Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-43-28-გ-03 21 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

ი. ლეგაშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიასა და ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს შორის განსჯადობის შესახებ დავა ფრაქცია “...ის” თავმჯდომარის გ. გ-ას სარჩელთან დაკავშირებით ქ. თბილისის მერის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია “...ის” თავმჯდომარეს გ. გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თბილისის მერის ვ. ზ-ას მიმართ, თბილისის მერის 2003წ. 17 მარტის ¹27 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კროდექსის 26.1 მუხლზე დაყრდნობით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, იმაზე მითითებით, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი თავისი არსით წარმოადგენდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან მიღებული იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და შეიცავდა მისი მუდმივი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ, თავის მხრივ, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი წარმოადგენდა ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს და არ დაეთანხმა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 მარტის განჩინებაში მითითებულ მოტივებს შინაარსის მიხედვით აქტის ნორმატიულ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად მიჩნევის თაობაზე.

კოლეგიამ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ე” პუნქტით, ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. გასაჩივრებული აქტით დადგენილია არა ქცევის ზოგადი წესი, რომელიც მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენებისაა, არამედ განსაზღვრულია პირთა შეზღუდული წრის მოვალეობანი, კერძოდ, მერიის განკარგულებით ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბიდიტაციისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრს, საბინაო კომუნალურ სამსახურებს, რაიონულ გამგეობებს და სხვებს განესაზღვრათ კონკრეტული დავალებები (მოვალეობები). ამდენად, თავისი სამართლებრივი ბუნებით თბილისის მერიის 2003წ. 17 მარტის 27 განკარგულება ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტია და სარჩელებს ასეთი აქტის კანონიერების თაობაზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად განიხილავენ რაიონული სასამართლოები.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად უნდა გადასცემოდა საქართევლოს უზენაესი სასამარათლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და თბილისის საოლქო სასამართლოსა და ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განჩინებების საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ფრაქია “...ი”-ს თავმჯდომარის გ. გ-ას სარჩელი განსახილველად ექვემდებარება ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს შემდეგ მოსაზრებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის I ნაწილის “გ” პუნქტის საფუძველზე, საოლქო სასამართლო პირველი ინსტანციის წესით განიხილავს სარჩელს, ქალაქების _ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, სოხუმის, ბათუმის და ფოთის საკრებულოებისა და მერიების (მერების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავოდ ქცეული აქტი არც თავისი ფორმით და არც შინაარსით არ განეკუთვნება ნორმატიულ აქტს.

კერძოდ, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

სადავო აქტით, რიგი სამსახურებისათვის დადგენილია კონკრეტული დავალებები და მითითებები, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ წარმოდგენილი აქტი არ შეიცავს ნორმატიული აქტისათვის დამახასიათებელ ძირითად პრინციპს კერძოდ, არ ადგენს ქცევის ზოგად წესს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მოაქცევს სადავო აქტის ფორმას და მიუთითებს, რომ “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ კანონის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქ. თვილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება: საკრებულოს გადაწყვეტილებები და მერის ბრძანებები, ხოლო მერის განკარგულება (რომელსაც სადავო აქტი მიეკუთვნება), ამავე მუხლის მე-3 მაწილის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას იმის თაობაზე რომ მოცემულ დავაზე საოლქო სასამართლო I ინსტანციით არ წარმოადგენს განსჯად სასამართლოს და მიიჩნევს, რომ საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად ექვემდებარება ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფრაქცია “...ის” თავმჯდომარის გ. გ-ას სარჩელი, მოპასუხე ქ. თბილისის მერის მიმართ ადმინიტსრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.