Facebook Twitter

26 ოქტომბერი, 2023 წელი,

საქმე №ას-752 -2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ს.მ–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ი–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - საავტორო უფლების აღიარება, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ს.მ–ო“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან საზოგადოება) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით საავტორო უფლების აღიარებისა და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გ.ი–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადაცემაზე „საქმიანი დილა“, რომლის სატელევიზიო ეთერში გადაცემას 2014-2016 წლებში ახორციელებდა მოპასუხე, აღიარებულ იქნა მოსარჩელის პირადი არაქონებრივი უფლებები; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის სახელზე სასაქონლო ნიშნის „საქმიან დილა“ (ს/ნ ...., რეგისტრაციის ნომერი 29366) რეგისტრაცია. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა, თუ რატომ იყო მაესტრო არაკეთილსინდისიერი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას, როცა იგივე დასახელების მქონე გადაცემაზე ქონებრივი საავტორო უფლებები მას ეკუთვნის.

1.2. კასატორის მითითებით, არასწორად დადგინდა, რომ გადაცემა „საქმიანი დილა“, მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარესთან ასოცირდება.

1.3. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ თანამშრომელს არაქონებრივი საავტორო უფლებების ჭრილში გააჩნია უპირატესობა სასაქონლო ნიშნად დაარეგისტრიროს იმ გადაცემის სახელი, რომლის ავტორიც ის არის.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მოსარჩელე 2014 წლის 10 ივლისს წერილობითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხესთან კომერციული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დასაქმდა;

ამავე კონტრაქტის მიხედვით მოსარჩელე შეთავსებით არის გადაცემების „საქმიანი დილა“ და „ბიზნეს კონტაქტი“ ავტორი და კონსულტანტი.

4.4. ყველა ის ინფორმაცია, მონაცემები, საბუთები, ჩანაწერები და შედეგები რომელთაც დასაქმებული მოიპოვებს ან შექმნის თავისი სამუშაო ვალდებულებების შესრულებისას დასაქმებულის საკუთრებაა (მათ შორის საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტებზე/ნაწარმოებებზე) (იხ. შეთანხმების 2.2.11 პუნქტი).

4.5. 2015 წლის 10 ივლისს მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა.

4.6. მოსარჩელე სატელევიზიო გადაცემა „საქმიანი დილას“ ავტორია, რომელიც მოპასუხის ეთერში 204-2016 წლებში გადაიცემოდა.

4.7. მოპასუხის 2016 წლის 31 მაისის ბრძანებით, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.

4.8. სასაქონლო ნიშანი „საქმიანი დილა“ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში მოპასუხის სახელზეა რეგისტრირებული, ნიცის კლასიფიკაციის 38-ე და 41-ე კლასებში განსაზღვრული მომსახურების (კავშირგამბულობა, მომსახურება, რომელიც არსობრივად მდგომარეობს რადიო და სატელევიზიო პროგრამების გადაცემაში, სატელევიზიო და რადიო პროგრამების მომზადება) მიმართ.

4.9. სასაქონლო ნიშანი „საქმიანი დილა“, მოპასუხემ არაკეთილსინდისიერი განზრახვით დაარეგისტრირა.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, საავტორო უფლების აღიარება და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სპეციალური კანონი) 5.1 (საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა) 5.2 (საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა), 6.1 „დ“ ქვეპუნქტიდან (მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებია აუდიოვიზუალური ნაწარმოები), 9.1 (საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა), 59.1 "ა " (საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს უფლების აღიარება) და 28.1. „ბ“ პუნქტებიდან (სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით) გამომდინარეობს.

6. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების“ მე-15 მუხლზე, რომლის მიხედვითაც სასაქონლო ნიშანს შეიძლება, წარმოადგენდეს ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს, ერთი საწარმოს საქონელი და მომსახურება სხვა საწარმოს საქონლისა და მომსახურებისაგან განასხვაოს.

სპეციალური კანონის 3.1 (სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან) და 3.2 (სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე, ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით) მუხლების თანახმად, სასაქონლო ნიშანი გრაფიკულად გამოსახული სიმბოლოა, რომელიც ერთი საწარმოს საქონელს განასხვავებს მეორე საწარმოს საქონლისგან.

სასაქონლო ნიშნის მთავარი ფუნქცია სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ საქონელს შორის განსხვავების ხაზგასმაა. აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ მწარმოებლებმა შეინარჩუნონ თავიანთი ინდივიდუალურად დამახასიათებელი ნიშა და ამასთანავე მომხმარებლებმაც ადვილად გამიჯნონ, თუ რომელი კომპანიის მიერ ნაწარმოებ პროდუქტს მოიხმარენ.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზანი არა მხოლოდ კერძო პირთა საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფაში გამოიხატება, არამედ საჯარო ინტერესშიც, რომ მომხმარებელთა არა მხოლოდ კონკრეტული წრე, არამედ პოტენციური მომხმარებელიც დაცული იყოს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ შეცდომაში შემყვანი, არასწორი ინფორმაციისაგან.

7. დადაგენილია, რომ მოსარჩელე სატელევიზიო გადაცემა „საქმიანი დილას“ ავტორია, რომელიც მოპასუხის ეთერში 2014-2016 წლებში გადაიცემოდა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ, როგორც სატელევიზიო გადაცემის ავტორმა შრომითი ურთიერთობის ვადის განმავლობაში მომზადებულ სატელევიზიო გადაცემებზე ნაწარმოების ავტორის ქონებრივი უფლებები გადასცა მოპასუხეს. შესაბამისად, უდავოა, რომ მოპასუხის სატელევიზიო არხზე 2014-2016 წლებში გასულ გადაცემაზე ,,საქმიანი დილა’’, ქონებრივი უფლებები მაესტროს ეკუთვნის, თუმცა ეს გარემოება არ ნიშნავს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები გადასცა.

8. რაც შეეხება კასატორის მითითებას, იურიდიული ინტერესის არასებობისა და ამ ნაწილში საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე, საკასაციო სასამართლო უარყოფს და იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი საავტორო უფლებების აღიარებასთან მიმართებით, უკავშირდება მის სასარჩელო მოთხოვნას სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელეს გააჩნია ინტერესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს მისი საავტორო უფლების აღიარება, რადგან როგორც დავის არსებითი განხილვის შედეგად გამოიკვეთა, სწორედ მოსარჩელის საავტორო უფლების აღიარებაა განმსაზღვრელი სადავო სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი განზრახვით დარეგისტრირებულად შეფასების კონტექსტში.

9. სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნის დაცვის განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალსაც. ევროსასამართლოს მიერ დამკვიდრებული სტანდარტის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე უფლება საკუთრებით სარგებლობის უფლების ფარგლებში ექცევა და მისი მოპოვება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს არ ლახავს კეთილსინდისიერი მესამე პირების უფლებებს.

ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას უკავშირდებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმი (საკუთრების უფლება) ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებითაც გამოყენებადია (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment of 7 july, 2005).

10. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ როგორც სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე სუბიექტმა, მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის „საქმიანი დილა“ რეგისტრაციის პირობებში, წარმატებით დაძლია მისი უფლებების დარღვევის მტკიცების ტვირთი, რაც კანონის ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე მოთხოვნის იურიდიულ მართებულობაზე მიუთითებს. დასახელებული დასკვნის წინააღმდეგ კი, საკასაციო საჩივარი არგუმენტირებულ მსჯელობას (შედავებას) არ შეიცავს რაც მის დაუსაბუთებულობაზე მეტყველებს.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, შესაბამისად საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს კასატორის არაარსებით არგუმენტებზე (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #10150, გადახდის თარიღი 26.07.2021წ), 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.მ–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ს.მ–ოს“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #10150, გადახდის თარიღი 26.07.2021წ), 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე