Facebook Twitter

საქმე №ას-953-2023 12 სექტემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ქ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.12.2022 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.05.2022 წლის გადაწყვეტილებით შპს "ტ.კ–ის“ (შემდეგში „მოსარჩელე“) სარჩელი მ.ქ–ის მიმართ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:

- სს ,,თ.ბ–თან" 26.06.2018 წლის საბანკო კრედიტის #3878444-9944312 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7 874.64 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 5 218.69 ლარი, დარიცხული სარგებელი - 2 113.43 ლარი, პირგასამტეხლო - 500 ლარი, დაზღვევა - 42.52 ლარი; ასევე - დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (27.09.2021 წელი), ძირ თანხაზე - 5 218.69 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 25% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 108.72 ლარს;

- სს ,,თ.ბ–თან" 19.12.2018 წლის საბანკო კრედიტის #3878444- 10278719 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 564.32 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 924.86 ლარი, დარიცხული სარგებელი - 539.46 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი; ასევე - დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (27.09.2021 წელი), ძირ თანხაზე - 924.86 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 41% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 31.59 ლარს;

- სს ,,თ.ბ–თან" 20.12.2019 წლის საბანკო კრედიტის #3878444-10792828 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11 971.77 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 8774.90 ლარი, დარიცხული სარგებელი 2906.28 ლარი, პირგასამტეხლო 290.59 ლარი; ასევე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (27.09.2021 წელი), ძირ თანხაზე - 8774.90 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 23.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 171.84 ლარს;

- სს ,,თ.ბ–თან" 04.08.2017 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3 172.51 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2 001.23 ლარი, დარიცხული სარგებელი - 971.28 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი; ასევე - დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (27.09.2021 წელი), ძირ თანხაზე - 2001.23 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 60.03 ლარს;

- სარჩელი არ დაკმაყოფილდა პირგასამტეხლოს - 2 496.66 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.05.2022 წლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „მ.ჯ კ–ის“ დირექტორმა, მ.ჯ–ძემ, როგორც მოპასუხის წარმომადგენელმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.07.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს განესაზღვრა ვადა მის შესავსებად. ამავე სასამართლოს 19.09.2022 წლის და 28.10.2022 წლის განჩინებებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.12.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტა, რომ აპელანტის წარმომადგენელს, მ.ჯ–ძეს სასამართლოს 28.10.2022 წლის განჩინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.12.2022 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.08.2023 წლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერებაზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

9. დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.05.2022 წლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „მ.ჯ. კ–ის“ დირექტორმა, მ.ჯ–ძემ, როგორც მოპასუხის წარმომადგენელმა. სააპელაციო საჩივარს ერთვის მოპასუხის (მარწმუნებელი) მიერ შპს „მ.ჯ. კ–ის“ (რწმუნებული) სახელზე გაცემული მინდობილობა, რომლითაც რწმუნებულს მინიჭებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება (ს.ფ. 229,230). საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომ შპს „მ.ჯ. კ–ის“ დირექტორმა აპელანტის სახელით წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭა სხვა პირს (მაგალითად, შპს „მ.ჯ. კ–ის“ თანამშრომელს), რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. როგორც სააპელაციო საჩივარს, ისე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებებს, ხელს აწერს მ.ჯ–ძე, რომელიც არის შპს „მ.ჯ. კ–ის“ 100% წილის მფლობელი/ერთადერთი პარტნიორი და დირექტორი. მხოლოდ მასთან, როგორც აპელანტის სახელით მოქმედ პირთან, ჰქონდა კომუნიკაცია სააპელაციო სასამართლოს.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2022 წლის განჩინებით შპს „მ.ჯ კ–ის“ დირექტორის - მ.ჯ–ძის, როგორც აპელანტის წარმომადგენლის, შუამდგომლობის საფუძველზე გაუგრძელდა აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა (ს.ფ. 241-251). განჩინება გაეგზავნა მ.ჯ–ძეს და ჩაჰბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს (დედას) 16.11.2022 წელს (ს.ფ. 253). შესაბამისად, უნდა განისაზღვროს - აღნიშნული ჩაბარება წარმოადგენს თუ არა უფლებამოსილი პირისთვის კორესპონდენციის კანონით დადგენილი წესით გადაცემას.

11. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესი დასაშვებად მიიჩნევს, სასამართლო უწყება, მხარის ნაცვლად, ჩაჰბარდეს მის წარმომადგენელს, რასაც თავად მხარისათვის საპროცესო დოკუმენტის ჩაბარების იურიდიული ძალა გააჩნია, თუმცა ამავე კოდექსის 440-ე მუხლი ადგენს, რომ პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი ფიზიკური პირია.

12. პირი, რომელიც ნორმატიულად განსაზღვრულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, არ ჩაუბარებია საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრიანებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში მხარის წარმომადგენელი ვერ იქნება. მხარის სახელით ვერანაირ საპროცესო მოქმედებას ვერ განახორციელებს, მათ შორის, ვერ ჩაიბარებს იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტაციას (იხ. სუსგ №ას-634-592-2017, 16.06.2017წ., პუნ. 25-27; შდრ. სუსგ №ას-381-354-2017, 13.11.2017წ.; სუსგ Nას-572-2021, 29.10.2021წ.).

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მ.ჯ–ძე არ არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. შესაბამისად, ზემდგომ ინსტანციებში მხარის ინტერესების დაცვის უფლებამოსილება მას არ გააჩნდა და სასამართლო გზავნილის (განჩინების) მისთვის ჩაბარება აპელანტის მიერ საპროცესო დოკუმენტის მიღებად ვერ შეფასდება სათანადო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობის გამო (შდრ. სუსგ-ებები: №ას-634-592-2017, 16.06.2017წ. პუნ. 29; Nას-572-2021, 29.10.2021წ., პუნ. 13). ამდენად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ ჩაჰბარებია, შესაბამისად, ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებულია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ქ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.12.2022 წლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია