საქმე №ას-1131-2021 28 თებერვალი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ი–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ძე (მოსარჩელე)
მხარდამჭერი - გ.კ–ძე
მესამე პირები - ნოტარიუსი ი.ქ–ძე-ი–ნი;
ნოტარიუსი მ.ჯ–ი
თავდაპირველი მოპასუხეები - დ. კ–ი, თ. კ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.07.2021 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ამ ნაწილში - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნ.ა–ძემ (მხარდამჭერი გ.კ–ძე) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“), თ. კ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) და შპს „ი–ის“(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოსარჩელის წარმომადგენელს - ნ.ა–ძესა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელის წარმომადგენელი“ ან „მოსარჩელის შვილი“) და მესამე მოპასუხეს შორის გაფორმებული 11.04.2018 წლის №180384181 და 05.04.2018 წლის №180370707 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა;
1.2. მოსარჩელის წარმომადგენელსა და პირველ მოპასუხეს შორის 30.04.2018 წელს დადებული №180470624 უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.3. პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 23.07.2018 წელს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.4. ქუთაისში, ......... მდებარე უძრავი ქონების, ს/კ: ........ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „უძრავი ნივთი“), მოსარჩელის საკუთრებაში დაბრუნება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის მესაკუთრედ მოსარჩელის აღრიცხვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 19.02.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.07.2021 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მესამე მოპასუხესა და მოსარჩელის წარმომადგენელს შორის გაფორმებული 05.04.2018 წლის №180370707 და 11.04.2018 წლის №180384181 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის წარმომადგენელსა და პირველ მოპასუხეს შორის 30.04.2018 წელს დადებული №180470624 უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 23.07.2018 წელს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება; უძრავი ნივთი დაუბრუნდა მოსარჩელეს და დადგინდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად აღრიცხვა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. მოსარჩელემ 05.04.2018 წლის სანოტარო აქტით - მინდობილობით, თავის შვილს მიანიჭა უფლებამოსილება ყოფილიყო მისი წარმომადგენელი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სამოქალაქო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, არქივში, სანოტარო ბიუროში, შემოსავლების სამსახურში, თვითმმართველობის ორგანოში, კერძო და საჯარო დაწესებულებაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. ამ მინდობილობით მოსარჩელემ თავის შვილს მიანიჭა უფლებამოსილება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - საცხოვრებელი ბინა, ემართა, განეკარგა, გაესხვისებინა, გაეყიდა, გაეცვალა, გაეჩუქებინა, გადაეფორმებინა თავის თავზე, იპოთეკით დაეტვირთა აღებული სესხის უზრუნველსაყოფად, მოეწერა ხელი მის ნაცვლად ნებისმიერ ხელშეკრულებაზე, მათ შორის სესხის, იპოთეკის, საკრედიტო ხელშეკრულებებზე, სესხის გადახდის გრაფიკზე, გენერალურ ხელშეკრულებაზე, განესაზღვრა ხელშეკრულების ვადა, თანხა და პირობები, ნებისმიერ ხელშეკრულებაში შეეტანა ცვლილებები და დამატებები, შეესწორებინა ნებისმიერი ხარვეზი, გაეკეთებინა საკადასტრო აზომვითი ნახაზები, დაერეგისტრირებინა და აეღო ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, გაეუქმებინა ნებისმიერი ხელშეკრულება, იპოთეკის ხელშეკრულება, მიეღო თანხა, გაეკეთებინა განცხადებები მარწმუნებლის სახელით და შეესრულებინა ყველა მოქმედება, დაკავშირებული ამ დავალების შესასრულებლად. მინდობილობა გაიცა 1 წლის ვადით.
4.2. 05.04.2018 წელს მოსარჩელესა (წარმომადგენელი მოსარჩელის შვილი) და მესამე მოპასუხეს (წარმომადგენელი/დირექტორი შ.დ–ი) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მესამე მოპასუხემ მოსარჩელეს, რომელსაც წარმოადგენდა თავისი შვილი, გადასცა სესხი 11 500 ლარი, თვეში 3.45%-იანი სარგებლის დარიცხვით, რომლის გადახდაც მოხდებოდა ყოველი თვის 5 რიცხვში. მსესხებელს სარგებლის თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 403-ე მუხლის თანახმად, პროცენტი. აღნიშნული სესხი გაიცა 05.04.2018 წელს ექვსი თვის ვადით და ძალაში იყო 05.10.2018 წლის ჩათვლით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ნივთი.
4.3. 11.04.2018 წელს მოსარჩელესა (წარმომადგენელი მოსარჩელის შვილი) და მესამე მოპასუხეს (წარმომადგენელი/დირექტორი შ.დ–ი) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მესამე მოპასუხემ მოსარჩელის წარმომადგენელს, მინდობილ პირს, მის შვილს გადასცა სესხი 6000 ლარი, თვეში 3.48% სარგებლის დარიცხვით, რომლის გადახდაც მოხდებოდა ყოველი თვის 11 რიცხვში, მსესხებელს სარგებლის თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ასევე სსკ-ის 403-ე მუხლის თანახმად, პროცენტი. აღნიშნული სესხი გაიცა 11.04.2018 წელს ექვსი თვის ვადით და ძალაში იყო 11.10.2018 წლის ჩათვლით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ნივთი.
4.4. 30.04.2018 წელს მოსარჩელის წარმომადგენელს (მოსარჩელის შვილი) და პირველ მოპასუხეს შორის სანოტარო წესით დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. მხარეთა განცხადებით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 27 000 ლარად. 23.07.2018 წელს პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი იყიდა მეორე მოპასუხემ. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 30 000 ლარი.
4.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.05.2019 წლის №003637419 ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მოსარჩელეს აღენიშნება დაუზუსტებელი დემენცია (კოდი - F03 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მოსარჩელეს ამჟამად არ შეუძლია სწორი ჩვენების მიცემა და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობა. კითხვაზე - როგორი იყო მოსარჩელის სამივე გარიგების (11.04.2018 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი №180384181), 05.04.2018 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი №180370707) და 30.04.2018 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი №180470624) დადების მომენტში გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხი, რის გამოც ვერ გაუწევდა ანგარიშს თავის მოქმედებას და ვერ განაგებდა მას, ასევე სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი - პასუხის გაცემა შეუძლებელი იყო არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო.
4.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.05.2019 წლის №003637819 ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მოსარჩელის შვილს აღენიშნება - გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა (კოდი - F71; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). სამივე გარიგების (11.04.2018 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი №180384181), 05.04.2018 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი №180370707) და 30.04.2018 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი №180470624) დადების მომენტისთვის აღენიშნებოდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და განეგო იგი. მოსარჩელის შვილს არ შეეძლო სამოქალაქო უფლებების განხორციელების, ასევე გარიგებების/ხელშეკრულების დადების დროს შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან ეხელმძღვანელა მისთვის. მოსარჩელის შვილის მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და სოციალური ადაპტაციის ხარისხი შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მოსარჩელის შვილს არ შეეძლო დამოუკიდებლად/გააზრებულად გარიგების/ხელშეკრულების შინაარსის გაცნობა და მათზე გაცნობიერებული ხელმოწერა.
4.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის 10.01.2020 წლის წერილით მოსარჩელის ადვოკატს თ.ო–ძეს პასუხი გაეცა შემდეგ კითხვებზე - „ითვლება თუ არა ნ.ა–ძის დაავადება ფსიქიკურ აშლილობად“ და „ითვლება თუ არა ნ.ა–ძის დაავადება ფსიქიკურ აშლილობად“. პასუხად ეცნობა, რომ მოსარჩელეს აღენიშნება დაუზუსტებელი დემენცია (დაავადებულია ფსიქიკური დაავადებით), ხოლო მოსარჩელის შვილს აღენიშნება გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა (დაავადებულია ფსიქიკური დაავადებით). „მოხუცებულობის ასაკი“ - (რომელი ასაკიდან ითვლება მოხუცებულობის ასაკად) დემენციის დაავადების დროს შესაძლებელია განისაზღვროს 65 წლის ასაკიდან.
4.8. საქმეში წარმოდგენილი 17.10.2018 წლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მოსარჩელის შვილის დიაგნოზია საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობა, მნიშვნელოვნად გამოხატული ქცევის პათოლოგიით. მოკლე ანამნეზის თანახმად, ავად არის ბავშვობიდან. ანამნეზით ირკვევა, რომ მშობლები გონებრივად ჩამორჩენილები არიან. დაბადებულია პათოლოგიური მშობიარობით. სწავლობდა გუმათის სკოლა-ინტერნატში, რომელიც ვერ დაამთავრა. ბოლო პერიოდში მდგომარეობა დაუმძიმდა, განუვითარდა უძილობა, სმენითი ჰალუცინაციები. იოლად აღგზნებადობა, აგრესიულობა. ყოველივე ამის გამო, მიმართეს სტაციონარს სამკურნალოდ და მოთავსებული იქნა მწვავე სტაც.მომსახურების პირობებში. ავადმყოფობის მიმდინარეობა: ქრონიკული, პერიოდული გამწვავებებით, სტაციონარში იყო დაძაბული, განმარტოებული, მოუსვენარი, მკურნალობის ფონზე მეტ-ნაკლებად დამშვიდდა. 07.02.2014 წლიდან გადაყვანილია გახანგრძლივებულ სტაც.მომს.პირობებში. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაეწერა ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: საჭიროებს ამბულატორიულ მკურნალობას და მეთვალყურეობას.
4.9. საქმეში წარმოდგენილი 22.10.2018 წლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მოსარჩელის დიაგნოზია მწვავე და გარდამავალი ფსიქოზური აშლილობა. მოკლე ანამნეზის თანახმად, პაციენტი გამოცხადდა მიღებაზე სიძესთან ერთად. აქტიურ ჩივილებს ფსიქიური სფეროდან არ აყენებს, მაგრამ სიძის გადმოცემით გაირკვა, რომ კონფლიქტურია მეზობლებთან. ამბობს, რომ ისინი „ასხივებდნენ, გლახად მოქმედებდნენ“. მემკვიდრეობის ადრეული ზრდა - განვითარების მონაცემები ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის, პაციენტის გადმოცემით დაამთავრა 8 კლასი, მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა აბრეშუმ კომბინატში მუშად... ავადმყოფობის მიმდინარეობა: გაირკვა, რომ რამოდენიმე ხანი არის კონფლიქტური მეზობლებთან, აღენიშნება უცნაური აზრები. ამბობს, რომ „ისინი სხივებს უშობდნენ“, წვება იატაკზე... სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: საჭიროებს ამბულატორიულ დაკვირვებას, დინამიკაში დიაგნოზის ვერიფიკაციის მიზნით, მკურნალობას.
4.10. 27.12.2018 წლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №00894314 ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის შვილს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან არათანაბარ პირობებში. მოსარჩელის შვილის ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი მნიშვნელოვნადაა გამოხატული. მოსარჩელის შვილის მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მოსარჩელის შვილის სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. მას არ შეუძლია სამოქალაქო უფლებების განხორციელებისას, ასევე გარიგების/ხელშეკრულების დადების დროს შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან უხელმძღვანელოს მას. ესაჭიროება მხარდამჭერი სხვადასხვა სფეროში. არ შესწევს უნარი დამოუკიდებლად თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და მოვალეობები. მოსარჩელის შვილს არ შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მოსალოდნელი შედეგები ან/და უხელმძღვანელოს მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს და ქცევებს. არ გააჩნია საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის და ინფორმირებული/გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მოსარჩელის შვილს არ შეუძლია დამოუკიდებლად/გააზრებულად განახორციელოს სამოქალაქო უფლებები, დადოს გარიგება/ხელშეკრულება, გაეცნოს დოკუმენტს და განახორციელოს ხელმოწერა. მოსარჩელის შვილს არ შესწევს უნარი ობიექტურად განახორციელოს ნების გამოვლენა ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. მოსარჩელის შვილის მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი. მოსარჩელის შვილს არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში.
4.11. 27.12.2018 წლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №008942018 ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან არათანაბარ პირობებში. მოსარჩელის ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი მკვეთრადაა გამოხატული. მოსარჩელის მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. მოსარჩელის სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრად არის დაქვეითებული. მოსარჩელეს არ შეუძლია სამოქალაქო უფლებების განხორციელებისას, ასევე გარიგების/ხელშეკრულების დადების დროს შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან უხელმძღვანელოს მას. მოსარჩელეს ესაჭიროება მხარდამჭერი სხვადასხვა სფეროში. მოსარჩელეს არ შესწევს უნარი დამოუკიდებლად თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და მოვალეობები. მოსარჩელეს არ შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მოსალოდნელი შედეგები ან/და უხელმძღვანელოს მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს და ქცევებს. მოსარჩელეს არ გააჩნია საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის და ინფორმირებული/გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მოსარჩელეს არ შეუძლია დამოუკიდებლად/გააზრებულად განახორციელოს სამოქალაქო უფლებები, დადოს გარიგება/ხელშეკრულება, გაეცნოს დოკუმენტს და განახორციელოს ხელმოწერა. მოსარჩელეს არ შესწევს უნარი ობიექტურად განახორციელოს ნების გამოვლენა ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. მოსარჩელის მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით. ამავე დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად: მოსარჩელეს აღენიშნება დაუზუსტებელი დემენცია. აღნიშნულზე მიუთითებდა ანამნეზური მონაცემები და სამედიცინო დოკუმენტაცია: დაავადების დაწყება მოხუცებულობითი ასაკიდან, ამბულატორიული აღრიცხვიანობა და მკურნალობა, ყოველივე ამის გამო შემდგომი მეხსიერებისა და სხვა ინტელექტუალურ-მნესტიკური ფუნქციების მკვეთრი დაქვეითება; მეტყველების დარღვევა; სოციალური და შრომითი სრული დეზადაპტაცია. ამავეს მიუთითებდა ამჟამინდელი საექსპერტო გამოკვლევებისას გამოვლენილი: ინტელექტუალურ-მნესტიკური ფუნქციების დეფიციტი; მიზანმიმართული კონტაქტის გაძნელება; დიზართრიული მეტყველება; ორიენტაციის დარღვევა; რიგიდული, კონკრეტულ-სიტუაციური ტიპის აზროვნება; ბოდვითი სიმპტომატიკა; განურჩეველი ელფერის გუნება-განწყობა; ნაკლებ დიფერენცირებული, ღარიბი ემოციური რეაქციები; ინტერესთა და მოთხოვნათა წრის შეზღუდვა და კრიტიკის არქონა.
4.12. მოსარჩელე დაიბადა 05.07.1946 წელს. შესაბამისად, მინდობილობის გაფორმებისას (05.04.2018წ.), სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების დადებისას (05.04.2018წ. და 11.04.2018წ.), ასევე უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას (30.04.2018წ.) იგი იქნებოდა 71 წლის.
4.13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 01.11.2018 წლისა და 05.11.2018 წლის განჩინებებით, მოსარჩელისა და მისი შვილის დროებით მხარდამჭერად დაინიშნა გ.კ–ძე.
4.14. მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი არიან დედა-შვილი, ორივე ფსიქიურად დაავადებულია. შესაბამისად, არსებობს მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე მოსარჩელის შვილის მიერ დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, ასევე უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი. მოსარჩელის შვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო სრულად და ადეკვატურად აღექვა ამ გარიგებების შინაარსი. შესაბამისად, მის მიერ გამოვლენილი ნება ვერ ჩაითვლება ნამდვილად, რადგან ასეთ პირობებში გამოვლენილი ნება იმთავითვე არის ბათილი და ნება ვერ მიუვიდოდა მიმნდობ პირს (მოსარჩელეს).
4.15. სესხის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მოსარჩელე წარმოადგენს მოვალეს, ხოლო კრედიტორს ანუ სესხის დაბრუნებაზე მოთხოვნის უფლების მქონე პირს - მესამე მოპასუხე, რომელსაც აქვს სესხის ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლება. სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მოვალე არ არის სარგებლის მიმღები პირი, ამასთან, ფსიქიკური აშლილობის გამო, მსესხებლის მიერ გამოვლენილი ნება არ შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მოსარჩელის შვილის მიერ თანხის მიღებასთან დაკავშირებით, ასეთ დოკუმენტზე მისივე ხელმოწერის პირობებშიც, ვერ ჩაითვლება რელევანტურ მტკიცებულებად, რომელიც უფლებამოსილ პირს (სესხის გამცემს) აღჭურავს მოთხოვნის მქონე პირის უფლებებით.
4.16. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის შვილის ხელწერილი ბინის ღირებულების - 27 000 ლარის მიღების შესახებ. სააპელაციო პალატამ ამ საკითხთან მიმართებით გამოიკვლია ფაქტები, რომელსაც ამ დოკუმენტის შედგენისას ჰქონდა ადგილი, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე პირველმა მოპასუხემ განმარტა და მხარეებსაც სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ პირველმა მოპასუხემ გადაიკისრა მოსარჩელის ვალი/დავალიანება მესამე მოპასუხის მიმართ, რომელიც იმ დროინდელი მონაცემებით ჯამურად შეადგენდა 27 000 ლარს. აქედან გამომდინარე, 27 000 ლარი მხარეს რეალურად არ გადასცემია (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.06.2021 წლის სხდომის ოქმი, 15:13-16:07სთ.). ამავე სასამართლოს სხდომაზე პირველმა მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელის შვილს ხელზე გადასცა თანხის ნაწილი - 2700 აშშ დოლარი. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას კი მათ ნოტარიუსთან ზეპირსიტყვიერად დააფიქსირეს რეალურად არარსებული ფაქტი, რომ „ნასყიდობის საგნის თანხა სრულად გადახდილი იყო“. ამის შემდეგ, პირველმა მოპასუხემ უძრავი ქონება გაასხვისა მის ძმაზე, რომელიც დაპირდა ნასყიდობის თანხის სრულად გადახდას, შესაბამისად, მისი ძმა გახდებოდა ამ თანხის გადახდაზე ვალდებული, თუ სადავო არ გახდებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.06.2021 წლის სხდომის ოქმი, 15:13-16:07სთ.). ბინის ღირებულების ნაწილის - 2700 აშშ დოლარის მიღება მოსარჩელის შვილმა არ დაადასტურა და სადავო გახადა ეს ფაქტი. მხარეთა განმარტებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სადავო უძრავ ქონებაზე გადახდილი თანხის თაღლითობით დაუფლების ფაქტზე, თუმცა პირველმა მოპასუხემ მის მიერ გადახდილი თანხის დაუფლების ფაქტების დადასტურებისა და ამ თვალსაზრისით დამატებით ფაქტების გამოკვლევის მიზნით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვაზე უარი განაცხადა (იხ. 07.06.2021 წლის სხდომის ოქმი, 15:13-16:07სთ.). ამ მოცემულობაში პალატამ დაადგინა, რომ მოდავე მხარეებს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის თანხა არ ყოფილა გადახდილი (ყოველ შემთხვევაში სრულად მაინც), რაც ხელშეკრულების ნამდვილობის პირობებშიც კი, ამ უძრავ ნივთში დღემდე მოსარჩელის მფლობელობისა და სარგებლობის ფონზე, ეჭვქვეშ აყენებს ნასყიდობის ნამდვილობას.
4.17. ზემოთ მითითებული ფაქტების ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს სადავო გარიგებების შედეგად არ მიუღია სარგებელი.
4.18. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე, 105-ე მუხლებით და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით - ექსპერტიზის დასკვნები (საიდანაც ირკვევა მოსარჩელის დიაგნოზი - დაუზუსტებელი დემენცია, მკვეთრად გამოხატული ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები), ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ექსპერტიზის ეროვნული ბიურის პასუხი, მოსარჩელის ასაკი, მხარდამჭერის დანიშვნის გარემოება, თვით მოსარჩელის დიაგნოზი - დადასტურებულად და სარწმუნოდ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს 05.04.2018 წლის მინდობილობის, ასევე სადავო 05.04.2018 წლისა და 11.04.2018 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, 30.04.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან ეხელმძღვანელა მისთვის. შესაბამისად, მას არ შეეძლო გარემოებათა და რეალური ვითარების სწორად აღქმა, რაც გამორიცხავდა მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამასთან დადგენილია, რომ ამ გარიგებებით მოსარჩელეს არ მიუღია სარგებელი. საბოლოოდ კი, მითითებულ გარემოებათა ერთობლიობა, სსკ-ის 58.3 მუხლის საფუძველზე (ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი), გარიგების ბათილობის წინაპირობას ქმნის.
4.19. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, გარემოებათა შეფასებისას სასამართლომ გაითვალისწინა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნა, არამედ ისიც, თუ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, სხვა მტკიცებულებებთან ერთად რამდენად ქმნიდა ფსიქიკური აშლილობის შესაბამისი ფორმით დაავადებული პირის მიერ საკუთარი ქმედების მნიშვნელობის გააზრების შესაძლებლობაზე დასაბუთებულ ვარაუდს. ამ თვალსაზრისით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გამორიცხავს სესხისა და იპოთეკის, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების მიმართ მოსარჩელის ნების ნამდვილობას. გარიგების დადებისას მოსარჩელის ნების გამოვლენის შეუქცევადი ნაკლი, ასეთ გარიგებას ბათილ სამართალურთიერთობად გარდაქმნის, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს აღნიშნული ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, რაც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
4.20. სააპელაციო პალატამ ძმებს - პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 23.07.2018 წელს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შეფასების შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული გარიგება იყო მოჩვენებითი და, სსკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილი. პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უძრავი ნივთის მოსარჩელის საკუთრებაში დაბრუნებისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ, სსკ-ის 976.1(„ა“), 979.1, 991-ე მუხლების შესაბამისად, იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მესამე მოპასუხემ, მოითხოვა მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. მესამე მოპასუხის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანია, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება იმ ნაწილში, რომლითაც, სსკ-ის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე (ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი), ბათილად იქნა ცნობილი მესამე მოპასუხესა და მოსარჩელის წარმომადგენელს (მოსარჩელის შვილს) შორის გაფორმებული 05.04.2018 წლისა და 11.04.2018 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ ნების გამოვლენა, ამასთან, პირს გააზრებული უნდა ჰქონდეს, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს მის მიერ ნების გამოვლენის შედეგად, ე.ი მას უნდა ჰქონდეს უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ნების გარეგნული გამოვლენა უნდა შეესაბამებოდეს პირის სურვილს მიაღწიოს, კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს. სსკ-ის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილი არეგულირებს გარიგების ბათილობის საკითხს პირის ფსიქიკური აშლილობის გამო (შდრ. სუსგ №ას-991-2021, 16.03.2022წ., პუნ. 12). სსკ-ის 58-ე მუხლი არ ანიჭებს მნიშვნელობას იმ ფაქტს, იცოდა თუ არა გარიგების მეორე მონაწილემ ფსიქიკური აშლილობის არსებობის შესახებ ან უნდა სცოდნოდა თუ არა მას ამის შესახებ. განსახილველი მუხლი რაიმე გამონაკლისს ამ ასპექტით არ ითვალისწინებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა გარიგების მეორე მონაწილემ ფსიქიკური აშლილობის შესახებ, გარიგება ბათილია (ჭანტურია ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხლი 58, ველი 2).
11. სამოქალაქო კანონმდებლობის მოწესრიგების შესატყვისად, ნებისმიერი გარიგების დადება ეფუძნება კანონის ფარგლებში მხარეთა ნების ავტონომიასა და ამა თუ იმ გარიგების დადების თაობაზე მხარის ინფორმირებულ, გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას. პიროვნების ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები კი, როგორიც ფსიქიკური აშლილობაა, სწორედ გარიგების დადების მიმართ პირის ნების გამოვლენის ნამდვილობას აყენებს ეჭვქვეშ, შესაბამისად, კანონმდებელმა ამ ვითარებაში მყოფი პირის მიერ დადებული გარიგება ბათილ სამართლებრივ ურთიერთობათა წრეს მიაკუთვნა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ საფუძვლით გარიგების ბათილობისას სარგებლის მიმღები კონტრაჰენტის ინტერესების დაცვის კუთხით, უპირობოდ აუცილებელია, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდეს გარიგების დადებისას პირის ფსიქიკური აშლილობის იმგვარი მდგომარეობა, რომელიც გამორიცხავს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შემსრულებელი პირის მიერ საკუთარი ქმედების სამართლებრივი შედეგების აღქმას და შესაბამისი შედეგის მიმართ მისი ნების ნამდვილობას (სუსგ №ას-1635-2018, 30.04.2020წ., პუნ. 7.2).
12. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების (საიდანაც ირკვევა: მოსარჩელის დიაგნოზი - დაუზუსტებელი დემენცია, მკვეთრად გამოხატული ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები; მოსარჩელის წარმომადგენლის (შვილის) დიაგნოზი - გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა), ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების, ექსპერტიზის ეროვნული ბიურის პასუხის, მოსარჩელის ასაკის, მხარდამჭერის დანიშვნის გარემოების (იხ. წინამდებარე განჩინების 4.5-4.14 პუნქტები) ერთობლივი ანალიზის შედეგად მართებულად დაადგინა, რომ მოსარჩელეს (ისევე, როგორც მის წარმომადგენელს - შვილს) სადავო გარიგებების დადების დროს, თავისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო სრულად შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა, სწორად აღექვა რეალური ვითარება და ხელშეკრულებების შესაბამისი სამართლებრივი შედეგები. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობასაც, რომ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მოვალე არ არის სარგებლის მიმღები პირი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა სსკ-ის 58.3 მუხლის საფუძველზე ქმნიდა მესამე მოპასუხესა და მოსარჩელის წარმომადგენელს (მოსარჩელის შვილს) შორის გაფორმებული 05.04.2018 წლისა და 11.04.2018 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილობის წინაპირობას.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 875 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 612.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ი–ს“ (ს/კ: .......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 875 ლარის (საგადასახადო დავალება 1, გადახდის თარიღი 10.12.2021წ.) 70% – 612.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია