საქმე №ას-133-2020 29 სექტემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ო–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ო–ძე (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ო–ძე (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.12.2019 წლის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საკომლო წიგნის ჩანაწერის ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა თანამდევი შედეგებით
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 16.11.2018 წლის გადაწყვეტილებით ნ.ო–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი მ.ო–ძის (შემდეგში - „პირველი მოპასუხე“), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში - „მეორე მოპასუხე“) და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, საკომლო წიგნის ჩანაწერის და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების თანამდევი შედეგებით ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები გასაჩივრებულ ნაწილში :
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.12.2019 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 16.11.2018 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სასარჩელო მოთხოვნა თანმდევი შედეგებით საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი, პირველი მოპასუხის ნაწილში, უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის თაობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 16 (15) ივნისის N882009163298 და 2017 წლის 20 დეკემბრის N892017104545 გადაწყვეტილებები და გაუქმდა ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე N...... საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების თაობაზე ჩანაწერი. სასარჩელო მოთხოვნა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სოფ. ........ საკომლო წიგნში, აწ. გარდაცვლილი ზ.ო–ძის კომლში პირველი მოპასუხის ჩაწერის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მოსარჩელე და 09.08.2004 წელს დაბადებული პირველი მოპასუხე არიან მამა-შვილი, პირველი მოპასუხე დაბადებიდან ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, ჩოხატაურში, სოფ. ...... მდებარე საცხოვრებელ სახლში.
3.2. 15.06.2009 წლისა და 20.12.2017 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ #......... საკადასტრო კოდის უძრავი ქონება (ნაკვეთის წინა ნომერი ....) ჩოხატაური, სოფ ........, 2501 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობით (შემდეგში „სადავო უძრავი ნივთი“), 15.06.2009 წლის მდგომარეობით აღრიცხული იყო ზ.ო–ძის, პირველი მოპასუხის და მოსარჩელის თანასაკუთრებაში. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს, ჩოხატაურის არქივის მიერ 05.06.2009წ. დამოწმებული საარქივო ცნობა N105. თანასაკუთრებაში უფლების რეგისტრაცია განხორციელდა საჯარო რეესტრის 2009 წლის 16 (15) ივნისის N882009163298 გადაწყვეტილებით, ხოლო 2017 წლის 20 დეკემბრის N892017104545 გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული იქნა დაზუსტებული მონაცემები.
3.3. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს, ჩოხატაურის არქივის მიერ 05.06.2009 წელს დამოწმებულ N105 საარქივო ცნობაში დაფიქსირებულია შემდეგი: ........ საკრებულოს საერთო ხასიათის დოკუმენტური მასალებიდან, კერძოდ 2001-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ო. ზ. ე–ეს ასული დარეგისტრირებულია სოფელ ...... და მისი ოჯახი შედგება შემდეგი წევრებისაგან: ოჯახის უფროსი - მოსარჩელე, დედა - ო–ძე ზ.ე–ეს ასული, შვილი - პირველი მოპასუხე.
3.4. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გურიის რეგიონული არქივის მიერ 31.01.2018 წელს გაცემული NAA2018002235-05 საარქივო ცნობის თანახმად, გურიის რეგიონულ არქივში დაცული ჩოხატაურის რაიონის სოფელ ........ საკრებულოს 1986-1994 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით: ს.ა. ძე ო–ძის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: ო–ძე ს.ა. ძე - ოჯახის უფროსი; ო–ძე ზ. (დოკუმენტში ასეა) ე–ეს ასული - ცოლი; მოსარჩელე - შვილი; 1995-2000 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ს.ა. ძე ო–ძის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: ო–ძე ს.ა. ძე-ოჯახის უფროსი (გარდაიცვალა 1999წ. 27/02); ო–ძე ზ. (დოკუმენტში ასეა) ე. ასული - ცოლი; მოსარჩელე - შვილი.
3.5. ეროვნული არქივის მიერ დამოწმებული საკომლო წიგნის ჩანაწერის თანახმად, 2001-2005 წლის მდგომარეობით, მოსარჩელის კომლში რეგისტრირებულია მისი შვილი - პირველი მოპასუხე.
3.6. სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრე - ზ.ო–ძე გარდაიცვალა 15.01.2015 წელს და მისი მემკვიდრეა მოსარჩელე.
3.7. სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს უძრავი ქონების მესაკუთრის უფლებიდან, საკუთრების ხელყოფის შემთხვევაში, მოითხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. მოსარჩელე სადავოდ ხდის მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე პირველი მოპასუხის თანასაკუთრების უფლების არსებობას და საჯარო რეესტრში ამ უფლების რეგისტრაციის ნამდვილობას, ასევე საკომლო წიგნის ჩანაწერებში მოპასუხის რეგისტრაციას.
3.8. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია: პირველ მოპასუხეს აქვს თუ არა თანასაკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე და სწორია, თუ არა საჯარო რეესტრში მისი, როგორც თანამესაკუთრის თაობაზე რეგისტრირებული ჩანაწერი. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 312-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მითითებული ფაქტები და დაადასტუროს უძრავ ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების თაობაზე რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა. მოსარჩელემ, სადავო ფაქტის დასადასტურებლად აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში, სადავო უძრავ ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლად მითითებული საარქივო ცნობა არ წარმოადგენდა კანონით გათვალისწინებულ სათანადო დოკუმენტს, რაც ამ ჩანაწერის უზუსტობას ადასტურებდა.
3.9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა საჯარო რეესტრში პირველი მოპასუხის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის უზუსტობის თაობაზე. სადავო უძრავ ნივთზე მოპასუხის თანასაკუთრება რეგისტრირებულია 15.06.2009 წლიდან, რეგისტრაციის საფუძველს კი წარმოადგენს საკომლო წიგნში 2001-2005 წლის მდგომარეობით კომლის წევრთა ჩაწერის შესახებ საარქივო ცნობა. სასამართლოს მითითებით, კომლში რეგისტრაციით საკუთრების უფლების წარმოშობა დადგენილი იყო საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122–ე და 125-ე მუხლებით, რომლის მიხედვითაც, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ. ამასთან კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანს და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნოდათ. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 22.09.1992 წლის N949 დადგენილებით, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის N29 დეკრეტით, ასევე „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.1992 წლის N48 დადგენილებითა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 6.02.1992 წლის N128 დადგენილების მეორე პუნქტის თანახმად, გაუქმდა კოლმეურნეობები, კომლის ქონება, რომელიც კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, ასევე კომლზე რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, გახდა იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც 01.01.1992 წლის მდგომარეობით კომლის წევრებს წარმოადგენდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ 01.01.1992 წლის მდგომარეობით, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ......, ს.ა. ძე ო–ძის კომლის წევრებს შეადგენდნენ თავად ს. ო–ძე (ოჯახის უფროსი), ზ.ო–ძე (ცოლი) და მოსარჩელე (შვილი), საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებებით, სწორედ ამ პირებს წარმოეშვათ კომლის ქონებაზე ინდივიდუალურად თანასაკუთრების უფლება.
3.10. რაც შეეხება პირველ მოპასუხეს, იგი დაბადებულია 2004 წელს, უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების მოპოვებისათვის აუცილებელია არსებობდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 183-ე მუხლის შესაბამისად დადებული გარიგება, რაც არ არსებობს, ხოლო 2001-2005 წლებში ე.წ. საკომლო წიგნში მისი რეგისტრაცია, საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი ვერ იქნება. შესაბამისად, სასამართლომ დაკმაყოფილდა სარჩელი პირველი მოპასუხის ნაწილში სადავო უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების თანმდევი შედეგებით ბათილად ცნობის თაობაზე და გაუქმდა ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე უძრავ ნივთზე პირველი მოპასუხის თანასაკუთრების უფლების თაობაზე ჩანაწერი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს პირველმა და მეორე მოპასუხემ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო საჩივრების ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია სადავო უძრავ ნივთზე პირველი მოპასუხის, როგორც კომლის წევრის, თანასაკუთრების უფლების გაუქმების კანონიერება.
9. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ პირველ მოპასუხეს კომლის ქონებაზე უფლება არ წარმოშობია. როგორც საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, საქართველოში საკოლმეურნეო კომლი 1993 წლამდე არსებობდა. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით-საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არცერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ, ამავე კოდექსის 125-ე მუხლით კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის - არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.09.1992 წლის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულსამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონება და ამავე დროს, კომლის წევრთა საერთო საკუთრება იყო, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის კომლის წევრების საერთო საკუთრება თანაბარი წილით. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება სსკ-ით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი (შდრ. №ას-1063-983-2017, 17.10.2017წ; №ას-1430-1350-2017, 30.04.2018წ.). ამდენად, ის ფაქტი, რომ პირი საკოლმეურნეო კომლის გაუქმების მომენტისათვის იყო კომლის წევრი, წარმოადგენს დანარჩენი წევრების თანაბრად კომლის ქონებაზე მისი მესაკუთრედ ცნობის საფუძველს.
10. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის N376 დადგენილების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალში მითითებულია ამონაწერი საკომლო წიგნიდან (საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის N376 დადგენილება ამოქმედდა 31.07.2016 წლიდან; მანამდე აღნიშნული საკითხი რეგულირდებოდა საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007 წლის N525 ბრძანებულებით, რომელიც 31.07.2016 წლიდან გამოცხადდა ძალადაკარგულად). საკანონმდებლო მოწესრიგების საფუძველზე მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, საკომლო ცნობა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ იგი ასახავს კომლის წევრთა ვინაობას და კომლზე რიცხულ ქონებას 01.01.1992 წლის მდგომარეობით (სუსგ Nას-516-2021, 30.11.2021წ.).
11. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ პირველი მოპასუხე კომლის გაუქმების მომენტისათვის არ იყო კომლის წევრი - იგი დაბადებულია 2004 წელს, რაც იმთავითვე გამორიცხავს კომლის ქონებაზე მის თანასაკუთრების უფლებას, 2001-2005 წლებში ე.წ. საკომლო წიგნში მისი რეგისტრაცია კომლის ქონებაზე საკუთრების უფლებას ვერ წარმოშობს (შდრ. სუსგ Nას-1297-1217-2015, 04.03.2016წ.; სუსგ Nას-1001-945-2015, 29.01.2016). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და მათ საფუძველზე უძრავ ნივთზე პირველი მოპასუხის თანასაკუთრების უფლების ჩანაწერის გაუქმების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
13. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300-300 ლარის 70% – თითოეულს 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ო–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
3. მ.ო–ძეს (პ/ნ: ........) უკან დაუბრუნდეს ნ.თ–ვას (პ/ნ: .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №22910865, გადახდის თარიღი 28.01.2020წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზ.“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №03554, გადახდის თარიღი 24.02.2020წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზ.“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია