საქმე №ას-842-2023 29 სექტემბერი, 2023 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "ტ.კ–ი" (სს "თ.ბ–ის" უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ა–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გაჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, კომპანია ან გამსესხებელი) სარჩელი ნ.ა–ძის (შემდეგში: მოპასუხე ან მსესხებელი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2020 წლის 26 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის - 8 050 ლარის, პროცენტის - 1 820,11 ლარის, პირგასამტეხლოს - 79,82 ლარის და დაზღვევის თანხის - 29,99 ლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2022 წლის 17 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2024 წლის 27 ოქტომბრისა, 2020 წლის 26 ოქტომბრის N 1792702-11149619 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 8 050,00 ლარზე წლიური 18 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 120,75 ლარს; გამსესხებლის სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის 2021 წლის 24 თებერვალს გაფორმებული N 01036003894-20201028075848284 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 იანვარს შპს „ტ.კ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდა და იგი მოსარჩელე კომპანიის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტის განჩინებით მოსარჩელე კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2021 წლის 24 თებერვალს, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N 01036003894-20201028075848284; ხელშეკრულებით განისაზღვრა შემდეგი პირობები: კრედიტის თანხა: 5552,92 ლარი; ვადა: 2130 დღე; წლიური საპროცენტო განაკვეთი: 35%; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 37,47%; ყოველთვიური შენატანი: 201,01 ლარი. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - დავალიანების თანხის 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.2. მოსარჩელის მიერ გაცემული დავალიანების ცნობის თანახმად, მოპასუხის დავალიანება სფეისის (კომპანიის დისტანციური არხი) მიმართ 2021 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 7169,35 ლარს, საიდანაც 5552,92 ლარი არის ძირითადი თანხა, პროცენტი - 1599,71 ლარი, ხოლო ჯარიმა 16,72 ლარი;
4.3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2020 წლის 26 ოქტომბერს, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N 1792702-11149619; ხელშეკრულებით განისაზღვრა შემდეგი პირობები: კრედიტის თანხა: 8300 ლარი; ვადა: 1462 დღე; წლიური საპროცენტო განაკვეთი: 18%; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 20,71%; კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად; ხელშეკრულებით ასევე გათვალისწიმებულია სიცოცხლის დაზღვევა. ხელშეკრულების 2.10 პუნქტის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - დავალიანების თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ხოლო ერთჯერადად არაუმეტეს 20 (ოცი) ლარი;
4.4. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება, ბოლო გადახდა განხორციელდა 2021 წლის 21 ოქტომბერს და, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსესხებელს აღარ გადაუხდია თანხა. საქმეში წარმოდგენილი დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, N 1792702-11149619 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 10 698,32 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 8050 ლარი, პროცენტი - 1820,11 ლარი, პირგასამტეხლო - 798,22 ლარი და დაზღვევა 29,99 ლარი.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნა, მსესხებლისათვის 2021 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების თაობაზე.
6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 178.1-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები მოიხმო და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნა (გასაჩივრებულ ნაწილში) ემყარება შემდეგ ფაქტობრივ საფუძველს: „2021 წლის 24 თებერვალს, ონლაინ აპლიკაციის (Space) მეშვეობით, მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის N 01036003894-20201028075848284 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5552.92 ლარის ოდენობით...“ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ საერთოდ უარყო მითითებული ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და მისგან გამომდინარე სასესხო ვალდებულება.
7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულებს საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება) (იხ. სუსგ N ას-1245-1168-2015, 20.05.2016 წ.).
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ 2021 წლის 24 თებერვალს გაფორმებული საბანკო კრედიტის საფუძველზე მოპასუხეს სესხის თანხა გადაეცა, რაც აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველია.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე კომპანიამ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
9.2. კასატორის განმარტებით, სასამართლო არასწორად დაეყრდნო მოპასუხის ზეპირ განცხადებას, რომ მას 2021 წლის 24 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხა არ მიუღია, რადგან ამ ხელშეკრულებით უკვე არსებული სესხის რესტრუქტურიზაცია მოხდა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა;
9.3. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა მისთვის სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა;
9.4. სასამართლომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდზე მოპასუხეს დააკისრა სარგებლის გადახდა, დადგენილად ჩათვალა რომ მოსარჩელეს ზიანი ადგება, თუმცა მიუღებელი შემოსავალი დააკისრა შეზღუდულ პერიოდზე, თითქოს ამ დრომდე მოპასუხე უკვე შეასრულებდა ვალდებულებას და კომპანიას ზიანი ამ თარიღის შემდეგ აღარ მიადგებოდა. გადაწყვეტილებაში ასევე არ არის დასაბუთება, თუ რატომ მოხდა ზიანის ანაზღაურებისთვის ვადის განსაზღვრა სარჩელის შეტანიდან 1 წლით, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ამ ვადაში მოსარჩელე შეძლებდა დარღვეული უფლების აღდგენას და ზიანი აღარ მიადგებოდა, თუმცა ფაქტია, 2023 წლის ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს ვალდებულება ჯერაც არ შეუსრულებია.
9.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
12. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
13. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა (საქმეზე N ას-664-635-2016) 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (დიდი პალატის გადაწყვეტილების 206-ე პუნქტი);
16. ფორმალური გამართულობის მოთხოვნა ვრცელდება არა მარტო სარჩელზე, არამედ - შესაგებელზეც, რა დროსაც მოწმდება, თუ რა ტიპის შესაგებელი წარადგინა მოპასუხემ (მოთხოვნის შემწყვეტი, შემაფერხებელი, გამომრიცხავი და ა.შ.). შესაგებლის კლასიფიკაციას არ ვხვდებით საპროცესო ნორმებში, თუმცა ამას გვთავაზობს იურიდიული დოქტრინა და სასამართლო პრაქტიკა. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. გენერალური მიდგომაა, რომ აბსტრაქტული შესაგებლის წარდგენა დაუშვებელია (აღნიშნული უტოლდება შესაგებლის წარუდგენლობას), ასეთივე მიდგომაა შესაგებლის შეუვსებელი (ცარიელი) ფორმის მიმართაც. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები დამტკიცებულად ითვლება)- სხვა მრავალთა შორის შეად. სუსგ-ებს: N ას-590-2023, 20.07.2023წ; N ას-541-2023. 5.07.2023წ; N ას-424-2023, 22.06.2023წ; N ას-1167-2021, 15.03.2023წ;
17. სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესის მიხედვით „სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი“. ამდენად, დასახელებული ნორმის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (იხ. სუსგ-ები: N ას-361-343-2015, 14.12.2015წ; N ას- 662-2022, 11.11.2022წ.). ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებით, არამედ ხელშეკრულების საგნის-ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისთვის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება). ხელშეკრულების ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს და სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მოწმის ჩვენებითაც შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, კანონისმიერი ჩანაწერის მიხედვით, ზეპირი სესხის ხელშეკრულების არსებობის პირობებში, თანხის გადაცემის ფაქტი მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით არ მტკიცდება. ამ მიმართებით საკასაციო სასამართლო გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად ისეთ წერილობით საბუთს მიიჩნევს, როგორიცაა მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალარო შემოსავლის ორდერი და ა.შ. (იხ. სუსგ N ას-398-371-2017, 6 ივნისი, 2017 წელი).
18. საკასაციო სასამართლო ზემოთ მოხმობილი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის, შესაგებლის მნიშვნელობის შეფასებისა და საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ 2021 წლის 24 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის მოპასუხისათვის გადაუცემლობის მოტივით, მართებულია გასაჩივრებული განჩინება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილის უარყოფის შესახებ, რომელიც ხსენებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება, კასატორის მითითებას უკვე არსებული სესხის რესტრუქტურიზაციის თაობაზე, აღნიშნულის დადასტურებას შესაბამისი და სათანადო მტკიცებულება სჭირდება, რაც გამსესხებელმა ვერწარადგინა.
19. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიას მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე არ იზიარებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გამსესხებლის სააპელაციო საჩივარი მხოლოდ მხარეთა შორის 2021 წლის 24 თებერვალს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების ნაწილში შეაფასა, რადგან აპელანტის საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა არც ერთ პრეტენზიას საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით გადაწყვეტილი პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე ვერ შეაფასებს იმ პრეტენზიას, რაც კასატორს საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს არ ჰქონია წარდგენილი.
20. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელე კომპანიის (გამსესხებლის) სარჩელი, სსკ-ის 420-ე და 411-ე მუხლების დანაწესების გათვალისწინებით, გონივრულ და სამართლიან ფარგლებში დაკმაყოფილდა.
21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ტ.კ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ტ.კ–ს" (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 649,99 ლარის (საგადახდო დავალება N1690267272, გადახდის თარიღი 2023 წლის 26 ივლისი), 70% – 454,99 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური