Facebook Twitter

საქმე №ას-943-2023 29 სექტემბერი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.დ–ძე, ნ.მ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მესაკუთრედ აღიარება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.მ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მისი გაუქმება მოითხოვა.

3. აპელანტი სააპელაციო საჩივარში შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არის პენსიონერი და შემოსავალი არ აქვს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; აპელანტს დაევალა, აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ხარვეზის შევსების მიზნით: წარმოედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სადაც მითითებული იქნებოდა იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (იმდენი ასლის ოდენობით რამდენი მხარეც არის საქმეში); განესაზღვრა დავის საგნის ღირებულება (სადავო უძრავი ქონების ღირებულება) და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით (არანაკლებ 150 ლარისა და არაუმეტეს 5000 ლარისა); მასვე დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა, შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით; აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

5. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 დეკემბრის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა აპელანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და 2021 წლის 31 დეკემბერს ჩაჰბარდა.

6. აპელანტის წარმომადგენელმა ნ.გ–ძემ, 2022 წლის 10 იანვარს, წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის ერთი კვირით გაგრძელების შესახებ, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ აპელანტს ხარვეზის განჩინება 2021 წლის 31 დეკემბერს ჭიათურაში ჩაჰბარდა, სადაც არის თოვლი, ყინვა, რის გამოც ჭირს სიარული, ხოლო თავად მხარე არის ასაკოვანი, ავადმყოფი, შესაბამისად მან ვერ შეძლო დროულად ადვოკატისათვის ინფორმაციის მიწოდება, ბაჟის გადახდა და საჭირო დოკუმენტების მოძიება.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით, აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 7 დღით.

8. 17.01.2022 წლის განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენელს ნ.გ–ძეს გაეგზავნა და 2022 წლის 1 მარტს ჩაჰბარდა.

9. აპელანტმა, 2022 წლის 10 მარტს, წარმოადგინა განცხადება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ და 2022 წლის 18 მარტს წარმოადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ბაჟის 150 ლარის გადახდის ქვითრის დედანი და CD-R დისკი, რომელზეც არ არის დატანილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო სასამართლოს მიერ, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა, იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 7 დღით. აპელანტს დაევალა: წარმოედგინა სადავო უძრავი ქონების ღირებულების განმსაზღვრელი სათანადო დოკუმენტი, მტკიცებულება (შესაბამისი დასკვნა) მითითებული ქონების ღირებულების შესახებ, მისი გათვალისწინებით განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ფასი და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით (არანაკლებ 150 ლარისა და არაუმეტეს 5000 ლარისა), მის მიერ გადახდილი 150 ლარის გამოკლებით; აპელანტს უნდა წარედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით; აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

11. მითითებული განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტს და 2022 წლის 2 ივნისს ჩაჰბარდა.

12. 2022 წლის 10 ივნისს და 2022 წლის 16 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და იშუამდგომლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ყველა მოსამართლის აცილება და საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის გადაცემა.

13. 2022 წლის 10 ივნისს აპელანტმა წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, თუმცა მასში მითითებული არ იყო სააპელაციო საჩივრის ფასი, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სააპელაციო საჩივარი ხელმოუწერელი იყო, აგრეთვე აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ იქნა სადავო უძრავი ქონების ღირებულების განმსაზღვრელი სათანადო დოკუმენტი, მტკიცებულება (სარჩელის ფასის/ბაჟის ოდენობის მიზნებისათვის).

14. აპელანტმა, 2022 წლის 13 ივნისს, წარადგინა ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის ქვითარი და CD დისკი, ცარიელ მდგომარეობაში;

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განჩინებით, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა, იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 7 დღით და დაევალა: სასამართლოსათვის წარედგინა სადავო უძრავი ქონების ღირებულების განმსაზღვრელი სათანადო დოკუმენტი და შესაბამისად განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ფასი, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%, (არანაკლებ 150 ლარისა და არაუმეტეს 5000 ლარისა), მის მიერ გადახდილი 300 ლარის გამოკლებით, წარედგინა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით; აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, 2022 წლის 28 ოქტომბერს, განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა ნ.გ–ძემ და საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა, ვინაიდან აპელანტი ამ პერიოდისათვის შეძლებდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის მოძიებას.

17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა, იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 10 დღით.

18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტს 2022 წლის 30 ნოემბერს ჩაჰბარდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 10 დეკემბერს, ფოსტის მეშვეობით, წარდგენილი იქნა განცხადებები, რომელთა თანახმადაც აპელანტი განმარტავდა, რომ გამოასწორა ხარვეზი, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი დამატებით 60 ლარი, სადავო ქონების ღირებულების 9000 ლარის 4%, აგრეთვე მოითხოვა სასამართლოს განსახილველად მიეღო სააპელაციო საჩივარი და საქმის განხილვისაგან აცილებულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლო და საქმე განსახილველად გადაცემოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რადგან ქუთაისში ყველა მოსამართლეს უცხადებს უნდობლობას, რომლებიც ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები არიან და სამართალზე არ ფიქრობენ. მხარის წარმომადგენელმა განცხადებას დაურთო ბაჟის ქვითარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილებები, განმარტებები. ასევე, მნიშვნელოვნად მიიჩნია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს პასუხები, რაც საქმეში არის მოთავსებული, თუმცა თვალსაჩინოებისათვის დამატებით დაერთო განცხადებას.

19. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხარის შუამდგომლობაზე მოსამართლის აცილების შესახებ და დაასკვნა, რომ უსაფუძვლობის გამო არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის წარმომადგენელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა აცილების საფუძვლად მიუთითებს, რომ მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ ნდობა არ გააჩნია და არგუმენტად მოჰყავს წარსულში მის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები.

20. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება არ შეიძლება გახდეს მოსამართლის აცილების საფუძველი. სსსკ-ის 31-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს მოსამართლის აცილების საფუძვლებს. ამ ნორმაში მითითებული არც ერთი საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ არის გამოვლენილი.

21. 2022 წლის 10 დეკემბრის განცხადებაზე დართულ სააპელაციო საჩივარში აპელანტი შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებას და ბაჟის გადახდის გადავადებას (აღნიშნული მითითებულია სააპელაციო საჩივრის 22-ე გვერდზე);

22. სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა წარდგენილი განცხადებები და მიიჩნია, რომ მიზანშეწონილი არ არის აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის კიდევ ერთხელ (მე-6 ჯერ) გაუგრძელდეს ვადა შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აპელანტს, სასამართლოს განჩინებით უკვე ხუთჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა, თუმცა ხარვეზი სრულად შევსებული არ არის. დადგენილია, რომ აპელანტი წარმოდგენილ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივრებში და განცხადებებში უთითებს იმავე გარემოებებზე, რასაც წინა განცხადებებში უთითებდა და რაიმე ახალი ფაქტი არ მოუხმია, ასევე არ არის დართული შესაბამისი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც სასამართლოს შესაძლებლობა ექნებოდა, შეეფასებინა სადავო უძრავი ქონების ღირებულება, რომლითაც უნდა გასაზღვრულიყო დავის საგნის ღირებულება და რომლის გათვალისწინებითაც აპელანტს უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი.

23. დადგენილია, რომ აპელანტის მიერ მითითებული სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წერილებით არ დგინდება სააპელაციო საჩივრის ფასი, რადგან მასში არ არის ასახული სადავო ქონების ღირებულების შესახებ ინფომაცია.

24. დადგენილია, რომ აპელანტის მიერ სადავო ქონების ღირებულებად განსაზღვრულია 9000 ლარი და მიაჩნია, რომ 9000 ლარის 4% არის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი სადავო ქონების რეალური ღირებულების ამსახველი რაიმე ინფორმაცია, რომლის თაობაზეც აპელანტს განმარტებული ჰქონდა ხარვეზის დადგენისა და გაგრძელების შესახებ ყველა განჩინებაში.

25. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან გადახდის გადავადების შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს განჩინებით დადგენილი ვადის, კიდევ ერთხელ გაგრძელების საფუძველი.

26. სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და დაასკვნა, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო საჩივარზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, აპელანტს რამდენჯერმე დაუდგინდა და გაუგრძელდა ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა, აპელანტს სასამართლოს მიერ მოთხოვნილი ქონების შეფასების დოკუმენტი ან სხვა მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა წარმოდგენილი საჩივრის ფასი (სხვებთან ერთად ერთ-ერთი ხარვეზი) არ წარუდგენია, რაც სასამართლოს არწმუნებს და აძლევს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ აპელანტი მხარის სურვილი საქმის განხილვის გაჭიანურებაა.

27. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტმა ხარვეზი სრულად არ შეავსო, რაც საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია; აპელანტის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი სააპელაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზები, ხოლო მისი მორიგი შუამდგომლობა/განცხადება არის დაუსაბუთებელი და ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას, რაც უსაფუძვლოდ ლახავს ასევე მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესს - მიიღოს დროული და ეფექტური მართლმსაჯულება.

28. სააპელაციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

29. სსსკ-ის 372-ე, 374.2-ე მუხლების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომლის შესაბამისადაც, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

30. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განჩინება, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

31. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განსახილველ საქმეში დავის საგნის ღირებულება 9 000 ლარად არის შეფასებული, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, მოსარჩელემ სარჩელზე - 300 ლარი (9 000*3%) გადაიხადა, ხოლო სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო საჩივრისათვის 360 ლარს (9 000*4%) შეადგენს. აპელანტს სააპელაციო საჩივრისათვის 300 ლარი უკვე გადახდილი ჰქონდა, შესაბამისად ხარვეზის საბოლოოდ გამოსწორების მიზნით 60 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის ხარვეზის გამოსწორების მიზნით ვადის გაგრძელების თაობაზე აღარ მიუმართავს.

32. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ მას საქმის სამართლიანი განხილვის უფლება შეუზღუდა, რაც გაუმართლებელია.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიღებული იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

34. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

35. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

36. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

37. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 10 დღით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტი).

38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ხუთჯერ გაუგრძელა აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსწორების ვადა. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2021 წლის 17 ნოემბერს, ხოლო საბოლოოდ ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სააპელაციო სასამართლოს, აპელანტმა 2022 წლის 10 დეკემბერს მიმართა. სააპელაციო საჩივარი ერთი წლის განმავლობაში ხარვეზის ეტაპზე იყო. საბოლოოდ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს განუმარტა, რომ დავის საგნის ღირებულება 9 000 ლარს შეადგენს, ისევე როგორც ეს განსაზღვრული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში და, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის 360 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები წარმოადგინა (150+150+60).

39. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მას 2022 წლის 10 დეკემბრის განცხადებით და მასზე დართული დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია და სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის აღმოფხვრილად მიჩნევა სთხოვა. აპელანტს ამგვარი შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია, რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის 22-ე გვერდზე გაკეთებულ მონიშვნას, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობად, რადგან მონიშვნები გაკეთებულია როგორც „დიახ“, ასევე, „არა“ უჯრაში. ხოლო აპელანტი იქვე აზუსტებს, რომ დავის საგნის ღირებულის - 9 000 ლარის 4%, ჯამში 360 ლარი გადაიხადა და მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზი გამოასწორა.

40. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განჩინების მსჯელობას იმ ნაწილში იზიარებს, რომ აპელანტმა სასამართლოს დავალება დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის ნაწილში არ შეასრულა. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ყველა განჩინებაში სააპელაციო სასამართლო აპელანტს მიუთითებდა, რომ მას უნდა წარმოედგინა მტკიცებულება თუ რა ღირებულების იყო სადავო უძრავი ქონება და ამის შესაბამისად უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. აპელანტმა სასამართლოს ეს მითითება არ შეასრულა და ხარვეზის თავდაპირველად დადგენილად 1 წლის შემდეგ მიუთითა სასამართლოს, რომ სახელმწიფო ბაჟი 9 000 ლარიდან უნდა გამოთვლილიყო, ისევე როგორც, ეს პირველი ინსტანციის სასამართლოში განისაზღვრა.

41. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტზე მიუთითებს და განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით განისაზღვრება. სსსკ-ის მე-40 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას - საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები.

42. ზემოთ მოხმობილი საპროცესო ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მას სააპელაციო სასამართლოში საქმის სამართლიანი განხილვის უფლება შეეზღუდა, რადგან სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და აპელანტს გონივრულ ვადაზე მეტი დრო მისცა მის გამოსასწორებლად, აპელანტმა კი ხარვეზი სრულყოფილად არ შეავსო.

43. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი სრულყოფილად არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის.

44. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შდრ. სუსგ Nას-1397-2019, 21.11.2019 წ.).

45. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე (შდრ. სუსგ-ებს: N ას-619-619-2018, 12.09.2018წ; N ას-1397-2019, 21.11.2019 წ.).

46. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (Weissman and Others v. Romania, no. 63945/00, §§ 34 and 35, ECHR 2006-... (extracts)), თუმცა ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, მომჩივნის უნარი, გადაიხადოს ის და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა (იხ. Kreuz მითითებული ზემოთ, §§58 და 60). უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობისა, (Weissman and Others, ციტირებული ზემოთ, §36). თუ მხარის განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ საეჭვო ან არასაკმარისია, სასამართლომ უნდა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის მითითებით და/ან უბრძანონ წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმება (იხ. „mutatis mutandis, Jedamski and Jedamska, cited above, § 64; Kreuz“, ციტირებული ზემოთ, §64), (იხ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ; საქმე N ას-998-942-2015, 17.11.2015 წ.). ამასთან, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder v. The United Kingdom, № 4451/70. §32. 21 თებერვალი, 1975 წელი). თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვამ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ უნდა შეამციროს იმდენად ან იმ ფარგლებით, რომ დაირღვეს ძირითადი უფლების არსი (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №8225/78, 28 მაისი, 1985 წელი).

47. სააკასაციო სასამართლოსათვის უცხო არ არის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დებულება, ასევე, ევროსასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელმისაწვდომობის თაობაზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. მითითებული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას და ამ მიზნით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილებები ზემდგომ ინსტანციაში. მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია, გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარის დაუსრულებელი და დაუსაბუთებელი განცხადებებით და შუამდგომლობებით ამ შედეგის მიღწევა სცილდება სასამართლოს შესაძლებლობებს, შესაბამისად, ილახება მეორე მხარის ინტერესები. ზემოაღნიშნულის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც კი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ "იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ"), დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. ევროსასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (იხ. სუსგ-ები: №ა-998-ა-7-2011, 19.05.2011 წ; N ას-732-685-2017, 15.09.2017წ.)

48. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

49. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.მ–ძის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური