Facebook Twitter

საქმე №ას-841-2023 29 სექტემბერი, 2023 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს "A." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „A.“-ის (შემდეგში: შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, შემსრულებელი ან კომპანია) შეგებებული სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში:თვდაპირველი მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, შემკვეთი, აპელანტი, კასატორი ან მერია) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

1.1. მერიას შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ 31 200.6 ლარის გადახდა დაეკისრა;

1.2. მერიას შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 31 200.6 ლარის 0.02%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღემდე;

1.3. შენსრულებელი კომპანიის შეგებებული სარჩელი მერიის მიმართ 51 120 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინებით მერიის (შემკვეთის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მერიამ თავდაპირველი სარჩელით მოპასუხე კომპანიის (შემსრულებლის) მიმართ, 2019 წლის 8 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.01/30/199 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლო, ხოლო პირგასამტეხლოს - 31 200.65 ლარის იძულებით გადახდევინება მოითხოვა ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების გამო. მოგვიანებით, 2020 წლის 19 ნოემბერს მერიამ დაზუსტებული სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს, რომლითაც იმავე გარემოებებზე მითითებით მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 48 029.70 ლარის დაკისრება მოითხოვა;

3.2. საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით მერიის სარჩელი მოპასუხე კომპანიის მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დარჩა განუხილველად, მოსარჩელის მიერ სარჩელის გახმობის გამო;

3.3. კომპანიასა და მერიას შორის 2019 წლის 8 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტად განისაზღვრა ქ. თბილისში, მონუმენტის „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 3 400 000 ლარით, გადასახადების ჩათვლით. ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად – ხელშეკრულების გაფორმების დღე, ხელშეკრულების მოქმედების ვადად – 2022 წლის 3 იანვარი (ამ თარიღის ჩათვლით), სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა _ 180 კალენდარული დღით, ექსპერტიზის ვადის ჩათვლით, ხოლო დენდროლოგიური ნაწილის მიწოდების ვადა – არაუგვიანეს 2019 წლის 30 სექტემბრისა, ექსპერტიზის ვადის ჩათვლით. სამუშაოს მიწოდების ადგილად განისაზღვრა ქ. თბილისი, მონუმენტის „ადამიანი და მზე“ მიმდებარე ტერიტორია;

3.4. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაოების ჩაბარება შესაძლებელი იყო ეტაპობრივად. კერძოდ, ხელშეკრულების 6.1 პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტი ამ მისი ნაწილი ჩაითვლებოდა მიღებულად, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ამასთან შესრულებული სამუშაოების (ან მისი ნაწილის) დასრულების თარიღად ჩაითვლებოდა ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის თარიღი;

3.5. ხელშეკრულებით შეთანხმდა ანგარიშსწორების წესი, 7.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მოხდება 2019 წლის თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 7.3 პუნქტით, შეთანხმებულ იქნა შემდეგი პირობა: იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებიდან 7.2 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშსწორებამდე შემსრულებლის მიერ არ იქნებოდა წარდგენილი საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემკვეთი ვალდებული იქნებოდა მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა დაექვითა შემსრულებლისათვის, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს დარჩენილი თანხა ჩაერიცხებოდა. შემსრულებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობით წარმოქმნილი რისკის თავიდან აცილება უზრუნველყოფილ იქნა საბანკო გარანტიით, 85 000 ლარის მოცულობით, რომლის ვადა განსაზღვრული იყო 2020 წლის 5 იანვრის ჩათვლით;

3.6. ხელშეკრულების მე-9 მუხლით განისაზღვრა საჯარიმო სანქციების გამოყენების წესები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში; ხელშეკრულების 9.2 პუნქტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემსრულებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა (გარდა სამუშაოების დაწყების ვადის და მიწოდების საბოლოო ვადის დარღვევისა) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%; ხელშეკრულების 9.6 პუნქტით მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში შემსრულებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 9.9. პუნქტით ხელშეკრულების 7.2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში შემკვეთს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0,02 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

3.7. ხელშეკრულების მე-14 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხარეთა შეთანხმებით დასაშვები იყო ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეცვლა; 14.2 პუნქტით ხელშეკრულების ღირებულების პარამეტრების (ერთეულის ფასის) შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევისა; ... ამ პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა; ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით;

3.8. შემსრულებელი კომპანიის 2019 წლის 4 ივნისის, 28 ივნისის, 17 ივლისის, 2 სექტემბრის, 3 სექტემბრის, 17 სექტემბრის, 30 სექტემბრის, 4 ოქტომბრის, 11 ოქტომბრის, 25 ოქტომბრის, 30 ოქტომბრის და 4 დეკემბრის წერილებით მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს ეცნობა იმ წინააღმდეგობების შესახებ, რომელთაც შეგებებული მოსარჩელე (შემსრულებელი) წააწყდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, მონუმენტის „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების რეაბილიტაციის სამუშაოების პროცესში;

3.9. 2019 წლის 30 სექტემბრის, 4 ოქტომბრის, 11 ოქტომბრის, 25 ოქტომბრის, 30 ოქტომბრის და 4 დეკემბრის წერილებით შემსრულებელი კომპანია ითხოვდა სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევას 2019 წლის 30 დეკემბრამდე;

3.10. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 19 ივლისის N 18-01192002452 წერილით სს „თ–ს“ ეცნობა, რომ კომპანია ახორციელებდა ქ. თბილისში მონუმენტის „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებულ თარგებში განათების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მოწყობას, რისთვისაც საჭირო იყო შესაბამისი ტექნიკური პირობის აღება და აბონენტად რეგისტრირება. შემკვეთის წერილით სს „თ–ს“ ეთხოვა, რომ კომპანიის მოთხოვნებზე რეაგირება მოეხდინა. რაც შეეხება, სამუშაოების შესრულების ვადის 2019 წლის 30 დეკემბრამდე გაგრძელებას, შემსრულებლის (შეგებებული მოსარჩელის) ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა, მხარეთა შეთანხმებით, ვადა გაგრძელდა მხოლოდ 2019 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით;

3.11. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 4 ნოემბრის N18-01193081427 და N18-01193083764 წერილების საფუძველზე, შემკვეთ მერიასა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ამოქმედდა 2019 წლის 4 ნოემბრიდან და სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადად 2019 წლის 18 ნოემბერი განისაზღვრა. შეგებებული სარჩელით მოპასუხეს (შემსრულებელს) ეთხოვა საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელების უზრუნველყოფა 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით;

3.12. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 13 დეკემბრის N18-01193473204 და 19 დეკემბრის N18-01193533183 წერილების საფუძველზე, მერიასა და კომპანიას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება გაიზარდა 314 359.07 ლარით და საბოლოოდ განისაზღვრა 3 714 359.07 ლარით. მოგვიანებით, 2020 წლის 15 იანვრის შეთანხმებით, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შემცირდებოდა 55 866.05 ლარით და ნაცვლად 3 714 359.07 ლარისა, დანართის შესაბამისად, განისაზღვრებოდა 3 658 493.02 ლარით;

3.13. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება (მიღება-ჩაბარება)შემსრულებლის მიერ განხორციელდა სამ ეტაპად: კომპანიამ ექსპერტიზის დასკვნა შესრულებულ სამუშაოთა ნაწილზე წარადგინა 2019 წლის 23 დეკემბერს, 35 დღის ვადის გადაცილებით; კომპანიამ ექსპერტიზის დასკვნა მომდევნო შესრულებულ სამუშაოთა ნაწილზე წარადგინა 2019 წლის 30 დეკემბერს, 2019 წლის 23 დეკემბრის თარიღიდან 7 დღის ვადის გადაცილებით; საბოლოოდ შემსრულებელმა კომპანიამ ექსპერტიზის დასკვნა შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ნაწილზე წარადგინა 2020 წლის 22 იანვარს, 2019 წლის 30 დეკემბრის თარიღიდან 23 დღის ვადის გადაცილებით;

3.14. მხარეებს შორის 2020 წლის 24 იანვარს გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების N7 აქტის მიხედვით, შპს „ს.მ.ჯ–ის“ ინსპექტირების ანგარიშით დადასტურებულ იქნა, ქ. თბილისში, მონუმენტის „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული თარგების რეაბილიტაციის სამუშაოების საბოლოო ეტაპზე წარმოებული სამუშაოები, რომელთა ღირებულებამ აკრედიტირებული ექსპერტის მიერ დადასტურებული შესრულებული სამუშაოების N7 აქტის (ფორმა N2) შესაბამისად შეადგინა 108 969.68 ლარი, დღგ-ის ჩათვლით. იმავე აქტის მიხედვით, ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ აკრედიტირებული ექსპერტის მიერ დადასტურებული შესრულებული სამუშაოების I, II, III, IV, V, VI, VII აქტების (ფორმა 2) ჯამურმა თანხამ შეადგინა 3 652 386.44 ლარი;

3.15. აპელანტს (შემკვეთს) შეგებებული სარჩელით მოსარჩელესთან საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განეხორციელებინა 3 652 386.42 ლარის გადარიცხვით. ამ თანხიდან, შემკვეთმა შემსრულებელს პირგასამტეხლოს სახით დაუქვითა 48 029.70 ლარი;

3.16. პირგასამტეხლოს თანხების - 26 000.52 ლარის, 5 200.11 ლარის და 16 829.07 ლარის დაქვითვის შესახებ შემსრულებელ კომპანიას (შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს) ეცნობა მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის N12-01193611716, 27.12.2019 წ., N 12-0119365407, 31.12.2019 წ. და N 12-0120028596, 28.01.2020 წ. წერილებით. აღნიშნული წერილების პასუხად შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ N A-01/20, 06.01.2020 წ. და N A-15/20, 28.01.2020 წ. წერილებით აცნობა შემსყიდველს, რომ ობიექტური მიზეზებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით სამუშაოების შესრულების გამო ჯარიმების დაკისრებას არ ეთანხმებოდა და გამოთქვა მზაობა, წარედგინა სათანადო მტკიცებულებები დაკისრებული სანქციის გასაქარწყლებლად.

4. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო მენარდისათვის პირგასამატეხლოს დაკისრების (დაქვითვის) მართლზომიერება. შესაბამისად, შემსრულებლის/მენარდის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო- მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), 418-ე მუხლი (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს) და 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო).

5. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულება და შემსრულებლისთვის წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია შეიცავდა ხარვეზებს, რომელთა გამოც, შემსრულებელი კომპანიის მიერ სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელების გარეშე შეუძლებელი იყო პროექტის განხორციელება. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შეთანხმებით 2019 წლის 23 დეკემბერს დაზუსტდა (გაიზარდა) ხელშეკრულების ღირებულება, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადად უნდა განსაზღვრულიყო სულ მცირე, 2019 წლის 30 დეკემბერი. აქედან გამომდინარე. სასამართლომ 2019 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვა უკანონოდ, ხოლო 2019 წლის 30 დეკემბრიდან - 2020 წლის 22 იანვრამდე პერიოდზე კანონიერად მიიჩნია და დაადგინა, რომ ხელშეკრულების 9.6 პუნქტის შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა გამოთვლილიყო ხელშეკრულების საბოლოოდ შეთანხმებული მთლიანი ღირებულებიდან - 3 658 493.02 ლარიდან და უნდა განსაზღვრულიყო 23 ვადაგადაცილებულ დღეზე, ამ თანხის 0.02%- ით.

6. განსახილველ შემთხვევაში შემსრულებლის/მენარდის მოთხოვნა სამუშაოების მიწოდების ვადის 2019 წლის 30 დეკემბრით განსაზღვრის თაობაზე შემკვეთის მიერ არ იქნა გაზიარებული და მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 18 ნოემბერი, ანუ აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრულმა პირობამ, შეიძლება ითქვას, რომ ხელშემკვრელი მხარეებისთვის დაიკავა „კანონის“ ადგილი, რომელსაც სასამართლო ვერ შეცვლის შესრულების თუნდაც ყველაზე ოპტიმალური თარიღის განსაზღვრის მიზნით, იმდენად რამდენადაც, ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრებისა თუ არსებითი პირობების შეცვლა ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია, მხარეთა წერილობითი შეთანხმების გარეშე, გარდა სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის მოსამართლის შეფასებას შემსრულებლის მიერ შესრულების ვადის დარღვევისა და შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალების - პირგასამტეხლოს გამოყენების წინაპირობების არსებობის თაობაზე, თუმცა არამართებულად მიიჩნია ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება შემსრულებლის მიერ სამუშაოთა შესრულების ვადის გაგრძელებას და 2019 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით ვადაგადაცილების საპატიოდ მიჩნევას.

8. საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებაა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება (მიღება-ჩაბარება) 2019 წლის 18 ნოემბრის შემდეგ, შემსრულებლის/მენარდის ს მიერ განხორციელდა სამ ეტაპად.

9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შემსრულებელი კომპანიის მიერ ვადაგადაცილებით ჯამში შესრულებულ იქნა 2 550 691 ლარის ღირებულების სამუშაო, რის გამოც შემკვეთმა ასანაზღაურებელი თანხიდან შემსრულებელს პირგასამტეხლოს სახით 48 029.70 ლარი დაუქვითა.

10. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ სარჩელსა და სასამართლო პროცესზე განვითარებულ მტკიცებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ობიექტური პირობების არსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების ამოქმედების პირობებში, სამართლიანობა მოითხოვს მიდგომა იყოს მხარეთა თანასწორობაზე დამყარებული; კერძოდ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად, სამუშაოების ვადაგადაცილების თითოეული დღისათვის შემსრულებელს პირგასამტეხლო ეკისრება სრული სახელშეკრულებო ღირებულების 0.02%-ის ოდენობით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაშინ როდესაც ხელშეკრულების კონკრეტული 9.9 პუნქტით, პირგასამტეხლო შემკვეთისათვის, ხელშეკრულებით ნაკისრი ანგარიშსწორების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, განისაზღვრება შესასრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შემსრულებელი კომპანიის ზემოხსენებული მტკიცება სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად, პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, ხოლო, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს სსკ-ის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან. ამასთან, ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ-ები: N ას-1819-2019; 19.02.2020წ.; N ას-732-2022, 24.11.2022 წ.).

12. სააპელაციო სასამართლომ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მართებული იქნებოდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების დადგენის შემდეგ ემსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებაზე და მისი ოდენობა განესაზღვრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.02 %-ის ოდენობით, რომლის დაანგარიშებაც განხორციელდებოდა არა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებიდან, არამედ შესასრულებელი ვალდებულებიდან, რა შემთხვევაშიც პირგასამტეხლოს სახით დაქვითული თანხიდან - 48 029.7 ლარი, შეგებებული სარჩელით მოსარჩელისათვის (შემსრულებელი კომპანიისათვის) დაბრუნებას დაექვემდებარებოდა არა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული 31 200.6 ლარი, არამედ 35 190.37 (48029.7-12839.39) ლარი.

13. თუმცა იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს მერიის (შემკვეთის) მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, რომლითაც ეს უკანასკნელი პრეტენზიას აცხადებს მისთვის შემსრულებელი კომპანიის სასარგებლოდ 31 200.60 ლარისა და, 2020 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 31 200.60 ლარის 0.02 %-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრებასთან დაკავშირებით, შემსრულებელ კომპანიას კი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე არ გაუსაჩივრებია და იგულისხმება, რომ ის აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილებას დაეთანხმა, შემსრულებლის სასარგებლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება, პირველ რიგში, ამ უკანასკნელის სააპელაციო საჩივრის არარსებობისა და, მეორე რიგში, აპელანტის საპროცესო-სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესების დაუშვებლობის გამო.

14. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს შეფასების ფარგლები აპელანტის მოთხოვნითაა შემოსაზღვრული (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 384-ე, 377-ე მუხლები) და მას არ შეუძლია მხარის საუარესოდ შეაბრუნოს გადაწყვეტილება, იმ პირობებში, როცა მოწინააღმდეგე მხარე აღნიშნულს არ ითხოვს, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის შეცვლის საფუძველი და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შემკვეთის (მერიისათვის) შემსრულებელი კომპანიის სასარგებლოდ 31 200.60 ლარის დაკისრებისა და, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღემდე, 31 200.60 ლარის 0.02%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის დავალდებულების თაობაზე უნდა დარჩეს ძალაში.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელით მოპასუხე მერიამ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, კომპანიის შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

15.2. კასატორის განმარტებით, შემსყიდველი (მერია) ყველანაირად უწყობდა ხელს შემსრულებელს (კომპანიას), რომ ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და დათქმულ ვადაში შეესრულებინა. ამ მიზნით შემკვეთი შემსრულებლის მოთხოვნის შესაბამისად დაუყოვნებლივ რეაგირებას ახდენდა. მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო მოცულობების ნაწილობრივი კორექტირება განხორციელდა, ამასთან ახალი სამუშაო პოზიციები დაემატა სახელშეკრულებო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები შემკვეთმა არაერთხელ გაითვალისწინა და ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები - გაიზარდა როგორც ხელშეკრულების საერთო ღირებულება, ასევე -სამუშაოების მიწოდების ვადა (მათ შორის დენდროლოგიური ნაწილის) - 2019 წლის 19 ნოემბრამდე;

15.3. შეგებებული სარჩელით მოსარჩელისთვის (შემსრულებელი კომპანიისათვის) როგორც წერილობით, ისე ზეპირი კომუნიკაციის გზით, ცნობილი იყო როგორც შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის თაობაზე, ასევე სამუშაოების შესრულების ვადის 2019 წლის 19 ნოემბრამდე გაგრძელებაც. მეტიც, შემსრულებელმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი და ხელი მოაწერა 2019 წლის 4 ნოემბრის შეთანხმებას ვადის გაგრძელებაზე, ნების თავისუფალი გამოვლენის ფარგლებში, როცა შეეძლო არც დაედო შეთანხმება, ანუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად შემსრულებლისათვის შეთავაზებული და შეთანხმებული ვადა მისაღები იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ამას თავიდანვე სადავოდ გახდიდა. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოწინააღმდეგის მტკიცება, რომ მხარეთა შეთანხმებით სამუშაოების მიწოდებისთვის განსაზღვრული ვადა არაგონივრული იყო;

15.4. კასატორის განმარტებით, უდავოა შემსრულებელი კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, მას მართებულად დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.

15.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხის (შემსყიდველის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორედ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და აპელანტის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის პრინციპის საფუძველზე გამოიკვლია შემკვეთის პრეტენზიები, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მართებულად განავითარა მსჯელობა, როდესაც დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას შემსრულებლის მიერ შესრულების ვადის დარღვევისა და შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალების - პირგასამტეხლოს გამოყენების წინაპირობების არსებობის თაობაზე, თუმცა, არ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება შემსრულებლის მიერ სამუშაოთა შესრულების ვადის გაგრძელებას და 2019 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით ვადაგადაცილების საპატიოდ მიჩნევას (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ტ. 5, ს.ფ. 184, პუნქტი10). ასევე დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემსრულებელი კომპანიის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა შემკვეთისათვის 31 200.60 ლარისა და ამ თანხის 0.02% - ის დაკისრების თაობაზე შემსრულებელი კომპანიის სასარგებლოდ, იმ პირობებში და სამართლებრივი დასაბუთებით, რომ მხოლოდ შემკვეთმა წარადგინა სააპელაციო საჩივარი. ამის თაობაზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართლებრივ ინსტიტუტი, რომელიც საუარესოდ შემობრუნების დაუშვებლობას (non reformacio in pejus), აღიარებს, სწორედ იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასჩივრებულ გადაწყვეტილებას/განჩინებას ამოწმებს მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 377-ე მუხლი), შესაბამისად, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საკასაციო სასამართლო საკასაციო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას/განჩინებას ამოწმებს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში და, უფლებამოსილია შეცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ (სსსკ-ის 404.1, 409-ე მუხლები). არ არის გამორიცხული, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების შემოწმებისას, სააპელაციო სასამართლო/საკასაციო სასამართლო მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილება/განჩინება არასწორია იმ ნაწილშიც, რომელიც არაა გასაჩივრებული და აპელანტის/კასატორის სასარგებლოდაა გამოტანილი. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლო/საკასაციო სასამართლო ვერ გასცდება სააპელაციო საჩივრის/საკასაციო საჩივრის მოთხოვნებს და ვერ გააუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას/განჩინებას იმ ნაწილში, სადაც არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული სააპელაციო/საკასაციო პრეტენზია (შეად. სუსგ-ას N ას- 1274-2022, 22.11.2022წ.).

20. რაც შეეხება შემსრულებელი კომპანიის სასარგებლოდ შემკვეთისათვის დაკისრებულ ვალდებულებას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტი) საკასაციო სასამართლო მისსავე განმარტებებს მოიხმობს, რაც არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია ასახული, კერძოდ: პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

21. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

22. საკასაციო სასამართლო უპირველესად შეაფასებს, თუ რამდენად კვალიფიციურად შეედავა შეგებებული სარჩელის მოპასუხე მის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს და განმარტავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მისსავე პრაქტიკას მოიხმობს, სადაც განმარტებულია, რომ როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე შეად. სუსგ-ებს: N ას-827-2021, 03.12.2021წ; N ას-384-2020, 28.03.2022წ; N ას-51-2021, 01.04.2022წ; N ას-1098-2021, 26.07.2022წ.).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური