Facebook Twitter

საქმე №ას-539-2021 19 ოქტომბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

გიორგი მიქაუტაძე,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.04.2021 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.03.2020 წლის გადაწყვეტილებით შპს ,,ვ–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს ,,ა–ს’’ შპს ,,ვ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 38 534.12 ლარის გადახდა. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს ,,ა–მა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.04.2021 წლის განჩინებით შპს ,,ა–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს ,,ა–მა’’ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 26.09.2023 წლის განჩინებით შპს „ა–ის“ საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.

4. 19.10.2023 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

6. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.; №ას-714-2019, 14.06.2022წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.

7. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).

8. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.

9. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (იხ. სუსგ №ას-1504-2020, 22.04.2021წ.)

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთის მხრივ, შპს „ა–ს“ (კასატორი/მოპასუხე) და, მეორეს მხრივ, შპს „ვ–ს“ (მოწინააღმდეგე მხარე/მოსარჩელე) შორის, შემდეგი პირობებით:

1.1. მხარეები თანხმდებიან, რომ დაეკისროს შპს „ა–ს“ (ს/კ .......) შპს „ვ–ის“ (ს/კ .....) სასარგებლოდ 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის გადახდა.

1.2. 1.1 პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდას შპს „ა–ი“ (ს/კ .....) შპს „ვ–ის“ (ს/კ ....) სასარგებლოდ უზრუნველყოფს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შემდეგი სახით:

1.2.1. 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა მოხდება არაუგვიანეს 2023 წლის 30 ოქტომბრისა;

1.2.2. 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა მოხდება არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა;

1.2.3. 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა მოხდება არაუგვიანეს 2023 წლის 30 დეკემბრისა.

1.3. შპს „ა–ის“ (ს/კ .......) მიერ შპს „ვ–ის“ (ს/კ ......) სასარგებლოდ მორიგების აქტით განსაზღვრული გრაფიკითა და ოდენობით თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შპს „ვ–ი“ უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.

1.4. მორიგების აქტის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს ერთმანეთის მიმართ სარჩელიდან და შესაგებლიდან გამომდინარე პრეტენზიები/მოთხოვნები აღარ ექნებათ.

1.5. მხარეები უარს აცხადებენ ერთმანეთისათვის სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯის დაკისრებაზე.

2. გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

3. შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-539-2021.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

5. შპს „ა–ს“ (ს/კ ........) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1 926.70 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება #1627900893, გადახდის თარიღი: 02.08.2021წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

რევაზ ნადარაია