საქმე №ას-711-2021 20 დეკემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ც.კ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები – შპს „ჯ.ს.ჯ–ი“, რ.ხ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.04.2021 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.09.2020 წლის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი შპს ,,ჯ.ს.ჯ–ის’’(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „მსესხებელი“), რ.ხ–ძის და ც.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, „მესამე მოპასუხე“ ან „კასატორი“, ერთად მოხსენიებული როგორც - „თავდებები“, პირველ მოპასუხესთან ერთად - „მოპასუხეები“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 20.12.2017 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 37 639.9 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 26 043.26 ლარი, სარგებელი - 8 803.02 ლარი და პირგასამტეხლო - 2 793.62 ლარი, ასევე - 09.03.2020 წლიდან (სარჩელის აღძვრის თარიღი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად ძირი თანხის 12.9%, რაც შეადგენს 8.14 ლარს. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. 20.12.2017 წელს მოსარჩელესა და მსესხებელს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი - 240 თვით, ხოლო წლიური საპროცენტო სარგებელი - 48%-მდე. გენერალური ხაზის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა შორის 20.12.2017 წელს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა სესხი - 55 000 ლარის ოდენობით, 42 თვის ვადით, წლიური 12.9% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების 4.13 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.
1.2. გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელეს და თავდებებს შორის 20.12.2017 წელს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებითაც თავდებ პირთა ზღვრული პასუხისმგებლობა ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში განისაზღვრა 1 000 000 ლარით. თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნებია: ძირითადი ხელშეკრულებიდან ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებასთან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად: ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბანკისთვის მიყენებული ზიანი/ზარალი), ასევე სასამართლოს (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლოს), აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი.
1.3. მსესხებელმა დაარღვია 20.12.2017 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკით გადახდის შესახებ. მსესხებელს ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 27.08.2019 წელს.
1.4. 04.03.2020 წელს მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინება და განესაზღვრათ დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად.
1.5. 09.03.2020 წლის მონაცემებით მსესხებლის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 62 782.49 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 26 043.26 ლარი, სარგებელი - 8 803.02 ლარი, ჯარიმა - 27 936.21 ლარი.
1.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 867-ე, 868-ე, 463-ე, 891-ე, 361-ე, მე-400 მუხლებზე და განმარტა, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულება რაც მსესხებლისთვის და თავდებებისთვის ძირი თანხის - 26 043.26 ლარის, ასევე საპროცენტო სარგებლის - 8 803.02 ლარის დაკისრების საფუძველია. მსესხებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეებს ეკისრებათ სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლების საფუძველზე პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. გასათვალისწინებელია, რომ ნაცვლად დავალიანების შესახებ ცნობაში მითითებული 27 936.21 ლარისა, მოსარჩელემ პირგასამტეხლოს სახით მოითხოვა მოპასუხეთათვის 2 793.62 ლარის სოლიდარულად დაკისრება, რაც არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და არ არსებობს სსკ-ის 420 მუხლის შესაბამისად მისი დამატებით შემცირების საფუძველი.
1.7. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეთათვის მიუღებელი შემოსავლის სახით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების თაობაზე, სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 394-ე, 411-ე, 412-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულების დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. სასამართლოს განმარტებით, საბანკო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალზე აპელირება სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან მისი ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მესამე მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება მიუღებელი შემოსავლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.04.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მესამე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მსესხებლის და თავდები პირების მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების და და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868.1 (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი (საკრედიტო ხელშეკრულებების დადების პერიოდში მოქმედი რედაქცია), 891.1 (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად) და 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე), ასევე სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო), 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლები.
9. სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც მსესხებლის მიერ დაირღვა. კასატორი (ერთ-ერთი თავდები) პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
10. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სსკ აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1056-2021, 17.12.2021წ.). სასამართლომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლების საფუძველზე მართებულად დააკისრა მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა, რომელიც თავად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იყო შემცირებული ოდენობით - ნაცვლად დავალიანების შესახებ ცნობაში მითითებული 27 936.21 ლარისა, 2 793.62 ლარი. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომ ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დაკისრებულია ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული პირგასამტეხლო, არ არსებობდა მისი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევის და სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად შემცირების წინაპირობა (შდრ. სუსგ Nას-500-2022, 29.06.2022წ.; სუსგ Nას-500-2020, 10.12.2020წ.; სუსგ Nას-238-226-2016, 03.06.2016წ.).
11. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი განმტკიცებულია სსკ-ის 394-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.. მოსარჩელის, როგორც საბანკო სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სსკ-ის 867-ე მუხლი). შესაბამისად, ბანკს, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა (სუსგ Nას-1381-2018, 28.06.2019წ.; სუსგ Nას-1427-2019, 17.07.2020წ.). სადავო არ არის, რომ მსესხებელმა დაარღვია ვალდებულება, რის გამოც კრედიტორმა შეწყვიტა ხელშეკრულება მასთან. მოსარჩელე მსესხებლის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა (სუსგ Nას-1381-2018, 28.06.2019წ.; სუსგ Nას-681-652-2016, 17.02.2017წ.).
12. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის ანგარიშში 365,82 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ც.კ–ს (პ/ნ: .....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის ანგარიშში 365,82 ლარის გადახდა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია