საქმე №ას-917-2023 29 სექტემბერი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. თ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – იბა "ჭ. 3..", ნ. ო-ის უფლებამონაცვლე ი. ო-ე, ჯ. ა-ი, გ. ს-ე, ი. ა-ი, მ. ჩ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. თ-ას (შემდეგში: მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
1.1. შეწყვეტილად იქნა აღიარებული ბ. თ-ასა და ამხანაგობა „ჭ-ე 3..“-ს შორის 2010 წლის 24 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება ბ. თ-ასათვის 108,00 კვმ ფართის საცხოვრებელი ბინის გადაცემის შესახებ;
1.2. მოსარჩელე ბ. თ-ას სასარგებლოდ მოპასუხეებს: ამხანაგობა „ჭ-ე 3..“-ს, მ. ჩ-ეს, ნ. ო-ეს, ჯ. ა-ნს, გ. ს-ეს, ი. ა-ლს, დაეკისრათ 50 000 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს ასევე დაეკისრათ 50 000 აშშ დოლარის წლიური 9 %-ის გადახდა სარჩელის აღძვრიდან - 06.10.2016 წლიდან თანხის გადახდამდე;
1.3. ბ. თ-ას უარი ეთქვა მ. ჩ-ის მიმართ 2010 წლის 24 სექტემბრის ხელწერილიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელე ბ. თ-ამ და მოპასუხეთაგან: მ. ჩ-ემ, იბა ,,ჭ-ე 3..-მ და ნ. ო-ემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ბ. თ-ას (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეების: იბა ,,ჭ-ე 3..’’-ის და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად, ხოლო მოპასუხე ნ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
5. იბა ,,ჭ-ე 3..’’-ის და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი გადაეგზავნა მოსარჩელე ბ. თ-ას და განესაზღვრა ვადა შესაგებლის წარმოსადგენად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით, მოსარჩელე ბ. თ-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინება ბ. თ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარმადგინა მოსარჩელე ბ. თ-ამ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად და დაიწყო საქმის მომზადება მთავარ სხდომაზე განსახილველად.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2023 წლის 15 მაისს, განცხდებით მიმართა აპელანტი მხარის: იბა ,,ჭ-ის 3..’’-ს წევრმა ჯ. ახ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე მითითებით, ვინაიდან, მხარის მოსაზრებით, მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი იდენტურია ამ უკანასკნელის მიერვე წარდგენილი სააპელაციო საჩივრისა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით განუხილველად არის დატოვებული(იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).
10. მოპასუხის (აპელანტის) მიერ წარდგენილი ზემოხსენებული შუამდგომლობა გადაეგზავნა მოსარჩელის წარმომადგენელს და განესაზღვრა ვადა მოსაზრების წარსადგენად;
11. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ის არ დაეთანხმა იბა ,,ჭ-ის 3..’’-ს წევრის ჯ. ა-ის წარმომადგენლის შუამდგომლობას და განმარტა, რომ მხარის უფლებაა, სასამართლოში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს მისი განუხილველად დატოვების საფუძველი;
11.1. ასევე, მოსარჩელის (შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის) წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შუამდგომლობის განხილვა უნდა მოხდეს ზეპირი მოსმენით, მხარეთა არსებითი შუამდგომლობების განხილვის ეტაპზე;
11.2. მოსარჩელის მიერ წარდგენილი წერილობითი მოსაზრება ასევე შეიცავს მოსამართლისა და მისი შემადგენლობის აცილების განცხადებას. განმცხადებლის მითითებით, მოსამართლე გელა ქირია და მისი შემადგენლობა პირდაპირ დაინტერესებულები არიან მოსარჩელის პროცესუალურად მოწინააღმდეგე მხარის: ნ. ო-ისა და მ. ჩ-ის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანით, რის გამოც მათ აქვთ მიკერძოებული და ტენდენციური დამოკიდებულება. მოსარჩელის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ მოსამართლეები ვერ გამოიტანენ სწორ და სამართლიან, კანონშესაბამის გადაწყვეტილებას, მათ შორის არსებობს ის კავშირი, რომელიც ვერასდროს მიაღებინებს სწორ გადაწყვეტილებას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 31- ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე აცილებული უნდა იქნენ მოცემული საქმის განხილვისაგან.
12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მისი განხილვისა და მსჯელობის საგანს წარმოადგენს ჯ. ა-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა ბ. თ-ას შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და ბ. თ-ას წარმომადგენლის განცხადება სასამართლო შემადგენლობის აცილების თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ პირველ რიგში იმსჯელა აცილების განცხადებაზე.
12.1.სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიური შემადგენლობის აცილების თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც დაუსაბუთებელი და უკანონო მოთხოვნა.
12.1.1. მოსამართლის აცილებისა თუ თვითაცილების გადაწყვეტის წესი, ასევე აცილების საფუძვლები კონკრეტულად არის განსაზღვრული სსსკ-ის 31-34-ე მუხლებით. 31-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გარემოებები ამომწურავად განსაზღვრავს სასამართლო შემადგენლობის აცილების საკითხს და კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული შემთხვევებიდან ერთ-ერთის არსებობა საქმის განხილვისაგან მოსამართლის აცილების აბსოლუტური საფუძველია;
12.1.2. სსსკ-ის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის: ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში; ე) ამ საქმეში მონაწილეობდა მედიატორად.
12.1.3. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მოსამართლე გელა ქირიას აცილების საფუძვლად სსსკ-ის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით უთითებს, რომ „გელა ქირია და მისი შემადგენლობაც პირდაპირ დაინტერესებულები არიან მოწინააღმდეგე მხარის ნ. ო-ისა და მ. ჩ-ის სასარგებლოდ გამოიტანონ გადაწყვეტილება, რის გამოც აქვთ მიკერძოებული და ტენდენციური დამოკიდებულება და მიაჩნია, რომ ვერ გამოიტანენ სწორ და სამართლიან, კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას, მათ შორის არსებობს ის კავშირი, რომელიც ვერასდროს მიაღებინებს სწორ გადაწყვეტილებას“. განცხადებაში დამატებითი ფაქტი, ან რაიმე გარემოება არ არის მითითებული;
12.1.4. საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების მე-3 მუხლის მიხედვით, მოსამართლე ინსტიტუციონალურ და ინდივიდუალურ დონეზე უნდა განამტკიცებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისადმი, შესაბამისად, მოსამართლის ქცევა ყოველი კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა ემსახურებოდეს სწორედ აღნიშნული პრინციპის დაცვას. სასამართლო განმარტავს, რომ დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა მოსამართლის უზენაესი ვალდებულებაა, შესაბამისად, სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია ნებისმიერ მხარეთა შორის ნებისმიერი კატეგორიის საქმის განხილვისას. მოსამართლეთა საყოველთაო ქარტიის მე-5 მუხლის თანახმად, სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას მოსამართლე უნდა იყოს მიუკერძოებელი და ეს უნდა იყოს გამოხატული.
12.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აცილების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მხარე ვალდებულია, მიუთითოს ისეთ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ მოსამართლის დაინტერესებას საქმის შედეგით ან/და მის მიკერძოებას ერთ-ერთი მხარის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ განცხადებაში მითითებული განმარტება არ წარმოადგენს სსსკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების რომელიმე საფუძველს. ამასთან, განცხადება არ შეიცავს მოსამართლე გელა ქირიას ან კოლეგიური შემადგენლობის სხვა წევრების (მერაბ ლომიძე, გია ბერაია) მიუკერძოებლობის გამაბათილებელ მსჯელობას. შესაბამისად, განცხადება მოსამართლეთა აცილების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსსკ-ის 36-ე მუხლის შესაბამისად, აცილების თაობაზე სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით.
12.3. სააპელაციო სასამართლო მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მოთხოვნით მოწინააღმდეგე მხარის - ჯ. ა-ის წარმომადგენლის შუამდგომლობისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო: 12.3.1. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ბ. თ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გაშვების გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. თ-ამ. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი); 12.3.2. განსახილველი დავის მოპასუხეების: იბა ,,ჭ-ე 3..’’-ის და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარზე მოსარჩელე ბ. თ-ამ წარმოადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც განსახილველად იქნა მიღებული და გადაეგზავნა მოწინააღმდეგ მხარეს შესაგებლის წარმოსადგენად. 2023 წლის 15 მაისს თბილისის სააპელაციო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტის - იბა ,,ჭ-ის 3..’’-ს წევრის- ჯ. ა-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა მოსარჩელე ბ. თ-ას შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. სსსკ-ის 373-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს განჩინება შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ შეამოწმა შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და დაასკვნა, რომ მოპასუხის შუამდგომლობა მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 12.3.3. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხეების: მ. ჩ-ისა და იბა ,,ჭ-ის 3..’’-ს სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში, მაგრამ აღნიშნული სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება განხილული, როგორც შეგებებული სააპელაციო საჩივარი. მსგავს საკითხზე უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია ,,...რომ მხარეს შეგებებული საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლებით შეუძლია მხოლოდ მაშინ ისარგებლოს, თუ მას საკასაციო საჩივრით თვითონვე არ აქვს/არ ჰქონდა გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება/გადაწყვეტილება (იხ. სუსგ საქმე №ას-1608-2019, 5.06.2020 წ.). მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ შეგებებული საკასაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის მოპასუხეს საკასაციო საჩივრით უკვე გასაჩივრებული ჰქონდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებით დადგენილი ჰქონდა ხარვეზი. კასატორს ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, ხოლო აღნიშნული ნაკლის გამოსწორება შეგებებული საკასაციო საჩივრით შეუძლებელია.’’ (იხ. სუსგ №ას-132- 2021, 8.04.2021). სააპელაციო სასამართლოს შეფასებით სწორედ აღნიშნულის მსგავსია განსახილველი შემთხვევა, კერძოდ, მოსარჩელე მხარემ - ბ. თ-ამ გასაჩივრების საპროცესო ვადის დარღვევით წარადგინა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რის გამოც იგი განუხილველი დარჩა. აღნიშნული ნაკლის (გაშვებული საპროცესო ვადის) გამოსწორება კი დაუშვებელია შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით, ანუ მხარეს, რომელსაც სააპელაციო წესით გასაჩივრებული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება არ აქვს უფლება ისარგებლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებით, რადგან ეს უფლება, კანონის სწორი განმარტების თანახმად, გააჩნია იმ მხარეს რომელსაც სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებით არ უსარგებლია. 12.3.4. სსსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს შესაბამის ნორმას სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შემდგომ მისი დაუშვებლად ცნობის შესახებ, სააპელაციო სასამართლო იყენებს კანონის ანალოგიას, ანუ საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას და მიუთითებს სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამავე კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). 13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა, კერძოდ, შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა და საქმის სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის განსახილველად გადაცემა (იხ. კერძო საჩივარი- ტ. 5, ს.ფ.134-147).
13.2. კერძო საჩივრის ავტორის (მოსარჩელის) წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 379-ე მუხლის დეფინიციაზე „მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება“ და განმარტავს, რომ კანონის იმპერატიული დანაწესის მიხედვით შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლება მხარეას აქვს მაშინ, როდესაც არსებობს ძირითადი სააპელაციო საჩივარი, რაც ამ შემთხვევაში სწორედ ასეა;
13.2.1. მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოსარჩელემ კანონით განსაზღვრულ ვადაში- შეგებებული სააპელაციო საჩივარი. ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება (რაც მხარის მითითებით ასევე სადავაოა) არ არის იმავე მხარის მიერ შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოება. მოსარჩელის (კერძო საჩივრის ავტორის) წარმომადგენელი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით (იხ. წინამდებარე განჩინების 12.3.3. ქვეპუნქტი) და უთითებს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ ნამსჯელი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები სრულიად სხვა ფაქტებს ეფუძნება, რადგან საქმეზე N ას-1608-2019 (5.06.2019წ.) კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა, დაგვიანებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი სასამართლოს შეგებებულ სააპელაციო საჩივრად მიეჩნია, რაზედაც, ცხადია, კანონიერი და დასაბუთებული განჩინება მიიღო უზენაესმა სასამართლომ;
13.2.2. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი დავობს, რომ საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა არასწორად და იურიდიული დასაბუთების ერთმანეთში აღრევითა და მცდარი ინტერპრეტაციით არის მითითებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში, რაც მოსარჩელის პროცესუალური უფლების ხელყოფას იწვევს; კანონმდებლის ნება მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ წარმოებაში მიღებული სააპელაციო საჩივრის ავტორი იმავდროულად ვერ წარადგენს შეგებებულ სააპელაციო საჩივარს. ასევე, თუკი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილია სააპელაციო საჩივარი და მას რაიმე საფუძვლით დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც არ გამოასწორა მხარემ, ეს უკანასკნელი დამატებით შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებით ვერ ისარგებლებს.
13.3. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მოითხოვს საქმის სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნებას სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრების განხილვის ეტაპიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის შეგებებეული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხის შეფასება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს სხვა კოლეგიური შემადგენლობისათვის დაბრუნების შესახებ კერძო საჩივრის მოთხოვნის დასაბუთებულობა.
15. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში (სააპელაციო საჩივარი). ამავე კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა პროცესის მონაწილე სუბიექტს (მხარეებს, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირებს) მათთვის არასასურველი შედეგის განმსაზღვრელი სასამართლო გადაწყვეტილებისგან თავის დაცვის ორ დამოუკიდებელ ინსტრუმენტს სთავაზობს: 1) სააპელაციო საჩივრისა და 2) შეგებებული სააპელაციო საჩივრის სახით. ამასთან, შეგებებული სააპელაციო საჩივრის აღძვრის შესაძლებლობა უზრუნველყოფს, რომ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ უკმაყოფილო პროცესის მონაწილეს მაშინაც კი შეეძლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ეფექტის შეკავება, როდესაც ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, იგი მოკლებულია იმგვარი მძლავრი საპროცესო ბერკეტის გამოყენების შესაძლებლობას, როგორიც სააპელაციო საჩივარია. სუბიექტურ მიზეზში საკასაციო სასამართლო მოიაზრებს გასაჩივრების ვადის გასვლის ან გასაჩივრების უფლებამოსილების გამოყენებაზე უარის თქმის გამო სააპელაციო საჩივრის წარდგენის შეუძლებლობას, ხოლო ობიექტურ ფაქტორებში მოიაზრება ის საპროცესო წინაღობები, რომლებიც გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრებს იმთავითვე დაუშვებლად მოიაზრებენ (შეად. სუსგ-ებს: N ას-1233-2022, 21.10.2022წ.; N ას-248-2023, 10.05.2023წ.).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტი უფლების დაცვის დამატებითი საპროცესო საშუალებაა, რაც ნათლად ვლინდება სსსკ-ის 379-ე მუხლის მეორე წინადადებაში - ძირითადი სააპელაციო საჩივრის გამო საქმისწარმოების შეწყვეტისა თუ მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარიც იზიარებს იმავე საპროცესო ბედს. ამგვარი შეზღუდვის არსებობის მიუხედავად, გასათვალისწინებელია კანონმდებლის ნება, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა წარმოადგენდეს უფლების დაცვის ქმედით ინსტრუმენტს.
17. შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიმართ სრულად ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებსაც კანონმდებელი სსსკ-ის 368-ე მუხლით უდგენს ძირითად სააპელაციო საჩივარს, ასევე, სასამართლოს დამატებით ევალება მხარის მიერ 10-დღიანი საპროცესო ვადის დაცვის უტყუარად გამორკვევა. შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონმდებელი ადგენს სპეციალურ წინაპირობებს და სასამართლოს არ აქვს რაიმე უფლებამოსილება, მისი განსახილველად დაშვებისათვის დააწესოს დამატებითი, კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლები (იხ. სუსგ-ები: N ას-1175-2021, 17.03.2022წ; N ას-248-2023, 10.05.2023წ.).
18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის ავტორმა, რომელიც მოცემულ დავაში მოსარჩელეა, ნაწილობრივ მიაღწია წარმატებულ იურიდიულ შედეგს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისად, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომელიც კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო განუხილველად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით (იხ. ტ.4, ს.ფ.4-7), რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით (იხ. სუსგ N ას-237-2020, 20.07.2020წ. - ტ.4, ს.ფ. 338-347). თავის მხრივ, მოპასუხე მხარემაც გაასაჩივრა სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეების: იბა ,,ჭ-ე 3..’’-ის და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად, ხოლო მოპასუხე ნ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. იბა ,,ჭ-ე 3..’’-ის და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი გადაეგზავნა მოსარჩელე ბ. თ-ას და განესაზღვრა ვადა შესაგებლის წარმოსადგენად.
20. დადგენილია და სადავო არაა, რომ მოსარჩელემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხეების: მ. ჩ-ისა და იბა ,,ჭ-ის 3..’’-ს სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში. მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განჩინებით და ამავე განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე (იხ. ტ.5, ს.ფ. 22-25). მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი გადაეგზავნა მოპასუხეს, რომელმაც წარადგინა მოსაზრება შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (იხ. ტ.5, ს.ფ.95-96 და ს.ფ.98-99), რაც გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და 2023 წლის 30 მაისის განჩინებით განუხილველად დატოვა შეგებებული სააპელაციო საჩივარი (იხ. ტ.5, ს.ფ.109-115; ასევე- წინამდებარე განჩინების 10-11 პუნქტები და 12.3-12.3.4 ქვეპუნქტები).
21. სსსკ-ის 379-ე მუხლის მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მოსარჩელის მიერ შეგებებული სააპელაციო საჩივრის გამოყენების, როგორც საპროცესო უფლების განკარგვისა და არასასურველი შედეგის განმსაზღვრელი სასამართლო გადაწყვეტილებისგან თავის დაცვის ერთ-ერთი შესაძლებლობით სარგებლობის მართლზომიერების თაობაზე. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის პრეტენზიის იმ ნაწილსაც იზიარებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორი ინტერპრეტაციით არის ასახული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ გაუშვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რამაც სამართლებრივ შედეგის სახით მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია საპროცესო თავდაცვის სახით შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენით ისარგებლოს.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუკი მოსარჩელის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე დადგინდებოდა ხარვეზი და ხარვეზის აღმოუფხვრელობის შედეგად დარჩებოდა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, მაშინ მხარეს აღარ ექნებოდა შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლება. საკასაციო სასამართლოს მიერ განხილული საქმე N ას-1608-2019 (5.06.2020წ.) განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს ეხება და მასში განიმარტა, რომ საკასაციო სასამართლო მხარის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარს ვერ განიხილავდა, როგორც შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, რადგან სსსკ-ის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, გაცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. საკასაციო სასამართლომ საქმეზე N ას-1608-2019 დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ვერ განიხილებოდა, როგორც შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რადგან მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხეს მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრის ასლი 2019 წლის 7 ოქტომბერს ჩაბარდა, მას კი სააპელაციო საჩივარი 2019 წლის 5 აგვისტოს უკვე წარდგენილი ჰქონდა საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა გასული იყო, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო საჩივრის ჩაბარებამდე ვადის დარღვევით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი ვერ „გადაიქცეოდა“ შეგებებულ სააპელაციო საჩივრად და ამ გზით ვერ გამოსწორდებოდა ის ნაკლი, რომ მხარემ ვადის დარღვევით შეიტანა თავისი სააპელაციო საჩივარი, ხოლო პროცესუალური მოწინააღმდეგის შეგებებული სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან 10 დღიან ვადაში არ შეუტანია შეგებებული აპელაცია და ვადის დარღვევით წარდგენილი ძირითადი სააპელაციო საჩივრის შეგებებულ აპელაციად ჩათვლა მოითხოვა.
23. საკასაციო სასამართლო მისსავე განმარტებას მოიხმობს, სსსკ-ის 379-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რომ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანონ სააპელაციო საჩივარი, თუმცა მოწინააღმდეგე მხარისთვის, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით არ სურდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება (აღარ უნდოდა დავის გაგრძელება), ან კანონის მოთხოვნათა დარღვევის (სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის) გამო, არ წარადგინა ძირითადი სააპელაციო პრეტენზია, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას, რაც შეიძლება განხილულ იქნას ასევე ე.წ დაგვიანებულ სააპელაციო საჩივრად. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტთან მიმართებით, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე იგი საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე პრინციპის - დისპოზიციურობის კლასიკური გამოხატულებაა და მოიცავს მხარის ისეთ შესაძლებლობას, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება მაშინაც, თუ მას წერილობით აქვს უარი ნათქვამი სააპელაციო საჩივრის წარდგენაზე (სსსკ-ის 370-ე მუხლი). შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიმართ სრულად ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებსაც კანონმდებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით უდგენს ძირითად სააპელაციო საჩივარს, ასევე, სასამართლოს დამატებით ევალება მხარის მიერ 10-დღიანი საპროცესო ვადის დაცვის უტყუარად გამორკვევა, რაც განსახილველ შემთხვევაში დაცულია მოსარჩელის (კერძო საჩივრის ავტორის) მხრიდან.
24. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ძირითადი და შეგებებული სააპელაციო საჩივრების ურთიერთკავშირის ფარგლებს თავად კანონი განსაზღვრავს: ძირითად სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით საქმისწარმოების შეწყვეტისა თუ მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება. კანონის ამ დათქმის უფრო ფართოდ განმარტება ეწინააღმდეგება თავად შეგებებული სააპელაციო საჩივრის სამართლებრივ ბუნებას, რამდენადაც შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის თავდაცვის დამატებით და ქმედით საპროცესო საშუალებას. თუ სააპელაციო საჩივარზე წარდგენილი შესაგებლით მხარე უარყოფს პროცესუალური ოპონენტის მოსაზრებებს, შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიზნად ისახავს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომელიც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასევე მის სასარგებლოდ მიღებული და ძირითადი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილის უცვლელად დატოვებას. ამდენად, ნორმიდან გამომდინარეობს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან. თავისი ხასიათით, შეგებებული სააპელაციო საჩივარი ძირითადი სააპელაციო საჩივრის გამო და მის წინააღმდეგ მიმართული საჩივარია, მისი მიზანია ამ ძირითადი სააპელაციო საჩივრის პარალიზება და გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მეორე მხარის მოთხოვნა. მართალია, სსკ-ის 372-ე მუხლის ძალით სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის დადგენილი წესებით, თუმცა აღნიშნული დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოებისათვის კონკრეტული საკითხის მომწესრიგებელი ნორმა გათვალისწინებული არ არის. განსახილველ შემთხვევასთან მიმართებაში კი, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის წესს და, როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთ დროს შეგებებული სარჩელის მიღების პირობების მსგავს მოთხოვნებს არ ადგენს (იხ. სუსგ-ები: N ას-155-424-08; 7.05. 2008 წ; N ას-1019-974-2013, 3.10.2014წ; N ას-788-2020. 26.02.2021წ; N ას-1175-2021, 17.03.2022წ.).
25. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის საყურადღებოდ, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასთან დაკავშირებით, რომელიც წინამდებარე განჩინების 12.3.4 ქვეპუნქტშია ასახული, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ანალოგიურ შემთხვევებში საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის 7.2-ე მუხლი) მაშინ, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა კანონის ანალოგიის გამოყენების თაობაზე (სხვა მრავალთა შორის იხ.სუსგ-ები: ას-259-2023, 27.06.2023წ; N ას-1492-2020, 13.04.2022).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც მხარეს გაშვებული აქვს სააპელაციო/საკასაციო საჩივრის წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადა (და არა იმ შემთხვევაში, როდესაც გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადაში შეტანილ სააპელაციო/საკასაციო საჩივარზე სასამართლოს განჩინებით დადგენილ ხარვეზს არ აღმოფხვრის), ის არ კარგავს შეგებებული სააპელაციო/საკასაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო უფლებას, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს სპეციალური საპროცესო ნორმებით და ამოწმებს ძირითადი სააპელაციო/საკასაციო საჩივრის ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში არის თუ არა აღძრული შეგებებული სააპელაციო/საკასაციო საჩივარი (სსსკ-ის 379-ე და 405-ე მუხლები).
27. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია შეგებებული სააპელაციო საჩივრის ნაწილში დასაბუთებულია, შესაბამისად, კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინება და, საქმე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმავე შემადგენლობას, შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
28.საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კერძო საჩივრის მოთხოვნას საქმის სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნების თაობაზე, როგორც დაუსაბუთებელს, რადგან მოთხოვნის ამ ნაწილში არავითარი არგუმენტი არ არის წარმოდგენილი. იმ დაშვებითაც, რომ კერძო საჩივრის ავტორის ეს მოთხოვნა მოსამართლეთა კოლეგიური შემადგენლობის აცილებას უკავშირდება, მაინც უსაფუძვლოა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც წინამდებარე განჩინების 12.1-12.2 ქვეპუნქტებშია ასახული, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. თ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინებაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინება და, საქმე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმავე შემადგენლობას, შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური