კ .......) წარმოადგენდა ი.დ–ძის საკუთრებას;

- 2017 წლის 30 აგვისტოს ი.დ–ძესა და შ.ფ–ძეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების (ს/კ .........) ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი ი.დ–ძე ვალდებული იყო დაებრუნებინა შ.ფ–ძისათვის 5700 აშშ დოლარის ეკვივალენტი 13851 ლარი და 11400 ლარი 5 თვის განმავლობაში, 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით;

- 2018 წლის 31 იანვარს ცვლილება შევიდა 2017 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულებაში: მოთხოვნის დათმობის გზით, მესაკუთრე შ.ფ–ძეს ჩაენაცვლა თ.ი–ძე, გამოსყიდვის ვადა გაგრძელდა 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ხოლო ნასყიდობის მთლიანი თანხა განისაზღვრა 3315 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით და 22100 ლარით;

- 2018 წლის 22 მაისს თ.ი–ძესა და მ.ხ–ძეს შორის გაფორმდა სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება აღირიცხა მ.ხ–ძის საკუთრებაში;

- პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მ.ბ–ძემ განმარტა, რომ არის ი.დ–ძის მეგობარი და ესწრებოდა ი.დ–ძეს, შ.ფ–ძესა და თ.ი–ძეს შორის სადავო გარიგებების გაფორმებას. მოწმის განმარტებით, ი.დ–ძემ მაკლერების მეშვეობით შ.ფ–ძესთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იხდიდა პროცენტებს, თუმცა შემდეგ გაუჭირდა თანხის გადახდა და შ.ფ–ძეს ჩაენაცვლა თ.ი–ძე. თ.ი–ძესთან ხელშეკრულების გაფორმების დროს, იქ იმყოფებოდა მ.ხ–ძე, რომელმაც თ.ი–ძეს გადასცა შ.ფ–ძისთვის გასასტუმრებელი თანხა; ი.დ–ძემ კვლავ ვერ შეძლო სესხის გადახდა. ამიტომ, ი–მ გადაწყვიტა სხვა მაკლერის მეშვეობით მოეძიებინა თანხა. ამ მიზნით, ისინი მივიდნენ მაკლერთან - მ.თ–ძესთან, რომელიც დაუკავშირდა თ.ი–ძეს, თუმცა მოპასუხემ მაკლერს აუწყა, რომ ქონება უკვე სხვა პირზე გაასხვისა;

- პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მ.თ–ძემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ თ.ი–ძესთან არსებული იპოთეკური სესხის გადაფარვის მიზნით, თანხის სასესხებლად მასთან მივიდნენ მ.ბ–ძე და „ვიღაც სხვა მამაკაცი“, რომელიც შესაძლოა ი.დ–ძეც იყო, რომელსაც არ იცნობდა. იგი დაეთანხმა სესხად თანხის გაცემას. მ.ბ–ძემ მობილური ტელეფონით დააკავშირა „ვიღაც ქალბატონთან“, რომელმაც უთხრა, რომ ქონება უკვე გაასხვისა. ამის შემდეგ, მას თანხა სესხად აღარ გაუცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სადავო, 2018 წლის 31 იანვრის ხელშეკრულება თვალთმაქცურად, რადგან მხარეებს რეალურად სურდათ არა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, არამედ მათ შორის არსებული ურთიერთობა შინაარსობრივად და მიზნობრივად სასესხო ხელშეკრულებას წარმოადგენდა. ხსენებულ გარემოებას ადასტურებს როგორც მოწმეთა ჩვენებები, ისე ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და „გამოსყიდვის საფასურის“ გაზრდა მაშინ, როდესაც სამოქალაქო კოდექსის 510-ე მუხლით, გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამრიგად, მხარეთა რეალურ ინტერესს არა ქონებაზე საკუთრების გადაცემა/მოპოვება, არამედ ფულადი ვალდებულების შესრულება წარმოადგენდა. ამასთანავე, თვალთმაქცური გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. „კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის №ას-487-461-2015 განჩინება). შესაბამისად, სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა სესხის ხელშეკრულების არსებობა. 2018 წლის 31 იანვრის ხელშეკრულების ბათილად ცნობის პირობებში კი, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი 2018 წლის 22 მაისის ხელშეკრულებაც, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმის ჩვენების, საფუძველზე დადგენილია, რომ კასატორისთვის ცნობილი იყო თ.ი–ძესა და ი.დ–ძეს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტი (2018 წლის 31 იანვარს შ.ფ–ძისთვის გადასაცემი თანხა საჯარო რეესტრში თ.ი–ძეს სწორედ კასატორმა გადასცა). ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ ის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენი, ნივთის მესაკუთრედ უნდა დარჩენილიყო, რადგან მ.ხ–ძესა და თ.ი–ძეს შორისაც არ დადებულა ნამდვილი გარიგება - იგი დაიდო მყიდველის მიერ ნივთის რეალური მესაკუთრის თაობაზე ინფორმაციის არსებობის პირობებში.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია მასა და შ.ფ–ძეს შორის თავდაპირველად, 2017 წლის 30 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების კანონიერება, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც 2018 წლის 31 იანვრის ხელშეკრულება თვალთმაქცურ გარიგებად იქნა აღიარებული, ხოლო დაფარული გარიგების შინაარსი სასესხო ურთიერთობად განისაზღვრა, 2017 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულების კანონიერების ცალკე შემოწმების აუცილებლობა არ არსებობდა და ზეგავლენას მაინც ვერ მოახდენდა კასატორის უფლებრივ მდგომარეობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინება;

3. მ.ხ–ძეს (პ/ნ .........) უკან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6000 ლარის (18.04.2023წ. №4326 და 10.05.2023წ. №38 საგადასახადო დავალებები) 70% - 4200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე