საქმე №ას-595-2022 28 აპრილი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.თ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.03.2022 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.12.2021 წლის გადაწყვეტილებით მ.თ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „დამზღვევი“) სარჩელი სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მზღვეველი“ ან „სადაზღვევო კომპანია“) მიმართ არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.03.2022 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, მზღვეველისთვის დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (მარკა/მოდელი: MITSUBISHI COLT PLU, ავტომობილის ტიპი - ჰეტჩბექი; ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი - .......; სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი - AL8286439; გამოშვების წელი - 2005; ძრავის ტიპი - ბენზინი; ვინ კოდი - ....; სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის თარიღი - 06/01/2017) (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ ან „ავტომობილი“) საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 495 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 04.12.2018 წელს მხარეთა შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება, სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოპასუხის მიერ დაზღვევის თაობაზე.
3.2. №001457624 სადაზღვევო პოლისის თანახმად, სადაზღვევო თანხა 3 000 აშშ დოლარია, ჯამური სადაზღვევო პრემია - 200 აშშ დოლარი, სადაზღვევო ლიმიტი - 5 000 აშშ დოლარი, სადაზღვევო პერიოდი განსაზღვრულია 04.12.2018 წლიდან 04.12.2019 წლამდე. დაზღვევის პოლისით გათვალისწინებული იქნა დამატებითი დაფარვები (ავტოტრანსპორტის ძარის დაზღვევა, ქარხნული აქსესუარების ქურდობა, მესამე მხარის მიმართ ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა, მძღოლის და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა).
3.3. დაზღვევის პირობების მე-5 სექციით გათვალისწინებულია საერთო გამონაკლისები, რომელიც გამოიყენება ყველა დაზღვევასთან მიმართებაში, რა დროსაც ზიანი არ ანაზღაურდება. აღნიშნული სექციის თანახმად, ერთ-ერთ შემთხვევას წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევები (მე-5 სექციის 1.19 პუნქტი). ამავე სექციის 9.2 პუნქტის თანახმად, მზღვეველს შეუძლია უარი განაცხადოს ანაზღაურების გაცემაზე, თუ დამზღვევის მიერ არ იქნება შესრულებული მასზე სადაზღვევო პირობებით დაკისრებული ვალდებულებები.
3.4. 19.01.2019 წელს თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც 02.10.2019 წლის დადგენილებით შეწყდა. დადგენილებაში გამოძიების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 1.3 პუნქტის მოთხოვნები (ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ოთხი ან ოთხზე მეტი ზოლი აქვს. 1.3 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია). დადგენილების თანახმად, 20.02.2019 წლის №001177119 ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ სადავო სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა მოსარჩელის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 1.3 პუნქტის უგულვებელყოფამ, რაც არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და შეიცავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ნიშნებს. სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილ იქნა მოსარჩელე და იგი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდა.
3.5. მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გაცემის მოთხოვნით. მოპასუხემ მოსარჩელეს უარი განუცხადა იმ დასაბუთებით, რომ მან დაარღვია რა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველს ანაზღაურების ვალდებულებისაგან ათავისუფლებდა.
3.6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ დარღვევა, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია, ობიექტურად მომხდარი გარემოებების, ქმედების სუბიექტის (მისი ნების) და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით, უხეშ გაუფრთხილებლობას არ წარმოადგენდა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს იმგვარი შემთხვევის არსებობას, რომლის დროსაც მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისაგან თავისუფლდება.
3.7. სასამართლოს განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალება მომეტებული საფრთხის წყაროა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში მართონ. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომობილს მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად. ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მოძრაობის წესებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დადგენილი სიჩქარის ფარგლებში, დაწესებულ ზოლებში, მოძრაობა, რისი დარღვევაც უპირატესად მძიმე შედეგს იწვევს. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლს ევალება აღნიშნული წესები განსაკუთრებული გულისხმიერებით და ზედმიწევნით დაიცვას.
3.8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას და მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. სასამართლოს მითითებით, მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა სახეზეა, როდესაც გარკვეულ ვითარებაში და გარემოებაში პირისაგან მოსალოდნელია გამოიჩინოს კეთილსინდისიერება და ასეთ შემთხვევაში პირი არ იჩენს კეთილსინდისიერებას - უჩვეულოდ დიდი მასშტაბით, არღვევს მას. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას არ წარმოადგენს, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა და სხვა.
3.9. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დადგენილებაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მოსარჩელის ქმედებაა აღწერილი, ასევე თავად მოსარჩელის მიერ ქმედების აღწერაზე და დაასკვნა, რომ ორივე მათგანი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ შეჯახება საპირისპირო სავალ გზაზე გადასვლისთანავე მოხდა და ადგილი არ ჰქონია ისეთ შემთხვევას, როდესაც, მაგალითად, ბრალეული მძღოლი საწინააღმდეგო ზოლში გადადის ქარაფშუტული მანევრირებით და მიზანმიმართულად აგრძელებს გზას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება შემთხვევები, როდესაც ავტომობილის მართვისას ღერძულა ხაზი მარტივი გაუფრთხილებლობითაც იკვეთება, განსხვავებით ისეთი შემთხვევებისაგან, როდესაც პირი ავტოსატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას ან გადაჭარბებული სიჩქარით მართავს, ღერძულა ხაზს მიზანმიმართულად კვეთს და საპირისპირო ხაზში გაცნობიერებულად აგრძელებს მოძრაობას. უხეში გაუფრთხილებლობა, თავისი არსით, მარტივი გაუფრთხილებლობისაგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ამ დროს სამართალდამრღვევს კარგად აქვს გაცნობიერებული მართლწინააღმდეგობის ხარისხი, იგი ქმედებას გაცნობიერებულად სჩადის, თუმცა, ქარაფშუტულად იმედოვნებს არასახარბიელო შედეგების თავიდან აცილებას. შემთხვევითი გადაცდომა კი, თუნდაც ღერძულა ხაზის უნებური გადაკვეთა, ბრალის ამგვარი ხარისხის მატარებელი არ არის. იმ ვითარებაში კი, როდესაც ბრალეული მძღოლის მხრიდან არც სიჩქარის გადაჭარბება, არც ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა და არც ქარაფშუტული მანევრირების გზით საწინააღმდეგო ზოლში ხანგრძლივად მოძრაობა იკვეთება, მძღოლის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად არ უნდა დაკვალიფიცირდეს, რადგან სამართალდამრღვევის დამოკიდებულება ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ არ წარმოადგენს იმ ხარისხის ბრალეულობას, რაც მის უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევის საფუძველს შექმნიდა. შესაბამისად, მზღვეველის პოზიცია მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობაზე მითითებისა და ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე, საფუძველს მოკლებულია.
3.10. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს შპს „ე.ბ.კ–ის“ 09.03.2021 წლის შეფასება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შესაფასებელი ავტომობილის ავარიამდელი ღირებულება შეადგენს 8 000 ლარს, დოლარში კი - 2 500 დოლარს. ავარიის შემდგომი დაზიანება კი, „თ.მ–ის“ დეფექტური აქტის მიხედვით შეადგენს 12 436 ლარს, ავტომობილის აღდგენითი ღირებულება სჭარბობს ავარიამდელ საბაზრო ფასს და მათ შორის სხვაობა 4 436 ლარია. ზიანის ოდენობის გაანგარიშების თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე საქმის მასალებში წარმოდგენილ დადგენილებას, რომელიც ზიანის განსხვავებულ ოდენობაზე მიუთითებს, კერძოდ, დადგენილების მიხედვით, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 4 000 ლარს, ხოლო ავტომობილზე „ტოიოტა პრიუს“, სახელმწიფო ნომრით „.....“, რომელსაც გ.გ–ძე მართავდა, მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა - 495 ლარია. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 105-ე, 172-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის ღირებულების შეფასებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს შპს „ე.ბ.კ–ის“ 09.03.2021 წლის შეფასებას, რომელიც მიყენებული ზიანის ოდენობას უფრო რეალურად ასახავს, ვიდრე დადგენილება, რომლის მიხედვითაც მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობები განისაზღვრა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან, შესაბამისი კონტრარგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის გზით გაქარწყლებული ვერ იქნა შპს „ე.ბ.კ–ის“ შეფასებაში მითითებული გარემოებები. რაც შეეხება, ავტომობილ „ტოიოტა პრიუსისთვის“, სახელმწიფო ნომრით „.......“, მიყენებული მატერიალური ზიანის გაანგარიშებას, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მესამე პირის სახელზე გამოწერილი ინვოისი თავისთავად არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მისთვის ზიანის ანაზღაურების ფაქტს, წარმოდგენილი ქვითრები კი არ შეიცავს ინფორმაციას მისი გადამხდელის შესახებ, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი დადგენილება შეიცავს მსჯელობას „ტოიოტა პრიუსისთვის“, სახელმწიფო ნომრით „.......“, საორიენტაციოდ 495 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების თაობაზე, სხვა სახის მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, დადგენილებაში მითითებული ზიანის ოდენობა გაზიარებული უნდა იქნეს.
3.11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ უნდა დაჰკისრებოდა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზღვევის პირობებს, რომლის 3.8 პუნქტის თანახმად, სრული ზარალის შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისას, საკუთრების უფლება დაზიანებულ ავტოტრანსპორტზე, ხოლო, ნაწილობრივი დაზიანებისას/ზარალისას ავტოტრანსპორტის ცალკეულ ნაწილებზე გადაეცემა სადაზღვევო კომპანიას. სასამართლო მხარეთა მითითებულ შეთანხმებას ანაზღაურების წინაპირობად განიხილავს, შესაბამისად, სრულ ანაზღაურებას მარტოოდენ აღნიშნული პირობის შესრულების სანაცვლოდ უშვებს. ამ მიმართებით სასამართლომ გამოიკვლია ფაქტი, რომ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საკუთრების უფლებით მოსარჩელის სახელზე ირიცხება და საქმის განხილვის დროისათვის მისსავე მფლობელობაშია (იხ. სააპელაციო სასამართლოს 23.03.2022 წლის სხდომის ოქმი).
3.12. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სადავო ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 2 500 აშშ დოლარი უნდა დაჰკისრებოდა, რაც ავტომობილის ავარიამდელ ღირებულებას შეადგენს. ამდენად, სახეზეა სრული ზარალი, რა დროსაც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურება დამოკიდებულია სანაცვლო პირობაზე - დამზღვევის მხრიდან დაზიანებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების სადაზღვევო კომპანიისათვის გადაცემაზე.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე მუხლები (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში).
9. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (სუსგ Nას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.).
10. მოცემულ შემთხვევაში: მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; სადავო არაა, რომ დამზღვევის მიერ შესრულებულია ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე; დადგა სადაზღვევო შემთხვევა და დაზიანდა დაზღვეული ავტომობილი. მზღვეველი საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით.
11. სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა. კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (სუსგ.Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომობილის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (სუსგ Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.). მოცემულ საქმეში არ დადასტურდა მოსარჩელის ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნის, მისი მხრიდან სიჩქარის გადაჭარბების ან/და ქარაფშუტული მანევრირების გზით საწინააღმდეგო ზოლში გადასვლის და ხანგრძლივად მოძრაობის ფაქტი. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მძღოლი მოქმედებდა მარტივი და არა უხეში გაუფრთხილებლობით, დამზღვევს აუცილებელი წინდახედულების ნორმები განსაკუთრებით მძიმედ არ დაურღვევია. შესაბამისად, არამართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, დამზღვევის პასუხისმგებლობის ფარგლების კასატორისმიერი განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ არსსაც, რადგანაც ასეთი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევის ნებისმიერი მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდეს და მზღვეველმა არ აანაზღაუროს დამდგარი ზიანი (სუსგ Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.). უმნიშვნელოვანესია სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ არ მოხდეს მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს (სუსგ Nას-1479-2019, 21.01.2020წ.).
13. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის მიყენებული ზიანის ოდენობა. კასატორი საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, რაც საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ.
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი 395 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 276.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (ს/ნ: ........) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 395 ლარის (საგადახდო დავალება №4709876, გადახდის თარიღი 31.05.2022წ.) 70% – 276.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
თეა ძიმისტარაშვილი