16 ოქტომბერი, 2023 წელი,
#ას-853-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქარელის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.ს–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან მერია) სატენდერო კომისიიის #1 სხდომის ოქმით, კომისიამ დაადგინა ქარელის მუნიციპალიტეტში 2020-2021-2022 წლებში განსახორციელებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, აუქციონის გარეშე (TAT) სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად.
2 მერიასა და შპს „ა.ს–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) შორის 2020 წლის 22 აპრილს დაიდო #80 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), რომლის საგანს ქარელის მუნიციპალიტეტში, 2020-2021-2022 წლებში განსახორციელებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა წარმოადგენდა.
2.1. ხელშეკრულების ღირებულება - 99 325 ლარით, პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ ობიექტზე მომსახურების ღირებულება კი, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის გადაცემული დასრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულების 0,58-ით (იხ. შეთანხმების 2.2. პუნქტი), ხოლო ვალდებულების შესრულების ვადა 2020 წლის 21 ივნისის ჩათვლით განისაზღვრა (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 და მე-8 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).
2.1. მომსახურების გაწევის ვადების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი ვალდებული იყო მეორე მხარისათვის მოთხოვნისთანავე გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.05%, 14 სამუშაო დღეში.
2.2. ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და სამუშაოს შესრულების ვადა - 2020 წლის 9 ივლისის ჩათვლით განისაზღვრა.
3. მოსარჩელემ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება - 122 - დღიანი ვადაგადაცილებით შეასრულა.
4. მოსარჩელემ 2020 წლის 9 ნოემბერს, მოპასუხეს 18 ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარუდგინა. შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეთანხმების 2.2 პუნქტით განსაზღვრა.
5.მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ჩაბარებული საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულებამ ჯამურად - 139 045,58 ლარია.
6. მოპასუხემ მოსარჩელეს - 99 325 ლარი ჩაურიცხა, ხოლო 6058, 83 ლარი პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვალა. ამ თანხის ზევით ანაზღაურებაზე კი, უარი განაცხადა.
7. მხარეებს შორის 2020 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე, შესრულებულია საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. ასანაზღაურებელი თანხა - 99 325 ლარია. დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო ვადაგადაცილებულია - 122 დღით. მიმწოდებლის მიერ მიწოდების ვადაგადაცილების გამო, შემსყიდველმა მოითხოვა მიმწოდებლისაგან პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებილების 0,05%-ის ოდენობით. შემსყიდველმა, მიმწოდებლის თხოვნით (იხ. მოსარჩელის 2020 წლის 27 ნოემბრის წერილი), თანხის დაკავება განახორციელა მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული თანხიდან. ჯამში დაკავებული იქნა - 6058,83 ლარი.
8. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
9. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - 3635,30 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ;
11. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე განიხილა, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორად შეაფასა.
13. განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
13.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეამცირა დაკისრებული პირგასამტეხლო.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, დასაბუთებულია.
16. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოსარჩელეს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 629.1 და (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით.
17. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).
18. განსახილველ შემთხვევაში, სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობის სუბიექტები კერძო სამართლის იურიდიული პირები არიან, ამასთან, ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა).
18.1. მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.05%) - ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებაა. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ: იჯარის ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლო, ვალდებულების დარღვევის საპირწონეა, იგი სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებს და იმ მიზანს ემსახურება, რომ თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები. საკითხის ამგვარად გადაწყვეტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან შესაბამისია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-189-2020, 20.04.2021).
18.2. მხარეებს შორის 2020 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე, შესრულებულია საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. ასანაზღაურებელი თანხა - 99 325 ლარია. დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო ვადაგადაცილებულია - 122 დღით, მიმწოდებლის მიერ მიწოდების ვადაგადაცილების გამო, შემსყიდველმა მოითხოვა მიმწოდებლისაგან პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებილების 0,05%-ის ოდენობით, რამაც - 6058,83 ლარი შეადგინა, შესაბამისად, მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია - სამუშაოს შესრულების ვადა გადააცილა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
18.3. 2020 წლის 25 მოემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების #157 აქტით, მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა პირგასამტეხლოს გადახდაზე, 2020 წლის 27 ნოემბრის წერილით კი, ასანაზღაურებელ თანხაში დაკისრებული პირგასამტეხლოს გაქვითვა ითხოვა (იხ. წერილი).
18.4. საკასაციო სასამართლო იმასაც ითვალისწინებს, რომ შემკვეთმა მენარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადაც გაუგრძელა. ამასთან, მოსარჩელეს არ მიუთითებია და არც საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მან ვადის გაგრძელების თხოვნით დამატებით მიმართა შემკვეთს და ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა. ამდენად, არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების კანონით (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლებით) გათვალისწინებული საფუძველი.
18.5. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მენარდემ იკისრა 2020 წლის 25 მოემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების 157 აქტით. მეტიც, მენარდემ განცხადებით მიმართა შემკვეთს და სთხოვა, ასანაზღაურებელ თანხაში (მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრულ შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში) გაექვითა დაკისრებული პირგასამტეხლო. ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულება შეწყდა. ზემოხსენებული „საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით“ ირკვევა, რომ მხარეებმა ამ აქტით განსაზღვრეს თავიანთი მოთხოვნების ოდენობა. აღნიშნული აქტის მიხედვით, მენარდისათვის ასანაზღაურებელი თანხა - 99 325 ლარი, ხოლო შემკვეთისათვის გადასახდელი პირგასამტეხლო - 6058,83 ლაია.
19. სსკ-ის 4421.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) მუხლის თანახმად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა თანამედროვე სამართალში ფართოდაა გავრცელებული. კონტინენტური ევროპის ქვეყნებში იგი გამოიყენება როგორც მატერიალური სამართლის ინსტიტუტი, ხოლო საერთო სამართალში იგი საპროცესო სამართლის ინსტიტუტია და გამოიყენება მხარეთა შორის დავის გადაწყვეტის საპროცესო საშუალებად. გაქვითვა ითვალისწინებს დამოუკიდებელი მოთხოვნების არსებობას და ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, მიმართულია მსგავსი მოთხოვნების გამარტივებულ შესრულებაზე.
19.1. მოთხოვნათა გაქვითვა გაქვითვის უფლების მქონე პირებს ორ მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს: 1) იგი იძლევა შესაძლებლობას, რომ ვალდებულმა პირმა თავისი ვალდებულება რეალური შესრულების გარეშე შეასრულოს; 2) იგი უმარტივებს კრედიტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებას სასარჩელო პროცესში ჩაბმის გარეშე. გაქვითვის პირველი სავალდებულო წინაპირობაა, რომ ორ პირს ერთმანეთის მიმართ ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება, ე.ი. თითოეული მათგანი ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც. მოთხოვნის მოვალე უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის კრედიტორი, ხოლო მოთხოვნის კრედიტორი კი, საპირისპირო მოთხოვნის მოვალე, ამგვარად, უნდა არსებობდეს საპასუხო მოთხოვნები (ურთიერთმოთხოვნები). აუცილებელია ასევე, რომ ორივე ეს მოთხოვნა არსებობდეს გაქვითვის შესახებ განცხადების გაკეთების მომენტში.
19.2. იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს ნამდვილობის პირობებს, კერძოდ: ა) საპასუხო მოთხოვნა რეალურად უნდა არსებობდეს; ბ) ეს მოთხოვნა უნდა იყოს უდავო; გ) როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს საპასუხო მოთხოვნის შესრულების ვადა (შდრ: სუსგ №ას-1039-2020, 03.02.2022 წ.; №ას-1159-2021, 01.04.2022 წ; №ას-1632-2021, 12.01.2021 წელი).
19.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 442-ე მუხლის საფუძველზე ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რა დროსაც, სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის სავალდებულოა ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა, ხოლო მეორე პირის მიერ მისი მიღება...მისი ქმედითობა დამოკიდებულია მეორე პირის მიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ნების მიღებასა და გასაქვითი ვალდებულების არასადავოობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ გაქვითვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც მხარეების მიერ აღიარებულია და სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულება და მისი მოცულობა. მხარეს ამ უფლების განსახორციელებლად არ სჭირდება სასამართლოსათვის დამოუკიდებელი სარჩელით მიმართვა. იმისათვის, რომ განხორციელდეს გაქვითვა, აუცილებელია არსებობდეს გარიგების ნამდვილობის ყველა წინაპირობა: უფლებამოსილი პირის მიერ გაქვითვაზე გამოვლენილი ნება, რომელიც ადრესატს მიუვიდა (სსკ-ის 51.1 მუხლი), გასაქვითი მოთხოვნების ერთგვაროვნება (ორივე მათგანი ფულადი ხასიათისაა), ურთიერთმოთხოვნათა შესრულების ვადის დადგომა და სსკ-ის 447-ე მუხლით გათვალისწინებული გაქვითვის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობა (შდრ: სუსგ №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი).
19.4. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მენარდემ (მოსარჩელე) განცხადებით მიმართა შემკვეთს (მოპასუხე) და გამოხატა ნება, მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრულ შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში გაექვითა დაკისრებული პირგასამტეხლო (იხ. განცხადება). საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მხარეებმა განსაზღვრეს თავიანთი მოთხოვნების ოდენობა. მენარდისათვის ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა - 99 325 ლარი, ხოლო შემკვეთისათვის გადასახდელი პირგასამტეხლომ - 6058,83 ლარი. შემკვეთმა, მენარდის თხოვნის შესაბამისად, განახორციელა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა და ამ გაქვითვის შედეგად დარჩენილი თანხა აუნაზღაურა მენარდეს. ამდენად, რაკი შემკვეთსა და მენარდეს ერთმანეთის მიმართ მოთხოვნები გააჩნდათ და ამ მოთხოვნების შესრულების ვადაც დამდგარი იყო, ამასთან, მენარდემ გაქვითვის თაობაზე თავად მიმართა შემკვეთს, არსებობდა სსკ-ის 442-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წინაპირობები. ამასთან, რადგან - 6058,83 ლარის ფარგლებში მენარდისა და შემკვეთის ურთიერთმოთხოვნები გაიქვითა, ამ თანხის ფარგლებში შემკვეთის ვალდებულება მენარდისათვის ნარდობის საზღაურის გადახდის თაობაზე შეწყდა. შესაბამისად, ვინაიდან ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ვალდებულების შეწყვეტის საფუძველია, მენარდეს გაქვითული თანხის მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.
20. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისად, მოპასუხეს სსსკ-ის 55.1 მუხლის (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) თანახმად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - ლარის ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ა.ს–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ა.ს–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე