№ას-802-2023 30 ოქტომბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.ჭ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – „გ.ლ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.04.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. „გ.ლ–მა“ (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოსარჩელე“) წარადგინა სარჩელი ს.ჭ–ძის (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა შპს „პ.რ.ო.თ–ის“ სასარგებლოდ 3 001 555 აშშ დოლარის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.05.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.6, ს.ფ. 251-269). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.04.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 05.04.2022 წლის საოქმო განჩინებები (იხ.: განჩინება, ტ.7, ს.ფ. 82-98). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.07.2023 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოში წარმოედგინა: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი; ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ან სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
5. კასატორმა განჩინებით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი, თუმცა არ წარმოუდგენია არც მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, არც სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.09.2023 წლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ტ.7, ს.ფ. 138-140).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. დადგენილია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.09.2023 წლის განჩინება გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს - ნ.გ–ძეს საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (იხ.: მინდობილობა, ტ.6, ს.ფ.196, 197; საკასაციო საჩივარი, ტ.7, ს.ფ.125; გზავნილი, ტ.7, ს.ფ.144) და ჩაჰბარდა მის ოჯახის სრულწლოვან წევრს 02.10.2023 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.7, ს.ფ.145).
9. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
11. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 03.10.2023 წელს და ამოიწურა 12.10.2023 წელს. ამდენად, კასატორს ხარვეზი 12.10.2023 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
12. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-495-2023, 10.05.2023წ.; №ას-138-2023, 04.05.2023წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე