საქმე №ას-1234-2023 2 ნოემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - ი.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) - ნ.ქ–ია
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება
კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
1.1. მცირეწლოვანი შვილის ნახვისა და მასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ ი.გ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
1.2. მოსარჩელისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნ.ქ–იას (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2018 წლის 16 აგვისტო) არასრულწლოვნის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, ამ უკანასკნელის რჩენისათვის, ყოველთვიურად მოსარჩელეს 250 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომელმაც ხსენებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის 150 ლარით განსაზღვრა მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 2 000 ლარს არ აღემატებოდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 365-ე მუხლი).
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებას მოსარჩელე კერძო საჩივრით ასაჩივრებს.
- კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 365-ე მუხლი, რამდენადაც ალიმენტის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის კანონიერების კუთხით განსახილველი დავა, ქონებრივი დავას არ მიეკუთვნება. საკითხის ასეთად შეფასების შედეგად, ალიმენტის გადახდაზე ვალდებულ პირს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთმევა, რაც არასწორია. გარდა ამისა, კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება იმ ოდენობიდან კი არ უნდა განისაზღვროს, რომლის შეცვლასაც აპელანტი მოითხოვს, არამედ - დაკისრებული ალიმენტის ოდენობიდან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ ოდენობას არ შეესაბამებოდა.
7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 365-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივსამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 2 000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
დასახელებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ცხადი ხდება შემდეგი: სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2 000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2 000 ლარს არ აღემატება.
8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ სსსკ-ის 41.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 1 200 ლარს (100 ლარი X 12 თვეზე = 1200 ლარს) შეადგენს, რადგან აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის 150 ლარით განსაზღვრას მოითხოვს, ე.ი. ამ უკანასკნელის იურიდიული ინტერესი დაკისრებული ალიმენტის 100 ლარით შემცირებაში მდგომარეობს. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოება იმის მაუწყებელია, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება სწორედ 1 200 ლარია.
შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, აშკარაა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება, განსახილველ შემთხვევაში, 2 000 ლარზე ნაკლებია და, სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი.
9. რაც შეეხება მისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, ამასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი არსებობს და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).
პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, განაცხადის დასაშვებობისას, ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა), (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017).
10. ამრიგად, იმ გარემოების გამო, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2 000 ლარზე ნაკლები იყო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-713-2019, 21.06.2019; ას-1025-2019, 9.09.2019; ას-1102-2019, 13.09.2019; ას-1305-2019, 21.11.2019, ას-1693-2018, 29.03.2019).
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე