Facebook Twitter

საქმე №ას-1247-2021 14 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ლ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ც–ნი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.09.2021 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.03.2021 წლის გადაწყვეტილებით ნ.ლ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ლ.ც–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.09.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 421-ე მუხლის თანახმად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.

3.2. გარდა იმისა, რომ ბეს მთავარი ფუნქცია ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურებაა (მტკიცების ფუნქცია), მას გააჩნია ასევე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისა და საგადასახადო ფუნქცია. პირველი ფუნქციის სამართლებრივი შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს და ბეს თანხა ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში; ხოლო თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მაშინ მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად.

3.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა 06.05.2015 წლის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ ბეს სახით მიღებული თანხის - 1500 აშშ დოლარის - დაბრუნების საფუძველი, რამეთუ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის განმარტება მასზე, თითქოს ნასყიდობის ფასის დანარჩენი ნაწილის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ბეს მიმღების მიერ ვალდებულების დარღვევით - შეთანხმებული სარემონტო სამუშაოების ჩაუტარებლობით. აპელანტმა ვერ დაადასტურა, რომ ბეს მიმღებს ეკისრებოდა სარემონტო სამუშაოების ჩატარების ვალდებულება. აპელანტმა ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ვალდებულება დაარღვია ბეს მიმცემმა და არა ბეს მიმღებმა.

3.4. საქმეში არსებული 05.08.2016 წლის ხელწერილი არ წარმოადგენს სსკ-ის 341-ე მუხლით განსაზღვრულ ვალის არსებობის აღიარებას და ვალდებულების წარმოშობის ახალ საფუძველს. არ არსებობს იმგვარი აღიარება, რომლითაც მხარეები შესრულების არსებით პირობებზე შეთანხმებას დაადასტურებდნენ. გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ბეს სახით გადაცემული თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მართლზომიერება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა იგი.

9. სსკ-ის 421-ე მუხლით, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბე მიეკუთვნება ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებებს და ქონებრივი ხასიათის მქონე მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებაა. ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე გადასცემს მეორეს და რომლითაც დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ბეს სამართლებრივი მომავალი დამოკიდებულია ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულების სამართლებრივ ბედზე და, შესაბამისად, არ არსებობს ბე ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულების გარეშე. აღნიშნულ გარემოებას განაპირობებს ბეს აქცესორული ხასიათი, რომლითაც ბე უშუალო კავშირშია ძირითადი, უზრუნველყოფილი ხელშეკრულების არსებობასა და მის ნამდვილობასთან. სსკ-ით მკაფიოდ არის განსაზღვრული ბეს საგანი. ბეს საგანს წარმოადგენს მხოლოდ ფულადი თანხა (სუსგ Nას-1476-2019, 7.02.2020წ). ბე მხარეთა შეთანხმების შედეგია. ბეს შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობენ ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულების მხარეები, კერძოდ, ძირითადი ვალდებულების მოვალე, როგორც ბეს მიმცემი და ძირითადი ვალდებულების კრედიტორი, როგორც ბეს მიმღები. სსკ არ აწესებს ბეს შეთანხმების სავალდებულო ფორმას. შესაბამისად, ბეს შესახებ შეთანხმება შეიძლება დაიდოს, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. იურიდიული შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ორივე შემთხვევაში ბე საჭიროებს ძირითადი ხელშეკრულებისათვის დაწესებული ფორმის დაცვას (სუსგ Nას-1476-2019, 7.02.2020წ., პ.32; სუსგ Nას-607-2021, 18.02.2021წ., პ. 23). ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას (სსკ-ის 323-ე მუხლი), ამასთან, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზეც (სსკ-ის 327.3 მუხლი). მოხმობილი ნორმების ანალიზი ცხადყოფს იმას, რომ უძრავი ნივთის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება წერილობით ფორმას საჭიროებს, სხვა დათქმა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, შესაბამისად, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად გაფორმებული ბეს ხელშეკრულებაც წერილობითი ფორმის უნდა იყოს (შდრ. სუსგ Nას - 875-817-2017, 21.03.2018წ., პ. 18.2), რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზეა - მხარეთა დადებული იყო წერილობითი შეთანხმება ბეს სახით 1500 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ.

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბეს უზრუნველყოფითი ფუნქცია ემსახურება, როგორც ბეს მიმცემი, ასევე, ბეს მიღები მხარის სამართლებრივი ინტერესების დაცვას. აღნიშნული მოსაზრების საფუძველს გვაძლევს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ბეს მომწესრიგებელ ნორმათა შინაარსი, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობის დროს ბეს სამართლებრივი რეგულირების წესი. ბე ერთგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებაა, როგორც ბეს მიმცემზე, ასევე - ბეს მიმღებზე, რათა მათ ნაკისრი ვალდებულება შეასრულონ, კერძოდ, ბეს ორმაგი უზრუნველმყოფი ხასიათი აქვს. იგი ბადებს უზრუნველმყოფ და სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ეფექტს ხელშეკრულების ორივე მხარისათვის. ბეს მიმცემმა იცის, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაკარგავს ბეს თანხას. ბეს მიმღებს კი, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბეს ორმაგად უკან დაბრუნება მოუწევს (სუსგ Nას-607-2021, 18.02.2021წ.). იმისათვის, რომ ბე დარჩეს ბეს მიმღებს, აუცილებელია ხელშეკრულების დარღვევა ბეს მიმცემის მიერ. თუმცა, მხოლოდ თვითონ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი არ არის ბეს დატოვების საკმარისი საფუძველი. ასევე, აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა ბეს მიმცემის ბრალით იყოს გამოწვეული (სსკ-ის 423-ე მუხლი). ბეს პირობები შეიძლება დაირღვეს პირადად ბეს მიმცემის, მისი კანონიერი წარმომადგენლისა ან იმ პირის მიერ, რომელსაც იგი იყენებს საკუთარი ვალდებულების შესასრულებლად. თუკი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევაში ბეს მიმცემს ბრალი არ მიუძღვის, ბეს მიმღებმა ბე უკან უნდა დააბრუნოს (იხ. დამატებით: Gottwald, in MüKo BGB, 5. Aufl., 2009, § 338, Rn.1) (სუსგ Nას-1476-2019, 7.02.2020წ). განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა მოსარჩელის (ბეს მიმცემის) ბრალით იყო გამოწვეული, კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელემ გადაიხადა მხოლოდ 1 500 აშშ დოლარი, ხოლო ორი კვირის ვადაში 8 500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. ასევე არ დგინდება მის მიერ შეთანხმებულ დროს - 30.11.2015 წელს ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბეს მიმცემი პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება არ დგინდება, რაც დაუსაბუთებელს ხდის მის მოთხოვნას ბეს სახით გადაცემული თანხის დაბრუნების თაობაზე.

11. ასევე, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მსჯელობა 05.08.2016 წლის ხელწერილის ვალის აღიარების ხელშეკრულებად და, ამდენად, ვალდებულების წარმოშობის დამოუკიდებელ საფუძვლად მიჩნევის თაობაზე (შდრ. სუსგ-ები №ას-839-890-2011, 8.11.2011წ.; №ას-392-371-2013, 8.11.2013წ.; №ას-1083-1040-2016, 26.04.2018წ.; №ას-758-2019, 22.10.2019წ.). ვალის არსებობის აღიარება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის პირობებს. ხელშეკრულებაში გაწერილი უნდა იყოს მისთვის მახასიათებელი ყველა არსებითი პირობა: კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულება და მომავალში მისი შესრულების განზრახვა (იხ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 12; შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11.11.2013წ.). ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ მიიჩნიეს ხელწერილი მოპასუხის ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. წინამდებარე საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 150 ლარს (სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სსსკ-ის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს). ვინაიდან კასატორმა სახელმწიფო ბაჟის სახით საკუთარი ინიციატივით გადაიხადა 237 ლარი, მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 87 ლარი. ასევე, სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი, საერთო ჯამში – 192 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ნ.ლ–ძეს (პ/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს ე.თ–ის (პ/ნ: ......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 237 ლარიდან (საგადახდო დავალება №11937776886, გადახდის თარიღი 08.11.2021წ.) ზედმეტად გადახდილი 87 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი, საერთო ჯამში – 192 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია