საქმე №ას-1395-2022 21 სექტემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.მ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმება; საქმისწარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება; იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2016 წლის 7 დეკემბერს შპს მისო „რ–ს“ და ლ.მ–ძეს შორის გაფორმდა #9014 სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს გადაეცა 10000 აშშ დოლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი - 18%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველთვიურად შემოსატანი თანხის - 0,5%. თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
2. სესხის უზრუნველსაყოფად იპითეკით დაიტვირთა ქუთაისში, ........, №3-ში მდებარე მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ს/კ-ით #....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება ან იპოთეკის საგანი).
3. 2017 წლის 21 აპრილს შპს ,,რ–სა’’ და სს ,,ლ.ბ–ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის შესახებ, რომლის საფუძველზე, კომპანიამ ბანკს გადასცა მოთხოვნის უფლება, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქონებაზე (კრედიტებსა და უზრუნველყოფის საგნებზე), მათ შორის, ლ.მ–ძის ვალდებულებასა და მისი უზრუნველყოფის საგანზე.
4. სესხის ხელშეკრულების მე-4 მუხლის, იპოთეკის ხელშეკრულების მე-13 და მე-14 მუხლებით, გამსესხებელი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციით. იპოთეკარი ასევე უფლებამოსილია, აინაზღაუროს დანაკლისი მესაკუთრის სხვა ქონების ხარჯზე, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ არის საკმარისი ვალდებულების დასაფარავად.
5. 2021 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით ლ.მ–ძეს ერიცხება დავალიანება: სესხის ძირითადი თანხა - 9600 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი - 1724,14 აშშ დოლარი, სულ 11324,14 აშშ დოლარი.
6. კრედიტორმა სარჩელი აღძრა მსესხებლის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
8. ქუაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 11324,14 აშშ (სესხის ძირითადი თანხა 9600 აშშ დოლარი, პროცენტი 1724,14 აშშ დოლარი) დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ (იძულებითი რეალიზაცია აუქციონის წესით) მიექცა ლ.მ–ძის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქუთაისში, ........., ს/კ-ით #.........
9. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის 1724,14 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში უარყოფის მოთხოვნით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე/მოწინააღმდეგე მხარე, რის გამოც აპელანტმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 387.2 მუხლი).
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, მის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება; სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება ლ.მ–ძისათვის სს ,,ლ.ბ–ის’’ სასარგებლოდ პროცენტის სახით - 1724,14 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „ლ.ბ–ის“ სარჩელი ლ.მ–ძისათვის პროცენტის - 1724,14 აშშ დოლარის დაკირების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
12. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენელმა გაასაჩივრა. მისი მტკიცებით, მართალია, მოწინააღმდეგე მხარეს ეცნობა სხდომის დღის შესახებ, მაგრამ წარმომადგენელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 2022 წლის 5 აპრილს, 13:00 სთ-ზე გამართულ სხდომაში იღებდა მონაწილეობას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სხდომებზე დისტანციურად ერთვებოდნენ, სხდომის გადადება არ მოუთხოვიათ.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმისწარმოების განახლების საპატიო გარემოებები არ არსებობდა.
14. 2022 წლის 5 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2022 წლის წლის 28 ივნისის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა შემდეგი დასაბუთებით:
14.1. კასატორის მითითებით, მართალია, ეცნობათ სხდომის დღის შესახებ, მაგრამ მოსარჩელის წარმომადგენელი, რომელიც ხელს აწერს სარჩელსა და სააპელაციო შესაგებელზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 2022 წლის 5 აპრილს, 13:00 სთ-ზე გამართულ სხდომაში იღებდა მონაწილეობას. შესაბამისად მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა განპირობებულია საპატიო მიზეზით. კასატორის წარმომადგენელს გააჩნდა სასამართლო სხდომაში დისტანციურად მონაწილეობის მოლოდინი და ვინაიდან სასამართლოს მხრიდან პროგრამაში შესასვლელი ელ. ბმული არ გამოიგზავნა მხარემ მიიჩნია, რომ სხდომა გადაიდო. სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებანი იურიდიულად არ ამართლებდნენ მოთხოვნას.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კი - დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო პალატის სხდომაზე მოსარჩელის/მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
17. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება,
18. მსგავსი პრინციპით სსსკ-ის 387.2 მუხლი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება, დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნეს სააპელაციო საჩივარში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები:
1.მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება;
2.მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა;
3.სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით.
19. განსახილველ შემთხვევაში, 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის/აპელანტის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და 2022 წლის 5 აპრილს, 14:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მთავარის სხდომა (სსსკ-ის 373-ე და 376-ე მუხლები). სასამართლო უწყება მოწინააღმდეგე მხარეს (სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), ჩაჰბარდა 2022 წლის 22 თებერვალს (ამაზე არც მოწინააღმდეგე მხარე არ დავობს), (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 173).
20. 2022 წლის 5 აპრილს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე/უფლებამოსილი წარმომადგენელი. აპელანტმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
21. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
22. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი.
გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
23. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნისას აპელირებს იმ საფუძველზე, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, ანუ - არა სსსკ-ის 233-ე მუხლში მითითებული საფუძვლით.
ამდენად, იმისათვის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდეს, უნდა დასტურდებოდეს: 1. ე.წ. სხვა საპატიო მიზეზი და 2. რომ საპატიო მიზეზის შესახებ მხარეს არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. ეს წინაპირობები კუმულაციურია და მხოლოდ ერთობლივად არსებობის შემთხვევაში წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
24. კასატორის განმარტებით, მისი წარმომადგენელი მონაწილეობდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 2022 წლის 5 აპრილს, 13:00 სთ-ზე გამართულ სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სხდომებზე დისტანციურად ერთვებოდნენ, სხდომის გადადება არ მაინც მოუთხოვიათ.
24.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც მოპასუხის/აპელანტის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და 2022 წლის 5 აპრილს, 14:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მთავარის სხდომა (სსსკ-ის 373-ე და 376-ე მუხლები).
ამასთან, სასამართლო უწყება მოწინააღმდეგე მხარეს (სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), ჩაჰბარდა 2022 წლის 22 თებერვალს (ამაზე არც მოწინააღმდეგე მხარე არ დავობს), (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 173), შესაბამისად, კასატორისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავდა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა დასწრებით და არა დისტანციურად, ამდენად კასატორის ეს პრეტენზია უსაფუძვლოა.
24.2. ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე იურიდიული პირია და ერთ ერთი წარმომადგენლის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის პირობებშიც გააჩნდა შესაძლებლობა უზრუნველეყო სხდომაზე სხვა წარმომადგენელის დასწრება და საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება. ამ კუთხით საყურადღებოა საქმეში დაცული სს "ლ.ბ–ის" სახელით გაცემული უვადო მინდობილობა, რომლის მიხედვით მოსარჩელის სახელით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება 11 (თერთმეტი) ფიზიკურ პირს აქვს მინიჭებული.
24.3. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია) (საქმე №ას-133-2023 28.04.2023წ.).
ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში (განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარში) მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და, თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში (ასევე შესაგებელში) მითითებული გარემოებები ლ.მ–ძის მიერ კასატორის მიმართ 1724,14 აშშ დოლარის ნაწილში ვალდებულების შესრულების შესახებ იურიდიულად სრულფასოვნად ამართლებდა მოთხოვნას და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დაკმაყოფილდა.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, შესაბამისად საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს კასატორის არაარსებით არგუმენტებზე (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
26. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ შეფასების დამადასტურებელი მტკიცებულება კასატორმა ვერ წარმოადგინა.
27. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
28. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
29. კასატორს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ლ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე