საქმე №ას-41-2023 07 მარტი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.11.2022 წლის განჩინება, ამავე სასამართლოს 08.06.2022 წლის საოქმო განჩინებები
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.05.2021 წლის გადაწყვეტილებით სს ,,თ.ბ–ის“ (უფლებამონაცვლე შპს „ტ.კ–ი“) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კრედიტორი“) სარჩელი დაკმაყოფილდა. მ.გ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მსესხებელი“, „კასატორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 09.09.2013 წლის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3145,85 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა -1799,93 ლარი, პროცენტი - 1245,92 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი; 24.02.2021 წლიდან 09.09.2013 საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1799,93 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა; 12.04.2018 წლის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1059,83 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 597,47 ლარი, პროცენტი - 412,36 ლარი და ჯარიმა - 50 ლარი; 24.02.2021 წლიდან 12.04.2018 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 597,47 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 09.09.2013 წელს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის კრედიტორის ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის, ხოლო 22%-ით - კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. 18.02.2014 წელს საკრედიტო ლიმიტი გაიზარდა ავტომატურად და საბოლოოდ ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა - 1799,93 ლარი. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 5 რიცხვი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - დავალიანების 0,5%.
1.2. მსესხებელმა დაარღვია 09.09.2013 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, 06.03.2019 წლის შემდეგ ვალდებულების შეასასრულებლად თანხა აღარ გადაუხდია.
1.3. 24.02.2021 წლის მდგომარეობით 09.09.2013 წლის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 4032,20 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა -1799,93 ლარი, პროცენტი - 1245,92 ლარი და ჯარიმა - 986,35 ლარი.
1.4. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 12.04.2018 წელს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 600 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის მოსარჩელის ბანკომატით ათვისიების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 12 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1%.
1.5. მოპასუხის მიერ დაირღვა 12.04.2018 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, 03.03.2019 წლის შემდეგ ვალდებულების შესრულების მიზნით თანხა აღარ გადაუხდია.
1.6. 24.02.2021 წლის მდგომარეობით, 12.04.2018 წლის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება- 1406,84 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -597,47 ლარი, პროცენტი - 412,36 ლარი და ჯარიმა - 397,01 ლარი.
1.7. დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო 09.09.2013 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 1799,93 ლარის და 12.04.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 597,47 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, დავალიანების ძირი თანხის ნაწილში სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-3, 208.3 მუხლები).
1.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 867-ე, 868-ე, 361-ე, მე-400 მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ორი დამოუკიდებელი ხელშეკრულება, რომელთა თანახმადაც მოპასუხეზე კრედიტის სახით თითოეულ შემთხვევაში გაიცა თანხა. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ იქნა ყოველწლიური სარგებელი. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია თითოეული ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება თანხის დადგენილი გრაფიკით გადახდის შესახებ. სასამართლოს განმარტებით, მსესხებელი არსებითად არ შედავებია სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისა და მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანების ოდენობის ნაწილში. ამასთან, მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის დაკისრების ნაწილში. დადგენილია დავალიანების ოდენობა, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ 09.09.2013 წლის და 12.04.2018 წლის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარგებლის დაკისრების თაობაზე.
1.9. რაც შეეხება კრედიტორის მოთხოვნას 09.09.2013 წლის და 12.04.2018 წლის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 408-ე, 411-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით დგინდება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია.
1.10. სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მოცემულ შემთხვევაში, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ კრედიტორი მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა ასევე იღებს მასზე დარიცხულ სარგებელს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 986.35 და 397,01 ლარი უნდა შემცირებულიყო და განისაზღვრულიყო ერთ შემთხვევაში 100, ხოლო მეორე შემთხვევაში 50 ლარით.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.06.2022 წლის განჩინებით სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ 21.01.2022 წლის მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულების საფუძველზე ცნობილი იქნა შპს „ტ.კ–ი“ (ტ.1, ს.ფ. 93-98).
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.11.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მსესხებელმა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა ამავე სასამართლოს 08.06.2022 წლის საოქმო განჩინებები.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ გამოკვეთილა. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. Nას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ Nას-1150-2020, 29.09.2021წ.). ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ Nა-1915-ბ-8-2015, 22.07.2015წ.; Nას-1150-2020, 29.09.2021წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (სუსგ Nას-1150-2020, 29.09.2021წ.).
10. მსესხებლის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868.1 (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი (23.12.2017 N1901 ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია)/მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი (მითითებული ცვლილების შემდგომი რედაქცია)), 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო), 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლები.
11. სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც მსესხებლის მიერ დაირღვა. შესაბამისად, იგი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტი. აქვე პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ სარჩელი ცნო საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირი თანხების მოთხოვნის ნაწილში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა (სსსკ-ის მე-3 მუხლი) უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში. სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (სუსგ №ას-1028-2021, 01.07.2022წ.). ამასთან, სსსკ-ის 208.3 მუხლის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამრიგად, დასახელებული სამართლებრივი ნორმები მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ დავის საბოლოო შედეგი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სრულად განკარგა პროცესუალური უფლება საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელის ცნობით. შესაბამისად, მისი პრეტენზია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია (შდრ. სუსგ. Nას-1293-2022, 18.01.2023 წ.).
12. პალატა მიუთითებს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (შდრ. სუსგ. Nას-681-652-2016, 17.02.2017წ.; სუსგ Nას-226-2019, 24.04.2020წ.).
13. სასამართლომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო სსკ-ის 417-418-ე მუხლების საფუძველზე მართებულად დააკისრა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა (შდრ. სუსგ Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1056-2021, 17.12.2021წ.). ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირების მიზნით გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და შეამცირა მისი ოდენობა 986.35 და 397,01 ლარიდან ერთ შემთხვევაში 100, ხოლო მეორე შემთხვევაში 50 ლარამდე, რაც გონივრული ოდენობაა და მოპასუხის საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ არსებობს პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების რაიმე საფუძველი. რაც შეეხება მოპასუხისთვის დაკისრებულ მიუღებელ შემოსავალს - საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36%-ის დაკისრებას, გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც შესაბამება დამკვიდრებულ პრაქტიკას (სუსგ Nას-1381-2018, 28.06.2019წ.; სუსგ Nას-681-652-2016, 17.02.2017წ.; სუსგ Nას-1427-2019, 17.07.2020წ.).
14. გაზიარებული ვერ იქნება კასატორის მსჯელობა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობის საეჭვოობის და ამ საკითხის კვლევის აუცილებლობის, ვადამოსული ვალდებულების არარსებობის, ასევე შესასრულებელი ვალდებულების არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ ფაქტები, რომლებიც შესაგებლით შედავებული არ ყოფილა, გამოკვლეული ვერ იქნება საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვისას. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ.48). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4. მუხლი]. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.). გარემოებები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით კვალიფიციურად შედავებული არ ყოფილა, გამოკვლეული ვერ იქნება საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვისას.
15. სსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი განჩინების წინმსწრებ 08.06.2022 წლის განჩინებებს მტკიცებულებების გამოთხოვის და მტკიცებულების წარმოდგენის დავალებაზე უარის თქმის თაობაზე (ტ.2, ს.ფ. 107-110; იხ. სხდომის ოქმი CD დისკზე). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მხარეს სათანადოდ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს.
16. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.გ–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
3. მ.გ–ის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.06.2022 წლის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. მ.გ–ს (პ/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს გ. კ–ძის (პ/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #6327, გადახდის თარიღი 10.02.2023წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია