Facebook Twitter

№ას-1207-2023 01 ნოემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.ლ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.05.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ტ.კ–მა“ (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოსარჩელე“) წარადგინა სარჩელი ბ.ლ–ვას (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს:

- 08.10.2018 წლის ოვერდრაფტით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1,736,74 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1,152,12 ლარი, სარგებელი- 200,30 ლარი და პირგასამტეხლო - 384,32 ლარი;

- 27.09.2021 წლიდან ოვერდრაფტით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 1,152,12 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებმადე წლიური 13% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 12.48 ლარს;

- 07.12.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 11,203,12 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 6,325,37 ლარი, სარგებელი - 2,424,08 ლარი, პირგასამტეხლო - 2,453,67ლარი;

- 27.09.2021 წლიდან ძირითად თანხაზე - 6,325,37 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებმადე წლიური 13,22% სარგებლის გადახდა , რაც ყოველთვიურად შეადგენს - 69.68 ლარს;

- 21.06.2018 წლის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2124.28 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 900 ლარი, სარგებელი - 924,28 ლარი და პირგასამტეხლო - 300 ლარი;

- 27.09.2021 წლიდან ძირითად თანხაზე - 900 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე შემცირებული პირგასამტეხლოს - 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.43 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.09.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 08.10.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 1382,42 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1152,12 ლარი, სარგებელი - 200,30 ლარი, პირგასამტეხლო - 30 ლარი;

- 08.10.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 27.09.2021 წლიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მიუღებელი შემოსავლის სახით ძირითად თანხაზე - 1152,12 ლარზე, წლიური 13% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 12,48 ლარს;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 07.12.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8849,45 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 6325,37 ლარი, სარგებელი - 2424,08 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 07.12.2016 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 27.09.2021 წლიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ძირითად თანხაზე - 6325,37 ლარზე წლიური 13,22% სარგებელი, რაც ყოველთვიურად შეადგენს 69,68 ლარს;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 21.06.2018 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1924,28 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 900 ლარი, სარგებელი - 924,28 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი (იხ.: გადაწყვეტილება, ს.ფ. 179-197). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.05.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ს.ფ. 275-291). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.10.2023 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე მის შესავსებად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ს.ფ. 310-313).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.10.2023 წლის განჩინება გაეგზავნა კასატორს საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა პირადად 20.10.2023 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ს.ფ.315-317).

7. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

9. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 21.10.2023 წელს და ამოიწურა 30.10.2023 წელს. ამდენად, კასატორს ხარვეზი 30.10.2023 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-495-2023, 10.05.2023წ.; №ას-138-2023, 04.05.2023წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ.ლ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე