საქმე №ას-954-2023 29 სექტემბერი, 2023 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ს.ს–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს "ს.კ.ა–ი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს.ს–ვას (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი სს „ს.კ.ა–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან სადაზღვევო კომპანია) მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 8 639 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 1 567 ლარის გადახდა დაეკისრა.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოპასუხე სადაზღვევო კომპანიასა და შპს „ჯ.პ.ს–ს“ შორის, 2021 წლის 12 იანვარს, გაფორმებული ავტოსატრანსპორტო დაზღვევის პოლისისა და აღნიშნულ პოლისზე გაფორმებული N 1 დანართის თანახმად, სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეულ იქნა ავტომანქანა TOYOTA AQUA სახელმწიფო ნომრით ........ ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, დაზღვეულ იქნა მესამე პირთა წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობა, ლიმიტი - 10 000 აშშ დოლარი ავტომობილზე;
3.2. ლ.კ–ი 2020 წლის 7 დეკემბრიდან დასაქმებულია შპს „ჯი პი სიში“ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 2021 წლის 14 მაისს, ლ.კ–ი მოძრაობდა ......... ქუჩიდან ვახუშტის ხიდის მიმართულებით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ტოიოტას მარკის ავტომობილით სახელმწიფო ნომრით ...., რა დროსაც, ვერ შეამჩნია მარჯვენა სანაპიროს მხრიდან ამომავალი MERCEDES-ის მარკის ავტომანქანა და შეეჯახა მას მარჯვენა მხრიდან;
3.3. 2021 წლის 14 მაისის ავტოსაგზაო შემთხვევიდან გამომდინარე ლ.კ–ი მიჩნეულია სამართალდამრღვევად და მის მიმართ შსს საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ იქნა ჯარიმა 250 ლარი;
3.4. ავტომობილი MERCEDES BENZ CLS 350, სახელმწიფო ნომრით ..... ირიცხება მოსარჩელის საკუთრებაში;
3.5. შპს „ა–ს“, ინვოისის თანახმად, ავტომობილის MERCEDES BENZ CLS 350 დაზიანებული დეტალებისა და შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება დაანგარიშებულ იქნა შემდეგნაირად: საშხეფური 550 ლარი, უკანა მარცხენა რეაქტიული შტანგის მოხსნა/დაყენება 273 ლარი, უკანა მარცხენა დაკიდების სისტემის საყრდენის შეცვლა 130 ლარი, მარცხენა დაკიდების სისტემის საყრდენის შეცვლა 208 ლარი, უკანა მორგვის საკისრის შეცვლა 163 ლარი, სტაბილიზატორის დამაკავშირებლის მოხსნა დაყენება 33 ლარი, უკანა სტაბილიზატორის მოხსნა დაყენება 215 ლარი, თვლების შეყრის კუთხის გასწორება 60 ლარი, მარცხენა უკანა საშხეფურის შეცვლა 26 ლარი, უკანა მარცხენა მორგვი 3137 ლარი, უკანა მარცხენა ბერკეტი 865 ლარი, სტაბილიზატორის ღერო 113 ლარი, შეჩერების დემპერი 2866 ლარი;
3.6. შპს „ა.ვ–ის“ მიერ დაზიანებული ავტომანქანის MERCEDENS-BENZ CLS 350, 2005 წ., აღდგენისთვის შესასრულებელ სამუშაოსა და სათადარიგო ნაწილების: უკანა მარცხენა მორგვი, უკანა მარცხენა ბერკეტი, ამორტიზატორი, სტაბილიზატორის ღერო, საშხეფური, უკანა მარცხენა რეაქტიული შტანგის მ/დ, უკანა მარცხენა ნახევარღერძის ფლიანეცის შეცვლა, მარცხენა დაკიდების სისტემის საყრდენის შეცვლა, უკანა მორგვის საკისარის შეცვლა, სტაბილიზატორის დამაკავშირებლის მ/რ, უკანა სტაბილიზატორის მ/რ, თვლების შეყრის კუთხის გასწორება, მარცხენა უკანა საშხეფურის შეცვლა - ჯამური ღირებულება განისაზღვრა 8 895 ლარით;
3.7. მოსარჩელის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) წინაშე დასმულ შემდეგი სახის შეკითხვაზე: „გთხოვთ დაგვიდგინოთ სედანის ტიპის ავტომობილ „MERCEDES BENZ CLS 350-ზე“, სახელმწიფო ნომრით .... საიდენტიფიკაციო ნომრით ........., დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა ჩემს მიერ წარმოდგენილი ინვოისის გათვალისწინებით“ - ექსპერტის მიერ 2021 წლის 7 ივლისს გაცემულ იქნა შემდეგი სახის დასკვნა: „ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ 2005 წელს დამზადებული სედანის ტიპის ავტომობილ „MERCEDES BENZ CLS 350-ზე, სახელმწიფო ნომრით........., საიდენტიფიკაციო ნომრით ........., დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ინვოისის (შპს „აკაში“ შეკეთების შემთხვევაში) გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 8 639 ლარს;
3.8. შპს „ს.გ–ის“ მიერ გაცემული ინვოისის თანახმად, ავტომობილის სახელმწიფო ნომრით........., დაზიანებამდე არსებულ მდგომარეობამდე მისაყვანად გასაწევი აღდგენის/შეკეთების მომსახურების ღირებულება შეფასდა 1 240 ლარად;
3.9. შპს „ო.მ.ჰ–ის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, დაზიანებული ავტომობილის MERCEDES BENZ CLS 350-ს სახელმწიფო ნომრით ....... ფოტოსურათების შეფასებიდან გამომდინარე, მსგავსი დაზიანებების სრულყოფილად აღმოფხვრა/შეკეთების, შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდგომ ავტომობილის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ღირებულება დაახლოებით 1 440 ლარს შეადგენს;
3.10. 2022 წლის 16 მარტს, სადაზღვევო კომპანიის მიერ შპს „ა–ის“ ექსპერტის წინაშე დასმულ შეკითხვაზე: „წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, გთხოვთ შეგვიფასოთ ექსპერტის დასკვნაში N 004740421 მითითებული სამუშაოებისა და სათადარიგო დეტალების ჯამური ღირებულება, იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო საშუალება არის 2005 წელს გამოშვებული და მასზე არ ვრცელდება მწარმოებლის ოფიციალური საგარანტიო პირობები“, შპს „ა–ის“ მიერ გაცემულ იქნა შემდეგი სახის დასკვნა: „ავტომობილზე MERCEDES BENZ CLS 350, სახელმწიფო ნომრით N ......., შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის დადგენის მიზნით შევისწავლე მოწოდებული დოკუმენტები და ფოტომასალა. განვიხილე შპს „ს.გ–ის N 7527 აქტი და შპს „ო.მ.ჰ–ის“ N 89046509... ინვოისი, რომლებიც შედგენილია მეორადი ავტონაწილების ბაზარზე არსებული შემოთავაზებების და მათი კომპანიის მომსახურების ფასების გათვალისწინებით. ასევე, შევისწავლე ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა N 004484621, რომელიც შედგენილია სს დაიმლერის საქართველოში გენერალური წარმომადგენლის შპს „ა–ს“ ინვოისზე დაყრდნობით და შესაბამისად არის მითითებული ავტომობილის აღდგენისათვის საჭირო ახალი, ორიგინალი ავტოსათადარიგო ნაწილებისა და აღდგენისთვის საჭირო შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებები“. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ავტომობილს დაზიანებული აქვს უკანა მარცხენა მორგვი, უკანა მარცხენა ბერკეტი, უკანა მარცხენა ამორტიზატორი, განივი რხევის სტაბილიზატორის ღერო და უკანა მარცხენა ფრთის ქვეშ ამოსაკრავი პლასტმასის დამცავი. შესაბამისად ცვეთის გათვალისწინებით ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზიანი შეადგენს 1 567 ლარს;
3.11. ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის პირობების (MO/C-001/2019) 4.2.3.2 ქვეპუნქტის თანახმად, თუ მესამე პირს ქონებრივი ზიანი მიადგება, სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში, ანაზღაურებას ექვემდებარება: ა) ქონების სრული განადგურების შემთხვევაში - დაკარგული ქონების საბაზრო ან აღდგენითი ღირებულების ოდენობა, ხელყოფილი ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, გაუფასურებისა და დარჩენილი დეტალების, რომელთა გამოყენებაც კიდევ შესაძლებელია, ღირებულების გამოქვითვით; ბ) ქონების ნაწილობრივ დაზიანების შემთხვევაში - დაზიანებამდე არსებულ მდგომარეობამდე მისაყვანად საჭირო შეკეთების ხარჯებს;
3.12. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს ,,ა–ს" ინვოისი 8 639 ლარის და შპს ,,ა.ვ–ის" ინვოისი 8 895 ლარის ღირებულებით. აგრეთვე, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა. ორივე ზემოაღნიშნული ინვოისი შედგენილია ახალი ნაწილების ფასების გათვალისწინებით. ექსპერტიზის წინაშე შეკითხვა დასმულია შემდეგი ფორმულირებით: ,,გთხოვთ დაგვიდგინოთ ავტომობილზე დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოდგენილი ინვოისის (იგულისხმება შპს ,,ა–ს მიერ გაცემული ინვოისი, რომელიც შედგენილია სწორედ 8 639 ლარზე) გათვალისწინებით." მოცემული ფორმულირებით შეკითხვის დასმა ექსპერტს უკარგავს შესაძლებლობას, შეაფასოს დაზიანებული დეტალებისა და აღდენითი სამუშაოების რეალური ღირებულება, რადგან ექსპერტისათვის წარდგენილია მხოლოდ ერთი ინვოისი და მოთხოვნილია პასუხის გაცემა ამ კონკრეტულ ინვოისზე დაყრდნობით. შესაბამისად, ხსენებული ექსპერტიზის დასკვნა, შინაარსობრივად, წარმოადგენს მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას იმის შესახებ, რომ შპს ,,ა–ს" ინვოისი შედგენილია 8 639 ლარზე და არ ადგენს ავტომობილის რეალურ აღდგენით ღირებულებას. მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი იქნა არაერთი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს მეორადი ნაწილებით დაზიანებული ავტომობილის სრულყოფილად აღდგენის შესაძლებლობას. კერძოდ: შპს ,,ა–ის" მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩატარებულია ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზიანის დასადგენად და რომლის ფარგლებში განხილულია ორი სხვადასხვა შემკეთებელი საწარმოს მიერ შედგენილი ინვოისი და მოსარჩელის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა; აგრეთვე, შპს ,,ს.გ–ისა" და შპს ,,ო.მ.ჰ–ის" მიერ გაცემული ინვოისები და ცნობები, რომლებიც ადასტურებს ავტომობილის მეორადი ნაწილებით სრულყოფილად აღდგენის შესაძლებლობას; შპს ,,ა–ის" მიერ შედგენილი შეფასების აქტი (სერვისის ღირებულებით). ის ფაქტი, რომ ავტომობილის აღდგენა მეორადი ნაწილებით არის საფრთხის შემცველი, არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით. მოსარჩელეს სარჩელში ზეპირსიტყვიერად, ყოველგვარ მტკიცებულებაზე მითითების გარეშე აქვს აღნიშნული, რომ ,,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომობილის ის ნაწილები, რომელთა შეცვლაც მეორადი ნაწილებით არ იძლევა უსაფრთხო მოძრაობის გარანტიას“, თუმცა არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, თუ რატომ არის საფრთხის შემცველი თუნდაც სავალი ნაწილების დაზიანების შემთხვევაში, მათი აღდგენა მეორადი ნაწილებით. გარდა ექსპერტიზის დასკვნისა, მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილია ორი ცნობა, რომლებიც ცალსახად ადასტურებს ავტომობილის სრულყოფილად აღდგენისა და დაზიანებამდე არსებულ მდგომარეობამდე მიყვანის შესაძლებლობას მეორადი ნაწილებით აღდგენის შემთხვევაში. მოპასუხემ ცნო სარჩელი 1 567 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მან 2021 წლის 14 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა აღიარა სადაზღვევო შემთხვევად და შესაბამისი მტკიცებულების, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილი თანხის ოდენობით მიუთითა ზიანის კონკრეტულ მოცულობაზე. ამასთანავე, მოპასუხის მიერ ექსპერტიზის ჩატარებამდე, მისი ინიციატივით, არაერთხელ განხორციელდა ზიანის მოცულობის შეფასება და აღნიშნულის დამადასტურებელი ინვოისები/შეფასების აქტები წარმოდგენილია საქმეში. მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება და ყველა მათგანი ლოგიკურ თანხვედრაშია ერთმანეთთან. შპს ,,ს.გ–მა“ ავტომობილის აღდგენითი ღირებულება შეაფასა 1 240 ლარით, შპს ,,ო.მ.ჰ–მა“ 1 440 ლარით. აღნიშნული შემკეთებელი პუნქტების მიერ დადგენილ ფასებს შორის სხვაობა შეადგენს 200 ლარს, რაც ლოგიკური განსხვავებაა ამ სფეროში მომუშავე ორი კონკურენტი ბიზნეს სუბიექტის ფასებს შორის. მოპასუხის მიერ დამატებით იქნა წარდგენილი ცნობები ამ შემფასებელი/შემკეთებელი საწარმოებიდან, რომლებიც ადასტურებს მეორადი ნაწილებით აღდგენის შემთხვევაში ავტომობილის სრულყოფილად აღდგენის შესაძლებლობას. შპს ,,ო.მ.ჰ–ის" ცნობის თანახმად, დაზიანებების სრულყოფილად აღდგენა/შეკეთება, შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდგომ, შესაძლებელია და მისი პირვანდელ მდგომარეობამდე მიყვანის ღირებულება განისაზღვრება 1 440 ლარით. შპს ,,ს.გ–ის" ცნობის თანახმად კი - ამავე საწარმოს მიერ გაცემული N 7527 ინვოისის შესაბამისად (1 240 ლარიანი ინვოისი), ავტომანქანის შეკეთება შესაძლებელია მის დაზიანებამდე არსებულ მდგომარეობამდე მისაყვანად. გარდა ამისა, სასამართლოს სადავოდ მიაჩნია 2005 წელს გამოშვებულ ავტომობილზე 12%-ის ოდენობით ცვეთის კოეფიციენტის დარიცხვის ფაქტი მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ კანონმდებლობის თანახმად, ავტონაწილების ყოველწლიური ცვეთა დასაშვებია იყოს ღირებულების 8-15%. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილის ფიზიკური მდგომარეობის და გამოშვების წლის გათვალისწინებით კი - დაზიანებული ავტონაწილების ყოველწლიური ცვეთა შეადგენს 12%-ს.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაა. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 799-ე მუხლის პირველი ნაწილი „დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება“) 836-ე მუხლი „დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი სახელით სხვა პირის სასარგებლოდ. ამ პირის დასახელება სავალდებულო არ არის“, 839-ე მუხლი „სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო“, 840-ე მუხლია „მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, მას წარუდგენს მოთხოვნას“ .
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის სადაზღვევო შემთხვევის არსებობა; მხარეები არ დავობენ დაზიანებული ნაწილების ჩამონათვალზე და განმარტავენ, რომ ავტომანქანას დაზიანებული აქვს ინვოისში მითითებული ნაწილები. შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანია ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების აღდგენა უნდა განხორციელდეს - ახალი თუ მეორადი ნაწილებით.
6. „მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“(შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომობილის სავალი ნაწილები, რომელთა შეცვლაც მეორადი ნაწილებით არ იძლევა უსაფრთხო მოძრაობის გარანტიას, თუმცა, მის მიერ არ არის წარმოდგენილი აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რელევანტული მტკიცებულება. კერძოდ, მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ავტომობილის აღდგენა მეორადი ნაწილებით საფრთხის შემცველია და მეორადი ნაწილებით ავტომობილის აღდგენა უსაფრთხო არ არის. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი მოპასუხის/აპელანტის მიერ წარდგენილი 15.06.2022 წლის შპს „ს.გ–ის“ და შპს „ო.მ.ჰ–ის“ ცნობები ადასტურებს მეორადი ნაწილებით ავტომობილის აღდგენის შემთხვევაში მის პირვანდელ/დაზიანებამდე არსებულ მდგომარეობამდე სრულყოფილად მიყვანის შესაძლებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როცა დაზიანებული ავტომობილი „MERCEDES BENZ CLS 350 სახელმწიფო ნომრით ......., საიდენტიფიკაციო ნომრით ......... 2005 წელს არის გამოშვებული.
8. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების აღდგენა უნდა განხორციელდეს მეორადი ნაწილებით.
9. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი მდგომარეობა, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ნატურით რესტიტუციის დამაბრკოლებელ გარემოებას პირველადი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა წარმოადგენს (სსკ-ის 409-ე მუხლი). ამდენად, კანონმდებელი ზიანის მიმყენებლის მიერ ზიანის ნატურით რესტიტუციის პრინციპს უპირატესობას ანიჭებს, კერძოდ, დაზარალებულს არ აქვს უფლება ზიანის მიმყენებელს ნატურით რესტიტუციის ნაცვლად, ფულადი ანაზღაურება მოსთხოვოს, თუ რესტიტუცია შესაძლებელია და ის არათანაზომიერად დიდ დანახარჯს არ მოითხოვს (შდრ. სუსგ-ას N ას-98-93-2010, 8.06.2010 წ.).
10. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა გულისხმობს ზიანის სრულად გამოსწორებას ნატურით რესტიტუციის გზით, თუმცა სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თუ ნატურით რესტიტუცია ზიანის კომპენსაციისათვის არასაკმარისია (მაგ. დაზიანებული ნივთი სათანადოდ ვერ შეკეთდა ან ნივთის შეკეთების დრო შეუსაბამოდ დიდ ხანს გრძელდება), დაზარალებულს აქვს ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 409-ე მუხლის მიხედვით. ამასთან, კომპენსაციის ფუნქციიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოცულობა დაზარალებულისათვის რეალურად მიყენებული ზიანით უნდა შემოიფარგლოს (იხ. სუსგ N ას-389-366-2014, 20.05.2016წ.).
11. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2021 წლის 14 მაისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელეს კუთვნილი ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიადგა 1567 ლარის ზიანი.
12. სააპელაციო სასამართომ განმარტა, რომ მოპასუხის უფლება, ცნოს სარჩელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია. ვინაიდან, მოპასუხემ/აპელანტმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზევე ცნო სარჩელი ნაწილობრივ, გამოვლენილია 1567 ლარის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
13.2. კასატორის განმარტებით, შპს „ა–ის“ ექსპერტ გ.ბ–ძის ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინება დაუშვებელია, რადგან გ.ბ–ძე არ არის იმ შვეიცარიული საერთაშორისო საექსპერტო კომპანიის მიერ აღიარებული ექსპერტი, როგორც ამას თავად გ.ბ–ძე აცხადებდა. შესაბამისად, არ შეიძლებოდა მისი დასკვნით ეჭვქვეშ დამდგარიყო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა;
13.3. კასატორის განმარტებით დაუშვებელია ავტომობილის დაზიანებული სავალი ნაწილების დეტალების შეცვლა მეორადი ნაწილებით, ვინაიდან იგი ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო მგზავრობას.
13.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას იმ ნაწილში ამოწმებს, რა ნაწილშიც სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის კუთვნილი დაზიანებული ავტომობილი უნდა შეკეთებულიყო ახალი თუ მეორადი ნაწილებით. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა ექსპერტიზის დასკვნები, გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაზიანებული ავტომობილი 2005 წელს იყო გამოშვებული, სადაზღვევო შემთხვევა კი 2021 წლის 14 მაისს მოხდა და მართებულად მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს არ დაუდასტურებია მეორადი ნაწილებით ავტომობილის შეკეთების შემთხვევაში უსაფრთხოების ნორმების უსათუო დარღვევის გარემოება, დაზიანებული ავტომობილის შესაკეთებლად მოპასუხეს 1 567 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს. საკასაციო სასამართლო მისსავე განმარტებას მოიხმობს, რომ ზიანის ანაზღაურების (მანქანის აღდგენის ღირებულება) ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს, რადგან ზიანის ანაზღაურების ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას არ მოჰყვეს რომელიმე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება. მოვალემ უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელშიც კრედიტორი იქნებოდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მოვალე არ არის ვალდებული კრედიტორი იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე იგი ზიანის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ ვალდებულ პირს შეუძლია უარი თქვას ნატურით რესტიტუციაზე და დაზარალებულს სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია შესთავაზოს. დაზარალებულს ამ შემთხვევაში, უნაზღაურდება არა შენარჩუნება-აღდგენის, არამედ მხოლოდ ღირებულების ინტერესი. ქონებრივი ზიანის შემთხვევაში თანაზომიერების დადგენისას უმნიშვნელოა, უძნელდება თუ არა ზიანის მიმყენებელს ნივთის ნატურით აღდგენა, გადამწყვეტია მხოლოდ აღდგენის ღირებულებისა და ნივთის (თავდაპირველი) ღირებულების შეპირისპირება, თუმცა ამ შემთხვევაშიც შეუძლებელია ერთიანი თანაზომიერების პრინციპის განსაზღვრა და ეს საბოლოო ჯამში დაზიანებულის შენარჩუნების ინტერესზეა დამოკიდებული (შეად. სუსგ-ას N ას-934-2020, 25.03.2021წ.).
17. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებისის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (სუსგ-ები №ას-535-2020, 5.10.2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.).
19. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
20. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
21. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; ასევე შდრ: სუსგ-ებს Nას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.).
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი სადავოდ ხდის მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მართებულობას და ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტ გ.ბ–ძის პროფესიონალიზმს, რასაც ბუნებრივია შესაბამისი მტკიცება სჭირდება, რაც კასატორს არ განუხორციელებია. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლივად შეაფასა და მხარეთა შორის მართებულად გადანაწილებული მტკიცების ტვირთის მხარეთა მიერ დაძლევის პროპორციულად განსაზღვრა მოპასუხის მიერ გადასახდელი ზიანის ოდენობა. რაც შეეხება, კასატორის შუამდგომლობა საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ექსპერტ გ.ბ–ძეს დაევალოს, წარმოადგინოს შვეიცარიული საექსპერტო კომპანიის მიერ აღიარებული ექსპერტის დამადასტურებელი დოკუმენტი, საპროცესო სამართლით დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო დასაბუთებითა და სათანადო ინსტანციის სასამართლოში არ არის წარმოდგენილი (სსსკ-ის 407-ე მუხლი), რადგან დაუშვებელია საკასაციო სასამართლოს მიერ მხარეთა მიერ მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების კვლევა, ასევე, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ისეთი გარემოებების დადგენა, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი, პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ს–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ს.ს–ვას (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, გ.გ–ას (პ/ნ .......) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 354 ლარის (საგადახდო დავალება N1063, გადახდის თარიღი 2023 წლის 19 ივნისი), 70% – 247.8 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური