Facebook Twitter

საქმე №ას-461-2021 31 მაისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.მ–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე – ა.მ–ვი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.03.2021 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავ/მოძრავი ნივთების გამოთხოვა, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.08.2020 წლის გადაწყვეტილებით მ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ა.მ–ვისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და კ.მ–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“ ან „კასატორი“, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ დაკმაყოფილდა:

1.1. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 28 სული მსხვილფეხა საქონელი: 10 სული მეწველი ძროხა, 2 ცალი მამალი საქონელი (ხარი), 13 ცალი არამეწველი დედალი საქონელი (ძროხა), 1 ცალი დედალი ცხენი, 1 ცალი მამალი ცხენი, 1 ცალი მამალი კვიცი და დადგინდა, რომ მოპასუხეებს აღკვეთოდათ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მოცემული მსხვილფეხა საქონლის ფლობა და სარგებლობა;

1.2. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ......., ს/კ: №........., და დადგინდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი მოსარჩელისთვის გადაცემა;

1.3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დაზუსტებული სარჩელის შეტანიდან (26.11.2019 წელი) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით თვეში 498.82 ლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.03.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. უძრავი ქონება, მდებარე, გარდაბანი, სოფელი ..........., დაუზუსტებელი ფართობი 166 კვ.მ, ფართი 101.80 კვ.მ, ს/კ: №........ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“), წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.

3.2. მოსარჩელის განმარტებით, მან მოპასუხეები 1998 წელს დროებით საცხოვრებლად შეუშვა სადავო ფართში, მათვე მოვლა-პატრონობისთვის ჩააბარა 10 სული საქონელი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის ნამატს და რძის პროდუქტებს გაიყოფდნენ შუაზე. დღეის მდგომარეობით მოპასუხეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, შესაბამისად, მოსარჩელეს სურს თავისი ქონების უკან დაბრუნება (იხ: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 26.06.2020წ. სხდომის ოქმი).

3.3. უდავოა, რომ მოპასუხეები არიან მამა-შვილი. მხარეთა ახნა-განმარტებებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი ცხოვრობენ ერთ საცხოვრებელ სახლში, რომელსაც აქვს ორი დამოუკიდებელი შესასვლელი. ერთი შესასვლელით სარგებლობს პირველი მოპასუხე, ხოლო მეორე შესასვლელით მეორე მოპასუხე და მისი ცოლ-შვილი. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა თავად მეორე მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე (იხ: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 26.06.2020წ. სხდომის ოქმი, 17:51:36).

3.4. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება მასზე, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებობდა ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ზეპირსიტყვიერი შეთანხმება.

3.5. პირველი მოპასუხის მიერ 07.06.2019 წელს შედგენილ და ნოტარიულად დამოწმებულ ხელწერილში მითითებულია, რომ მან და მისმა შვილმა - მეორე მოპასუხემ 1998 წელს მოსარჩელისგან ჩაიბარეს 10 სული მსხვილფეხა დედალი საქონელი. მოლაპარაკების თანახმად, მოპასუხეებს საქონლის მოვლა-პატრონობის საფასურად უნდა მიეღოთ აღნიშნული საქონლის ნამატის და რძის პროდუქტების ნახევარი, მეორე ნახევარი უნდა წაეღო მოსარჩელეს. 07.06.2019 წლის მდგომარეობით, საქონლის ნამატი შეადგენს შემდეგს: 10 სული მეწველი ძროხა, 2 ცალი მამალი საქონელი (ხარი), 13 ცალი არამეწველი დედალი საქონელი, 1 ცალი დედალი ცხენი, 1 ცალი მამალი ცხენი და 1 ცალი მამალი კვიცი. პირველი მოპასუხე ხელწერილით ადასტურებს, რომ აღნიშნული 28 სული საქონლის ღირებულება ჯამურად შეადგენს 56000 ლარს. ასევე ადასტურებს, რომ ეს საქონელი იმყოფება მისი და მისი შვილის - მეორე მოპასუხის საცხოვრებელ სახლში, მდებარე, გარდაბანი, სოფელი ............ მისი შვილი - მეორე მოპასუხე თვითნებურად დაეუფლა 28 სულ საქონელს და არ აძლევს მოსარჩელეს წაყვანის უფლებას.

3.6. მოწმე ლ.ნ–ძის განმარტებით, იგი 2012 წლიდან იცნობს მოსარჩელეს და ამ პერიოდიდან იცის, რომ მას საქონელი მიბარებული ჰყავდა პირველი მოპასუხის ოჯახისთვის. პირველი მოპასუხე და მისი შვილი - მეორე მოპასუხე ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, ერთად უძღვებოდნენ მეურნეობას და ერთად უვლიდნენ საქონელს. დაახლოებით ორი წლის წინ, მოსარჩელმ მოწმეს უთხრა, რომ მამა-შვილს ურთიერთობა დაეძაბათ და სურდა საქონლის მათგან წამოყვანა და სხვა ფერმაში მიბარება. როდესაც მივიდნენ საქონლის წამოსაყვანად, მეორე მოპასუხემ უარი განაცხადა საქონლის მიცემაზე, მისი განმარტებით, დაახლოებით ხუთი სული თუ იქნებოდა მოსარჩელის. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მოპასუხეები ცხოვრობენ ერთ სახლში, რომელსაც აქვს ორი დამოუკიდებელი შესასვლელი. საცხოვრებელ სახლთან არის ძველი შენობა, სადაც მწყემსები ათევენ ღამეს, სხვა რაიმე შენობა სადავო ქონებასთან ახლოს არ არის. მოსარჩელეს აქვს ნათქვამი მოწმისთვის, რომ ქონება, რომელშიც მოპასუხეები ცხოვრობენ, მას ეკუთვნის.

3.7. მოწმე გ.ფ–ის განმარტებით, იგი მამა-შვილს იცნობს დიდი ხანია, სოფელ ...........ში ცხოვრობს მათთან ახლოს. იცის, რომ მოსარჩელემ 10 სული საქონელი და ცხენი მიაბარა მოპასუხეებს და აღარ უბრუნებენ. აღნიშნულის თაობაზე იცის როგორც მოსარჩელისგან, ასევე მოპასუხეებისგანაც. სახლი მოსარჩელის არის, სხვა საცხოვრებელი სახლი იქ არ არის. კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ, მოსარჩელემ შეისყიდა ეს ქონება, უფროსი იყო იქ. მეორე მოპასუხეს თავისი საქონელიც ჰყავს. მას ბევრის საქონელი ჰყავს ზოგადად. მოსარჩელემ მოპასუხეებს საქონელი მისცა და ბინაში შეუშვა იმ პირობით, რომ სანამ იქ იქნებოდნენ საქონლისთვის უნდა მოევლოთ. როცა სჭირდებოდა მოსარჩელეს მათგან მიჰქონდა რძის პროდუქტები.

3.8. მოწმე ზ.გ–ის განმარტებით, მოსარჩელე გაიცნო მოპასუხეებთან ოჯახში. მასსა და მოპასუხეებს ერთი ღობე ჰყოფთ, თუმცა სახლები ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით დგას. მეორე მოპასუხის დედასთან იმყოფებოდა სტუმრად, როდესაც მოვიდა მოსარჩელე, სულთანმა (მეორე მოპასუხის დედა) უთხრა, რომ ეს ის კაცი იყო, ვისგანაც საქონელი ჰყავდათ მიბარებული გამრავლების პირობით. მოწმის ჩვენებით, მოსარჩელეს მოპასუხეების სახლიდან მიჰქონდა რძის პროდუქტი, ერთხელ სულთანი კარაქს ამზადებდა და მოწმეს უთხრა მოსარჩელისთვის მინდაო. ოჯახს პირველი მოპასუხე განაგებდა, თუმცა საქონელს ერთად უვლიდნენ მამა-შვილი, ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. მოწმემ გადმოცემით იცის, რომ 10 სული საქონელი მიაბარა მოსარჩელემ. მოწმის განმარტებით, მეორე მოპასუხეს თავის საქონელიც ჰყავს. საქონელი მამა-შვილს ერთად ჰყავთ. მოპასუხეებს სხვა სახლში არასდროს უცხოვრიათ, იქვე ახლოს ძველი სახლია, სადაც მწყემსები ათევენ ღამეს.

3.9. მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით ირკვევა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს მიაბარა 10 სული საქონელი. ასევე დასტურდება, რომ მოპასუხეები ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ეწეოდნენ ერთობლივ მეურნეობას და ერთად უვლიდნენ საქონელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ. ერთობლივ საქმიანობაში მოსარჩელის შენატანს წარმოადგენდა 10 სული საქონელი, ხოლო მოპასუხეების - მომსახურების გაწევა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის ნამატი და რძის პროდუქტები გაიყოფოდა შუაზე. პალატამ აღნიშნა, რომ მეორე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა, რომ მან 21.09.2015 წელს ა.ქ–გან შეიძინა 35 სული მეწველი ძროხა, ასევე 04.09.2015 წელს სს „თ.ბ–თან“ გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიზნობრიობა იყო 27 სული მეწველი ძროხის შეძენა, მთის ხარჯების დასაფინანსებლად და პირუტყვის საკვების შესაძენად 2018 წლის 14 მაისს და 17 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებები, ვერ გააქარწყლებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზე, რომ 1998 წელს მოსარჩელემ მოპასუხეებს მოსავლელად გადასცა 10 სული საქონელი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებენ იმ ფაქტს, რაც მოწმეებმაც აღნიშნეს, კერძოდ, მეორე მოპასუხეს მოსარჩელის კუთვნილი საქონლის გარდა ჰყავს თავისი საქონელიც.

3.10. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 930-ე, 931.1, 932-ე მუხლებით და მიუთითა, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილენი იურიდიული პირის შეუქმნელად ერთიანდებიან საერთო მიზნის მისაღწევად. ასეთი გაერთიანება განპირობებულია ხელშეკრულების მონაწილეთა ურთიერთნდობით, კეთილსინდისირებით და მიზნის მიღწევისათვის შესაბამისი პროფესიული უნარიანობით. იმის გათვალისიწნებით, რომ ამხანაგობის შექმნა მის მონაწილეთა ურთიერთნდობას ეფუძნება, კანონი უშვებს ასეთი ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. სსკ-ის 938-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია ისეთ დროს ან ისეთ გარემოებაში, რომელიც საზიანო იქნება ერთობლივი საქმიანობისათვის. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით დადებულ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაზე ხანდაზმულობის ვადა ვერ გავრცელდება. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება და ამით ამხანაგობას ზიანი არ მიადგება. პალატამ მიიჩნია, რომ იმ წლების გათვალისწინებით, რა პერიოდიც მოპასუხეები უვლიდნენ მოსარჩელის საქონელს, სავსებით სამართლიანია მოსარჩელის მოთხოვნა 28 სული საქონლის გადაცემაზე.

3.11. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 170.1, 172.1 მუხლებით და განმარტა, რომ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2) მოპასუხე უნდა ფლობდეს მოსარჩელის კუთვნილ ნივთს და 3) მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. განსახილველ შემთხვევაში, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ სადავო უძრავი ნივთი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ აღნიშნულ ქონებას ფლობენ მოპასუხეები. აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურა პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა. მეორე მოპასუხე უთითებს, რომ იგი არ ცხოვრობს მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და ცხოვრობს სხვა სახლში. პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც ერთ-ერთი მოპასუხე (მეორე მოპასუხის მამა) ადასტურებს მოსარჩელის კუთვნილ ქონებაში ცხოვრების ფაქტს, ასევე ამ ფაქტს ადასტურებენ მოწმეები, მეორე მოპასუხეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ის ცხოვრობს იგივე მისამართზე მდებარე სხვა ფართში. მეორე მოპასუხეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში 26.06.2020 წელს გამართულ სხდომაზე მეორე მოპასუხემ თავად დაადასტურა, რომ იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მამამისი, მაგრამ სარგებლობს დამოუკიდებელი შესასვლელით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეების მიერ დაკავებულია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეები უკანონოდ ფლობენ მოსარჩელის კუთვნილ ფართს. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან.

3.12. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისათვის მოსარჩელის კუთვნილი ფართის უკანონო ფლობით გამოწვეული ზიანის სახით თვეში 498.82 ლარის დაკისრების თაობაზე. სააპელაციო პალატის მითითებით, უკანონო მფლობელობიდან გამომდინარე ფულადი ანაზღაურების მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც მოცემულია სსკ-ის 982-ე მუხლში (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი). პალატის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის უკანონო მფლობელობის გამო, ამ უკანასკნელმა დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება ეძლევა, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სსკ-ის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. საქმეში წარმოდგენილი შპს „უ.ქ.ე–ის“ დასკვნით, უძრავი ქონების ერთი კვადრატული მეტრის ქირავნობის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 4.9 ლარი და, შესაბამისად, 101.80 კვადრატული მეტრის ქირავნობის ღირებულება 498.82 ლარია, დამრგვალებით 500 ლარი. პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული ოდენობით მოპასუხეებისათვის ყოველთვიურად თანხის დაკისრებით გათანაბრებული იქნება მოსარჩელის უფლებაში ჩარევა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მეორე მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის საგანს წარმოადგენს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი და უძრავი ნივთების გამოთხოვა, ასევე - სადავო უძრავი ნივთის მოპასუხეთა მიერ უკანონოდ ფლობით მესაკუთრისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, მან მოპასუხეები - მამა-შვილი 1998 წელს დროებით საცხოვრებლად შეუშვა სადავო უძრავ ნივთში და მიაბარა საქონელი. ამჟამად, სურს კუთვნილი ქონების დაბრუნება, რაზეც მოპასუხეები უარს აცხადებენ. დადგენილია, რომ მოძრავი ნივთების მოპასუხეთა მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში პირველმა მოპასუხემ სარჩელი ცნო, მანვე დაადასტურა მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთში მოპასუხეთა ცხოვრების ფაქტიც. აღნიშნულს არ ეთანხმება კასატორი - მეორე მოპასუხე, რომელიც უარყოფს როგორც მოძრავი ნივთების (ძროხა, ხარი, ცხენი) მიბარების შესახებ მხარეთა შორის შეთანხმების არსებობას, ისე მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთში ცხოვრების ფაქტს.

9. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებებზე, მოწმეთა ჩვენებებსა (იხ. წინამდებარე განჩინების 3.6-3.8 პუნქტები) და 07.06.2019 წლის პირველი მოპასუხის (მეორე მოპასუხის მამა) ხელწერილის შინაარსზე (იხ. წინამდებარე განჩინების 3.5 პუნქტი) დაყრდნობით მართებულად დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს მიაბარა 10 სული საქონელი, ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ საქონლის ნამატისა და რძის პროდუქტების თანაბრად გაყოფაზე. პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა მითითებული გარემოებები, ასევე საქონლის ნამატის არსებობა, დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე (იხ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.06.2020 წლის სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ. 276-314). მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის ურთიერთობა შეფასდება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებად (სსკ-ის 930-ე მუხლი: ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად) თუ მიბარებად (სსკ-ის 763-ე მუხლი: მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი), საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო მოძრავი ნივთების გამოთხოვის (სსკ-ის 938.1 მუხლის თანახმად: თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე; სსკ-ის 770-ე მუხლით კი: მიმბარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესანახად მიბარებული ნივთის დაბრუნება, - იმ შემთხვევაშიც, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული იყო (სუსგ №ას-656-2020, 05.02.2021წ.)) თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაადასტურა მოძრავი ნივთების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, მეორე მოპასუხემ კი საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა ვერ შეძლო.

11. რაც შეეხება უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნას, მისი სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).

12. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ №ას-914-2019, 25.07.2019წ; №ას-246-246-2018, 20.03.2018წ.).

13. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ სადავო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

14. სასამართლოს მიერ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ნივთის მფლობელებს (იხ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.06.2020 წლის სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ. 276-314). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში 26.06.2020 წელს გამართულ სხდომაზე მეორე მოპასუხემ თავადაც დაადასტურა, რომ იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მამამისი (პირველი მოპასუხე), მაგრამ სარგებლობს დამოუკიდებელი შესასვლელით (იხ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.06.2020 წლის სხდომის ოქმი, 17:51:11-17:51:55, ტ.1, ს.ფ. 276-314). საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის დამაბრკოლებელ რაიმე გარემოებაზე. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ №ას-887-2019, 27.12.2019წ.). ამდენად, სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

15. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე/გამდიდრების გათანაბრებაზე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილშიც. მოპასუხეთა მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სადავო უძრავი ნივთის ფლობის გამო, საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 982.1 მუხლი, რომელიც ადგენს ქცევის შემდეგ წესს: პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა, აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი (შდრ. სუსგ №ას-197-186-2017, 30.05.2017წ; №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.).

16. სსკ-ის 982-ე მუხლის მიზანთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (იხ. სუსგ №ას-472-448-2013, 05.12.2013წ; №ას-1204-2018, 25.01.2019წ., პ.19). თუკი მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სსკ-ის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა (სუსგ №ას-685-639-2017, 22.12.2017წ.). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიიღწევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციურად არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე ნივთს უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ადგილი უნდა ჰქონდეს მოპასუხის გამდიდრებას მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე (შდრ. სუსგ №ას-197-186-2017, 30.05.2017წ., პ.17).

17. სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მიღწევადობის წინაპირობებიდან უნდა გაირკვეს, გამდიდრდა თუ არა მოპასუხე მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე. ამისთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა მომენტიდან მიიჩნევა მოპასუხე არამართლზომიერ მფლობელად (რა მომენტიდან არა აქვს მის მფლობელობას სამართლებრივი საფუძველი და ეწინააღმდეგება მესაკუთრის ნებას). სწორედ არამართლზომიერი მფლობელობის პერიოდის ხანგრძლივობით არის შესაძლებელი საუბარი სსკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნის მქონე პირის უფლებაში ჩარევასა და აუნაზღაურებელი ზიანის/დაზოგილი სიმდიდრის გათანაბრებაზე. გამდიდრების ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს (სუსგ №ას-479-2020, 14.12.2021წ.).

18. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის უფლება სადავო უძრავი ნივთის ვინდიცირებაზე, ისევე, როგორც მოპასუხეთა მფლობელობის არამართლზომიერება, დადგენილია. ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით კი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია დასკვნა, რომლის თანახმად, უძრავი ქონების ერთი კვადრატული მეტრის ქირავნობის საბაზრო ღირებულებამ თვეში შეადგინა 4.9 ლარი (ტ.1, ს.ფ. 221-225). მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც ზემოაღნიშნულ დასკვნას გააქარწყლებდა ან/და ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის სხვაგვარ გაანგარიშებაზე მსჯელობას შესთავაზებდა სასამართლოს. კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში კი, სასამართლო, რომელიც შეზღუდულია მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, საკუთარი ინიციატივით არ/ვერ განახორციელებს ამ გარემოების კვლევას. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრათ სოლიდარულად დაზუსტებული სარჩელის შეტანიდან (26.11.2019 წელი) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 498.82 ლარის გადახდა.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 600 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 420 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.მ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კ.მ–ვს (პ/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს ხ. კ–ნის (პ/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 600 ლარის (საგადახდო დავალება №11258564570, გადახდის თარიღი 22.07.2021წ.) 70% – 420 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია