საქმე №ას-862-2023 29 სექტემბერი, 2023 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.ქ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ვ.ფ–ა" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ქ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი შპს „ვ.ფ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია ან დამსაქმებელი) წინააღმდეგ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებელი კომპანიის 2020 წლის 10 იანვრის ბრძანება დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2020 წლის 10 იანვრიდან 31 იანვრის პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ერთი თვის ხელფასის 1 800 ლარის (ხელზე მისაღები) გათვალისწინებით დაეკისრა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი სააპელაციო საჩივრით მისი მსჯელობის საგანი მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაა.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რაც მოსარჩელეს/აპელანტს სურს, კერძოდ, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 38.8-ე (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
5. სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სსკ-ის 327-ე მუხლის პრიველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი ხელშეკრულების შემთხვევაში არსებით პირობებს წარმოადგენს ხელშეკრულების ვადა, დასაქმებულის ხელფასი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 30.12.2019 წელს, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დამკვეთი იწვევდა შემსრულებელს საკურიერო გზავნილის (კონვერტი, ამანათი) ადრესატისთვის ჩაბარების მიზნით. შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას, შეესრულებინა დამკვეთის მიერ განსაზღვრული ზემოთ აღნიშნული ვალდებულება (1-ელი მუხლი). ხელშეკრულების 2.1 მუხლით ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის დამკვეთი შემსრულებელს 1 800 ლარს (სატელეფონო ხარჯების ჩათვლით) გადაუხდიდა. ხელშეკრულების 5.5 მუხლის თანახმად, კონტრაქტის მინიმალური ვადა ერთი თვე იყო და მხარეთა ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში ერთი წლით გაგრძელდებოდა.
7. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად სასამართლომ დასაქმებული უნდა აღადგინოს სამსახურში, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან აუნაზღაუროს კომპენსაცია. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული იყო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა კომპენსაცია იმ ოდენობით, რასაც იგი მიიღებდა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 2020 წლის 10 იანვრის ბრძანების არარსებობის შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და განმარტებებს ხელშეკრულების მოქმედების ვადებთან დაკავშირებით.
8. სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის მე-6 მუხლის 12-ე ნაწილის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. ამავე მუხლის 14 პუნქტის თანახმად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მეწარმე სუბიექტზე, თუ მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან არ გასულა 48 თვე (დამწყები საწარმო) და იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ დამატებით პირობებს (ასეთი პირობების დადგენის შემთხვევაში), იმ პირობით, რომ ამ პუნქტის მიზნებისთვის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3 თვეზე ნაკლები.
9. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, დამსაქმებელი კომპანია მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 04.12.2018 წელს, ამდენად, როგორც შრომითი ხელშეკრულების გაფორმების, ისე შეწყვეტის მომენტშიც, იგი წარმოადგენდა სშკ-ის მე-6 მუხლის 14 ნაწილით გათვალისწინებულ დამწყებ საწარმოს.
10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მოსარჩელე კომპანიაში დასაქმებული იყო 2019 წლის 30 დეკემბრიდან თავდაპირველად ერთი თვის ვადით, შემდგომში ვადის გაგრძელების პირობით, რისი საფუძველიც შეიძლებოდა გამხდარიყო მხარეთა ურთიერთშეთანხმება (ხელშეკრულების 5.5 პუნქტი). ვინაიდან, დამსაქმებელი კომპანიის სახელმწიფო რეგისტრაციიდან არ გასულა 48 თვე (დამწყები საწარმო), მოპასუხეზე, როგორც მეწარმე სუბიექტზე, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები (მათ შორის, არანაკლებ ერთი წლით ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება) არ ვრცელდებოდა იმხანად მოქმედი კანონის თანახმად. ამ რეგულაციის მიზნებისთვის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3 თვეზე ნაკლები, რაც განეკუთვნება კანონისმიერ არსებით პირობას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი).
11. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში (დამწყები საწარმო) დასაქმებული იყო 2019 წლის 30 დეკემბრიდან მცირე ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე, ამასთან, ერთი წლით ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელების თაობაზე ორმხრივი თანხმობის არარსებობის პირობებში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება მოქმედად ითვლება 2020 წლის მარტის ჩათვლით (ვადიანი ხელშეკრულების კანონით განსაზღვრული მინიმალური სამ თვიანი პერიოდის გათვალისწინებით).
12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი დამწყებ საწარმოზე მსჯელობით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კანონის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე წყვეტს საკითხს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სასამართლო შეზღუდულია ფაქტებით და არა სამართლებრივი კვალიფიკაციით. მოცემულ შემთხვევაში სწორედ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ დამსაქმებელი დამწყები საწარმოა. სადავო გარემოების დასადგენად კანონის დანაწესის მოძიება კი სასამართლოს პრეროგატივაა.
13. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ 2020 წლის 9 იანვარს თავად მიმართა მოპასუხეს, რომ 2020 წლის 30 იანვრის შემდეგ აღარ სურდა ხელშეკრულების გაგრძელება. აპელანტი მიუთითებდა, რომ მის განცხადებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.
14. სააპელაციო სასამართლომ, 2020 წლის 9 იანვრის განცხადების შეფასებასთან დაკავშირებით, გაიზიარა აპელანტის მსჯელობა და მიიჩნია, რომ აღნიშნულ განცხადებას არ უნდა მიეცეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის განსაზღვრისთვის მნიშვნელობა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია მოკლე ტექსტური შეტყობინება (ე.წ. „სქრინი“, ს.ფ. 69), სადაც დასაქმებული უარს ამბობდა სამსახურიდან წასვლაზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეთანხმება საწარმოს მხრიდან იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ (ს.ფ. 87), 2020 წლის 30 იანვრის ბრძანება (ს.ფ. 88) დამსაქმებელი კომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტის თაობაზე, განცხადებები მომსახურების შეწყვეტის თაობაზე (ს.ფ. 89-90), 2022 წლის 30 მაისის ცნობა (ს.ფ. 164), რომელთა საფუძველზეც დგინდება, რომ 2020 წლის 1 თებერვლიდან მოპასუხე კომპანია აღარ ფუნქციონირებს და აღარ ჰყავს კურიერები.
15. სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
16. მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2020 წლის 10 იანვრის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი და გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული. დასაქმებულის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან კომპანია აღარ ფუნქციონირებს, შესაბამისად, მას უნდა მიეცეს შრომითი ანაზღაურება იმ ოდენობით, რასაც იგი მიიღებდა კომპანიის ფუნქციონირების განმავლობაში, 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
17. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა 1800 ლარით (ხელზე მისაღები ოდენობა). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2020 წლის 10 იანვრიდან (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომენტი) 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდის გათვალისწინებით მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ დასაბუთებულია და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
18.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დასაქმებულმა, მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
18.2. კასატორის განმარტებით, მხარეებს შორის უვადო შრომითი ურთიერთობა წარმოიშვა 2019 წლის 27 დეკემბერს. მოსარჩელემ 27, 28, 29 დეკემბერს იმუშავა მოპასუხე კომპანიაში, ხოლო 2019 წლის 30 დეკემბერს მოსარჩელესთან გაფორმდა 1 წლიანი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კვლავ დაუწესდა გამოსაცდელი ვადა. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი კომპანიაში 2019 წლის 27 დეკემბრიდან არის დასაქმებული და მისი მდგომარეობა უვადო შრომითი ურთიერთობიდან 1 წლიან ურთიერთობაში გადაყვანით არ გაუმჯობესდა, პირიქით დამძიმდა;
18.3. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე საწარმო, 2020 წლის 1 თებერვლიდან, არ ფუნქციონირებს, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არ არის;
18.4. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას დამწყებ საწარმოსთან დაკავშირებით, რადგან მოპასუხეს ეს საკითხი არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ დაუსვამს. შესაბამისად, კასატორი სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევაზე მიუთითებს.
18.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მირებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი დასაქმებულის თავდაპირველ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით გადაანაწილა, რაც ახასიათებს შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას, ამასთან, დამსაქმებელს მტკიცების უფრო მეტი ტვირთი მოეთხოვება, ვიდრე დასაქმებულს (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები). სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
23. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
24. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).
25. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა დადგენილი და სადავო არ არის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი - შრომითი ურთიერთობა. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ-ებს: №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-1502-1422-2017, 20. 022018 წ; N ას-1572-2022, 4.05.2023წ.).
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით (სადავო დროს მოქმედი სშკ-ის 38.8-ე მუხლი) დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016 წ.; №ას-1083-1020-2015, 15.04.2016წ.).
27. თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა, უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელეს. კერძოდ, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, დამსაქმებელთან არსებული საშტატო ნუსხიდან კონკრეტულად რომელი სამუშაო (თანამდებობა) წარმოადგენს განთავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული სამუშაოს ტოლფას თანამდებობას, ხოლო, მოპასუხის ვალდებულებაა გააბათილოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ. კერძოდ, დამსაქმებლის ვალდებულებაა მიუთითოს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული თანამდებობა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი არ არის, ან თუ ტოლფასია, არ არის ვაკანტური. დამსაქმებელმა უნდა წარადგინოს რელევატური მტკიცებულებები, რომ ადგილი ვაკანტური არ არის (შდრ. სუსგ-ები №ას-687-687-2018, 20.07.2018 წ.; №ას-902-864-2014, 30.03.2015 წ.; №ას-475-456-2016,24.06.2016 წ.; №ას-761-712-2017, 10.07.2017 წ.).
28. საკასაციო სასამართლო დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია ცნობები, რომელთა თანახმადაც მოპასუხე კომპანიამ ფუნქციონირება შეწყვიტა. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს, რომ დასაქმებულის ვერც პირვანდელ და ვერც ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა ვერ მოხდებოდა, რადგან ისინი არ არსებობს. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევდა, თუმცა მან იგი ვერ დაძლია. აქედან გამომდინარე, კანონიერია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის და მისთვის სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის კომპენსირების თაობაზე.
29. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში, თუკი, შესაძლებელია სრული უფლებრივი რესტიტუცია (პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენა), მაშინ გათავისუფლების აქტის არამართლზომიერად ცნობის სამართლებრივი შედეგის სახით, სამუშაოზე დაბრუნება და იძულებითი განაცდურის დაკისრება ხდება დამსაქმებლისათვის. ისეთ შემთხვევაში, როდესაც სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლის უკანონოდ მიჩნევის მიუხედავად, ვერ ხერხდება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (სამუშაოზე აღდგენა), დასაქმებულს უნდა მიეკუთვნოს კომპენსაცია. „როდესაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. ამ დავაში საკასაციო სასამართლომ იმსჯელა დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის კანონიერებაზე და განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272; შეად. სუსგ-ებს: №ას-1623-2018, 29.01.2019 წ; N ას- 1772-2020, 12.03.2021წ.; N ას-808-2021, 10.06.2022წ; N ას-931-20222, 6.10.2022წ.).
30. რაც შეეხება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას, საკასაციო სასამართლო საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა 2019 წლის 30 დეკემბერს წერილობით გაფორმდა, 2020 წლის 10 იანვარს კი შეწყდა.მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2020 წლის 10 იანვრის ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, დასაქმებულის პირვანდელ ან მის ტოლფას სამუშაოზე სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელია, შესაბამისად, სავსებით დასაბუთებული და კანონიერია გასაჩივრეული განჩინება მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების ნაწილში. ასევე დასაბუთებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა, რომელიც იმ მოცულობას შეადგენს, რასაც დასაქმებული შრომითი ურთიერთობის 1 თვით გაგრძელების შემთხვევაში მიიღებდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და გამორიცხავს სადავო შრომითი ურთიერთობის უვადოდ მიჩნევის შესაძლებლობას. რაც შეეხება კასატორის პრეტეზიას, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ აწ უკვე გაუქმებული დამსაქმებელი კომპანია დამწყებ საწარმოდ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ, რისი უფლებაც არ ჰქონდა, რადგან მხარეს ამაზე არასოდეს მიუთითებია, ეს შედავება დაუსაბუთებელია, რადგან მხარეთა მიერ წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებების იურიდიული კვალიფიკაციისათვის სასამართლოს არ აფერხებს მხარის მიერ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის არასწორად მითითება ან საერთოდ მიუთითებლობა. სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად შეაფასა სამართლებრივად, რომ აწ უკვე გაუქმებული დამსაქმებელი კომპანია იმხანად დამწყებ საწარმოს წარმოადგენდა, რადგან ის რეგისტრირებული იყო სამეწარმეო რეესტრში 04.12.2018 წელს, ამდენად, როგორც შრომითი ხელშეკრულების გაფორმების, ისე შეწყვეტის მომენტშიც, იგი წარმოადგენდა სშკ-ის მე-6 მუხლის 14 ნაწილით გათვალისწინებულ დამწყებ საწარმოს. შესაბამისად, როგორც დამწყებ საწარმოს მოკლევადიანი (ანუ განსაზღვრული ვადით) ხელშკრულების გაფორმების უფლება ჰქონდა და სადავო პერიოდში მოქმედი ორგანული კანონის მე-6 მუხლის 12-ე ნაწილის მოთხოვნა, რომ ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3 თვეზე ნაკლები, დაცული იყო დამსაქმებლის მიერ.
31. საკასაციო სასამართლო მოიხმობს „ვადიანი სამუშაოს შესახებ“ ევროპის სოციალური პარტნიორობის თაობაზე ჩარჩო შეთანხმებას - ევროდირექტივას 1999.70/EC, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებელობას მკაფიო საზღვრებს უდგენს. განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულებები არის და იქნება დასაქმების და შრომითი ურთიერთობების ძირითადი ფორმა, თუმცა, იმავდროულად აღიარებულია, რომ გარკვეული გარემოებები და ურთიერთობები ითხოვს ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების დადებას, რაც საჭიროებს დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესების გათვალისწინებას. აუცილებელია იმ რეალიების და ობიექტური ვითარების გააზრება, რომელიც დაკავშირებულია ეროვნულ, სექტორალურ თუ სხვ. სპეციფიკურობებთან, რაც განაპირობებს ვადიანი შრომითი ურთიერთობების არსებობას (იხ: ეკატერინე ქარდავა - საქართველოს შრომის სამართლის რეფორმა ევროპული ინტეგრაციისა და ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა ჭრილში; დისერტაცია, თბილისი; 2018; გვ.103).
32. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ სასამართლო პრაქტიკა ერთმანეთისაგან მიჯნავს განსაზღვრული და განუსაზღვრელი ვადით დასაქმებული პირებისათვის კომპენსაციის მიკუთვნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული ვადით დასაქმებული პირის შემთხვევაში თუკი ბათილად იქნება ცნობილი დამსაქმებლის ბრძანება პირის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, ამასთან, შეუძლებელია დასაქმებულის აღდგენა პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე, მაშინ კომპენსაცია განისაზღვრება ხელშეკრულების დარჩენილი პერიოდის მიხედვით, რისგანაც, ცხადია, ფაქტობრივად და სამართლებრივად განსხვავდება განუსაზღვრელი ვადით გაფორმებული შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტა, როდესაც თუკი შეუძლებელია იმ პირის პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ვისთანაც უვადო შრომითი ხელშეკრულება უკანონოდ შეწყდა, დამსაქმებელს არათუ ერთ წელიწადზე გადაანგარიშებით, არამედ უფრო მეტი ვადის გათვალისწინებითაც შეიძლება დაეკისროს გასაცემი კომპენსაცია, რაც ზემოხსენებულ კრიტერიუმებს ეფუძნება და დამკვიდრებულია სასამართლო პრაქტიკით (იხ. სუსგ №ას-584-2023, 24.07.2023 წ.).
33. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ამასთან, საკასაციო სასამართლომ საკასაციო პრეტენზიების შემოწმების დროს იმსჯელა იმ არგუმენტებზე, რომელთაც შესაძლოა მნიშვნელობა ჰქონოდათ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით დასაშვებად ცნობისათვის, თუმცა, საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ასეთი წინაპირობები არ გამოვლინდა, ამასთან, სასამართლო არ არის ვალდებული ყველა არარასებითი შედავების შესახებ იმსჯელოს (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ # 7932/03; „Van de Hurk v. Netherlands“, par.61, „Garcia Ruiz v. Spain [GC]“ par.26; „Jahnke and Lenoble v France (dec.)“; „Perez v France [GC]“, par. 81); „Boldea v. Romania“, par. 30.)
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ქ–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ს.მ–ძის (პ/ნ .....) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N18032634035, გადახდის თარიღი 2023 წლის 31 ივლისი), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური