Facebook Twitter

5 ოქტომბერი, 2023 წელი,

საქმე №ას-182-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ვ.ზ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.მ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ვ.ზ–ი (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და საერთო შვილი ჰყავთ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით (რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განჩინებით კანონიერ ძალაში შევიდა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261.1, 111 და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მოპასუხე დამნაშავედ იქნა ცნობილი.

3. დასახელებული განაჩენით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- 2017 წლის 2 მარტს, ქ.თბილისში, ....... პირველ კორპუსში მდებარე №100 ბინაში მოპასუხემ მეუღლეს (მოსარჩელე) მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, სხეულის სხვადასხვა ადგილას ხელებს და ფეხებს ურტყამდა, ხოლო შემდეგ ზურგის არეში დაუდგენელი საგანი ესროლა. აღნიშნულის შედეგად მოსარჩელემ ფიზიკური ტკივილი განიცადა.

- 2017 წლის 5 ივნისს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ....... პირველ კორპუსში მდებარე №100 ბინაში მოპასუხემ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, თმებზე მოქაჩა, დივანზე თავი მიარტყმევინა, ყელის არეში ხელი მოუჭირა და სახის არეში ერთხელ ფეხი დაარტყა, რის შედეგადაც მოსარჩელემ ფიზიკური ტკივილი განიცადა.

- გარდა ზემოაღნიშნულისა, უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში მოპასუხემ მოსარჩელეს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა, ლანძღავდა და უწმაწურ სიტყვებს უწოდებდა, მათ შორის, ანალოგიური ქმედებები მოსარჩელის მიმართ მოპასუხემ იმავე ბინაში 2017 წლის 2 მარტს და 2017 წლის 5 ივნისს განახორციელა.

მოპასუხის ქმედებებმა მოსარჩელის ტანჯვა გამოიწვია.

- 2017 წლის 5 ივნისს, ქ.თბილისში, .... პირველ კორპუსში მდებარე №100 ბინაში მოპასუხე მოსარჩელეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ, დაემუქრა, რომ ცეცხლსასროლ იარაღს გამოიტანდა და მას და მის ოჯახის წევრებს შუბლებს დაუხვრეტდა, რის გამოც მოსარჩელეს სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

4. 2017 წლის 31 აგვისტოს (სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეული თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი) და 2021 წლის 3 აგვისტოს (სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეული თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი) ფსიქოლოგის დასკვნა/შეფასებებით დგინდება, რომ მოსარჩელე კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობდა (გაეწია ფსიქოლოგიური მომსახურება: ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტურ ბიჰევიერული თერაპია (ტფ-კბთ);

სესიების რაოდენობა: 16 ინდივიდუალური სესია; განმეორებითი ვიზიტი: 4 ინდივიდუალური სესია (გამოსავალზე ორიენტირებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, სტრესის ინოკულაციური ტრენინგი)).

დასკვნების მიხედვით, მოსარჩელე ფსიქოლოგიურად მოწყვლადია, აღენიშნება დაუცველობის განცდა, გაღიზიანებადობა, არასტაბილური ფსიქო-სოციალური ფონი, აკუმულირებული ბრაზი, ქორწინების ფსიქოტრავმული მოგონება, ობიექტურად გამოხატული ქვეზღვრული წონა კახექსია, ინსომნია და სხვა შერეული ტიპის ადაპტაციური აშლილობის ნიშნები.

დასკვნის თანახმად, ბენეფიციართან მიმართებით ვლინდება ექსტრემალური სტრესის შემდგომი - ადაპტაციური აშლილობის ნიშნები (შერეული ტიპის - შფოთვა/დეპრესიული განწყობა), ესაჭიროება ფსიქო-ემოციური განწყობის სტაბილიზაცია, ინტენსიური ფსიქოლოგიური დახმარება - პტსა პრევენციის მიზნით;

ბენეფიციარი კრიზისული ცენტრის ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისებს იღებდა 2017/2018 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსით. მეუღლესთან თანაცხოვრების განმავლობაში განიცდიდა ინტენსიურ ფსიქოლოგიურ (დამცირებას, შეურაცხყოფას) და ფიზიკურ ძალადობას.

კრიზისულ ცენტრს მოსარჩელემ განმეორებით ნევროტიზმის მაღალი ხარისხის გამო მიმართა. დასკვნის შესაბამისად, სპეციფიკური საფრთხის მომტანი სიტუაციის არარსებობის ფონზე მოსარჩელე ინტენსიურ შიშს, შფოთვას განიცდის, რაც ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფუნქციონირებაში ხელს მნიშვნელოვნად უშლის.

5. 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით გამოწვეული სულიერი ტანჯვის გამო მოსარჩელისათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია.

შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 992-ე, 413.1 და 413.2 მუხლებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სარჩელი წარმატებულად ჩათვალა და დააკმაყოფილა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოპასუხემ წარმოადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

- კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დანაშაულის ხარისხი და სიმძიმე, ასევე, ის გარემოება, რომ ხსენებული დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიისაა. თავად მოსარჩელემ განმარტა, რომ ზიანი 2017 წლის მარტში მიადგა, ხოლო ზიანის ანაზღაურება მან 2021 წელს მოითხოვა, რაც მოთხოვნის ვადაგასულობაზე მიუთითებს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა.

13. საკასაციო პალატის განხილვის საგანია, წარმატებულია თუ არა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი.

14. განსახილველი დავის სწორად გადასაწყვეტად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი გარემოებებია საყურადღებო, კერძოდ, ეს გარემოებები შემდეგია:

1). მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და საერთო შვილი ჰყავთ.

2). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261.1, 111 და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მოპასუხე დამნაშავედ იქნა ცნობილი.

დასახელებული განაჩენით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- 2017 წლის 2 მარტს, ქ.თბილისში, .......... პირველ კორპუსში მდებარე №100 ბინაში მოპასუხემ მეუღლეს (მოსარჩელე) მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, სხეულის სხვადასხვა ადგილას ხელებს და ფეხებს ურტყამდა, ხოლო შემდეგ ზურგის არეში დაუდგენელი საგანი ესროლა. აღნიშნულის შედეგად მოსარჩელემ ფიზიკური ტკივილი განიცადა.

- 2017 წლის 5 ივნისს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, .......... პირველ კორპუსში მდებარე №100 ბინაში მოპასუხემ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, თმებზე მოქაჩა, დივანზე თავი მიარტყმევინა, ყელის არეში ხელი მოუჭირა და სახის არეში ერთხელ ფეხი დაარტყა, რის შედეგადაც მოსარჩელემ ფიზიკური ტკივილი განიცადა.

- გარდა ზემოაღნიშნულისა, უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში მოპასუხემ მოსარჩელეს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა, ლანძღავდა და უწმაწურ სიტყვებს უწოდებდა, მათ შორის, ანალოგიური ქმედებები მოსარჩელის მიმართ მოპასუხემ იმავე ბინაში 2017 წლის 2 მარტს და 2017 წლის 5 ივნისს განახორციელა. მოპასუხის ქმედებებმა მოსარჩელის ტანჯვა გამოიწვია.

- 2017 წლის 5 ივნისს, ქ.თბილისში, .......... პირველ კორპუსში მდებარე №100 ბინაში მოპასუხე მოსარჩელეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ, დაემუქრა, რომ ცეცხლსასროლ იარაღს გამოიტანდა და მას და მის ოჯახის წევრებს შუბლებს დაუხვრეტდა, რის გამოც მოსარჩელეს სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

3). 2017 წლის 31 აგვისტოს (სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეული თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი) და 2021 წლის 3 აგვისტოს (სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეული თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი) ფსიქოლოგის დასკვნა/შეფასებებით დგინდება, რომ მოსარჩელე კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობდა (გაეწია ფსიქოლოგიური მომსახურება: ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტურ ბიჰევიერული თერაპია (ტფ-კბთ); სესიების რაოდენობა: 16 ინდივიდუალური სესია; განმეორებითი ვიზიტი: 4 ინდივიდუალური სესია (გამოსავალზე ორიენტირებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, სტრესის ინოკულაციური ტრენინგი)). დასკვნების მიხედვით, მოსარჩელე ფსიქოლოგიურად მოწყვლადია, აღენიშნება დაუცველობის განცდა, გაღიზიანებადობა, არასტაბილური ფსიქო-სოციალური ფონი, აკუმულირებული ბრაზი, ქორწინების ფსიქოტრავმული მოგონება, ობიექტურად გამოხატული ქვეზღვრული წონა კახექსია, ინსომნია და სხვა შერეული ტიპის ადაპტაციური აშლილობის ნიშნები. დასკვნის თანახმად, ბენეფიციართან მიმართებით ვლინდება ექსტრემალური სტრესის შემდგომი - ადაპტაციური აშლილობის ნიშნები (შერეული ტიპის - შფოთვა/დეპრესიული განწყობა), ესაჭიროება ფსიქო-ემოციური განწყობის სტაბილიზაცია, ინტენსიური ფსიქოლოგიური დახმარება - პტსა პრევენციის მიზნით; ბენეფიციარი კრიზისული ცენტრის ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისებს იღებდა 2017/2018 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსით. მეუღლესთან თანაცხოვრების განმავლობაში განიცდიდა ინტენსიურ ფსიქოლოგიურ (დამცირებას, შეურაცხყოფას) და ფიზიკურ ძალადობას. კრიზისულ ცენტრს მოსარჩელემ განმეორებით ნევროტიზმის მაღალი ხარისხის გამო მიმართა. დასკვნის შესაბამისად, სპეციფიკური საფრთხის მომტანი სიტუაციის არარსებობის ფონზე მოსარჩელე ინტენსიურ შიშს, შფოთვას განიცდის, რაც ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფუნქციონირებაში ხელს მნიშვნელოვნად უშლის.

ზემომითითებული გარემოებები კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

15. ამავდროულად, საყურადღებოა სსკ-ის 413-ე მუხლის შინაარსი, სახელდობრ, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით; სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.

სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა.

სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია.

სსკ-ის 413.2 მუხლით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენაა, რაც ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში გამოიხატება (იხ. სუსგ, №ას-1207-2022, 20.01.2023).

16. განსახილველი სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული ინციდენტების შედეგად მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ფიზიკური ტკივილებითა და სულიერი ტანჯვათაა დასაბუთებული.

17. როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო საკითხის გადაწყვეტისას განაჩენთან ერთად სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნა-შეფასებები, რომლის გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, მაშინ როდესაც სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ), 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებაები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს), 105.2 (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ) მუხლები).

18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი მოცემულობა ერთმნიშვნელოვნად ქმნის სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შემადგენლობას, რაც, თავის მხრივ, სარჩელის წარმატებას განაპირობებს და გასაჩივრებული განჩინება კანონთან შესაბამისია.

19. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ სარჩელის ხანდაზმულობაზე პრეტენზიას და განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა კონკრეტული დავის სპეციფიკიდან გამომდინარე იმ მომენტიდან უნდა აითვალოს, როდესაც მოსარჩელემ ზიანისა და მის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ შეიტყო (იხ. სუსგ, საქმე №ას-247-237-2013, 1.07.2013). რაკი საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი (რომლითაც მოსარჩელესთან მიმართებით კასატორის დანაშაულებრივი ქმედებები სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად ცნო) კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განჩინებით შევიდა, ხსენებული განჩინებით ზიანის ანაზღაურებაზე მოპასუხის ვალდებულების არსებობის ფაქტი საბოლოოდ დადასტურდა, ხოლო სარჩელი 2021 წლის 15 სექტემბერს აღიძრა, შესაბამისად, სსკ-ის 1008-ე მუხლით (დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ) გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევას ადგილი არ აქვს.

20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ზ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ვ.ზ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 750 ლარის (საგადახდო დავალება 17139214392, გადახდის თარიღი - 18.05.2023) 70% - 525 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე