საქმე №ას-940-2023 13 ოქტომბერი, 2023 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ს.კ.ე.ჯ–ია" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემსყიდველი ან სამინისტრო) სარჩელი შპს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდეგში: მოპასუხე, მიმწოდებელი ან კომპანია) პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიას შორის, 2019 წლის 31 მაისს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N419 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ აიღო ვალდებულება, სამინისტროსთვის გაეწია შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული CON190000322 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით;
3.2. დაზღვევის პირობების მე-2 ნაწილის 2.10 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში, უნდა განხორციელებულიყო დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენა;
3.3. ხელშეკრულების N 1 დანართის მე-2 ნაწილის 2.7 პუნქტის მიხედვით, მომხდარი შემთხვევის განხილვის მიზნით, მზღვეველი ვალდებული იყო, სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებიდან 2 სამუშაო დღეში, ეღიარებინა სადაზღვევო შემთხვევა ან დასაბუთებული უარი განეცხადებინა აღიარებაზე, რის შესახებაც წერილობით უნდა ეცნობებინა დამზღვევისათვის;
3.4. დანართის 2.8 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის აღიარების შემდეგ, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ძრავის დაზიანების შემთხვევაში - არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, დამზღვევისა და მზღვევლის წარმომადგენელთა თანდასწრებით უნდა შემდგარიყო შესაბამისი დეფექტური აქტი დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილის აღდგენის ან შეცვლისთვის საჭირო თანხების მითითებით;
3.5. დანართის 2.9 პუნქტის თანახმად, დეფექტური აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში მზღვეველი ვალდებული იყო შეედგინა ზარალების რეგულირების აქტი, რომელიც დამოწმებული უნდა ყოფილიყო მზღვევლისა და დამზღვევის ხელმოწერებით;
3.6. 2019 წლის 12 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა დამზღვევის - სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კუთვნილი, დაზღვეული ავტომანქანა - TOYOTA COROLLA, სახ. ნომერი - ......, გამოშვების წელი - 2019;
3.7. იგივე ავტომანქანა (TOYOTA COROLLA სახ. ნომერი ......, გამოშვების წელი - 2019) დაზიანდა ასევე, 2019 წლის 20 სექტემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს;
3.8. პირველ შემთხვევაში ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობამ შეადგინა - 390 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 450 ლარი;
3.9. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარებების აქტებით დასტურდება, რომ 2019 წლის 31 მაისის N419 ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა 2019 წლის 12 ივლისს და 2019 წლის 20 სექტემბერს მომხდარი შემთხვევების დროს დაზიანებული დაზღვეული ავტომანქანის (TOYOTA COROLLA სახ. ნომერი ......, გამოშვების წელი - 2019) აღდგენა;
3.10. ავტომანქანა სერვის ცენტრში აღსადგენად შევიდა 2019 წლის 28 ოქტომბერს და აღდგენა დასრულდა იმავე დღეს. ავტომანქანა აღდგენილია ხარისხიანად და ექსპლუატაციისთვის ვარგისია;
3.11. სადაზღვევო კომპანიის მხრიდან, 2019 წლის 12 ივლისის სადაზღვევო შემთხვევის საფუძველზე, სერვის ცენტრისათვის (შპს „ტ.ც.თ–ი“) 390 ლარის ოდენობით თანხის გადარიცხვა განხორციელდა 2019 წლის 8 აგვისტოს, ხოლო 2019 წლის 20 სექტემბრის სადაზღვევო შემთხვევის საფუძველზე - 450 ლარის გადარიცხვა - 2019 წლის 10 ოქტომბერს;
3.12. მოსარჩელემ 2022 წლის 31 მარტის წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ ხელშეკრულების N1 დანართის მე-2 ნაწილის, 2.10 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადის (69+7დღით) დარღვევის გამო, ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის, ჯამში 3800 ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც უნდა მომხდარიყო 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
3.13. 2022 წლის 11 აპრილის წერილით მოპასუხე არ დაეთანხმა დაკისრებულ პირგასამტეხლოს და უარი განაცხადა მის გადახდაზე. ზარალის დარეგულირების აქტი ერთ შემთხვევაში შედგენილია - 2019 წლის 29 ივლისს და ხელი მოეწერა 31 ივლისს, ხოლო მეორე სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით შედგენილია - 2019 წლის 27 სექტემბერს და აქტს ხელი მოეწერა 2019 წლის 1 ოქტომბერს. ზარალის თანხები გადაირიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით - 2019 წლის 8 აგვისტოს და 2019 წლის 10 ოქტომბერს.
4. სააპელაციო სასამართლომ საქმის შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან 2019 წლის 31 მაისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, შესაბამისად, არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.
5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
6. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი ძირითადად იმ გარემოებას ეფუძნება, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან არსებული შეთანხმების შესაბამისად უფლებამოსილი იყო დაზიანებული ავტომანქანა გამოეყენებინა შეკეთებამდე და ჰყოლოდა ექსპლუატაციაში, სერვის-ცენტრში მიყვანა შეთანხმებისამებრ ხდებოდა, სადაზღვევოს მოთხოვნის შესაბამისად, ანუ მაშინ როდესაც დამზღვევი იქნებოდა მზად ავტომანქანის შესაკეთებლად (როდესაც უკვე აქვს სათანადო ნაწილი). ამდენად, 28 ოქტომბერს ავტომანქანა სერვის-ცენტრში სწორედ კომპანიის მითითებისამებრ შევიდა.
7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული არგუმენტი და აპელანტის პრეტენზიის საპასუხოდ ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების N1 დანართის - დაზღვევის პირობები, პირველი ნაწილის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ შემთხვევის შემდეგ სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება და ამავდროულად გადაადგილება არ გამოიწვევს რაიმე სახის ზიანს, დაზღვეული მზღვეველთან შეთანხმებით უფლებამოსილია გააგრძელოს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალება ვერ გადაადგილდება ან მისი გადაადგილება გამოიწვევს რაიმე სახის ზიანს, მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სერვის-ცენტრში ან/და საჯარიმო სადგომზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მზღვეველი უარს აცხადებს შემთხვევის აღიარებაზე/დადასტურებაზე. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოპასუხემ პირველი სადაზღვევო შემთხვევის დადგომის (2019 წლის 12 ივლისი) შემდეგ გააგრძელა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია და შესაკეთებლად სერვის-ცენტრში მისი გადაყვანა მოხდა მხოლოდ 2019 წლის 20 სექტემბერს, იმავე ავტომობილზე განმეორებით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის შემდეგ. დადგენილია, რომ ავტომანქანა სერვის ცენტრში აღსადგენად შევიდა - 2019 წლის 28 ოქტომბერს. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა მომხდარი შემთხვევის აღიარებაზე/დადასტურებაზე. შესაბამისად, ის ფაქტი რომ დაზღვეული ავტომანქანის წარდგენა მოსარჩელის მიერ სერვის-ცენტრში არ განხორციელდა პირველი შემთხვევის დადგომისთანავე (დაზიანების), ვერ შეფასდება მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევად (ავტომანქანის შეკეთების/აღდგენის ვადაგადაცილება). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2019 წლის 31 მაისის N419 ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 100 ლარის ოდენობით, ხოლო, 11.5 პუნქტის მიხედვით, 5 წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 50 ლარის ოდენობით.
8. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ ხელშეკრულების 11.5 პუნქტი ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე იქნებოდა 5 წლის წლოვანების ავტომობილის ტექნიკური მომსახურების ვადის გადაცილება. მოცემულ შემთხვევაში კი ავტომობილი 2019 წლის გამოშვებისაა, სადაზღვევო შემთხვევები დადგა 2019 წელს, შესაბამისად, ავტომობილის წლოვანება არ აღემატება 1 წელს. ამდენად, მითითებული პუნქტი არ შეიძლება ჩაითვალოს მხარეთა შორის პირგასამტეხლოს წერილობითი ფორმით შეთანხმებულად, რამდენადაც არ არსებობს მისი ამოქმედების წინაპირობა.
9. აპელანტმა მიუთითა, რომ 5 წლის წლოვანების ავტომობილებში იმთავითვე მოიაზრებოდა 5 წლისა და მანამდე ანუ 5 წლამდე წლოვანების ავტომანქანები, რომლებიც 5 წელს ზემოთ ავტომანქანებისგან განსხვავებით ნაკლებ საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებდა (ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებულია 50 ლარი). ამასთან, კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, ისევე როგორც ზიანის თაობაზე დეფექტური აქტის შედგენის დროისათვის, იცოდა, რომ ხსენებული ავტომანქანა ჯდებოდა მის მიერ ასანაზღაურებელ ავტომანქანებში.
10. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსიდან და მისი მიზნებიდან გამომდინარე, სადავო საკითხთან მიმართებით, დაასკვნა, რომ 5 წლის ან ზევით წლოვანების ავტომანქანების მომსახურების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო უფრო ნაკლებია, ვიდრე 5 წლამდე წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების ვადის გადაცილებისათვის. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომლის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოშვებულია 2019 წელს და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის მისი წლოვანება არ აღემატებოდა 5 წელს, სადაზღვევო კომპანიის მიერ შეკეთების ვადის გადაცილებისათვის ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა, ხელშეკრულების საფუძველზე, უნდა განსაზღვრულიყო ხელშეკრულების 11.4 და არა 11.5 პუნქტის შესაბამისად.
11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ არ დადასტურდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი, არ გამოვლინდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
12.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (შემსყიდველის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის).
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს, პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმასთან მიმართებით და ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გასაბათილებლად კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები არ წარმოუდგენია. კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც მას ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სრულად უნდა დაეკისროს. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის აუცილებელი წინაპირობაა (იხ. ამ განჩინების მე-7 პუნქტი).
18. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019 წ.).
19. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენაა შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე - ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010, გვერდი. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93).
20. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე