Facebook Twitter

26 ოქტომბერი, 2023 წელი,

საქმე №ას-724-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ე.ჩ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ. და ე.ჩ–ები (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.ჩ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. და ე.ჩ–ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლი 26 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, განქორწინების შემდგომ მეუღლის რჩენის ვალდებულება სამართლებრივად არ ჰქონდა, დეფაქტო საოჯახო ურთიერთობისას მის მიერ თანხის გამოგზავნა ემსახურებოდა როგორც მეუღლის რჩენას, ასევე სამომავლოდ მათი საერთო საოჯახო მეურნეობის მოწყობას; სწორედ ამიტომ მხარეებს შორის ადრე წარმართული და განხილული დავის პირობებში სასამართლომ დადგინდა თანხის ნახევრის დაბრუნების ვალდბულება.

1.2. რაც შეეხება მოთხოვნის ხანდაზმულობას, კასატორის თვლის, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2010 წლიდან უნდა განხორციელდეს, მას შემდეგ რაც წარმოიშვა ოჯახური კონფლიქტი და მხარეებს შორის სამართლებრივი დავა დაიწყო. ამასთან, თუ ვინ იყვნენ მამკვიდრებლის მემკვიდრეები 2017 წლის 22 დეკემბერს დადგინდა, რაც აისახა კიდეც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინებაში.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), მოსარჩელის/კასატორის მოთხოვნა ა.ჩ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის მეუღლე, მოპასუხეების მამა, მოვალე ან მამკვიდრებელი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მამკვიდრებელს მოსარჩელის სასარგებლოდ - 5 652.5 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

4.3.1. დადგინდა, რომ „1997 წლის 17 ივნისს ა.ჩ–ი და ე.შ–ი დაქორწინდნენ, ე.შ–მა მიიღო მეუღლის გვარი - ჩადუნელი.

2004 წლის 28 ოქტომბერს ა.ჩ–ი და ე.ჩ–ი განქორწინდნენ;

როგორც ქორწინების პერიოდში, ისე განქორწინების შემდეგ ე.ჩ–ი სამუშაოდ იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საიდანაც ა.ჩ–ის მიმართ განხორციელებული აქვს ფულადი გზავნილები: ,,western union’’- ის მეშვეობით 2006 წლის 31 ივლისი - 600 აშშ დოლარი, 2007 წლის 17 ოქტომბერი - 300 აშშ დოლარი, 2007 წლის 27 ნოემბერი - 200 აშშ დოლარი, 2008 წლის 20 თებერვალი - 600 აშშ დოლარი, 2008 წლის 3 აპრილი - 500 აშშ დოლარი, 2008 წლის 2 მაისი - 200 აშშ დოლარი, 2008 წლის 4 ივნისი - 350 აშშ დოლარი, 2008 წლის 14 ოქტომბერი - 300 აშშ დოლარი, 2008 წლის 18 ნოემბერი - 300 აშშ დოლარი, 2009 წლის 29 იანვარი - 300 აშშ დოლარი, 2009 წლის 24 ივლისი - 300 აშშ დოლარი, 2009 წლის 30 დეკემბერი - 400 აშშ დოლარი.

სს ,,თ.ბ–ის’’ მეშვეობით 2006 წლის 31 იანვარი - 1 985 აშშ დოლარი, 2006 წლის 28 ივნისი - 2 985 აშშ დოლარი, 2006 წლის 29 სექტემბერი - 1 985 აშშ დოლარი“ (იხ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების 3.1.7-3.1.9. პუნქტები).

4.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებაში, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების 1.1. პუნქტი, (რომლითაც, ე.ჩ–ის სარჩელი ა.ჩ–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ა.ჩ–ს დაეკისრა ე.ჩ–ის სასარგებლოდ 5 652.5 აშშ დოლარის გადახდა), დარჩა უცვლელად, აღნიშნლია, რომ - ,,საბოლოოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელის - ე.ჩ–ის მიერ ქორწინების შეწყვეტის შემდგომ, კერძოდ, 2004 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში ფულადი თანხების გაღება ემსახურებოდა საერთო საოჯახო მეურნეობის მოწყობასა და ოჯახის კეთილდღეობას“.

4.5. მოვალის ანგარიშზე მოსარჩელის დავალებითა და ხარჯით 2005 წლის 11 აპრილს აშშ-ს მოქალაქე გ.მ–მა - 16 650 აშშ დოლარი, ხოლო იმავე წლის 20 მაისს მ.პ–ძემ - 6 000 აშშ დოლარი დაირიცხა.

4.6. მამკვიდრებელი 2017 წლის 27 მარტს გარდაიცვალა.

4.7. მოსარჩელემ მეუღლეს/მოპასუხეების მამას, თანხა საოჯახო ურთიერთობის ფარგლებში, მორალურად გამართლებული და ზნეობრივად შთაგონებული შესრულების პირობებში გადასცა.

4.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით, მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა, მოპასუხეები ცნობილ იქნენ გარდაცვლილი მამის უფლებამონაცვლეებად.

4.9. სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის განმავლობაში მოსარჩელეს მოვალის მემკვიდრეებისთვის/მოპასუხეებისთვის მოთხოვნა არ წარუდგენია.

4.10. მოსარჩელემ სარჩელი 2018 წელს აღძრა, შესაბამისად, გაშვებულია კანონით გათვალისწინებული საერთო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადაც.

5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის შინაარსისა და სარჩელში მითითებული ფაქტების/გარემოებების გათვალისწინებით, წარმოდგენილია კონდიქციური სარჩელი სსკ-ის 976-ე მუხლიდან გამომდინარე.

ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: 1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს: უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან ბ) გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან გ) მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ) მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

5.1. მოხმობილი ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის გამოკვეთილი უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე (ქონებრივი სიკეთის გადანაცვლება) და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა.

ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად.

ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე.

ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

5.2. საკასაციო სსასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ: „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე”...

უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

ედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-360-342-2015, 03.06.2015; Nას-1193-1122-2015, 31.05.2016; Nას-74-71-2016, 25.05.2016წ; Nას-225-215-2016, 25.05.2016წ; Nას-184-171-2015, 20.05.2016წ; №ას-390-390-2018, 15.05. 2018 წ.).

5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ დავაში მოსარჩელე მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეებისგან ითხოვს ფაქტობრივ საოჯახო ურთიერთობებში მყოფი პირისთვის გაგზავნილი ფულადი თანხების უკან დაბრუნებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებს.

აღნიშნული დასკვნის ჩამოყალიბების საფუძველს წარმოადგენს შემსრულებლის ზნეობრივ მოვალეობასთან და მიმღების სუბიექტურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული კანონის მითითებული დანაწესის ანალიზი. ამავე მსჯელობის ნათელყოფის მიზნებისათვის საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თავისთავად „ზნეობრივი მოვალეობა“ შეიძლება სცილდებოდეს კანონით დადგენილი მოვალეობის ფარგლებს. გარდა მითითებული ვალდებულებების სუბიექტური შეფასებისა, არსებობენ ისეთი ობიექტური ფაქტორებიც, როგორიცაა ოჯახის ფინანსური შესაძლებლობა და მატერიალური მხარდაჭერა, შესაბამისად, იმ ხარჯების ანაზღაურება, რომელიც საოჯახო ურთიერთობის ფარგლებში, მორალურად გამართლებული და ზნეობრივად შთაგონებული შესრულების პირობებში განხორციელდა, პრაქტიკულად წარმოადგენდა შემსრულებლის ზნეობრივ ვალდებულებას, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამორიცხავს უკუმოთხოვნის შესაძლებლობას.

6. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის ვადა.

გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორემა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება.

6.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო.

6.2. სსკ-ის 1499.1. მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით.

ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა.

ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ.

6.3. დადგენილია, რომ რომ მამკვიდრებელი 2017 წლის 27 მარტს გარდაიცვალა. ასევე დადგენილია, რომ გარდაცვლილი მოვალის უფლებამონაცვლეებად მოპასუხეების ცნობის მოთხოვნით მოსარჩელემ სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისს მიმართა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მითითებული დროიდან მოსარჩელისთვის ცნობილი იყო როგორც მოვალის გარდაცვალების, ისე - მისი პირველი რიგის მემეკვიდრეების ვინაობის შესახებ, თუმცა მოსარჩელეს გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კანონით დადგენილ ვადაში უშუალოდ მემკვიდრეებს წარუდგინა შესაბამისი პრეტენზია.

7. საკასაციო სასამართლო ხანდაზმულობასთან მიმართებითაც იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, იკვეთება მოთხოვნის შემაფერხებელი გარემოებებიც, კერძოდ: საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების მატერიალურსამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება.

7.1. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა.

7.2. კონდიქციური ვალდებულების არსის გათვალისწინებით, ამ ინსტიტუტის მიმართ გამოიყენება სსკ-ის 128.3 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი, რომელიც ყველა იმ ურთიერთობისათვისაა განკუთვნილი, რომელიც არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას.

7.3. სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

7.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მეტად მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლების წარმოშობამდე არ შეიძლება, დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა, ამიტომ, უპირველესად, აუცილებელია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი, ზოგიერთ შემთხვევაში, უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული. თუ კანონში ასეთი პირდაპირი მითითება არ არის, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ.

7.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადის თვლა მამკვიდრებლისათვის თანხის გადარიცხვიდან - 2005-2006 წლებიდან უნდა დაიწყოს, მაშინ როდესაც სარჩელი 2018 წელს იქნა აღძრული, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია, რასაც ვერ აქარწყლებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტაცია.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა არაარსებით პრეტენზიაზე.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი (შდრ. სუსგ #ას-528-5015. 04.11.2015წ; 01.11.2012წ).

11. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს დაუბრუნდეს ნ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1000 ლარის (საგადასახადო დავალება #13790796836, გადახდის თარიღი 07.07.2022წ), 70% - 700 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ჩ–ია საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ე.ჩ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს ნ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1000 ლარის (საგადასახადო დავალება #13790796836, გადახდის თარიღი 07.07.2022წ), 70% - 700 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე