საქმე №ას-876-2023 21 სექტემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „ბ.ჯ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ.ქ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება
კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბუღალტრული აღრიცხვიანობისა და საფინანსო-იურიდიული საქმიანობის შესახებ საწარმოს სრული დოკუმენტაციის გადაცემის მოთხოვნით შპს „ბ.ჯ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი, საწარმო) წინააღმდეგ გ.ქ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან პარტნიორი) სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის საოქმო განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, სასამართლო სხდომაზე ამ უკანასკნელის გამოუცხადებლობის გამო (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 229.2 მუხლი და 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
5. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, აღნიშნული განჩინების გაუქმებისა და საქმის განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომის შესახებ ტელეფონით მისი, როგორც აპელანტი საწარმოს დირექტორის ინფორმირების შესახებ ინფორმაცია არასწორია, ხოლო სასამართლო უწყება წერილობით აპელანტს არ ჩაბარებია.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აგვისტოს განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის დავის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.
8. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის სსსკ-ის 229.1 მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, ხოლო 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
9. ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, თუ:
1). მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის;
2). აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში;
3). სასამართლო სხდომაზე აპელანტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე იმ წესების დაცვით უნდა განახლდეს, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართაა დადგენილი.
11. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ზემომითითებული მუხლი იმ გარემოებათა წრეს განსაზღვრავს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები 233.1 მუხლშია მითითებული, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი ამომწურავი არ არის. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა გამოტანილია, სხვა გარემოებებზეც შეუძლია მიუთითოს, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო სასამართლოსათვის დროულად ეცნობებინა.
ამავდროულად, კანონმდებელი მხარეს ავალდებულებს, სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ სასამართლოს წინასწარ აცნობოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მხარე თავის საჩივარში მიუთითებს, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, მომჩივანს ეკისრება, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. იხ.: სუსგ. №ას-1445-1459-2011, 31.10.2011; №ას-1410-1330-2017, 30.01.2008).
12. სსსკ-ის 215.3 მუხლში იმ გარემოებათა ჩამონათვალია წარმოდგენილი, რომლებიც სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული. მოცემული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვა 2023 წლის 16 მაისს, 14:00 საათზე დაინიშნა, რის შესახებაც აპელანტს კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სახელდობრ, ხსენებული სასამართლო სხდომის თაობაზე აპელანტი საწარმოს დირექტორ ო.ფ–ძეს მოსამართლის თანაშემწემ შეატყობინა (იხ. აქტი ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ - ს.ფ. 121).
მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებისა, დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იშუამდგომლა.
14. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის შესახებ აპელანტს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, რაც მოწინააღმდეგე მხარის შესაბამისი შუამდგომლობისა და სასამართლო სხდომაზე აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პირობებში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს ქმნიდა (სსსკ-ის 387.1, 387.3, 229.1 მუხლები, 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
15. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორი იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომის შესახებ ტელეფონით მისი, როგორც აპელანტი საწარმოს დირექტორის ინფორმირების შესახებ ინფორმაცია არასწორია, ხოლო სასამართლო უწყება წერილობით მათ არ ჩაჰბარებიათ. აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგი გარემოების გამო:
სსსკ-ის 70.1 მუხლის პირველი წინადადებით, 73.1 და 70.3 მუხლებით დადგენილია, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი; სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70.3 მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა; მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით.
კანონის დასახელებული მუხლების შინაარსი ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სასამართლო უწყების აპელანტისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების თაობაზე, რადგან აპელანტი საწარმოს დირექტორისათვის უწყების ტელეფონით ჩაბარება (რაც საქმეში არსებული შესაბამისი აქტით დასტურდება, ხოლო აღნიშნულის გამაქარწყლებელ არგუმენტაციას კერძო საჩივარი არ შეიცავს. ამასთან სატელეფონო აქტის შინაარსით დგინდება, რომ სასამართლოს მოხელემ საუბრის დაწყებამდე მიიღო დასტური სათანადო ადრესატთან დაკავშირების შესახებ) კანონით დადგენილი წესით მის ჩაბარებას გულისხმობს.
16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ.ჯ–ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე